ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნული საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა
ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნული საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა (ბოსნ. Nacionalna i univerzitetska biblioteka Bosne i Hercegovine; შემოკლებით NUBBiH; არაოფიციალურად Vijećnica) — ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნული წიგნსაცავი, რომელიც სარაევოში, ქალაქის რატუშის ყოფილ შენობაში მდებარეობს. სარაევოს რატუშა ნეომავრიტანულ სტილში დააპროექტა ჩეხმა არქიტექტორმა კარელ პარეკმა 1891 წელს, თუმცა მან პირადად შეწყვიტა ამ პროექტზე მუშაობა ბარონ ბენიამინ კალაის პირადი წყენის გამო. მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს ნაგებობა სარაევოს ყველაზე დიდი შენობა იყო და რატუშის ფუნქციას ასრულებდა.[1][2]
ნაგებობის ისტორია
რედაქტირებაალექსანდერ ვიტეკმა, ვინც მუშაობდა პროექტზე პარეკის შემდეგ, 1893 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ მოახერხა პროექტზე მუშაობის გაგრძელება და მომდევნო წელს გრაცში გარდაიცვალა. პროექტი ჩირილ ივეკოვიჩმა დაასრულა 1894 წელს. მშენებლობა 984 ათასი კრონა დაჯდა. შენობა ოფიციალურად გაიხსნა 1896 წლის 20 აპრილს და გადაეცა სარაევოს ქალაქის საბჭოს, რომელმაც დაიკავა იგი 1949 წლამდე. სწორედ ამ შენობასთან მოკლეს ფრანც ფერდინანდი, რაც შემდგომ პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდა.[3] 1949 წლიდან შენობა ეროვნულ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას მიეკუთვნა.
ბიბლიოთეკის ისტორია
რედაქტირებასარაევოს ბიბლიოთეკა, როგორც ბოსნიური წერილობითი წყაროების ცენტრალური საცავი და ბალკანეთის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი, უმდიდრეს საცავს ფლობდა. აქ იყო მილიონნახევარი სხვადასხვა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის 155 ათასამდე უნიკალური წიგნი და ხელნაწერი, გაზეთებისა და სხვა პერიოდული გამოცემების ნომრები, წიგნების ეგზემპლარები, ასევე ქვეყნის ეროვნული არქივი და სარაევოს უნივერსიტეტის კოლექციაც.[4]
დაბომბვა
რედაქტირება1992 წლის 25 აგვისტოს, ქალაქის ალყისას, სერბულმა არტილერიამ ცეცხლგამჩენი ჭურვებით დაბომბა ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის თანამშრომლები და სარაევოს მოქალაქეები ეცადნენ ცეცხლის ჩაქრობას და ხელნაწერების გადარჩენას, მაგრამ სერბი სნაიპერების ცეცხლქვეშ მოყვნენ. მათგან ერთი ადამიანი – აიდა ბუტუროვა – დაიღუპა ამ მცდელობისას.[4]
დანაკარგი ძალიან დიდი იყო – 5 263 ხელნაწერი არაბულად, სპარსულად, ივრითსა და არებიცაზე შესრულებული, 7 ათასამდე ოსმალური პერიოდის დოკუმენტი, ბოსნიის ხუთსაუკუნოვანი ისტორიის პირველწყაროები, მეცხრამეტე საუკუნის დოკუმენტაციის დიდი ნაწილი და სხვა.[4]
აღდგენა
რედაქტირებაკოლექციაში შემავალი წიგნებისა და სხვა დოკუმენტები უმრავლესობა დაიწვა ან დაზიანდა, შენობა კი თითქმის მთლიანად გაანადგურა ხანძარმა. მისი აღდგენა ოთხ ეტაპად მოხდა. პირველი ეტაპი ომისშემდგომ ბოსნიაში ავსტრიის დაფინანსებით განხორციელდა (1996 – 1997). მეორე ეტაპი ევროკომისიის დაფინანსებით განხორციელდა (2000 – 2004). მესამე ეტაპი დასრულდა 2012 წლის სექტემბერში და 4,6 მლნ კონვერტირებადი მარკა დაჯდა. მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ შენობის გარეგნული პირველსახე თითქმის აღდგენილი იყო. მეოთხე ეტაპმა 2013 წლის ბოლოს დასრულდა და მისმა ხარჯმა 14 მლნ კონვერტირებადი მარკა შეადგინა. შენობა სრულად აღდგა როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. განადგურებული სკულპტურები და არქიტექტურული ნიუანსები აღადგინეს შემორჩენილი ცნობების წყალობით.
ხელახალი გახსნა
რედაქტირება2014 წლის 9 მაისს შენობა ხელახლად გაიხსნა საზეიმოდ, გახსნაზე უკრავდა სარაევოს ფილარმონიის ორკესტრი და ვედრან სმაილოვიჩი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა დაბომბილ ბიბლიოთეკაში გადაღებული სურათიდან.[5] ბოსნიელ სერბთა წარმომადგენლები გახსნას არ დასწრებიან.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Sarajevo Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-10. ციტირების თარიღი: 2015-05-17.
- ↑ Sarajevo Vijećnica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-10. ციტირების თარიღი: 2015-05-17.
- ↑ 3.0 3.1 В Сараеве открыли восстановленную «Вьечницу» დაარქივებული 2015-05-01 საიტზე Wayback Machine. ; euronews; 10/05/14
- ↑ 4.0 4.1 4.2 Erasing the Past: The Destruction of Libraries and Archives in Bosnia-Herzegovina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-11. ციტირების თარიღი: 2015-05-17.
- ↑ Sarajevo reopens landmark city hall and library destroyed in war დაარქივებული 2015-03-19 საიტზე Wayback Machine. ; Reuters; May 9, 2014