ღაზი ჰასანი (დ. 1714, ჭაბუკიანი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი — გ. 1790) — ქართველი თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ღაზი ჰასანი საქართველოდან იყო, იგი ბავშვობაში აღმოსავლეთ თურქეთში ტყვედ გაყიდეს. 1737-1739 წლებში რიგით იანიჩრად მონაწილეობდა ავსტრიის წინააღმდეგ ომში, შემდეგ ალჟირში. იგი გახდა საფლაგმანო გემის კაპიტანი და 1779 წლის ჩესმენის ბრძოლაში ჩაება. ამ წაგებულ ბრძოლაში აღნიშნავენ პირადად მის წარმატებულ ქმედებებს. დაიბრუნა რუსებისაგან დაპყრობილი კუნძული ლემნოსი, 1770 წლის ოქტომბერში, რისთვისაც დაიმსახურა „ღაზის“ ტიტული. მაშინ დააწინაურეს იგი კაპუდან-ფაშად. ჩესმენის დამარცხების შემდეგ მან 1773 წელს დააარსა სამხედრო–საზღვაო სასწავლებელი. იყო სერასკირი რუშჩუკში 1773–1774 წლებში, იბრძოდა რუსების წინააღმდეგ. 1774 წელს ისევ კაპუდან ფაშაა. 1789 წელს ახალი სულთნის, სელიმ III-ის ბრძანებით, კაპუდან ფაშას თანამდებობა გადააბარა ქუჩუკ ჰუსეინ ფაშას, ხოლო თვითონ, სერასკირის სახით გაეშურა იზმაილს. 1789 წელს გახდა დიდვეზირი და მხედართმთავარი დუნაიზე. სტამბოლის რუსეთის საელჩოს 1786 წლის 25 თებერვლის დღიური აღწერს საქართველოდან სტუმრად მყოფ გაბრიელ ტარბაიძის ქართულ ენაზე გამართულ დიალოგს კაპუდან ფაშა ღაზი ჰასანთან. კაპუდან-ფაშა, როგორც თვითონ აცხადებს, დაბადებულა მეფე ერეკლეს სამფლობელოში, დაბა ფშაველში, რომელიც კავკასიონის მთებში მდებარეობს მოზდოკიდან რამდენიმე დღის, ხოლო დუშეთიდან ხუთი საათის სავალზე. საზღვარგარეთ ბავშვობაშივე მოხვედრილა და სამშობლოში დედ–მამა და მეუდაბნოე ბიძა დარჩენია. კაპუდან-ფაშას ტარბაიძესთვის უთხოვია, თუ მამაჩემი ცოცხალია, მიპოვნე და გამომიგზავნე, დავასაჩუქრებ და ისევ სამშობლოში გავუშვებო. ღაზი ჰასანის დამოკიდებულებას სამშობლოსადმი ამჟღავნებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ხაზინადარი და მოადგილე – „ვიცე–ამირბარი“ ქართველები ჰყავდა. მის ბიოგრაფიას ეხება ფრანგი ჟუანენი: „ბავშვობაში ეს პიროვნება ოსმალებმა მოიტაცეს და მიჰყიდეს ქალაქ როდოსტოს მოქალაქეს. როგორც კი წამოიზარდა, ღაზი–ჰასანი ბატონს გაექცა და ბერძნული ხომალდით ჩავიდა სმირნას, საიდანაც, ალჟირის რეგენტის სამსახურში შევიდა. მალე ჩარიცხეს ალჟირის მმართველის პირად გვარდიაში. აქ მისი მამაცობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მალე ღაზი–ჰასანს პროვინციის უფროსობა მიანდეს. აქედან მომდინარეობს მისი მეტსახელი „ჯეზაირლი“– „ალჟირელი“. დიდი სიმდიდრე დააგროვა. ამან ოჯაკლის ბელადებში მტრები შესძინა და იძულებული გახდა ესპანეთში გაქცეულიყო. იქიდან შემდეგ ნეაპოლში გადავიდა. ე. წ. ორი სიცილიის მეფის ელჩისგრაფ რუდოლფის რეკომენდაციის საფუძველზე, ოსმალეთის დიდმა ვეზირმა რაგიბ–ფაშამ, ღაზი–ჰასანი სტამბოლში მიიწვია და ხომალდის მეთაურად დანიშნა. ამის შემდეგ იმდენი მოხერხება და გამბედაობა გამოიჩინა, რომ თანდათან გზა გაიკაფა კაპუდან-ფაშას თანამდებობისაკენ". აი რას წერს მის შესახებ კიდევ სხვა ფრანგი ლეონიდე პინო: "ღაზი ჰასანი იყო შეუბრალებელი, ენერგიული და ნიჭიერი, სტამბოლის ქუჩებში სულ მუდამ ლომისა და ვეფხვის თანხლებით დადიოდა, დივანზედაც ბევრჯერ გამოჩენილა თავისი ლომის თანხლებით და დაუფეთებია ხონთქრის მინისტრები. ერთხელ საფრანგეთის ელჩს, შუაზიოლ გუფიესაც ეწვია სასაუბროდ ამ ლომთან ერთად“, როგორც დისციპლინის მოყვარულს, ამაყს, ენერგიულს, მამაცს, და ჭკვიან პოლიტიკოსს, ამავე დროს, კარგ მეკობრეს – ახასიათებს ღაზი–ჰასანს გრაფი ფერიერ–სოვბეფიც. კაპუდან ფაშამ 1786 წელს განახორციელა თურქული სადამსჯელო ექსპედიცია ეგვიპტეში და აიღო კაირო. მისი ეგვიპტელი მოწინააღმდეგენი მისივე თვისტომი ქართველები მურად ბეი და იბრაჰიმ ბეი იყვნენ. ფრანგი ისტორიკოსი მარსელი წერდა: „კაპუდან-ფაშა ჰასანზე გალაშქრება მურად ბეიმ ითავა, ხოლო იბრაჰიმ ბეი კაიროში დარჩა ქალაქის გასამაგრებლად. იმ დროს, როცა მშვიდობის ორი მუსლიმი მოციქული კაპუდან-ფაშას კარავში იმყოფებოდა, მურად ბეის თავისი სპით უკვე რაჰმანიეჰის გარეუბნები დაეჭირა. ეს ადგილი მალე სისხლისმღვრელი ბრძოლების ასპარეზად იქცა. მამლუქებს არც ზარბაზნები ჰქონდათ და არც ქვეითი სპა ჰყავდათ. კაპუდან-ფაშას ორივე გააჩნდა. მურად ბეი დამარცხდა. იგი და სხვა ათი ბელადი კაიროს წავიდა. უკან დახევას უწესრიგო ხასიათი ჰქონდა. კაიროში მამლუქი თავკაცები იბრაჰიმ ბეისთან შემოიკრიბნენ და ბჭობის შემდეგ სასწრაფოდ თავი ზემო ეგვიპტეს შეაფარეს. ისინი ელოდნენ, რომ ოსმალები აქ მათზე იერიშს მიიტანდნენ. ნახა რა კაირო მამლუქთა მიერ ევაკუირებული, ოსმალეთის ფაშამ ევენ მეჰმედმა შეკრიბა ოჯააკლები და მათი რაზმებით ციტადელიდან გამოსული ოტომანთა არმიის გენერალი სიმუსის შესახვედრად მოემზადა. კაპუდან-ფაშა ჰასანი, რომელმაც აიკლო თავის მარშრუტზე მდებარე მთელი ქვეყანა, 1786 წლის 1 აგვისტოს კაიროში შევიდა“. მოგვიანებით, მას მოსახლეობა აუმხედრდა. კაპუდან-ფაშამ საზავო წინადადება წამოაყენა, გააფორმა ოსმლეთისადმი ეგვიპტის მორჩილების ხელშეკრულება და დატოვა კაირო. რამდენიმე წელიწადში მთელ ეგვიპტეს ხელახლა დაეპატრონენ მურად ბეი და იბრაჰიმ ბეი. უკვე ასაკოვანი ღაზი ჰასანი ოსმალთა საბრძოლო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა რუსეთ–თურქეთის 1787–1792 წლების ომში, ვიდრე 1790 წელს აღესრულა. კაპუდან-ფაშას ძეგლი უდგას ჩესმენში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია, თბ., 2011, გვ. 164

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება