ხერთვისის კომპლექსი
ხერთვისის კომპლექსი — არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილ სოფელ ჟინვალის ჩრდილოეთით, 4 კილომეტრზე, არაგვის მარჯვენა ნაპირზე, კლდოვან კონცხზე, ადგილ ხერთვისზე. განეკუთვნებოდა განვითარებულ შუა საუკუნეებს. კომპლექსი შეიცავდა ხუთსართულიან ზურგიან კოშკს, დარბაზულ ეკლესიას მინაშენით, სამი ნაგებობის ნაშთს, ქვითკირის ოთხ საწნახელს და გალავანს. ამჟამად დაფარულია წყლით. 1972-1974 წლებში გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. 1984 წელს სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნომ კოშკი და გალავანი გადაიტანა და აღადგინა დაბა ჟინვალთან.
გათხრების შედეგად გაირკვა, რომ ხერთვისის კომპლექსი შედგებოდა სამი დიდი ნაგებობისგან — ეკლესიის, კოშკისა და გალავნისგან.
დარბაზული ეკლესია
რედაქტირებადარბაზული ეკლესია ნაგები იყო ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად იყო დანგრეული. კედლები შემორჩენილი იყო 0,6-1 მეტრ სიმაღლეზე. ეკლესიის სამხრეთი კედლის ქვეშ გათხრების შედეგად გამოვლინდა გვიანდელი ანტიკური ხანის ორმოსამარხი, რომელშიც ხელფეხმოხრილი მიცვალებული მარცხენა გვერდზე იყო დასვენებული. სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს სფერულთავიანი ყუნწგახვრეტილი საკინძი, შავი ქვიშაქვის სალესი და რკინის სამაჯური. ორი უინვენტარო ქვისსამარხი აღმოჩნდა გალავანზე შიგნიდან მიშენებული ერთ-ერთი საწნახელის ქვეშ. ამ სამარხებში თითო მიცვალებული ესვენა.
ეკლესიას ძეგლის ტერიტორიის თითქმის მესამედი უკავია, ის დარბაზულია, სამხრეთიდან მცირე მინაშენით. ნაგებია კლდის ფლეთილი ქვებით დუღაბზე. აფსიდა შესამჩნევად შებრტყელებულია. კედელზე მიდგმული ტრაპეზი წარმოადგენდა 1 მეტრის სიმაღლის რიყის სოლისებურ ქვას, რომელსაც კირხსნარის შელესილობით ოთხწახნაგა სვეტის ფორმა ჰქონდა. კანკელი შედგებოდა კლდის დაუმუშავებელი დიდრონი ფილაქვებისგან, რომლებიც შვეულად იყო დაყენებული და კირხსნარით შელესილი. კირხსნარითაა მოლესილი იატაკიც. ეკლესიის სამივე კედელს და კანკელის სამხრეთ ნაწილს გაუყვებოდა ერთსაფეხურიანი ქვითკირის ხარისხი. კარი, რომელიც სამხრეთ კედელში ჰქონდა, გადიოდა ორად გაყოფილ მინაშენში. გათხრებისას ხშირად ჩნდებოდა ფიქალის ფილები და შირიმის ქვები. ჩანს, ეკლესია ფიქალით ყოფილა გადახურული, ხოლო ცალკეულ დეტალებში შირიმის ქვები გამოუყენებიათ.
კოშკი
რედაქტირებაკოშკი ზურგიანია, მდებარეობდა კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და გალავნის წყობაში იყო ჩართული. კოშკს სწორი კედელი ეზოსკენ ჰქონდა მიმართული. შესასვლელები მოწყობილი იყო პირველ და მეორე სართულის დონეზე - ეზოს მხრიდან. მეოთხე სართულზე, ამავე მხარეს, ერთი ვიწრო და მაღალი სწორკუთხა სარკმელი იყო გაჭრილი. კოშკის დანარჩენი კედლები ყრუ იყო. სართული ქვის ფილებით იყო გადახურული, დანარჩენები - ხის ძელებით.
კოშკი ხუთსართულიანია. გეგმაში ნალისებულია. აგებულია კლდის საგანგებოდ მოსწორებულ ფართობზე უსაძირკვლოდ. ნაგებია კლდის ფლეთილი ქვებით კირდუღაბზე. ის დაუშენებიათ უკვე არსებულ გალავანზე ისე ოსტატურად, რომ გალავანი კოშკის ორგანულ ნაწილად ქცეულა. გალავანის ამ ნაწილში არსებული ერთი კარი კოშკის კედელში მოუქცევიათ და ის თაროდ უქცევიად. კოშკის პირველი და მეორე სართული ყრუა. მათ შორის ყოფილა ხის კოჭების გადახურვა. მეორე სართულის ჭერი თაღოვანია, რომელშიც მოზრდილი ხვრელია. მესამე სართულზე მოწყობილია კარი, რომელიც მიწიდან 5 მეტრის სიმაღლეზეა. მეოთხე სართულზე სარკმლებია. მეხუთე სართული სანახევროდ დანგრეული იყო, თუმცა იქ შეიმჩნეოდა სარკმლის ფრაგმენტი.
გალავანი
რედაქტირებაგალავანი, რომლის სისქე 80 სანტიმეტრია ქვითა და კირხსნარითაა ნაშენი. მასში ორი კარია. აქედან ერთი კარი კოშკის კედელშია მოქცეული. გალავანზე კოშკის გარდა მიშენებულია სამი მცირე სათავისი და სამი საწნახელი.
კოშკსა და გალავანზე მიშენებულია 3 სათავსი. მათგან ერთში მოწყობილი იყო ქვითკირის ხარო და ქვის ტახტები. ხერთვისის კომლექსის ტერიტორიაზე აღმოჩნდა 4 საწნახელი, რომელთაგანაც 3 გალავანზე და კოშკზეა მიშენებული, ერთი ცალკე მდგარი, გათხრებისას გამოვლინდა კირით მოლესილი საქაჯავის ფსკერის ფრაგმენტიც. კომპლექსის ტერიტორიაზე ჩადგმული ყოფილა 40-ზე მეტი სხვადასხვა ზომის ქვევრი. დიდ ზომის ქვევრები დუღაბშია ჩასმული და დამატებით სხვა ქვევრის ნატეხები აქვს მიწებებული. ნომერ პირველ საწნახელთან აღმოჩნდა 3 უინვენტარო სამარხი, რომლებშიც მიცვალებულები ქრისტიანული წესით იყვნენ დაკრძალული.
არქეოლოგიური მასალა
რედაქტირებახერთვისის არქეოლოგიური მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი განვითარებულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ყურადღებას იქცევს ერთფრად მოჭიქული ჯამები, რომელთაგან ზოგი მოხატულია ანგობით ან შემკულია ამოკაწრული მარყუჟებით. გვხვდება სადა, მწვანედ მოჭიქული ჯამებიც. არის მრავალფრად მოხატულ-მოჭიქული ჭურჭელიც, რომლებიც მცენარეული ორნამენტით ან ფერადი სამკუთხედებითაა შემკული. მხატვრულ კერამიკაში გამოერევა ცისფრად მოჭიქული თეფშები, რომლებიც გვიანდელი შუა საუკუნეების იერს ატარებენ.
აღსანიშნავია კობალტის საღებავით მოხატული XV საუკუნის ფაიანსის ფიალა. ის ჩინური ფაიანსის მინაბაძი უნდა იყოს და შესაძლოა სამხრეთ კავკასიის რომელიმე საწარმო ცენტრშია დამზადებული.
მოუჭიქავი კერამიკული ნაწარმი წარმოდგენილია სუფრის, სამზარეულო და სამეურნეო კერამიკით. სუფრის ჭურჭელში ყურადღებას იპყრობს თხელკედლიანი სასმისები. ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი თეთრკეციანი გრძელნისკარტიანი და გრეხილყურიანი ხელადები. ხერთვისის მასალებში ყველაზე მრავალრიცხოვანია ჯამები. მათში გამოიყოფა როგორც ბრტყელძირა, ისე შედრეკილი, კოპიანი ძირის მქონე ნიმუშები. ბრტყელძირა ჯამები არ გვხვდება განვითარებული შუა საუკუნეების მასალებში. საფიქრებელია, რომ ისინი XV საუკუნიდან ჩნდება და შემდგომში უკვე ფართოდ ვრცელდება მთელს აღმოსავლეთ საქართევლოში. სამზარეულო კერამიკის ჯგუფს მიეკუთვნება ქოთნები და ქილები. სამეურნეო კერამიკიდან აღსანიშნავია ქვევრები და თონეები. ზოგიერთ ქვევრს შემოუყვება რელიეფური რგოლები. ზოგი შემკულია ბაკოზე დაჭდეული ჯვრებით. გათხრებისას სხვადასხვა ადგილას აღმოჩნდა გიორგი III-ის, თამარისა და ლაშა-გიორგის თითო სპილენძის მონეტა.
არქეოლოგიური მასალის მიხედვით ჩანს, რომ ხერთვისის კომპლექსი შეიქმნა განვითარებულ შუა საუკუნეებში და შემდგომშიც განაგრძობდა არსებობას. ამაზე მიუთითებს მონეტები და XV საუკუნით დათარიღებული ფაიანსისა თუ ბრტყელძირა ჯამების აღმოჩენის ფაქტები.
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., რჩეულიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 300.
- მინდორაშვილი დ., საქართველოს არქეოლოგია, ნაწილი II-III, გამომცემლობა „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2015, გვ. 43-45.