მანუჩარ კაჭკაჭიშვილი
მანუჩარ კაჭკაჭიშვილი — ქართველი დიპლომატი, არტილერიის ოფიცერი ერეკლე II-ის ჯარში. 1786-1787 წლებში დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა ეგვიპტეში.
კაჭკაჭიშვილის მოგზაურობის შესახებ ცნობილი თავად გრიგოლ პოტიომკინთან მისი მემორანდუმებიდან, სტამბოლში რუსეთის ელჩის იაკობ ბულგაკოვის მოხსენებებითი ბარათებიდან, სხვა ქართული დოკუმენტებიდან და ასევე ბრიტანული დიპლომატიური ანგარიშიდან. საერთაშორისო ურთიერთობებში კაჭკაჭიშვილი იყენებდა მისი სახელის და გვარის რუსიფიცირებულ ვერსიას — მაქსიმ კაჭკაჭოვი (Максим Павлович Качкачов, ინგლისურ დოკუმენტში — Maximo Kaskaciow).
1786 წლის იანვარში ერეკლე II-ის ნებართვით და სარეკომენდაციო წერილებით კაჭკაჭიშვილი, რომელსაც ეგვიპტეში ბიძამისის მონახულება სურდა, შავი ზღვით სტამბოლში, იქიდან კი ალექსანდრიაში ჩავიდა. ბიძა მას ცოცხალი აღარ დახვდა, მაგრამ ეგვიპტეში, იბრაჰიმ-ბეგთან მთელი წლის განმავლობაში დარჩა და ეს დრო ქვეყნის მამლუქ მმართველებთან, ეთიოპიის წარმომადგენელთან და ალექსანდრიაში რუსეთის კონსულ ბარონ ტონუსთან მოლაპარაკებებში გაატარა. მისი მიზანი ქართლ-კახეთის სამეფოს, ეგვიპტელ მამლუქებსა და რუსეთს შორის ოსმალეთის წინააღმდეგ კავშირის გაბმა იყო, თუმცა რუსეთის წარმომადგენელმა ტონუსმა მას იმედები გაუცრუა და გარკვეული ხნით დააკავა კიდეც ოსმალეთთან ურთიერთობის გაფუჭების თავიდან აცილების საბაბით. 1787 წლის მაისში კაჭკაჭიშვილი თბილისში დაბრუნდა და თავისი მოგზაურობის შესახებ პოტიომკინს გაუგზავნა რამდენიმე მემორანდუმი, რომელშიც აღწერილია იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება ეგვიპტეში (კაჭკაჭიშვილის ანგარიშები ქართულიდან რუსულად დიპლომატმა სერგეი ლაშქაროვმა თარგმნა). ის ხაზს უსვამდა ეგვიპტის მამლუქი მმართველების ქართულ და ქრისტიანულ წარმომავლობას და აღნიშნავდა იმ სარგებელს, რომელიც შეეძლო რუსეთს მათთან კავშირის დამყარებით ენახა. ასევე კაჭკაჭიშვილმა საქართველოში ჩამოიტანა ქართველი მამლუქების წერილებიც, რომელთა ადრესატები ერეკლე მეფე, საქართველოში მამლუქთა ნათესავები და რუსეთის წარმომადგენლები იყვნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Crecelius, Daniel; Djaparidze, Gotcha (2002). "Relations of the Georgian Mamluks of Egypt with Their Homeland in the Last Decades of the Eighteenth Century". Journal of the Economic and Social History of the Orient. 45 (3): 320–341.
- ქართველი მზვერავი მანუჩარ კაჭკაჭიშვილი : [ერეკლე მეორის მზვერავის მოხსენებები და მამლუქი ბეიების წერილები, როგორც წყარო XVIII საუკუნის 80-იანი წლების საფრანგეთ-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის შესასწავლად] / მაია გურამიშვილი // ქართული დიპლომატია : წელიწდეული. - , 1997. - №4. - გვ.208-212.
- Грузинские документы из истории русско-грузинско-египетско-эфиопских отношений 80-х годов ХVIII века / В. Мачарадзе. - Тбилиси : ТГУ, 1967. - 71 с.