ყირგიზეთის ეკონომიკა

ყირგიზეთის ეკონომიკა სოფლის მეურნეობის სექტორზე არის დამოკიდებული. ბამბა, თამბაქო, შალი და ხორცი მთავარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, თუმცა თამბაქო და ბამბა ექსპორტზე ნებისმიერი რაოდენობით გააქვთ. Healey Consultants-ის მიხედვით ყირგიზეთის ეკონომიკა ემყარება სამრეწველო ექსპორტის ძალას, მეტწილად ოქროს, ვერცხლისწყლისა და ურანის უხვი რეზერვებით.[1] ეკონომიკისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია უცხოეთში მყოფ დასაქმებულთა ფულადი გზავნილები. დამოუკიდებლობის მოპოვების შედმეგ ყირგიზეთში საბაზრო რეფორმები წარმატებით განხორციელდა, გაუმჯობესდა რეგულირების სისტემა და მიწის რეფორმა გატარდა. 1998 წელს ყირგიზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პირველი ქვეყანა იყო, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდა. საწარმოებში მთავრობის დიდი წილი გაიყიდა. ყირგიზეთის ეკონომიკისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს ფართოდ გავრცელებული კორუფცია, უცხოური ინვესტიციების დაბალი დონე და ზოგადი რეგიონული არასტაბილურობა. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ბიზნესის მარტივად კეთების ინდექსის მიხედვით ყირგიზეთი 70-ე ადგილზეა (2019).

ოშის ბაზარი ბიშკეკში

ფინანსები

რედაქტირება

2012 წლის ოქტომბერში ყირგიზეთის ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა და უცხოური ვალუტის ლიკვიდურობამ 1.96 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია, რომლის 8.6% ოქროთი იყო გამყარებული. 2012 წელს ყირგიზეთის აქტივების გამრავალფეროვნებისთვის ვალუტის კალათა გაფართოვდა ჩინური იუანითა და სინგაპურული დოლარით. 2021 წელს 1 მილიარდი ამერიკული დოლარი ოქროს შესაძენად დაიხარჯა და საერთაშორისო რეზერვებში ოქროს წილი 8.6%-ს გაუტოლდა. სამომავლოდ ეროვნული ბანკი ოქროს წილის 12-15%-მდე გაზრდას გეგმავს.[2]

ეკონომიკის სექტორები

რედაქტირება
 
ირიგირებული მინდვრები მდინარე ჩუს ველზე

სოფლის მეურნეობა

რედაქტირება

ყირგიზეთის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგი, რომელიც მრეწველობის სფეროდან გამოძევებული ადამიანებისთვის რეფუგიუმს წარმოადგენს. 2000-იან წლებში საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის ფერმერობის მასშტაბები გაიზარდა. 1990-იან წლებში მნიშვნელოვანი კლების შემდეგ, 2000-იან წლებში სასოფლო-სამეურნეო წარმოების დონემ 1991 წლის დონეს მიაღწია. სოფლის მეურნეობის სამუშაო ძალის უდიდესი ნაწილი ქვემო ხეობებში მარცვლეულის წარმოებასა და მაღალმთიან საძოვრებზე მეცხოველეობაზე მოდის. ფერმერები თამბაქოსა და ბამბის წარმოებიდან მარცვლეულის წარმოებისკენ ინაცვლებენ. სხვა მნიშვნელოვან პროდუქტებს შორისაა რძის ნაწარმი, ცხოველთა საკვები, თივა, კარტოფილი, ბოსტნეული და შაქრის ჭარხალი. სოფლის მეურნეობის ნაწარმი მეტწილად კერძო მეურნეობებზე (55%), კერძო ფერმებზე (40%) ან სახელმწიფო ფერმებზე (5%) მოდის. სექტორის სამომავლო გაფართოება დამოკიდებულებია საბანკო რეფორმაზე ინვესტიციების გაზრდისთვის და საბაზრო რეფორმაზე. ყირგიზეთში საკამათო საკითხია მიწის რეფორმა, რომელიც 1998 წლიდან ძალიან ნელა მიმდინარეობს.[3]

2018 წელს ყირგიზეთმა აწარმოა: კარტოფილი (1.4 მილიონი ტონა), შაქრის ლერწამი (773 ათასი ტონა), სიმინდი (692 ათასი ტონა), ხორბალი (615 ათასი ტონა), ქერი (429 ათასი ტონა), პომიდორი (224 ათასი ტონა), საზამთრო (218 ათასი ტონა), ხახვი (209 ათასი ტონა), სტაფილო (176 ათასი ტონა), კომბოსტო (147 ათასი ტონა), ვაშლი (144 ათასი ტონა), კიტრი (119 ათასი ტონა), ბოსტნეული (116 ათასი ტონა), ლობიო (101 ათასი ტონა), ბამბა (74 ათასი ტონა). ამასთან, 2018 წელს ყირგიზეთმა მცირე მოცულობით სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებიც აწარმოა, მათ შორის აბრიკოსიც (25 ათასი ტონა).[4]

