ციხიაგორა — ნამოსახლარი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს 500 მეტრზე, ჩოჩეთის უბნის ჩრდილოეთით, განაპირას, მდინარეების კავთურისა და შავიწყლისს შესართავთან. ძეგლის შესწავლა მიმდინარეობდა კასპის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1971-1992 წლებში. გამოვლენილია ოთხი კულტურული ფენა - ადრე ბრინჯაოს, შუა ბრინჯაოს, გვიანდელი ბრინჯაოსა და ანტიკური ხანისა[1]. გათხრები დაიწყო 1971 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კასპის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. ცქიტიშვილი). კომპლექსი შედგება საკუთრივ ნამოსახლარის, მის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნასოფლარ-ნადაბურისა და სამაროვნისაგან.

ნამოსახლარი

რედაქტირება

ნამოსახლარი გორის სიმაღლე 12 მეტრია, თხემის ფართობი 0,5 ჰა. პირველმოსახლეობა აქ დასახლებულა ადრინდელ ბრინჯაოს ადრინდელ ეტაპზე (ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლო საუკუნე). დასახლებას უარსებია ძვ. წ. III ათასწლეულის პირველ ნახევრამდე. ფენის სისქე 0,75 მ აღწევს. შემორჩენილია თიხით ნალესი წნული ს ა ც ხ ო ვ რ ე ბ ე ლ ი - ერთოთახიანი ოთხკუთხა, მრავალკუთხეებიანი, ორივე მხარეს თიხით შელესილი ნაგებობა, რომელიც დამხრობილია ფასადით სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. შენობის ცენტრში იატაკში ოთხშვერილიანი თიხის კერაა. უკანა კედლის გასწვრივ გამართულია დაბალი და განიერი თარო, რომელზეც განლაგებულია ერთმანეთისგან თითქმის თანაბარი მანძილით დაცილებული, თიხით მოლესილი ნაცარგროვები. თაროზე ჯგუფ-ჯგუფად ელაგა თიხის ჭურჭელი. ამავე ფენაში დადასტურდა მრავალი სამეურნეო ორმო.

ადრინდელი ბრინჯაოს ხანის შემდეგ გორაზე კარგა ხნით წყდება ცხოვრება. მისი ხელახლა ათვისება დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში ხდება. ამ ხანას მიეკუთვნება რიყის ქვით ტალახზე ნაგები სახლების ფრაგმენტები. ეს ფენა რამდენიმე სამშენებლო ჰორიზონტს შეიცავს. აქედან მოყოლებული ძველი და ახალი წელთაღრიცხვითა მიჯნამდე ციხიაგორაზე ცხოვრება არ შეწყვეტილა, ოღონდ იცვლება გორის არსი. დაახლოებით ძვ. წ. VI საუკუნეში მოსახლეობა ბარში ჩადის და გორის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით დაბად სახლდება. ამიერიდან გორა დაბის სალოცავი ხატია. ძვ. წ. VI-V საუკუნეების სამშენებლო ჰორიზონტში შერჩენილია დიდი, როგორც ჩანს, საზეიმო შენობის საძირკვლის ნაშთები. შენობა განადგურებულია მომდევნო ხანის მოზრდილი კომპლექსის მშენებლობისას. ყველაზე კარგად სწორედ ეს კომპლექსია შემორჩენილი. იგი თარიღდება ძვ. წ. IV-III საუკუნეებით. კომპლექსში შედის ტაძარი, სათავსი, ბეღელი, მარანი, წისქვილი, სათონე და საცხოვრებელი შენობები. შემოზღუდულია ალიზის ნაგები გალავნით (კედლის სისქე 2 მეტრამდეა), რომელიც გორის თხემის კიდეს გასდევს. გალავნის კედლები შემაგრებულია კონტრფორსებით და მობათქაშებულია შიდა მხრიდან. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დგას ოთხკუთხა, ასევე ალიზით ნაგები კოშკი; ასეთივე კოშკი დგას ჩრდილოეთ კედლის შუა წელთან.

კომპლექსი

რედაქტირება

კომპლექსის მთავარი კომპონენტია საკუთარი გალავნით შემოზღუდული ტაძარი. ტაძარი და მისი გალავნის კედლები ნაგებია ნატეხი ქვითა და ალიზის მშრალი წყობით. კედლებში განივი ძელების სისტემაა არმატურად დატანებული. კედლების სიგანე 1,5 მეტრს აღწევს. კვადრატული ალიზის ზოდები 0,42-0,45 მეტრს შორის მერყეობს, სისქე კი 0,08-0,1 მეტრია. ტაძრის ეზოში დგას ქვით ნაგები, კვადრატული ორი მეტრი სიმაღლის საკურთხეველი. აქვე ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მოწყობილია ქვითა და თიხით ნაგები მოედანი - სამსხვერპლო (3,5 X 3,5 მ). საკურთხეველზე აღმოჩნდა რკინის დანა და ცხვრის დამწვარი ძვლები. ტაძრის ეზოში შესასვლელი კარი გაჭრილია გალავნის დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში. თვითონ ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში ფართო სარკმლებია. სარკმლებისა და კარის ჭრილები ისეა განლაგებული, რომ მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე სხივი ყოველთვის ხვდებოდა ტაძარში. ტაძრის ნანგრევებში აღმოჩნდა სვეტის მსგავსი თიხის საკურთხევლის ნატეხი და თიხისავე დისკოები ზედ ჯვრების რელიეფური გამოსახულებით. აქვე აღმოჩნდა სხვადასხვა ზომისა და ფორმის დამღიანი თიხის ბათქაშის ნატეხები. ანაბეჭდებზე ნაირნაირი გამოსახულებები შეიმჩნევა.

ტაძრის მთავარ დარბაზს ჩრდილოეთიდან აკრავს გრძელი (18 X 4,5 მ) სათავსი, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. სათავსი ორსართულიანი ყოფილა. პირველი სართული ქვითაა ნაგები. სართულშუა გადახურვის კოჭების ნაშთები ქვის კედელზე დევს (კოჭებს შორის მანძილი 0,85-0,9 მეტრია). მეორე სართულის კედლები ნაგებია ალიზით. ამ სათავსში აღმოჩნდა თეთრი კირქვისაგან გამოთლილი აქემენიდური სტილის კაპიტელი - ორი, ერთმანეთთან ზურგშექცეული ნახევარხარი.

ტაძრის გალავნის აღმოსავლეთ კედელზე მიდგმულია ალიზით ნაგები შენობა - ბ ე ღ ე ლ ი, რომელიც რვა სათავსისაგან შედგება. მათგან ოთხი ერთი ზომისაა (2 X 2 მ). აქ იატაკზე დამწვარი მარცვლეული ეყარა. სხვა ოთახებში მეტწილად დიდი ზომის თავდახურული სამეურნეო ჭურჭელი აღმოჩნდა. ტაძარიც და ბეღელიც გადახურული ყოფილა წითლად შეღებილი ორგვარი (ბრტყელი და ღარისებრი) კრამიტით. ზოგიერთ მათგანზე, გამოწვამდე, თითით ბერძნული ასო-ნიშნებია დატანილი, რომლებსაც რიცხვითი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეთ და აღნიშნავენ ოსტატის მიერ დამზადებული კრამიტის რაოდენობას.

მარანი (შიდა ზომები 22 X 7,5 მ) მდებარეობს ტაძრის დასავლეთით, მიშენებულია გალავანზე, ნაგებია ალიზით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. შენობის გრძივ ღერძზე ქვის ბალიშზე დამყარებული ხის ოთხი სვეტი მდგარა. ოთხ-ოთხი სვეტი გრძივი კედლების გასწვრივაც ყოფილა. გადახურვა ბანური იყო. მარანში მიწაში ხუთ რიგად, წითელი საღებავით ნაირგვარად მოხატული 48 სხვადასხვა ზომის ქვევრია ჩადგმული. სათავსის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ძელებით ნაგები საწნახელი დგას. მის წინ მიწაში ჩადგმულია თიხის მოხატული თაღარი. საწნახელში აღმოჩნდა საფერავის ჯიშის ყურძნის წიპწები. სათავსის ჩრდილოეთ კედელზე მიდგმულია თიხის ორი საკურთხეველი. ერთში თხის დამწვარი რქებია, მეორეში - სამი საცეცხლური. სამხრეთ კედელზე, საგოდრე ბაქანთან მიდგმულ საკურთხეველს ჯვრის რელიეფიანი თიხის დისკო აქვს.

