ტრინიდადი და ტობაგოს სამზარეულო

ტრინიდადი და ტობაგოს სამზარეულო (ესპ. Gastronomía de Trinidad y Tobago) — კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოს, ტრინიდადი და ტობაგოს ტრადიციული კერძების ერთობლიობა. მასზე დიდი გავლენა აქვს აფრიკულ (განსაკუთრებით დასავლეთაფრიკულს), კრეოლურ, ინდურ, სამხრეთ-აღმოსავლეთაზიურს, ჩინურ, არაბულ, ფრანგულ, იტალიურ, პორტუგალიურ და რაც მთავარია, ესპანურ სამზარეულოს.

ტრინიდადი და ტობაგოს მდებარეობა

საუზმის კერძები

რედაქტირება
 
დუბლესი

საუზმისთვის ყველაზე პოპულარული საჭმელია დუბლესი. იგი მზადდება ბარასის (იგივეა რაც ინდური ვადა) და შემწვარი წიწიბურის შერევით, რასაც ემატება წიწაკა, თამარინდის ტკბილი სოუსი და ცოტა კიტრიც. გარდა ამისა, ტრინიდადი და ტობაგოს საუზმეზე ხშირადაა წარმოდგენილი როტი, რომელსაც აყოლებენ სხვადასხვა სახის შემწვარ ბოსტნეულს. როტი, იგივე უსაფუარო პური, მზადდება ხორბლის ფქვილით, გამაფხვიერებლებითა და წყლით. ცომი ბრტყელდება და იხარშება სპეციალურ თუჯის ჭურჭელში, რომელსაც ტავა ეწოდება. როგორც წესი მას მიირთმევენ ბადრიჯნის პიურესთან, პომიდვრის პიურესთან, ლობიოსთან, შემწვარ ან მოხარშულ კარტოფილთან, შემწვარ ოკრასთან, ხახვიან ლობიოსთან, შემწვარ ან მოხარშულ კარალისთან, შემწვარ და შესუნელებულ გოგრასთან, ასევე ტაროს, ისპანახის, ან ამარანთის ფოთლებთან ერთად. საუზმეზე ხშირად წარმოდგენილია დამარილებული და შემწვარი თევზი. პოპულარულია ხორცისა და ბოსტნეულის სხვა კერძებიც. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აქტუალურია ქოქოსის ნამცხვარი.

ერთობ პოპულარულია ქოქოსის პურიც, რომელსაც მიირთმევენ ისეთ საჭმელებთან, როგორებიცაა: შემწვარი თევზი, შავი პუდინგი, ყველისა და კარაქის პასტა და ქათმის ჩაშუშული. სხვა ცნობილი კერძებიდან, რომელთაც საუზმეზე მიირთმევენ, აღსანიშნავია: მოხალული კასავა კარაქით, დარიჩინის ფუნთუშა და ა.შ.

რაც შეეხება სასმელს საუზმისას, ყველაზე პოპულარულია ჩაი, ცხელი შოკოლადი და კაკაო. ყავა შედარებით ნაკლებად აქტუალურია.

სადილისა და ვახშმის კერძები

რედაქტირება
 
კალიალო

რაც შეეხება ტრინიდადი და ტობაგოს სადილსა და ვახშამს, აქ განსაკუთრებულად პოპულარულია ისეთი აფრიკული კერძი, როგორიცაა კალიალო, რომელიც მზადდება ტაროს ფოთლების, ბამიის, კიბორჩხალის ხორცის, გოგრის, ხახვის, ქოქოსის რძის, ბულგარული წიწაკისა და მწვანე სუნელისგან.

კალიალოს ხშირად მიირთმევენ სიმინდის ფქვილით მომზადებულ კო-კოსთან, კასავასთან, ტკბილ კარტოფილთან, პილპილიან ბრინჯთან და მოხარშულ კიბორჩხალასთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ტრინიდადი და ტობაგოში გავრცელებული კალიალო ზუსტად იგივეა, რაც იამაიკური პელაუ. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ იამაიკელები კიბორჩხალის ნაცვლად ქათმის ხორცს იყენებენ და პომიდორს ამატებენ.

ტრინიდადი და ტობაგოში პოპულარულია ზღვის პროდუქტებიც. ისინი ამზადებენ მფრინავ თევზს, კარიტებს, კრევეტებს, წითელ თევზს, ომარებს, კიბორჩხალებსა და სეზონურ კასკადუსებს.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კერძია იხვის კარი ბრინჯით, რომელიც აქ ინდური სამზარეულოდან დამკვიდრდა. აღსანიშნავია კიდევ ერთი პოპულარული კერძი — მაკარონის ღვეზელი, რომელიც მზადდება მაკარონის, კვერცხისა და ყველისაგან.

ტრინიდადული ტრადიციული კერძი კასკადუ მზადდება ადგილობრივ მტკნარ წყლებში მობინადრე თევზის, კასკადურასგან. როგორც წესი, მას წვავენ მანამდე, სანამ ხრაშუნა არ გახდება, შემდეგ კი ბრინჯთან ერთად მიირთმევენ. ტრინიდადული ლეგენდის თანახმად, ვინც აქ კასკადურას შეჭამს, იგი აუცილებლად დაბრუნდება უკან, ტრინიდადში და იქ გარდაიცვლება.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Winer, Lise (2010). Dictionary of the English/Creole of Trinidad & Tobago : on historical principles. Montreal [Que.]: McGill-Queen's University Press. p. 659. ISBN 9780773576070.
  • De-Light, Dominique (2010). The Rough Guide to Trinidad & Tobago (5th ed.). London: Rough Guides. ISBN 9781405386746.
  • Allsopp, Jeannette (2003). Dictionary of Caribbean English usage. [Kingston, Jamaica]: University of the West Indies Press. p. 423. ISBN 9789766401450.
  • Allsopp, S.R. Richard (1998). In Dictionary of Caribbean English Usage, with a French and Spanish Supplement. Oxford University Press. p. 138. ISBN 0-19-866152-5. Google Book Search. Retrieved on November 23, 2007.
  • "Food in true Trini style". Barbados Today. September 2, 2017. Retrieved February 9, 2018.
  1. Allsopp, S.R. Richard (1998). In Dictionary of Caribbean English Usage, with a French and Spanish Supplement. Oxford University Press. p. 138. ISBN 0-19-866152-5. Google Book Search. Retrieved on November 23, 2007.