ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სლავთმცოდნეობა ან სლავისტიკა არის ვიწრო გაგებით სლავების ენების და ლიტერატურების შემსწავლელი მეცნიერება და მას სლავურ ფილოლოგიასაც უწოდებენ, ფართო გაგებით კი სლავთმცოდნეობა შეიძლება მოიცავდეს სლავი ხალხების ცხოვრებისა და კულტურის სხვადასხვა დარგს — ფოლკლორს, ისტორიას, ეთნოგრაფიას, ეკონომიკას, ხელოვნებას და რელიგიას და ა.შ.

სლავთმცოდნეობაში განარჩევენ აღმოსავლეთსლავისტიკას, დასავლეთსლავისტიკას და სამხრეთსლავისტიკას. ამგვარი დაყოფა მოიცავს როგორც (სლავურ) ლიტურატურათმცოდნეობას, ასევე (სლავურ) ენათმეცნიერებას. ყოველივე კი სპეციალურ მიმართულებებად შესაბამისი ენებისა მიხედვით: რუსისტიკა, ბელორუსისტიკა, უკრაინისტიკა, პოლონისტიკა, ბოჰემისტიკა, ბულგარისტიკა, პალეოსლავისტიკა და ა. შ.

მცირედ სლავთმცოდნეობის ისტორიის შესახებ

რედაქტირება

სლავთმცოდნეობა პირველად შეიქმნა მაშინ, როცა სლავური სახელმწიფოს კონსოლიდაციის შემდეგ გააზრებული და წერილობით ფიქსირებულ იქნა სლავთა ეთნიკური ერთიანობა (ნესტორის „გარდასულ წელთა ამბავი“, გალ ანონიმის და კოზმა პრაღელის (ლათინურად Cosmas Pragensis) ქრონიკები და სხვა). სლავებისადმი ინტერესი ჩანს მოგვიანო ხანის ისტორიულ და მხატვრულ-პუბლიცისტურ ძეგლებში (ჰუსიტურ ტრაქტატებში, დალიმილის ჩეხურ გარითმულ ქრონიკაში, ი. დლუგოშის „პოლონეთის ისტორიაში“, ვ. პრიბოევიჩის ტრაქტატში — „სლავების წარმოშობისა და ბედის შესახებ“ და სხვა).

სლავთმცოდნეობა, როგორც ფილოლოგიის დისციპლინა, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულს ჩეხეთში. მისი ფუძემდებელი იყო ი. დობროვსკი (Josef Dobrovský), რომელმაც განსაზღვრა სლავური ფილოლოგიის განვითარების ძირითადი პრობლემები. სლოვაკი ისტორიკოსისა და სლავისტის პაველ შაფირიკის ნაშრომში „სლავური სიძველენი“ (1837) თავმოყრილია გამოჩენილ მეცნიერთა ცნობები სლავების შესახებ, რაც ძირითადი წყარო გახდა სლავების არქეოლოგიის, და ეთნოგრაფიის, ფილოლოგიისა და ისტორიის სლავისტიკური შედარებითი კვლევის დარგში.

სლავთმცოდნეობის განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს იერნეი კოპიტარმა, ფრან მიკლოშიჩმა (სლოვენია), ვატროსლავ იაგიჩმა (ხორვატია), ვუკ კარაჯიჩმა (სერბია), ადამ მიცკევიჩმა (პოლონეთი), ლიუბენ კარაველოვმა (ბულგარეთი) და სხვებმა.

რუსეთში სლავთმცოდნეობის ჩასახვას უსწრებდა მ. ლომონოსოვის ნაშრომები, რომლებშიც საყურადღებო მასალაა მოცემული სლავური ენების ნათესაობის, რუსული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში საეკლესიო სლავურისა და მსოფლიო კულტურის განვითარებაში სლავების როლის შესახებ. რუსეთში მეცნიერული სლავთმცოდნეობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ნ. რუმიანცევისა და ა. შიშკოვის წრემ. პოლონეთში სლავთმცოდნეობის ფუძემდებელი იყო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ი. პოლოცკი (XVIII ს.), გერმანიაში — იოჰან გოტფრიდ ფონ ჰერდერი (XVIII ს.). XIX საუკუნის I ნახევარში სლავთმცოდნეობის კათედრები შეიქმნა ევროპაში სლავური და არასლავური ქვეყნების უნივერსიტეტებში. რუსი მეცნიერებიდან სლავური ენების შესწავლაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ა. ვოსტოკოვს (გამოაქვეყნა „მსჯელობა სლავურ ენაზე“, „ძველი სლავური ენის ლექსიკონი“, 2 ტ.), ი. სრეზნეევსკის, ვ. გრიგოროვიჩს, ვ. შჩეპკინს, ფ. ფორტუნატოვს, ბოდუენ დე კურტენეს, ა. სობოლევსკის, ა. კარსკის, ა. სელიშჩევს და სხვებს. XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის დამდეგს გაფართოვდა სლავთმცოდნეობის დისციპლინების დიფერენციაცია. ფილოლოგიური პრობლემატიკის კვლევის პარალელურად მიმდინარეობდა ისტორიულ-ეკონომიური, სამართლის, ეთიკის და სხვა კვლევა. რუსეთში ფართო ლინგვისტურ კვლევასთან ერთად (ალექსეი შახმატოვი) ინტერესს იჩენენ სლავთა ეთნოგენეზის პრობლემებისადმი. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩეხი ისტორიკოსის, არქეოლოგისა და ეთნოგრაფის ლ. ნიდერლეს მიერ „სლავური სიძველეების“ (ტ. 1-4, 1902-1934) გამოცემა.

სლავთმცოდნეობის პრობლემებს დღეს ფართოდ იკვლევენ არა მარტო სლავური ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებში, არამედ არასლავურ ქვეყნებშიც (ავსტრია, გერმანია, რუმინეთი, საფრანგეთი, ინგლისი, აშშ) და ა. შ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება