საქართველოს მატიანე

მონუმენტური კომპლექსი თბილისში
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საქართველოს მატიანე საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი მონუმენტია, რომელიც თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყეენის მთაზე მდებარეობს.

საქართველოს მატიანე
კოორდინატები 41°46′14″N 44°48′38″E / 41.770503° ჩ. გ. 44.810438° ა. გ. / 41.770503; 44.810438
მდებარეობა ყეენის მთა, თბილისი, საქართველო
მოქანდაკე ზურაბ წერეთელი
ტიპი მონუმენტი
მასალა ბრინჯაო, ქვა
სიმაღლე 35 მ
დაწყების თარიღი 1985
დასრულების თარიღი დაუსრულებელი

მონუმენტის მშენებლობა 1980-იან წლებში დაიწყო და ავტორი სკულპტორი ზურაბ წერეთელია. მონუმენტი ბრინჯაოში და ქვაშია შესრულები და 12 ჰექტარ მიწის ფართობზეა განთავსებული.[1] ტერიტორიაზე აღმართულია 35 მეტრის სიმაღლის 16 სვეტი. ძეგლი დგას დიდი კიბეების თავზე, რომელიც გადაჰყურებს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს სხვადასხვა მიმართულებით. სვეტები სამ ნაწილადაა დაყოფილი და სხვადასხვა ისტორიულ-რელიგიური მოვლენების ამსახველი სცენებია გამოსახული. მონუმენტის პირველ რეესტრზე ბიბლიური სცენებია ასახული, შუა რეესტრზე ქართველ მოღვაწეთა გამოსახულებები, ზედა ნაწილში კი ქვეყნის ისტორიის ამსახველი სცენები.[1] სვეტებზე გამოსახული თითოეული ჰორელიეფი ჩასმულია ჯვრის ფორმაში. კომპლექსის შუაგულში განთავსებულია სიმბოლური საფლავი იმ მეფეებისა და მოღვაწეებისა, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ არიან დაკრძალული.[1] სვეტების გვერდით არის წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და სამლოცველო.[2] მონუმენტის მიმდებარედ, 2005 წლიდან მოქმედებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესია.[3]

შინაარსი

რედაქტირება

მონუმენტზე სხვადასხვა ისტორიული და რელიგიური მოვლენების ამსახველი სცენები და ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების სიუჟეტებია ასახული. ბრინჯაოსა და ქვაში შესრულებულია უფალთან დაკავშირებული დიდი დღეებისა (ბზობა, აღდგომა, ხარება, სულთმოფენობა, ფერიცვალება) და ქრისტეს ცხოვრების ამსახველი რელიეფები, ასევე “შუშანიკის წამება“, „გუთნის დედა“, წმინდა ნინოს ცხოვრება, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები, ასურელი მამები, ქართველ პოეტთა საუკეთესო ლექსები, ქართველი მეფეების, მწერლების, წმინდანებისა და იმ ადამიანების ძეგლები, რომლებმაც დიდი ღვაწლი გაიღეს ქვეყნისთვისა და ხალხისთვის.[4]

მონუმენტი აერთიანებს საქართველოს ისტორიის ეპიზოდებს 1999 წლამდე. ავტორისეული ხედვით, სახარების ფუნდამენტურ ნაწილში გამოსახვა ქართული ისტორიისა და რელიგიური მრწამსის მჭიდრო ურთიერთობაზე მიუთითებს.[3]

მონუმენტზე გამოსახულ თითოეულ გმირთან და მოღვაწესთან ამოტვიფრულია მათთვის მიძღვნილი ლექსი.[3]


ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესია

რედაქტირება
 
ეკლესიის შესასვლელი

მისი მშენებლობა 2005 წლიდან დაიწყო. წინა შესასვლელ კედელზე გამოსახულია რვა ტაძარი: სვეტიცხოველი, ბაგრატი, გრემი, ანანური, ჯვარი, გელათი, მაღალაანთ ეკლესია და ალავერდი. ფრესკები მოზაიკურ სტილშია გადაწყვეტილი და მინანქრითაა შესრულებული.[3]

ყეენის მთა

რედაქტირება

ყეენის მთა მდებარეობს თბილისის ზღვის ჩრდილოეთით, ზღვისუბნის დასახლების მიმდებარედ და მისი მაქსიმალური სიმაღლეა 629 მეტრი ზღვის დონიდან. გადმოცემის თანახმად, აქ ქართული ხალხური დღესასწაული - ყეენობა იმართებოდა და სწორედ აქედან მოდის სახელწოდებაც.[1]

მოქანდაკე

რედაქტირება

ზურაბ კონსტანტინეს ძე წერეთელი არის ქართველი მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი. დაიბადა თბილისში 1934 წლის 4 იანვარს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. სკოლის დამთავრების შემდეგ დარჩა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში და შეისწავლა ქართული ხალხური ხელოვნება. ასევე მისი შემოქმედებაა "წმინდა ნინოს მონუმენტი" საბურთალოს რაიონში, წმინდა გიორგის ქანდაკება თავისფულების მოედანზე და სხვა. ავტორს მონუმენტზე მუშაობა ბოლომდე არ დაუსრულებია და ძეგლზე სამუშაოები ამ დრომდე წყვეტილებით გრძელდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება