სარაევოს ჰაგადა (ბოსნ. Sarajevska Hagada; ებრ. הגדת סרייבו) — შუა საუკუნეების ჰაგადას მანუსკრიპტი, რომელიც სარაევოში, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნულ მუზეუმში ინახება.

ილუსტრირებული გვერდი მანუსკრიპტიდან. ზემოთ: მოსე ელაპარაკება ალმოდებულ მაყვლის ბუჩქს.
ქვემოთ: აარონის კვერთხი ყლაპავს ფარაონის ჯადოქრების კვერთხებს.

ჰაგადა ტრადიციული იუდეური ტექსტია, რომელიც ეგვიპტიდან გამოსვლის თემატიკასთან დაკავშირებულ ლოცვებსა და სხვა ტრადიციულ ტექსტებს მოიცავს მიშნის საფუძველზე. პასექის სედერს სწორედ ჰაგადა აწესებს და ასევე სედერის აუცილებელი ნაწილია ჰაგგადადან ვედრებების კითხვა 14 და 15 ნისანის ღამით.[1]

წარმოშობა

რედაქტირება

სარაევოს ჰაგადას ისტორია მეთოთხმეტე საუკუნის შუა ხანების ესპანეთში იწყება. იგი ესპანეთიდან 1492 წელს, არაქრისტიანთა განდევნასთან ერთად წამოიღეს იუდეველებმა. 1609 წელს იტალიის ტერიტორიაზე ინკვიზიციის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს წიგნი ეკლესიის წინააღმდეგ არაფერს ამბობდა და ამიტომ განადგურებას გადაურჩა. 1894 წელს ეს წიგნი იოსებ კოენმა მიჰყიდა სარაევოს მუზეუმს 150 კრონად. წიგნის ბოსნიაში მოხვედრის რამდენიმე ვერსია არსებობს – ერთ-ერთის მიხედვით იგი მზითვად გამოატანეს ერთ იტალიიდან სარაევოელ იუდეველზე გათხოვილ ქალს, მეორე ვერსიით იგი იტალიიდან სარაევოში თავშეფარებულმა იუდეველებმა ჩამოიტანეს, რომლებსაც ოსმალები ნაკლებად ავიწროებდნენ. საიმპერიო მოხელეებმა წიგნი გამოსაკვლევად ვენაში წაიღეს და ძვირფასი ყდა მუყაოთი შეუცვალეს, შემდეგ კი სარაევოს მუზეუმს დაუბრუნეს.[2][3]

ჰოლოკოსტი

რედაქტირება

უსტაშების მმართველობის დროს ჰაგადა კიდევ ერთხელ გადაურჩა განადგურებას. რეჟიმის პირველი სამიზნეები იყვნენ სერბები, ებრაელები და ბოშები, ასევე მათი კულტურული და ყოფითი შემოქმედება. იოჰან ფორტნერი, 718-ე ქვეითი დივიზიის მეთაური, რომლის დივიზიაც აქტიურად მონაწილეობდა ეთნიკურ წმენდებში, პირადად მივიდა სარაევოს მუზეუმში ჰაგადას წამოსაღებად და გასანადგურებლად.[4] იქ მას დახვდნენ მუზეუმის დირექტორი იოზო პეტროვიჩი და მთარგმნელი დერვიშ ქორქუთი, რომელმაც უთხრა, რომ გერმანელმა ოფიცერმა უკვე წაიღო ჰაგადა. ფორტნერმა მოითხოვა ოფიცრის სახელი და გვარი. ქორქუთმა უპასუხა – როგორ გავბედავდით ეს გვეკითხა? ამის შემდეგ ჰაგადა ჩუმად გაიტანეს მუზეუმიდან და შესანახად გადასცეს ერთ-ერთ ზენიცელ იმამს, რომელმაც იგი მეჩეთში გადამალა.[2][3][5]

ბოსნიის ომი

რედაქტირება

ომის დასრულების შემდეგ ჰაგადა კვლავ მუზეუმს დაუბრუნდა. 1992 წელს იგი მადრიდში, არაქრისტიანთა განდევნის 500 წლისთავის აღსანიშნავ გამოფენაზე წაიღეს, რის შემდეგაც კვლავ სარაევოში დაბრუნდა, რომელიც ამ დროს ალყაში იყო. ალყის დროს მუზეუმს თავს დაესხნენ მძარცველები, რომლებმაც წიგნი საცავიდან გამოიღეს, მაგრამ ყდის გამო ჩათვალეს, რომ მას ფასი არ ექნებოდა და იქვე დააგდეს. იგი ფახრუდდინ ჩებომ, პოლიციის გამომძიებელმა იპოვა და კვლავ მუზეუმს დაუბრუნა.[6]
სარაევოს ბიბლიოთეკის დაბომბვის შემდეგ ბოსნიელმა ისტორიკოსმა და არქეოლოგმა ენვერ იმამოვიჩმა წიგნი გადაიტანა ბანკის მიწისქვეშა საცავში, სადაც იგი ომის დასასრულამდე ინახებოდა. ომის განმავლობაში გავრცელდა ჭორები, თითქოს ქვეყნის ხელმძღვანელობამ ჰაგადა გაყიდა და მისი ფასით იარაღი შეიძინა. ამ ჭორების გასაფანტავად 1995 წლის აპრილში, სარაევოს სინაგოგაში პასექის დღესასწაულზე მიტანილი იქნა სარაევოს ჰაგადა.[2]
2002 წელს სარაევოს მუზეუმში გაიხსნა სპეციალურად დაცული ოთახი, სადაც ჰაგადა მუდმივად არის გამოფენილი.[2]

შეფასება

რედაქტირება

რელიქვიის მატერიალური შეფასება არ არის დადგენილი. 1894 წელს იგი 150 კრონად შეფასდა (დაახლ. 10 ათასი აშშ დოლარი). 1992 წელს მადრიდის მუზეუმმა რელიქვია 7 მლნ აშშ დოლარად დააზღვია.[2]

  1. Eighteen Treatises from the Mishna; Chapter X; by D. A. Sola and M. J. Raphall; [1843]
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 The Sarajevo Haggadah. haggadah.ba. ციტირების თარიღი: 19/05/2015.
  3. 3.0 3.1 Brooks, Geraldine (3/12/2007). „The Book of Exodus: A Double Rescue in Wartime Sarajevo“ (PDF). The New Yorker. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2012-03-21. ციტირების თარიღი: 19/05/2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. Kenrick, Donald; Puxon, Grattan (2009) Gypsies Under the Swastika. University of Hertfordshire Press. ISBN 1-90280-680-8. 
  5. SERVET AND DERVIS KORKUT; YUGOSLAVIA. Jewish Foundation for the Righteous. ციტირების თარიღი: 19/05/2015.
  6. Sarajevo: Little Jerusalem of the Balkans. Geni.com. ციტირების თარიღი: 19/05/2015.