ფერსათის პლატო
ფერსათის პლატო — ლავური პლატო საქართველოში, ახალციხის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. წარმოადგენს მესხეთის ქედის სამხრეთი ფერდობის შემადგენელ ნაწილს.[1] ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 11 კმ-ზე, დასავლეთიდან-აღმოსავლეთისაკენ 7 კმ-ზე. ფართობი 30 კმ². საშუალო სიმაღლე 2200 მ. მაქსიმალური სიმაღლეები და მწვერვალები აღმოსავლეთ ნაწილში და კიდეებზეა განლაგებული, რომელთა შორის გამოიყოფა: უსახელო მთა (2443.3 მ), გოგორაული (2376 მ), ფერსათი (2372.2 მ) და საბურთალი (2258.6 მ).[2]
ფერსათის პლატო | |
---|---|
მესხეთის ქედის ერთ-ერთი მონაკვეთი | |
კოორდინატები: 41°44′53″ ჩ. გ. 42°42′55″ ა. გ. / 41.74806° ჩ. გ. 42.71528° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | უსახელო მთა |
სიმაღლე | 2443,3 მ |
ფართობი | 30 კმ² |
სიგრძე | 11 კმ |
სიგანე | 7 კმ |
ლანდშაფტი | სუბალპური |
ამგებელი ქანები | ანდეზიტ-დაციტური ლავები |
ასაკი | ქვედაპლიოცენური |
ფერსათის პლატო აგებულია ქვედაპლიოცენური ასაკის ანდეზიტ-დაციტური ლავებით. მორფოლოგიურად ოდნავ ჩაზნექილი ვაკეა, რომლის უდაბლესი ნაწილი დაჭაობებულ ადგილს, — იალაღ ფლატეს უკავია. ყველა მხრიდან ქარაფოვანია და ქარაფების ძირში პლატოს ზედაპირი ეროზიულ-დენუდაციური წარმოშობისაა.[3] უხვადაა წყაროები. რამდენიმე ნაკადული სათავეს წყაროებიდან იღებს, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ქვაბლიანის შენაკადი ხორხი.[2]
ზედაპირი სუსტადაა დანაწევრებული და უმეტესად დახრილია დასავლეთის მიმართულებით. ხასიათდება მსუბუქი ტალღოვანი რელიეფით, გუმბათისებრი ამაღლებებით. ჩრდილოეთი ნაწილის გარდა, პლატო სამივე მხრიდან ათეულობით მეტრი სიმაღლის ციცაბო ქარაფოვანი ფერდობებითაა შემოსაზღვრული და მეტად მკვეთრი რელიეფური გამოყოფილობით ხასიათდება. მის ზედაპირზე და ირგვლივ მდებარე ადგილებში, უმთავრესად დასავლეთის მხარეს, გვხვდება სხვადასხვა სიდიდის და ფორმის ლოდნარი, რომელიც პლატოს მფარავი ანდეზიტური ლავების გამოფიტვის შედეგადაა მიღებული. აღნიშნული მასალა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დასავლეთ კიდეზე კარნიზების ძირზეა წარმოდგენილი, ნაშალის სახით.[4][2]
გეომორფოლოგიურად ფერსათის პლატო ლავური მოწმე, ტიპური მესაა. ჩრდილო-დასავლეთიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მდინარეების ღაღვის, კურცხანისა და ქვაბლიანის ხეობებით. მერიდიანული მიმართულების ვიწრო თხემური ზვინულით ჩრდილოეთით დაკავშირებულია მესხეთის ქედის შედარებით დაბალ თხემთან.[1]
რელიეფის ფორმირებაში მთავარი როლი ეკუთვნის ვულკანიზმს, გამყინვარებას, ეროზიასა და ნეოტექტონიკურ მოძრაობას. ლავების მაქსიმალური სიმძლავრეა 150–200 მ.[5]
გოდერძის წყების ძლიერ გაფიქლებული ანდეზიტ-დაციტებით აგებული პლატოს ლავების ასაკის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ბორის მეფერტი მათ მიიჩნევდა მეოთხეულ ლავებად, პეტრე გამყრელიძე ასაბუთებდა ლავების ზედაპლიოცენურ ასაკს. დეტალური კვლევისა და ფაქტობრივი მასალის ანალიზის საფუძველზე ლევან მარუაშვილი და ნიკოლოზ სხირტლაძე ასაბუთებდნენ, რომ გოდერძის ვულკანოგენური წყება მიეკუთვნებოდა ვულკანური მოქმედების იმ ციკლს საქართველოში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ზედა მიოცენ — ქვედა პლიოცენში.[6][1]
აგრეთვე არარსებობს საყოველთაოდ მიღებული ერთიანი აზრი ფერსათის პლატოს რელიეფის გენეზისის შესახებ. ბორის კლოპოტოვსკით ფერსათის პლატო განიხილება როგორც მესა, პეტრე გამყრელიძეთი ლავური საფრის მოწმედ, ლევან მარუაშვილითა და ნიკოლოზ სხირტლაძეთი ეროზიულ-დენუდაციურ წარმონაქმნად. ისევე როგორც მესხეთის ქედის შესახებ, ფერსათის პლატოსა და მისი მიდამოების ფორმირებაში მყინვართა როლზე მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. სოფელ ციხისუბნის ბოლო მორენა, პლატოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არსებული ტროგული ხეობის ფრაგმენტი და სხვა გარემოებები შოთა ცხოვრებაშვილს აფიქრებინებდა, რომ პლატოზე ადგილი ჰქონდა ქუდისებური ტიპის გამყინვარებას.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. თბ., 1966. ტ. 41. გვ. 603–607. (N3).
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. თბ., 1974. ტ. 74. გვ. 365–367. (N2).
- ↑ რამინ გობეჯიშვილი. საქართველოს რელიეფი. თბ., უნივერსალი, 2011, გვ. 202
- ↑ შოთა ცხოვრებაშვილი. აჭარა-თრიალეთის მთაგრეხილების გეომორფოლოგია. თბილისი, 1978. გვ. 233–238
- ↑ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. თბ., 1971. ტ. 64. გვ. 601–604. (N3).
- ↑ Маруашвили Л. И. Южно-Грузинское вулканическое нагорье (строение, рельеф, история развития). Т. II, Тб., 1951