წისქვილი

რედაქტირება

წისქვილი მარანს აკრავს დასავლეთიდან. იგი გალავანზეა მიდგმული და ალიზითაა ნაგები. სათავსის სამი კედლის გასწვრივ ალიზითვე ნაგები მერხია, რომელზეც დალაგებულია 30-მდე ხელსაფქვავი. წინა მხარეს, იატაკზე, ალიზისავე მთლიანი საფქვილეა. წისქვილს დასავლეთით აკრავს ერთი საცხოვრებელი ოთახი, სადაც აღმოჩნდა პურის საცხობი ღუმელი, ორი ხელსაფქვავი თავისი საფქვილეთი და დაბალი სამსხვერპლო-საკურთხეველი. ეს ოთახი წისქვილის მცველი მოგვის საცხოვრებელი უნდა იყოს.

წისქვილთან ახლოს აღმოჩნდა კრამიტით გადახურული ერთი ნაგებობა, სადაც დადასტურდა ერთმანეთის გვერდით მდგარი ოთხი თონე.

საცხოვრებელი შენობები

რედაქტირება

ტაძრის გალავნის დასავლეთით აღმოჩენილია ალიზით ნაგები და თიხით შელესილი საცხოვრებელი სამოთახიანი შენობა, რომელსაც შესასვლელი აღმოსავლეთიდან, ტაძრის მხრიდან აქვს. პირველ ოთახში, მარჯვენა მხარეს პურის საცხობი ღუმელია, ხოლო შუაში - ორი ხელსაფქვავი თავისი საფქვილეთი. არც წისქვილში, არც საცხოვრებელ შენობაში კრამიტის ნატეხები არ არის. ჩანს, მათ ბანური გადახურვა ჰქონდათ. ყველა მათგანში, კედლების გასწვრივ დადასტურდა ხის სვეტები, რომლებსაც სახურავის კოჭები ეყრდნობოდა. ოთახების უმეტესობაში იატაკი თიხატკეპნილია. ტაძრის ეზოს, თვით ტაძარს და მის ჩრდილოეთით გრძელ სათავსს ხის იატაკი აქვთ. განათხარში მრავლად მოიპოვებოდა როგორც სამეურნეო, ისე თიხის ჭურჭლის ნატეხები. მოპოვებული მასალები ძვ. წ. IV-III საუკუნეებს განეკუთვნება. ამ თარიღის სისწორეს სარწმუნოს ხდის გათხრების დროს აქემენიდური სვეტის თავის აღმოჩენაც. მასში აშკარად შეიმჩნევა ელინისტური სკულპტურის ელემენტები. ბევრი დეტალი მოწმობს, რომ ეს კომპლექსი მზის ღვთაების, ცეცხლის ტაძრისაა.

ნამოსახლარი ხანძარს გაუნადგურებია ძვ. წ. III საუკუნის შუა ხანებში. მის ნანგრევებზე განახლებულა გაცილებით მცირე მასშტაბის ცხოვრება. დასტურდება ორი სამშენებლო ჰორიზონტი. შემორჩენილია მცირე შენობების ფრაგმენტები და სამეურნეო ქვევრები, რომელთა შორის ზოგი მოხატულია წითელი საღებავით. ეს ჰორიზონტები თარიღდება ძვ. წ. III-II საუკუნეებით. მათ თავზე ფრაგმენტულად არის წარმოდგენილი მესამე ჰორიზონტი, რომელიც თარიღდება ძვ. წ. I საუკუნით. ალაგ-ალაგ გვხვდება თითო-ოროლა ორმოსამარხი, რომლებიც უშუალოდ ნანგრევებშია ჩადგმული და თარიღდება ძვ. წ. II-I საუკუნეებით.

