იბრაჰიმ-ბეგი, ალ-ქაბირ ალ-მუჰამად (დ. 1735, სოფ. მარტყოფი, — გ. 1816, დონგოლა, სუდანი) — ეგვიპტის მამლუქი მმართველი; ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული ქართველი, მარტყოფელი აბრამ შინჯიკაშვილი.

იბრაჰიმ ბეგი

საქართველოდან 15 წლის ასაკში გაუტაციათ. ეგვიპტის მამლუქთა რიგებში დაწინაურდა 1768 წელს ბეგობა მიიღო. 1775-1798 წლებში (შუალედებით) შაიხ-ალ-ბალადის თანამდებობა, რომელიც იყო უმაღლეს მამლუქთა იერარქიაში. მურად ბეგთან ერთად ქვეყანას ფაქტობრივად ოსმალეთის ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად განაგებდა. 1785-1787 წლებში სათავეში ედგა ოსმალეთის წინააღმდეგ აჯანყებას, 1798-1801 წლებში კი იბრძოდა საფრანგეთის საექსპედიციო არმიის წინააღმდეგ. ფრანგების განდევნის შემდეგ ეგვიპტეში ძალაუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლა 1805 წელს ალბანელი მუჰამად ალის გამარჯვებით დასრულდა. 1811 წლის 1 მარტს მუჰამადმა ეგვიპტელი მამლუქების დიდი ნაწილი კაიროში გაჟლიტა. იბრაჰიმ-ბეგი გადარჩენილ თანამებრძოლებთან ერთად სუდანში გადაიხვეწა. გარდაიცვალა იქვე 1816 წელს. 1817 წელს გადაასვენეს და დაკრძალეს კაიროში.

იბრაჰიმ-ბეგს მიმოწერა ჰქონდა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-თან, რომლის მიზანი იყო რუსეთის, ქართველების და ეგვიპტის მამლუქების შეთანხმებული მოქმედება ოსმალეთის წინააღმდეგ; 1786 წელს საკუთარ სახლში უმასპინძლა ქართველ დიპლომატს — მანუჩარ კაჭკაჭიშვილს. იბრაჰიმი ათავისუფლებდა და სამშობლოში აბრუნებდა ეგვიპტეში გაყიდულ ქართველ ტყვეებს. მარტყოფში გაგზავნა ფული ახალი ეკლესიის ასაშენებლად (წუხდა, რომ არსებული ეკლესია მაღალ მთაზე იდგა და მოხუც დედას იქ ასვლა უჭირდა). მისივე ხარჯით მარტყოფში, შინჯიკაშვილების უბანში აშენდა სამსართულიანი კოშკი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სილაგაძე ბ., ქართველი მამლუქები ეგვიპტის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში 1798–1807 წლებში, თბ., 1984.
  • ჯანელიძე დ., სილაგაძე ბ., ქართველი მამლუქები ეგვიპტესა და ერაყში, თბ., 1967.
  • ჯაფარიძე გ., მამლუქთა წერილები ეგვიპტიდან, «დროშა», 1971, № 8.
  • ჯაფარიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 5, თბ., 2024.