სატყეო საქმე

რედაქტირება

ყირგიზეთის 4% ტყიან ტერიტორიებს უკავია, რომლებიც მთლიანად სახელმწიფოს მფლობელობაშია და ხის წარმოება არსადაა დაშვებული. ტყეებიდან მიღებული მთავარი კომერციული პროდუქტი კაკალია.[3]

საგარეო ვაჭრობა

რედაქტირება
 
ყირგიზეთის ექსპორტი 2006 წელს

ყირგიზეთის მთავარი საექსპორტო ქვეყნები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოებია. მთავარი საექსპორტო პროდუქტებია ფერადი ლითონები და მინერალები, შალის პროდუქტები და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები, ელექტროენერგია და რიგი საინჟინერიო საქონელი. თავის მხრივ სახელმწიფო რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის, შავი ლითონების, ქიმიური ნივთიერებების, მანქანა-დანადგარების, ხისა და ქაღალდის პროდუქტების, ზოგიერთი სურსათისა და სამშენებლო მასალების დიდი ნაწილის იმპორტზეა დამოკიდებული. 1999 წელს ყირგიზეთის ექსპორტი აშშ-ში 11.2 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა, ხოლო აშშ-დან იმპორტის მაჩვენებელი 54.2 მილიონი ამერიკული დოლარი იყო. 2017 წელს ყირგიზეთის ექსპორტის ღირებულება 1.84 მილიარდი ამერიკული დოლარი იყო, ხოლო იმპორტის ღირებულება 4.187 მილიარდ ამერიკულ დოლარს უდრიდა. ყირგიზეთს ექსპორტზე გააქვს ოქრო, ბამბა, შალი, ტანსაცმელი, ხორცი, ვერცხლისწყალი, ურანი, ელექტროენერგია და ფეხსაცმელი.[5]

ყირგიზეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია ჩინეთში დამზადებული სამომხმარებლო საქონლის ხელახალი ექსპორტი ყაზახეთსა და რუსეთში, რომლის ცენტრიც ბიშკეკშია და უზბეკეთში რეექსპორტი, რომელიც ოშის ოლქშია კონცენტრირებული. ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, ისინი ქვეყნის უმსხვილესი ეკონომიკური აქტივობის ცენტრებია.[6]

სტატისტიკა

რედაქტირება

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ყირგიზეთს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 97-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 96-ეადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 1 268 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.02%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 3.6%-ს უტოლდება. უმუშევრობის დონე 7.2%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი ― 0.7, ჯინის კოეფიციენტი ― 27.3, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 23.3%-ია.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით ყირგიზეთი 93-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 103-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 63-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 81-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 89-ე, გამჭვირვალობით ― 29-ე, საკუთრების უფლებებით ― 68-ე, კორპორატიული მმართველობით ― 78-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 129-ე.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით ყირგიზეთს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 123-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 129-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 88-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ყირგიზეთი 65-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად არც თუ ისე სტაბილურია, 74-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 2.4%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 50-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით ყირგიზეთი 115-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 117-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 109-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 81-ე ადგილზეა: მოქნილობის ინდექსით 84-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 78-ს.

ყირგიზეთში არც თუ ისე კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (112-ე ადგილი): სიღრმით 118-ე, ხოლო სტაბილურობით 99-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 125-ე ადგილს იკავებს. ყირგიზეთში ნორმალურადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (78-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 67-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 95-ს.[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Kyrgyzstan Company Registration. Healy Consultants. ციტირების თარიღი: 9 September 2013
  2. „International Reserves of Kyrgyzstan National Bank Reached $1.96 bln“. The Gazette of Central Asia. Satrapia. 20 October 2012.
  3. 3.0 3.1 Kyrgyzstan country profile. Library of Congress Federal Research Division (January 2007). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  4. Kyrgyzstan production in 2018, by FAO
  5. Central Asia:: Kyrgyzstan (October 9, 2020). ციტირების თარიღი: 20 October 2020
  6. Sebastien Peyrouse, Economic Aspects of China-Central Asia Rapprochment დაარქივებული February 7, 2009, საიტზე Wayback Machine. . Central Asia - Caucasus Institute, Silk Road Studies Program. 2007. p.18.
  7. Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved November 6, 2022. pp. 330-333.