ნასოფლარ-ნადაბური

რედაქტირება

გორას აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს საკმაოდ დიდი ნასოფლარი-ნასოფლარ-ნადაბური (ფართობი დაახლოებით 3 ჰა). გამოვლინდა სამი ფენა: ძვ. წ. VI-IV, III-II და I საუკუნეების. ფენები ღრმად არ არის განლაგებული მიწის ზედაპირიდან, ამიტომ ცუდადაა დაცული. ყველა ფენიდან მხოლოდ ნასახლართა მცირე ნაშთებია შემორჩენილი. შედარებით კარგადაა შენახული ძვ. წ. III საუკუნით დათარიღებული ერთი ბანურსახურავიანი სახლი. იგი ორ ოთახიანია, ნაგებია რიყის ქვით თიხის ხსნარზე და ალიზით. დიდი ოთახის მარჯვენა კუთხეში ჩვეულებრივი პურის საცხობი ღუმელია. უკანა კედელზე, შუა ადგილას მიდგმულია დაბალი საკურთხეველი-სამსხვერპლო. ოთახის მარჯვენა კედელთან ოთხკუთხა კერაა გამართული. მეორე ოთახი ბევრად პატარაა და სამეურნეო დანიშნულებისაა. აქ აღმოჩნდა დიდი ზომის სამეურნეო ჭურჭელი და რკინის ნამგალი.

სამაროვანი

რედაქტირება

სამაროვანი მოიცავს ორ უბანს: საყარაულო სერს და დაჭრილებს.

საყარაულო სერი

რედაქტირება

საყარაულო სერი მდებარეობს ნასოფლარის ჩრდილოეთით. თარიღდება ძვ. წ. XIII-ახ. წ. IV საუკუნეებით. აქ გაითხარა ძვ. წ. XIII–ახ. წ. I საუკუნის ორმოსამარხები, რომაული ხანის ქვევრსამარხები და ძვ. წ. I-ახ. წ IV საუკუნეების ქვაყუთები. ყველა პერიოდის ორმოსამარხებში მიცვალებული ესვენა მოკუნტული, მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე, ქვევრსამარხებში – მოკუნტული; ქვაყუთებში – გვერდზე მოხრილი ან გულადმა გაშოტილი. ძვ. წ. XIII-XI საუკუნეების ორმოსამარხებისათვის დამახასიათებელია თიხის ჭურჭლის სიმრავლე და სამკაული (საკინძეები და სხვ.). მომდევნო ხანის (ძვ. წ. IX-VII სს.) ორმოსამარხებში დამატებით ჩნდება საბრძოლო იარაღი. ძვ. წ III–ახ. წ. I საუკუნეების ორმოსამარხებში აღმოჩენილი ინვენტარი არ არის მრავალფეროვანი. თიხის ჭურჭლიდან აღსანიშნავია შავად და ვარდისფრად გამომწვარი დოქები, ხელადები, ფიალები, ჯამები, კოჭობები და ჭინჭილები; სამკაულთაგან – ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლისა და ოქროს საყურე რგოლები, აბზინდები და სამაჯურები, ბრინჯაოს ზარაკები და სხვადასხვა მასალისა და ფორმის მძივები.

განსაკუთრებით გამოირჩევა ერთი მდიდრულინვენტარიანი ორმოსამარხი (ძვ. წ III ს. დასაწყისი). ჩონჩხი ცუდად იყო დაცული, მაგრამ შეიმჩნეოდა, რომ მიცვალებული ესვენა მარცხრნა გვერდზე, მოკუნტული, თავით აღმოსავლეთისკენ. მას ჩატანებული ჰქონდა ოქროს, კუწუბოებიანი დიდი ფირფიტა – დისკო შუაში მინანქრის პატარა დისკოთი, რომლის გარშემო ჯამივით ამოზიდულია სხივების კონა. დისკო წრიულად შემკულია სტილიზებული მცენარეული ორნამენტითა და ვარდულებით, სამარხში აღმოჩნდა აგრეთვე მცირე ზომის ვარდულები, პატარა კილიტები და მძივები, საკიდიანი რგოლური საყურეები, მდარე ხარისხის ვერცხლის თასი და ჩამჩა, ბრინჯაოს ზარაკები, ცხვრის პატარა საკიდი ქანდაკება, ზურგჩაზნექილი სამაჯურები, სერდოლიკის, მინის, გიშრისა და პასტის მძივები, გიშრის, მძივი, რომელზედაც გამოსახულია ზურგშექცეული ორი ნახევარხარი, საბეჭდავები, ორი დოქი და მაღალქუსლიანი წითლად შეღებილი ჯამი. დისკოზე და ვარდულებზე მზეა გამოსახული. ამ სამარხში სავარაუდოა დაკრძალული იყო ციხიაგორის მზის ტაძრის ერთ-ერთი მოგვი.

ქვევრსამარხები ჰორიზონტალურადაა ჩაფლული მიწაში და ხშირად პირზე აფარებული აქვთ კრამიტი, ქვა ან თიხის ჭურჭლის ნატეხი. სამარხები თარიღდება ძვ. წ. I-ახ. წ. I საუკუნეებით. ინვენტარს პატარა ზომის სუფრის ჭურჭელი და სამკაული შეადგენს ქვაყუთები სხვა ტიპის სამარხებთან შედარებით ცოტაა. თარიღდება ახ. წ. I-IV საუკუნეებით. მათ ასაგებად გამოყენებულია ფილაქვები. გვერდები მეტწილად მთლიანი ქვისაა, სახურავი შედგენილია ორი ან სამი ქვისგან. ქვაყუთებში ესვენა ერთი ან ორი მიცვალებული. ინვენტარი ღარიბულია – თითო თიხის ჭურჭელი და მცირე სამკაული ან ტანსაცმლის საკინძი.

დაჭრილები

რედაქტირება

დაჭრილები მდებარეობს საყარაულო სერის ჩრდილოეთით, მისგან 150-იოდე მეტრზე. თარიღდება ძვ. წ. IV-III საუკუნეებით აქ მხოლოდ ქვევრსამარხებია. სამაროვანზე დადასტურდა ნახმარ ქვევრებში დაკრძალვის არა ერთი ფაქტი. ხშირ შემთხვევაში სამარხი ქვევრები წითელი საღებავითაა მოხატული. გათხრილი სამარხები თითქმის სრულიად იდენტურია, რაც დამარხულთა ერთგვაროვან სოციალურ მდგომარეობაზე მიუთითებს. სამარხი ქვევრები ჰორიზონტალურადაა ჩაფლული მიწაში, პირით აღმოსავლეთისკენ. ინვენტარი ძირითადად სუფრის ჭურჭელი და სამკაულია. ჭარბობს დოქები, როგორც სადა ზედაპირიანი, ისე მოხატული, ჯამები ასევე სადა და შეღებილ-გაპრიალებული ზედაპირით. სამკაულთაგან გვხვდება ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს საყურე რგოლები, ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები, ვერცხლისა და რკინის ბეჭდები, საკინძები, ილარი და ნაირნაირი მძივები. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და ექსპედიციის ბაზაზე, სოფელ კავთისხევში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ცქიტიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 169-171.
  • ცქიტიშვილი გ., ციხიაგორას სატაძრო კომპლექსი, თბ. 2003
  • ცქიტიშვილი გ., კავთისხევის „ციხიაგორა“, ძეგლის მეგობარი, 1977, № 46.
  • ხაზარაძე ნ., ცქიტიშვილი გ., ციხიაგორას კრამიტი, კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, ტ. 6, თბ. 1980 წ.
  1. ცქიტიშვილი გ., ციხიაგორას სატაძრო კომპლექსი, თბ. 2003, გვ., 7