მაკროეკონომიკა (ძვ. ბერძნ. μακρός [makros] — „გრძელი“, „დიდი“, οἶκος [οikos] — „სახლი“ და νόμος [nomos] — „კანონი“) — ეკონომიკური მეცნიერების ნაწილი, რომელიც ეკონომიკას სწავლობს როგორც ერთიან სისტემას. ტერმინი პირველად გამოიყენა რ. ფრიშმა 1934 წელს. თანამედროვე მაკროეკონომიკური თეორიის ფუძემდებლად ითვლება ინგლისელი ეკონომისტი ჯონ მეინარდ კეინსი, რომელმაც 1936 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“.

მაკროეკონომიკის კვლევის სფეროს განეკუთვნება ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური ციკლები და მასზე მოქმედი ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ფასი, უმუშევრობა, ფულის რაოდენობა, საპროცენტო განაკვეთი, ინვესტიცია, დანაზოგი, გამოშვება და სხვა; მაკროეკონომიკა შეისწავლის სავაჭრო ბალანსს, საერთაშორისო ვაჭრობის, სავალუტო ურთიერთობებისა და კაპიტალის ნაკადების ცვლილების მიზეზებს და ეკონომიკის მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკას. მთავრობა და კორპორაციები იყენებენ მაკროეკონომიკურ მოდელებს ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შესაქმნელად.

XVIII საუკუნეში შოტლანდიელმა მეცნიერმა დ. იუმმა გააანალიზა დამოკიდებულება ფულის მასას, სავაჭრო ბალანსსა და ფასების დონეს შორის. XVIII–XIX საუკუნეებში უკვე ჩამოყალიბდა ფულის რაოდენობრივი თეორია, რომლის თანახმად, ფულის მიწოდება განსაზღვრავს პროდუქციის ფასს.

მაკროეკონომიკის დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო სამი მოვლენა: პირველი, რომელიც განაპირობა I მსოფლიო ომის დროს საბრძოლო მოქმედებებისა და მასთან დაკავშირებული პროცესების დაგეგმვის აუცილებლობამ, იყო აშშ-ის კერძო კვლევითი ორგანიზაციის – ეკონომიკური კვლევების ეროვნილი ბიუროს (NBER) მიერ XX საუკუნის 20-იანი წლებიდან აგრეგირებული ეკონომიკური მაჩვენებლების შეგროვება და ანალიზი (ხელმძღვ. ს. კუზნეცი). 30-იანი წლებიდან დაიწყო ეროვნული ანგარიშების შემუშავება, შემდგომ კი – სისტემატიზაცია (ხელმძღვანელი რ. სტოუნი). დღეისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მაკროეკონომიკურ ანალიზს სწორედ ეს სისტემა უდევს საფუძვლად.

მეორე იყო იმის დასაბუთება, რომ საქმიანი ციკლი, ისე როგორც საერთო ეკონომიკური აქტივობის აღმავლობა და ვარდნა, განმეორებადი ეკონომიკური მოვლენაა. ამ დასკვნის დასაბუთებაზე მუშაობდა როგორც NBER-ი, ისე კ. მიტჩელი. საქმიან ციკლთა მიზეზების კვლევაში უდიდესი წვლილი შეიტანეს მაკროეკონომიკა ტუგან-ბარანოვსკიმ, ა. შპიტგოფმა, ი. შუმპეტერმა, ტ. ვებლენმა, ჯ. კლარკმა, ჯ. მ. კეინსმა, ნ. კონდრატიევმა, კ. ჟუგლარმა, ჯ. კიტჩინმა, ჯ. ჰიკსმა, პ. სამუელსონმა და სხვ.

მესამე იყო 1929-1933 წლების „დიდი დეპრესია“, მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ამ პერიოდში მთელი მსოფლიო წარმოების მნიშვნელოვან ვარდნასა და ტოტალურ უმუშევრობას განიცდიდა. სწორედ ამის გამო დადგა პირველად ეჭვქვეშ კლასიკოს ეკონომისტთა შეხედულება, რომ საბაზრო ეკონომიკა თვითრეგულირებადი სისტემაა.

ჯ. მ. კეინსის ნაშრომებში, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და II მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო საფინანსო სისტემის ჩამოყალიბებას ეხებოდა, განმარტებულია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეწარმის მთელი შემოსავალი არ იხარჯება პროდუქციის წარმოებაზე, მათი ნაწილი იზოგება, რაც წარმოების მასშტაბების შემცირებას, უმუშევრობის ზრდას, ფასების ვარდნას, ინვესტიციებზე მოთხოვნისა და საპროცენტო განაკვეთის შემცირებას იწვევს. კეინსის ღვაწლზე ისიც მეტყველებს, რომ ეკონომისტები დღემდე პრაქტიკულად თავს ან კეინსიანელებად, ან არაკეინსიანელებად თვლიან.

II მსოფლიო ომის შემდგომი 25 წლის განმავლობაში გაბატონებული იყო კეინსის პოლიტიკუეი რეკომენდაციები. განმტკიცდა მოსაზრება, რომ მონეტარული და ფისკალური ბერკეტების მეშვეობით სახელმწიფოს შეუძლია თავიდან აიცილოს ეკონომიკის ვარდნა.

XX საუკუნის 70-იანი წლებიდან ეკონომიკაში ახალი პრობლემა გაჩნდა. მრავალ ქვეყანაში განვითარდა სტაგფლაცია (სტაგნაციის და ინფლაციის ერთობლივი არსებობა). კეინსის მიმდევრებისათვის რთული აღმოჩნდა ისეთი მაკროეკონომიკური ბერკეტების გამოძებნა, რომელიც ეკონომიკის სტაბილურად განვითარებას უზრუნველყოფდა.

კეინსისგან განსხვავავებით მ. ფრიდმენი და ა. შვარცი დეპრესიის უმთავრეს მიზეზად ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ფულის მიწოდების მკვეთრ შემცირებას ასახელებდნენ.

ევროპული ქვეყნების უმეტესობა უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რასაც აღრმავებდა ის გარემოება, რომ „ოქროს სტანდარტის“ პირობებში, როდესაც საერთაშორისო საგადასახდელო საშუალება იყო ოქროს მონეტები და ფიქსირებულ ფასად ოქროზე გადაცვლადი ფულადი ნიშნები, პრაქტიკულად გამორიცხული იყო ქვეყნების დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა. იგი გაუქმდა 1971 წელს და მას ჩაენაცვლა ქაღალდის ფულის თავისუფალი გაცვლა. როგორც შემდგომში ჯ. საქსმა და ბ. ეიჰენგრინმა დაადგინეს, ქვეყნებმა, რომლებმაც პირველებმა თქვეს უარი ოქროს სტანდარტზე, სხვებზე ადრე დააღწიეს თავი დეპრესიის მარწუხებს.

საქართველოში მაკროეკონომიკური საკითხების შესწავლა დაიწყო XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან. მანამდე ქვეყნის მართვა, რომელიც საბჭოთა ცენტრალიზებულ დაგეგმვაზე იყო დაფუძნებული, უარყოფდა საბჭოთა ეკონომიკის ციკლურ განვითარებას და ხდებოდა განუხრელი ეკონომიკური ზრდის იდეოლოგიის პროპაგანდა. 1989 წელს თსუ-ის ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტთა, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის კათედრისა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინიციატივით სსრკ-ში პირველად კათედრის ბაზაზე დაიწყო მაკროეკონომისტთა მომზადება.

1992 წლიდან სახალხო მეურნეობის დაგეგმვის კათედრა გადაკეთდა მაკროეკონომიკის კათედრად, მოგვიანებით, მას შეუერთდა მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და შრომის ეკონომიკის კათედრები. 2006 წლიდან ის აერთიანებს მაკროეკონომიკისა და შრომის ეკონომიკის მიმართულებებს. კათედრას 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა ვ. პაპავა, 2006-2019 წლებში – ნ. ხადური, 2019 სექტემბრიდან დღემდე კათედრას უძღვება – მ. ტუხაშვილი.

იმის გათვალისწინებით, რომ მაკროეკონომიკა შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა, იგი დინამიკურად ვითარდება. ამავე დროს, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები (აღმავლობა, რეცესია, კრიზისი) გავლენას ახდენს მაკროეკონომიკური თეორიის განვითარებაზე. სამწუხაროდ, მეცნიერება ყოველთვის არ არის მზად უპასუხოს კითხვას და წინასწარ განსაზღვროს ეკონომიკური პროცესები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოს გამოცდილებას, ძირითადი ტენდენციების განსაზღვრა უკვე შესაძლებელია.

საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მაკროეკონომიკის განვითარება ეკონომიკის აღმავლობის დაცემისა და კრიზისების გზით წარიმართა. 90-იან წლებში საქართველომ ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა განიცადა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების, მოშლილი მრეწველობის, ტრადიციულ ბაზრებთან კომუნიკაციების შეწყვეტისა და ინსტიტუციური და პოლიტიკური მოუწყობლობის გამო.

1994-1998 წლებში მთავრობამ საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად გაატარა პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციული ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმები. „ვაშინგტონის კონსენსუსის“ სახელით ცნობილი კონცეფციის შესაბამისად განხორციელდა სახელმწიფო საკუთრების პრივატიზება, ფასებისა და ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ჩამოყალიბდა კომერციული ბანკები და შეიქმნა საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ეკონომიკის მონეტარული და ფისკალური რეგულირების კანონმდებლობა, რომლებმაც უზრუნველყვეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) სწრაფი გაზრდა.

2004-2006 წლებში გატარებულმა ფართომასშტაბიანმა პრივატიზაციამ, საბაჟო და საგადასახადო ლიბერალიზაციამ, ფისკალური დისციპლინის დამყარებამ, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირებამ და სახელმწიფო რეგულაციების გამარტივებამ გაზარდა უცხოური ინვესტიციები საქართველოში, სახელმწიფოს საბიუჯეტო შემოსავლები და დააჩქარა ეკონომიკის განვითარება, რაც შეაფერხა, 2008 წელს აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომმა და 2008-2009 წლების საერთაშორისო ფინანსურმა კრიზისმა. შემდგომში ეკონომიკა გამოვიდა კრიზისული მდგომარეობიდან, მაგრამ კერძო საკუთრების უფლებების ტოტალურად დარღვევამ, მმართველ ელიტაში კორუფციის საგანგაშო ზრდამ და სახელმწიფოს გადაჭარბებულმა კონტროლმა მსხვილი ბიზნესის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედა.

2014-2016 წლებში მსოფლიოში დოლარის გამყარებით გამოწვეულმა საერთაშორისო სავალუტო შოკმა და ლარის კურსის გაუფასურებამ განაპირობა საქართველოში ზომიერი ეკონომიკური ზრდა (3.4%), 2016 წლიდან ფისკალურმა რეფორმებმა, საშემოსავლო გადასახადის ლიბერალიზაციამ, გადასახადის გადამხდელთა დაცვის ინსტიტუციურმა რეფორმებმა და სხვადასხვა საგადასახადო შეღავათმა დააჩქარა ეკონომიკის განვითარება, რომლის შემდგომი შეფერხება განაპირობა კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეულმა ქვეყნების იზოლაციამ და სამეწარმეო აქტივობების შეჩერებამაკროეკონომიკა რეალურმა ზრდამ ნეგატიური ხასიათი მიიღო, საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ეკონომიკა შემცირდა — 6.8%-მდე; გაიზარდა უმუშევრობა, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, საერთო საგარეო ვალმა მიაღწია მშპ-ის 130.2%-ს, ფისკალურმა დეფიციტმა კი შეადგინა მშპ-ის 9.6%. მართალია შემდგომ 2021 წელს ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა – 10.5%-ით; ზრდის ეს ტემპი შენარჩუნდა 2022 წელსაც; მთლიანი საგარეო ვალი 20%-ზე მეტად შემცირდა, ხოლო ფისკალურმა დეფიციტმა მშპ-ის 6%-ზე ნაკლები შეადგინა, მაგრამ 2021-2022 წლების მაღალი ინფლაცია საქართველოში (9.6–11.9%), ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, იქცა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად.

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი ქრონიკულად დეფიციტურია, თუმცა ექსპორტის უპირატეს ზრდასთან ერთად დეფიციტი მცირდება. 2021 წლის ბოლოს და განსაკუთრებით 2022 წელს, ექსპორტი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა (31.8%), შესაბამისად შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 12.4%-იდან (2020) 9.8%-მდე (2021). ეს ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელსაც. საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის შემცირების მნიშვნელოვანი წყაროა უცხოეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საგარეო ვალი. პერიოდულად საგადასახდელო ბალანსის აღდგენა ხდება ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებებით.

თავისუფალი სავალუტო კურსის ხელშეწყობა, მიზნობრივ ინფლაციაზე ორიენტირებული მონეტარული პოლიტიკა და ლიბერალური ფისკალური პოლიტიკა საქართველოს მაკროეკონომიკური მართვის ძირითადი მიმართულებებია. საქართველოს ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას, ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად, შეადგენდა ფინანსური სექტორის, ტურიზმის, მშენებლობის, მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Blanchard O., Macroeconomics, Prentice Hall, 2011; Blaug M., Great Economists before Keynes, Brighton: Wheatsheaf, 1986;
  • Levi M., The Macroeconomic Environment of Business, New Jersey, 2014; Snowdon B., Vane H. R., Modern Macroeconomics: Its Origins, Development and Current State, Northampton, Massachusetts, 2005.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება