ოშორა (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
ოშორა — სოფელი საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, იდუმალის თემში.[1] მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ოშორის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 8 კილომეტრით, ახალციხიდან — 37 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
ოშორა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
თემი | იდუმალა |
კოორდინატები | 41°36′55″ ჩ. გ. 43°14′33″ ა. გ. / 41.61528° ჩ. გ. 43.24250° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1200 მ |
მოსახლეობა | 531[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებავახუშტი ახსენებს ოშორის ჴევს და ზემო ოშორას: „კვლად მტკვარს მოერთვის, წითელკლდეს ზეით, ღობიეთის პირისპირ, ოშორის-ჴევი... ამ ჴევზედ, ზემო ოშორას ზეით, არს მონასტერი გუნბათიანი...“[2] ოშორის თემი აერთიანებდა ქვემო ოშორას, ზემო ოშორას და ყამზას. „ასპინძიდან ორიოდ ვერსის სავალზედ იდუმალაა, ხოლო იდუმალის მარჯვნივ ერთს მივარდნილს, მიმალულს ადგილას არის ხეობა, რომელშიც ორი სოფელია ქვემო და ზემო ოშორა“ [3] ექ. თაყაიშვილი შემდეგ ცნობებს გვაწვდის სოფლის შესახებ: „ზევით ოშორისწყლის ვიწრო ხეობაში მდებარეობს ზემო ოშორა, ქვემო ოშორა მდებარეობს ოშორისწყლის ნაპირას, რომელიც მტკვრის მარჯვენა შენაკადია“.
საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეცხოველეობა, მემინდვრეობა, მებაღეობა, მებოსტნეობა, მევენახეობა. მოქმედებდა ხის სახერხი ქარხანა.
ოშორის ეკლესია
რედაქტირებასოფელში შემონახულია XIV საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის მცირე ბაზილიკური ეკლესია. ეკლესია ბოლო წლებში საკმაოდ დაზიანებული იყო. ეკლესია აღდგა 2009 წელს. ინტერიერი მოხატული იყო. ფრესკის დეტალები შემონახულია ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში. ეკლესიის სამხრეთ ნაწილში შემონახულია წარწერა, საიდანაც ცნობილი ხდება ეკლესიის აშენების დეტალები. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე, შესასვლელი კარის თავზე გამოხატულია ბოლნური ჯვარი.
ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში, სარკმელის თავზე შეიმჩნევა მარტივი მინიატურული გამოსახულება, სადაც სავარაუდოდ გამოხატულნი არიან ეკლესიის მაშენებელნი. სარკმელის თავზე შეიმჩნევა ასევე მარტივი ბარელიეფური გამოსახულება.
ეკლესიის სამხრეთ კედელზე იკითხება შემდეგი წარწერა: „დედაო ღმრთისაო, შენდა სამსახურად ვიყიდენ ორნი ვენახნი და სამნი ყანანი მე დედოფალ ყოფილმან ეფროსინე და მივეც შამანგულის ძესა ბასილს და მისსა შვილსა ილარიონსა, და დვირელთაგან ნასყიდი სახლი ავაგე ზედა. და ამისსავე სამსახურისათვის გავეც ოქროჲ აწყურს და ყოველგან რომე ცჳლი მოიკრიფებოდეს და არა დაილეოდეს არა დღე და არა ღამე ამათითა ხელითა და კრულია და ვსწყევლი დიდისა ღმრთისა მადლითა...“
საინტერესოა, რომ ექ. თაყაიშვილისეულ ვერსიაში არსებობს წარწერაში მოხსენიებული საკუთარი სახელების განსხვავებული ვერსიები: „... მე იუდიფ ყოფილმან ეფროსინე...“, ან კიდევ „... და მისა შვილსა ფირანს...“
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმელის ზემოთ წარწერაში მოხსენიებულია სავარაუდოდ ქტიტორი ისაკი – „ქრისტე შეიწყალე ისაკაჲ ამენ“.
დემოგრაფია
რედაქტირება1886 წელს სოფელი მთლიანად მუსლიმი ქართველებით იყო დასახლებული.[4]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1886 | 737 |
2002 | 637[5] |
2014 | 531 |
გალერეა
რედაქტირება-
ოშორის ეკლესია. ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან
-
ბარელიეფური გამოსახულება სარკმელის თავზე
-
ოშორის ეკლესია. სამხრეთის კედელი. წარწერა
-
ოშორის ეკლესია. სამხრეთის კედელი. წარწერა
ლიტერატურა
რედაქტირება- ი. ალხაზიშვილი, ასპინძის ომი, „ივერია“, 1898, №34
- ს. ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958, გვ. 198-199.
- ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 127
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 620.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 127
- ↑ ი. ალხაზიშვილი, ასპინძის ომი, „ივერია“, 1898, №34;
- ↑ თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 98 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.