შალვა ბერიძე
შალვა ბერიძე (დ. 29 თებერვალი, 1892 — გ. 1970) აქტიურად მოღვაწეობდა ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით კი „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციისთვის ევროპაში. 1945წელს მან გამოსცა „ვეფხისტყაოსნის“ იტალიური თარგმანი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაშალვა ბერიძე დაიბადა 1892 წლის 29 თებერვალს ახალ–სენაკში. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, შემდეგ - ხარკოვის უნივერსიტეტი. 1917-20 წლებში შალვა ბერიძეს მოსკოვსა და თბილისში რუსულ ენაზე გამოუქვეყნებია წიგნაკები ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლისა და პუშკინის მეგობრის, პოეტ ვ. ტეპლიაკოვის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. 1919 წლის მარტში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ ნიკო მარის ინიციატივით შალვა ბერიძეს მიანდო მეგრული სიტყვიერებითი და ეთნოგრაფიული მასალების შეკრება და ჩაწერა. 1934 წელს ემიგრაციაში ყოფნისას დაამთავრა სორბონას უნივერსიტეტი. ამ ხნის განმავლობაში ბეჭდავდა წერილებს ჟურნალ „აზიატიკში“. 1941–48 წლებში კითხულობდა ლექციებს და ქართულს ასწავლიდა ნეაპოლის აღმოსავლეთის ინსტიტუტში, სადაც მიანიჭეს პროფესორის ხარისხი.
პოლიტიკური მოღვაწეობა
რედაქტირებასაქართველოს გასაბჭოების შემდეგ შალვა ბერიძე ემიგრაციაში წავიდა. 1924 წლის სექტემბრის დამლევს ქართული არასოციალისტური პოლიტიკური ემიგრაციის ახალგაზრდული ფრთის აქტიურ წარმომადგენელთა ჯგუფმა შალვა ბერიძის თაოსნობით პარიზში დააფუძნა ქართველი ახალგაზრდობის პატრიოტული ორგანიზაცია „მომავალი“. იმავე წლის 24 ოქტომბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი შეფიცულები მიწვეულები იყვნენ „მომავლის“ ერთ–ერთ სხდომაზე. შეფიცულთა ბელადმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავისი წინადადება ორგანიზაციისათვის ეწოდებინათ „თეთრი გიორგი“, ვინაიდან გველეშაპის განმგმირავი თეთრი გიორგი (წმინდა გიორგი) იყო ქედუხრელი, მებრძოლი საქართველოს სიმბოლო. ორგანიზაციას სათავეში ლეო კერესელიძე და მიხეილ წერეთელი ჩაუდგნენ.
სამეცნიერო მოღვაწეობა
რედაქტირებაპოლიტიკური მოღვაწეობის პარალელურად შალვა ბერიძე ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას. ბეჭდავდა წერილებს ჟურნალ „აზიატიკში“. 1930-იანი წლების დასაწყისში შალვა ბერიძეს ლონდონში ინგლისურად გამოუცია ანთოლოგია „ქართველი პოეტები“; ფრანგულად დაუწერია ნაშრომი „ბაირონი და პუშკინი“; იტალიურად – „ლერმონტოვი კავკასიაში“. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შალვა ბერიძის ღვაწლი, როგორც მეცნიერ–რუსთველოლოგისა. ამ სფეროში პირველი ნაშრომი, სახელწოდებით „რუსთაველი“, მან 1937 წელს წაიკითხა ნეაპოლის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. ამას მოჰყვა არაერთი საინტერესო წერილი და გამოკვლევა (მათ შორის 1967 წელს გამოსული წიგნაკი იტალიურ ენაზე „რუსთაველი და მედიცინა“), თუმცა რუსთველოლოგიაში მისი მოღვაწეობის დაგვირგვინებად უნდა ჩაითვალოს „ვეფხისტყაოსნის“ სრული პროზაული თარგმანი იტალიურ ენაზე, რომელიც 1945 წელს მილანში გამოქვეყნდა. 1966 წ. შალვა ბერიძემ შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით წაიკითხა მოხსენება „რუსთაველის მსოფლიო მნიშვნელობა“, ხოლო რომში იტალიურ ენაზე გამოსცა „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები და ანდაზები. ამას მოჰყვა არაერთი საინტერესო გამოკვლევა. მათ შორის 1967 წელს გამოსული წიგნაკი იტალიურ ენაზე „რუსთაველი და მედიცინა“, მეცნიერს ხელნაწერის სახით დარჩენია „ვეფხიტყაოსნის“ სრული ფრანგული თარგმანი, რომელიც არ გამოქვეყნებულა.