მაღალაანთ ეკლესია

მაღალაანთ ეკლესია და მისი ანსამბლი — XII საუკუნეს ძეგლი[1]. ის შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხიდან 2,5 კმ-ითაა დაშორებული და მდებარეობს მდინარე კავთურის მარცხენა ნაპირზე (თბილისიდან დასავლეთით 55 კმ-ზე). ეს მხარე XIV საუკუნიდან ძლიერ აზნაურებსმაღალაძეებს ეკუთვნოდა (მანამდე ივანიძეების მფლობელობაში იყო); აქედანაა სახელწოდებაც.

მაღალაანთ ეკლესია

გეგმით სწორკუთხა, ერთნავიანი ეკლესია აღმართულია ორსაფეხურიან ცოკოლზე, გადახურულია ცილინდრული კამარით. სამხრეთ ფასადის მთელ სიგრძეზე გასდევს ასევე ცილინდრული კამარით გადახურული ეგვტერი, რომლის აღმოსავლეთი აფსიდით დასრულებული ნაწილი სამლოცველოს წარმოადგენს. ეკლესია ამ ტიპის ნაგებობათა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია საქართველოში. მისი პროპორციები მსუბუქი და ჰარმონიულია. აღმოსავლეთი და დასავლეთი ფასადები დამუშავებულია სამთალედის სისტემით. საერთო დეკორატიული ეფექტისათვის ხუროთმოძღვარს ორი ფერის ქვა გამოუყენებია — ძირითადად ყვითელ-ქვიშისფერი, ხოლო ორნამენტული ფრიზისათვის რომელიც მთელ შენობას უვლის გარს, ლამაზი მწვანე ფერის ქვა ჩაურთავს. ძეგლი შემკულია მაღალი ოსტატობით შესრულებული მდიდარი ჩუქურთმებით (სარკმლებისა და პორტალების საპირეები, კარნიზები, ჯვრისა და ფრინველების კომპოზიცია დასავლეთ ფასადზე). ინტერიერში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეებისა და XVII საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები.

მაღალაანთ ეკლესიის სამხრეთით აღმართულია სამრეკლო, რომელიც 1716 წელს ააშენა სოლომონ მაღალაძემ. სამრეკლოს ქვემო სართული გალავანში შესასვლელს წარმოადგენს (ახლა ნახევრად დანგრეულია). გალავნის შიგნით XVI-XVII საუკუნეების, კიდევ ერთი სამრეკლოა. იგი პაპუა მაღალაძეს საძვალედ გადაუკეთებია. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიისა და კოშკების მთელ ანსამბლს გადმოჰყურებს „ზემო კოშკი“, რომელიც აგრეთვე პაპუა მაღალაძემ ააშენა 1679 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საღარაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 501.
  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 122, ISBN 978-99940-27-10-1.
  • ბერიძე ვ., მაღალაანთ ეკლესია, «ქართული ხელოვნება», 1959, ტ. 5;