მურად ბეი (დ. 1750 — გ. 1801) — ეგვიპტის იალეთის გუბერნატორი, მამლუქების ბელადი, ცხენოსანი არმიის მხედართმთავარი. მართავდა ეგვიპტეს იბრაჰიმ ბეისთან ერთად.[1] ორივეს ჰქონდა ქართული წარმომავლობა.

მურად ბეი

მურად ბეი
დაბადების თარიღი 1750
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 1801
ბანი-სუაფი, ეგვიპტე
ეროვნება ქართული წარმომავლობის მამლუქი
საქმიანობა ეგვიპტის იალეთის მმართველი, მხედართმთავარი, მამლუქების ბელადი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ქართველ ისტორიკოსთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ მურად ბეი წარმოშობით ქართველი იყო და თბილისში დაიბადა,[2][3] რამდენიმე სხვა მკვლევარს კი მიაჩნია, რომ ის ჩერქეზი იყო[4][5]. 1768 წელს ის მიყიდეს (ჩერქეზ) მამლუქ ლიდერს მუჰამედ ბეის ეგვიპტეში.

თავისი ბატონის სიკვდილის შემდეგ, მურადი გახდა მამლუქთა არმიის მეთაური, ხოლო იბრაჰიმი ეგვიპტის ადმინისტრაციულ საქმეებს განაგებდა.[6] მათ შეძლეს გამკლავებოდნენ ოსმალთა გამუდმებულ მცდელობებს მამლუქთა რეჟიმის დასამხობად და სამოქალაქო უთანხმოებებს.[2] 1784-1785 წლებში იბრაჰიმიც და მურადიც ოფიციალურად იყვნენ ოსმალური ეგვიპტის გუბერნატორები, თუმცა ქვეყანას, ფაქტობრივად, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მართავდნენ და წარმატებით ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას ეგვიპტის ოსმალო გუბერნატორების არსებობის მიუხედავად.[7][8][9]

1786 წელს ოსმალეთის სულთანმა აბდულჰამიდ I-მა ეგვიპტეში გაგზავნა კაპუდან-ფაშა (ოსმალეთის ფლოტის ადმირალი) და ჯეზაირლი გაზი ჰასან-ფაშა იბრაჰიმისა და მურადის გაძევების ბრძანებით.[10][11] ჰასან ფაშამ გულმოდგინე მცდელობების შედეგად, ხანმოკლე პერიოდით შეძლო ეგვიპტეზე ოსმალეთის კონტროლის აღდგენა.[10] ისმაილ ბეი დაინიშნა მამლუქების ახალ სამხედრო ლიდერად, სამოქალაქო გუბერნატორად და ფაქტობრივ მმართველად, თუმცა, 1791 წელს, ჰასან-ფაშას მიერ მათი განდევნიდან მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ, იბრაჰიმი და მურადი სამხრეთ ეგვიპტის სამალავიდან დაბრუნდნენ კაიროში და ფაქტობრივი ძალაუფლება დაიბრუნეს.[12] ამ პერიოდში, მურად ბეის ეკავა ამირ ალ-ჰაჯის (ჰაჯის ხელმძღვანელი) თანამდებობა.[13]

1798 წელს პირამიდების ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, მურად ბეი გაიქცა ზემო ეგვიპტეში, სადაც დაიწყო პარტიზანული კამპანია, რომელიც ფრანგმა გენერალმა დეზემ ჩაახშო.

გავრცელებული ინფორმაციით, მურად ბეიმ საფრანგეთის ჯარს ეგვიპტის დასატოვებლად ფული შესთავაზა, ბრიტანელებს კი — მოკავშირეობა, ალექსანდრიის, დუმიატისა და როზეტის დაკავების საშუალების მიცემის სანაცვლოდ.[14] 1800 წელს მურად ბეი შეურიგდა საფრანგეთის არმიის მთავარსარდალ კლებერს და დათანხმდა კაიროს გორნიზონის მართვაზე, მაგრამ გზაში გარდაიცვალა ბუბონური შავი ჭირისაგან.[2]

  1. Goldschmidt, Arthur (2000). Biographical dictionary of modern Egypt. Boulder [u.a.]: Rienner. p. 138. ISBN 9781555872298.
  2. 2.0 2.1 2.2 Mikaberidze, Alexander, "Murad Bey", in: Gregory Fremont-Barnes (ed., 2006), The Encyclopedia of the French Revolutionary and Napoleonic Wars, Vol. 2, p. 663. ABC-CLIO, Inc.
  3. The Life of J. D. Åkerblad: Egyptian Decipherment and Orientalism, By Fredrik Thomasson, p.80, Hotei Publishing, Netherlands
  4. Kadir I. Natho: Circassian history, page 256f. Xlibris 2009
  5. J. Christopher Herold: Bonaparte in Egypt, pages 70 and 252. New York 1962/2009
  6. Pawly, Ronald (2012). Napoleon's Mamelukes. Osprey Publishing, გვ. 5–6. ISBN 9781780964195. ციტირების თარიღი: 2016-04-26.  დაარქივებული 2013-10-29 საიტზე Wayback Machine.
  7. (1994) Abd Al-Rahmann Al-Jabarti's History of Egypt. Franz Steiner Verlag Stuttgart, გვ. 93. 
  8. (1994) Abd Al-Rahmann Al-Jabarti's History of Egypt. Franz Steiner Verlag Stuttgart, გვ. 138. 
  9. (1994) Abd Al-Rahmann Al-Jabarti's History of Egypt. Franz Steiner Verlag Stuttgart, გვ. 156. 
  10. 10.0 10.1 (1994) Abd Al-Rahmann Al-Jabarti's History of Egypt. Franz Steiner Verlag Stuttgart, გვ. 181. 
  11. Mehmet Süreyya (1996), Sicill-i Osmanî, Beşiktaş, Istanbul: Türkiye Kültür Bakanlığı and Türkiye Ekonomik ve Toplumsal Tarih Vakfı, http://books.google.com/books?id=btElAQAAMAAJ
  12. (1994) Abd Al-Rahmann Al-Jabarti's History of Egypt. Franz Steiner Verlag Stuttgart, გვ. 317–322, 373. 
  13. Anderson, Robert (1998), Egypt in 1800: Scenes from Napoleon's Description de L'Egypte, Barrie & Jenkins, p. 89, https://books.google.com/books?ei=ytCWVY_7K4WhgwS7g6OYAw&id=j1F1AAAAMAAJ&dq=Emir+Hajj+Egypt+1801&focus=searchwithinvolume&q=Emir+Hajj
  14. Goldschmidt, Arthur (2000). Biographical dictionary of modern Egypt. Boulder [u.a.]: Rienner, გვ. 138. ISBN 9781555872298.