იანიჩარები

(გადამისამართდა გვერდიდან იანიჩარი)

იანიჩარები (თურქ. Yeniçeri - ახალი ჯარები) — რეგულარული ქვეითი ჯარი ოსმალეთის იმპერიაში, არსებობდა XIV-XIX საუკუნეებში. იენიჩარები, სიპაჰებთან და აკინჯებთან (კავალერია) ერთად შეადგენდნენ იმპერიის ძირითად არმიას. იენიჩარები იყვნენ სულთნის დასაყრდენი და სადამსჯელო და საპოლიციო ძალა.

სულთანი მურად IV იანიჩარებთან ერთად
 
იანიჩარები და რაინდები

იანიჩარების ელიტარული არმია შექმნა სულთანმა, მურად I-მა 1365 წელს. თავდაპირველად იენიჩარების კორპუსი კომპლექტდებოდა სამხედრო ტყვებისგან, შემდეგ კი ოსმალეთის იმპერიის ქრიტიანი მოსახლეობის იძულებითი გაწვევით. იანიჩარები იყვნენ 12-16 წლის ქრისტიანი ყმაწვილები (ალბანელები, სომხები, ბოსნიელები, ქართველები, ბერძნები, ბულგარელები, სერბები და რუსები), რომლებსაც პატარაობაში იტაცებდნენ და ისლამური ტრადიციების მიხედვით ანატოლიის მთებში ზრდიდნენ. ბავშვების იანიჩარების რიგებში აყვანა(დევშირმე - სისხლის ბეგარა) იყო დაპყრობილი ხალხების უმძიმესი ხვედრი, რადგან იანიჩარებში მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი და ჭკვიანი ბავშვები მიჰყავდად, რაც დამორჩილებულ ხალხებს ძლიერ ასუსტებდა. იანიჩარებში თურქ სულთანს მხოლოდ ქრისტიანები მიჰყავდა, დაპყრობილი ხალხებიდან გამონაკლისს მხოლოდ იუდეველები წარმოადგენდნენ. მოგვიანებით ალბანელებმაც ისლამი მიიღეს და განთავისუფლდნენ დევშირმესაგან. დევშირმესაგან განთავისუფლებულნი იყვნენ სტამბოლის მაცხოვრებლები, რომლებიც კარგად ფლობდნენ თურქულ ენას. ასევე იანიჩარებში არ მიჰყავდათ დაოჯახებული ყმაწვილები, სწორედ ამით აიხსნება ის, რომ იმ დროს ხშირი იყო ადრეული ქორწინებები. იანიჩარები სულთნის მონებად ითვლებოდნენ და ცხოვრობდნენ მონასტრის ყაზარმებში. მათ 1566 წლამდე, ეკრძალებოდათ ცოლის მოყვანა. გარდაცვლილი იანიჩარის ქონება პოლკის კუთვნილებაში გადადიოდა. სამხედრო ხელოვნების გარდა იანიჩარები სწავლობდნენ: კალიგრაფიას, სამართალს, ენებს, მუსიკასა და ლიტერატურას. დაჭრილი ან მოხუცებული იანიჩარები იღებდნენ პენსის. ბევრმა მათგანმა კარგი საერო კარიერაც კი გაიკეთა. 1683 წლიდან იანიჩარების კომპლექტაცია, უკვე მუსლიმთაგანაც იყო ნებადართული. XVI საუკუნეში იენიჩარები გადაიქცნენ კარჩაკეტილ სამხედრო კასტად. XVI საუკუნის ბოლოდან და XVII საუკუნის დასაწყისიდან იანიჩარების კორპუსმა დაშლა დაიწყო. ბევრმა მათგანმა მოიყვანა ცოლი, დაიწყო ვაჭრობა და ხელოსნობა. მალე იანიჩარები გახდნენ კონსერვატიულ პოლიტიკურ ძალად გადატრიალების დასაწყისში. ისინი ერეოდნენ სულთნის მთავრობის პოლიტიკაში და სასახლის კარის შეთქმულებებში. ასე ერთ-ერთი ამბოხების შედეგად 1622 წელს მოკლული იქნა სულთანი. მსგავსი აჯანყება მოეწყო 1807 წელს. 1826 წელს კი ლიკვიდირებული იქნა იანიჩარების კორპუსი სულთან მაჰმუდ II-ის მიერ, სიპაჰებისა და აკინჯების დახმარებით. იანიჩარების კორპუსი საბოლოოდ 14 ივნისს დაიშალა, 15 არტილერიული გასროლის შემდეგ, მათი მთავარი ყაზარმის მიმართულებით, რომელსაც უდიდესი მსხვერპლი მოყვა.

სტრუქტურა

რედაქტირება

იანიჩარების კორპუსის ძირითადი სამხედრო ერთეული პოლკი იყო. ერთ პოლკში დაახლოებით 1000 ჯარისკაცი იყო. აღმავლობის პერიოდში ოსმალეთის იმპერიაში, იანიჩარების 196 პოლკი იყო. უმაღლეს მთავარსარდლად სულთანი ითვლებოდა, მაგრამ ტაქტიკურ მომზადებებს „აღა“ ხელმძღვანელობდა. მეცნიერები აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ იანიჩარები ძალიან ჰგავდნენ ევროპულ სასულიერო-რაინდულ ორდენებს. ისეთებს როგორებიც იყვნენ: ჰოსპიტალიერები, ტამპლიერები, ტევტონები, სანტიაგოს რაინდები და სხვა.

გარეგნული დახასიათება და შეიარაღება

რედაქტირება

იანიჩარების ძირითადი განმასხვავებელი იყო მოპარსული წვერი და დიდი, სქელი ულვაშები, რაც არ იყო დამახასიათებელი ტრადიციული მუსლიმი მოსახლეობისათვის. სხვა დანარჩენი ჯარებისაგან, ოსმალეთის იმპერიაში, იანიჩარებს განასხვავებდათ თეთრი ქუდი, რომელსაც უკან გადაკიდებული ჰქონდა ნაჭრის დიდი ნაწილი, რაც სულთნის ხალათის მკლავს წააგავდა. თავიდან იანიჩარები შეიარაღებული იყვნენ არაბული მშვილდებით, რომლებსაც შესანიშნავად ფლობდნენ, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენის შემდეგ, იანიჩარები არკებუზებზი და მუშკეტებზე გადავიდნენ. ასევე იანიჩარების მთავარი ატრიბუტი იყო დიდი თურქული ხმალი „იატაგანი“ და მომცრო ნაჯახი. ამ „ახალი ჯარების“ სტანდარტი იყო, სადილის მოსახარში დიდი ქვაბი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 85.
  • Aksan, Virginia H. "Whatever Happened to the Janissaries? Mobilization for the 1768-1774 Russo-Ottoman War." War in History (1998) 5#1 pp: 23-36. online დაარქივებული 2016-07-29 საიტზე Wayback Machine.
  • Cleveland, William L. A History of the Modern Middle East (Boulder: Westview, 2004)
  • Ágoston, Gábor (2014). „Firearms and Military Adaptation: The Ottomans and the European Military Revolution, 1450–1800“. Journal of World History. 25: 85–124.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: