ფარაონი — ძველი ეგვიპტელი მეფეების ტიტული. ფარაონები უდიდეს როლს ასრულებდნენ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. ისინი ერთდროულად ქვეყნის მმართველებიც იყვნენ და უმაღლესი ქურუმებიც. ფარაონი იყო განკაცებული ღმერთი დედამიწაზე და ღმერთი სიკვდილის შემდეგ. თვით ტერმინი „ფარაონი“ ორი სიტყვის შერწყმაა: „პერ-აა“, რაც „დიდ სახლს“ ნიშნავდა. ფარაონს ქარაგმულად იხსენიებდნენ, რათა მისი სახელი ტაბუდადებული ყოფილიყო. ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა.

ძველი ეგვიპტელი ფარაონი

გადმოცემის თანახმად, პირველი ფარაონი თვით ღმერთი „რა“ იყო. შემდეგ მოდიოდნენ სხვა ღმერთები. მოგვიანებით ტახტზე ოსირისისა და ისიდის ვაჟი ჰოროსი ასულა. ჰოროსი ეგვიპტის ყოველი დინასტიის ფარაონის პირველსახე და პორტრეტია. თითოეული ფარაონი რას და ხორის შთამომავლად ითვლებოდა და მისი ე.წ ტიტულატურა ხუთი სახელისგან შედგებოდა: ხორის, ოქროს ხორის, ორი ქალღმერთის (ზემო და ქვემო ეგვიპტის მეუფე+სახელი) და რას ვაჟის სახელებისგან. ფარაონი სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებოდა. „პერ-აა“-ს თავიდან ფარაონის სახლს ეძახდნენ, დაახლოებით შუა სამეფოს დასასრულიდან კი თავად ფარაონსაც ასე მოიხსენიებდნენ.

ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ფარაონები დედოფლისა და რას ჰიეროგამიური კავშირის შედეგად ჩნდებოდნენ. ფარაონს მრავალი ცოლი ჰყავდა, მაგრად მთავარი ერთი იყო და ქვეყნის დედოფლის ტიტულსაც ის ატარებდა. მხოლოდ ფარაონისა და დედოფლის საკრალური კავშირის შედეგად დაბადებული ბავშვი შეიძლება გამხდარიყო ეგვიპტის ფარაონი. ეგვიპტეს ფარაონი ქალებიც მართავდნენ (ნიტოკრისი — VI დინასტია; ნეფრუსებეკი — XII დინასტია, ძვ. წ. 1789-1785; ჰატშეფსუტი — XVIII დინასტია, ძვ. წ. 1490-1468). ყველა ეგვიპტურ ტაძარში ქებას უძღვნიდნენ ფარაონს, როგორც ღმერთს. თვით ფარაონიც ღმერთს უგალობდა. იგი ღმერთკაცად ითვლებოდა და სჯეროდათ, რომ ფარაონსა და ღმერთს შორის ურღვევი კავშირი არსებობდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება