ოპიუმის მეორე ომი
ოპიუმის მეორე ომი | |||
---|---|---|---|
დაგუს ფორტის აღება, 1860 | |||
თარიღი | 1856—1860 | ||
მდებარეობა | ჩინეთი | ||
მიზეზი | დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთი სურვილი დაეკავებინათ ჩინეთის ბაზარი | ||
შედეგი |
დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
ოპიუმის მეორე ომი ვიკისაწყობში |
ოპიუმის მეორე ომი — დიდ ბრიტანეთის და საფრანგეთის შეიარაღებული კონფლიქტი ცინის იმპერიასთან, რომელიც გაგრძელდა 1856 წლიდან 1860 წლამდე. XIX საუკუნის პუბლიცისტიკაში 1859—1860 წლების საომარი მოქმედებები გამოიყო ცალკე „მესამე ოპიუმის ომად“, თანამედროვე ისტორიოგრაფიაში 1856-1860 წლების ყველა მოვლენა ერთ კონფლიქტად მოიაზრება.
წინაპირობები
რედაქტირება1851 წლიდან 1864 წლამდე ცინის იმპერია სამოქალაქო ომში იყო ჩაბმული. მანჯურიის იმპერატორების ძალაუფლების შესუსტება პირველი ოპიუმის ომის შემდეგ გახდა გარდამტეხი წერტილი ამ სახელმწიფოს ისტორიაში. იმპერიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ტაიპინის სახელმწიფო, რომელთანაც მანჯურიის მთავრობა დამღლელ ბრძოლას აწარმოებდა.
სამოქალაქო ომის ადრეულ ეტაპზე უცხოელი ვაჭრები და მისიონერები თანაუგრძნობდნენ ტაიპინელებს.
ფორმალურად, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნეს ნეიტრალიტეტი ტაიპინელთა აჯანყების საწყის ეტაპზე. თუმცა, ფაქტობრივად, უკვე 1854 წელს ისინი ცდილობდნენ სამოქალაქო ომის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის. ამ ქვეყნების დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა იმპერატორს წარუდგინეს ერთობლივი მოთხოვნა 1842-1844 წლების ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ხელახალი მოლაპარაკებების წარმოების შესახებ. სახელმწიფოები მოითხოვდნენ ჩინეთში შეუზღუდავი ვაჭრობის უფლებას, პეკინში მათი მუდმივი ელჩების მიღებას და ოპიუმით ვაჭრობის ოფიციალურ ნებართვას. ცინის მთავრობამ უარყო ეს მოთხოვნები, მაგრამ ამან არ გამოიწვია ღია კონფლიქტი, რადგან იმ დროს დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალები დაკავებულები იყვნენ რუსეთთან და სპარსეთთან ომების წარმოებით და ინდოეთში აჯანყების ჩახშობით.
მიზეზები
რედაქტირებაროდესაც დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა ყირიმის ომის შემდეგ მოიცალეს, ბრიტანელებმა დაიწყეს საბაბის ძებნა ცინის იმპერიაში სამხედრო კონფლიქტის გასაჩაღებლად. ასეთი მიზეზიც მალე გამოჩნდა: ჩინეთის ხელისუფლებამ დააკავა ინგლისური გემი Arrow-ის დაკავება, რომელიც კონტრაბანდულ ვაჭრობას ეწეოდა.
1856 წლის 8 ოქტომბერს ჩინელი ჩინოვნიკები დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ ჩინურ გემზ (რეგისტრაციის პორტი - ჰონგ კონგი) Arrow-ზე ავიდნენ. არსებობდა ეჭვი, რომ ეს გემი ეწეოდა მეკობრეობას, კონტრაბანდას და ოპიუმით ვაჭრობას. თორმეტი ადამიანი დააკავეს და ბრიტანეთის მოთხოვნის მიუხედავად, ისინი არ გაათავისუფლეს. ამ ინციდენტის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა ცინის იმპერიას.
ომის მიმდინარეობა
რედაქტირება1856 წლის ოქტომბრის ბოლოს ბრიტანულმა ესკადრონმა დაბომბა გუანჯოუს პორტი. 1857 წლის დასაწყისში საომარ მოქმედებებში მონაწილეობა მიიღეს ამერიკულმა გემებმაც. მალე საფრანგეთი შეუერთდა ინგლისს და ჩარევის მიზეზად აირჩია ფრანგი მისიონერის ოგიუსტ ჩაპდელენის დაპატიმრება და სიკვდილი გუანსის პროვინციაში.
მას შემდეგ, რაც ცინის იმპერიამ 1858 წლის 20 მაისს დაგუს ციხეებისთვის ბრძოლა წააგო, ჩინეთის მთავრობისთვის ცხადი გახდა, რომ შემდგომი წინააღმდეგობა უაზრო იყო. მოკავშირეთა ესკადრის ტიანძინში ჩასვლისთანავე მიიღეს შეტყობინება, რომ ჩინეთის იმპერატორმა დანიშნა ორი კომისარი სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. იმპერიის წარმომადგენლები ჩავიდნენ 30 მაისს და ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ ხელი მოეწერა ტიანძინის ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით ექვსი ახალი პორტი გაიხსნა ევროპული ვაჭრობისთვის, მისიონერებს მიეცათ ჩინეთში თავისუფლად გადაადგილების უფლება, ნებისმიერ დანაშაულში ბრალდებული ყველა უცხოელი გადაყვანილი უნდა ყოფილიყო საკონსულოებში და გაესამართლებინათ თავისი კანონების შესაბამისად, ჩინეთის მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო სამხედრო ხარჯები. 1858 წელს კონფლიქტით ისარგებლა რუსეთმა და ცინის იმპერიის ხელმძღვანელობა აიგუნის ხელშეკრულების დადებაზე დაიყოლია, რომლის მიხედვითაც რუსეთმა მიიღო უფლებები ამურის მარცხენა სანაპიროზე და კონტროლი უსურიის ოლქზე.
1858 წელს ხელმოწერილი ტიანძინის ტრაქტატები პეკინში 1859 წელს უნდა ყოფილიყო რატიფიცირებული. რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II-ის პირადი წარმომადგენელი, გრაფი, გენერალ-ადიუტანტი, 28 წლის ნიკოლაი იგნატიევი ჩინეთის დედაქალაქში სახმელეთო გზით ჩავიდა, მაგრამ ინგლისის, საფრანგეთისა და ამერიკის წარმომადგენლებმა ზღვით გამგზავრება არჩიეს. როდესაც მდინარე ბაიხის პირას მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ წინა წელს განადგურებული დაგუს ციხესიმაგრეები, რომლებიც მდინარის შესართავთან მისასვლელ გზას კეტავდნენ, არა მარტო აღდგენილი, არამედ თანამედროვე ყაიდაზე იყო გადაკეთებული. ჩინეთის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დასავლეთის დესპანებს შესთავაზა რამდენიმე კილომეტში ჩრდილოეთით მდებარე ბეითანში გადასვლა და იქიდან სახმელეთო გზით პეკინში გამგზავრება, თუმცა მათ უარი განაცხადეს და დახმარებისთვის მიმართეს ინგლისელ ადმირალ ჯეიმზ ჰოუპს, ბაიხთან მისასვლელი ძალის გამოყენებით გაეხსნა.
1859 წლის 25 ივნისს ადმირალი ჰოუპი დათანხმდა ელჩების თხოვნის შესრულებას. იგი თვლიდა, რომ წინა ომის მაგალითის მიხედვით, ციხეების ერთი დაბომბვა საკმარისი იქნებოდა მდინარის შესასვლელის გასახსნელად. ამასთან, ინგლის-საფრანგეთის ჯარები იმედოვნებდნენ, რომ გამოიყენებდნენ შეტევის გასული წლის მოდელს მსუბუქი დესანტის გადასხმას. მოულოდნელად წააწყდნენ ჩინეთის მკაცრ თავდაცვას. მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ შანხაიში და დაელოდნენ ახალ მითითებებს ევროპიდან.
დაგუს ციხე-სიმაგრეებისთვის ბრძოლამ 1859 წლის 25 ივნისს ინგლისსა და საფრანგეთს აჩვენა, რომ შეუძლებელი იყო წარმატების მიღწევა მცირე ესკადრილიით და ორივე მთავრობამ გადაწყვიტა მნიშვნელოვანი საზღვაო და სახმელეთო ძალების გაგზავნა ჩინეთში. ბრიტანეთის ჯარს (12290 კაცი) მეთაურობდა გენერალი ჯეიმზ ჰოუპ გრანტი, საფრანგეთის ჯარს (7650 კაცი) — გენერალი ჩარლზ კუზენ-მონტებანი. 1860 წელს ინგლის-საფრანგეთის ძალები ჰონგ კონგში შეხვდნენ, გადმოსხდნენ ბეითანში 12 აგვისტოს და 21 აგვისტოს წარმატებით შეუტიეს დაგუს ციხესიმაგრეებს. ციხეები ძლიერ დაზიანდა და გენერალ სენგარინჩის ჯარები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.
მოკავშირეთა ძალებმა დაიკავეს ტიანძინი. 7 სექტემბრამდე დაიცადეს და გააცნობიერეს, რომ ჩინეთის წარმომადგენლები არ აპირებდნენ ნორმალური მოლაპარაკებების წარმოებას, არამედ მხოლოდ დროის მოგებას ცდილობდნენ, მოკავშირეებმა გადაწყვიტეს ტონგჯოუში ჩასულიყვნენ და მოლაპარაკება გაემართათ ჩინეთის იქაურ წარმომადგენლებთან. 13 სექტემბერს მოკავშირეთა არმიამ მიაღწია საპორტო ქალაქ ჰესიუს. 15 სექტემბრამდე მოხდა ჯარების კონცენტრაცია, ამასობაში დიპლომატიური მოლაპარაკებები განახლდა. სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მონღოლი მთავარი სენგარინჩი, რომელიც მეთაურობდა ცინის ჯარებს, აგროვებდა თავის ჯარს ტონგჯოუს მახლობლად, იმ იმედით, რომ ერთი დარტყმით გაანადგურებდა სუსტ ანგლო-ფრანგულ ძალებს. მოლაპარაკებებს ცინის მხარესთვის უნდა მიეცა დრო მანჯურიული კავალერიის მომზადებისთვის, რომელიც მთავარ დამრტყმელი ძალას წარმოადგენდა.
17 სექტემბერს ინგლის-საფრანგეთის ჯარებმა მიაღწიეს სოფელ მადაოს, რომელიც მდებარეობს ტონგჯოუდან ათ კილომეტრში. 18 სექტემბრის დილას ისინი კიდევ უფრო მიუახლოვდნენ ტონგჯოუს და ბივაკებში დაბანაკდნენ, რომელთა შესარჩევად წინა დღეს ოფიცრები გაგზავნეს. გამთენიისას ოფიცრებმა დატოვეს ტონგჯოუ და თავიანთ ჯართან შესახვედრად გაემართნენ. გზაში აღმოაჩინეს ჩინელთა ჯარები, რომლებიც სოფელ ჩანძიავანის სამხრეთით საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. ეს ჯარები დამარცხდნენ, თუმცა სენგერინჩიმ არ მიიჩნია თავი წაგებულად. მანჯურიული კავალერია კონცენტრირებული იყო ტონგჯოუს დასავლეთით და ემზადებოდა გადამწყვეტი ბრძოლისთვის. ჩინეთ-მანჯურიის ჯარების საბოლოო დამარცხებისთვის მოკავშირეთა ძალებს სჭირდებოდათ კიდევ ერთი ბრძოლა. გადამწყვეტი შეტაკება მოხდა ბრძოლა ბალიქიაოს ხიდთან 21 სექტემბერს. ჩინეთის მხარემ ბრძოლაში მონაწილე 50 000-60 000 ადამიანიდან დაახლოებით 3000 დაკარგა. მოკავშირეთა დანაკარგები უმნიშვნელო იყო: ფრანგებს ყავდათ 3 მოკლული და 17 დაჭრილი, ბრიტანელებს — 2 მოკლული და 29 დაჭრილი.
მას შემდეგ რაც მიიღო ინფორმაცია თავისი არმიის დამარცხების შესახებ, იმპერატორი აისინგიორო იჩჟუ გაიქცა რეჰეს პროვინციაში და მოლაპარაკებისთვის დატოვა უმცროსი ძმა, დიდი მთავარი გუნა — აისინგიორო ისინი. რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ჩინელები კვლავ ცდილობდნენ დროის მოგებას და მოკავშირეებმა გადაწყვიტეს პეკინისკენ წასულიყვნენ.
5 ოქტომბერს მოკავშირეთა ორივე არმია დაიძრა და 6 ოქტომბერს მიაღწია ქალაქ პეკინის კედლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეს. დაზვერვის ცნობით, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში იყო გამაგრებული ბანაკი, რომელიც მანჯურიის ჯარის 10000 ჯარისკაცს ეკავა. მთავარსარდლებმა გადაწყვიტეს სასწრაფოდ იქ გადასულიყვნენ და მტერი საველე ბრძოლაში დაემარცხებინათ. თუმცა, გაირკვა, რომ ჯარმა ბანაკი წინა ღამეს დატოვა და ინგლისის კავალერიამ, რომელიც მოძრაობდა მარჯვენა ფლანგზე, განაცხადა, რომ ჩინეთის არმიამ უკან დაიხია იმპერატორის საზაფხულო იუანმინგუანის სასახლისკენ, რომელიც მდებარეობდა ქალაქის გალავნის ჩრდილო-დასავლეთით 10-15 კილომეტრში. ამ ამბის მიღების შემდეგ, მოკავშირეთა მთავარსარდალებმა გადაწყვიტეს სასწრაფოდ წასულიყვნენ სასახლისკენ, რომელიც დაინიშნა ორივე არმიის საერთო შეკრების პუნქტად.
უცნობ გზებზე გადაადგილებისას ინგლისის და საფრანგეთის ჯარებმა მალევე დაკარგეს ერთმანეთი; ინგლისურმა კავალერიამ დაკარგა ქვეითი ჯარი და შეუერთდა საფრანგეთის ძალებს. დაღამებისას ფრანგებმა მიაღწიეს იუანმინგუანის სასახლეს, სადაც მათ მხოლოდ მცირე შეტაკება მოუხდათ სასახლის მცველთა 20 კაციან ცუდად შეიარაღებულ რაზმთან. გზად ინგლისის ჯარები წააწყდნენ მანჯურიის კავალერიის ბივაკს და საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ ღამე შუა გზაზე გაეტარებინათ პატარა სოფელში.
1860 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო როგორც სასახლის, ისევე მისი მიმდებარე შენობების ერთობლივი ძარცვა. იმის გამო, რომ ბრიტანელები სასახლიდან მოშორებით იყვნენ განლაგებულები, ინგლისელი ჯარისკაცებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა ძარცვაში. ამით მხოლოდ ოფიცრები იყვნენ დაკავებულნი, რომლებსაც გადაადგილების მეტი თავისუფლება ჰქონდათ. სამართლიანობის აღსადგენად გენერალმა გრანტმა, რომელიც მეთაურობდა ბრიტანულ ჯარებს, შექმნა კომისია სამხედროებს შორის ნაძარცვის სამართლიანი განაწილებისთვის.
სასახლის აღებამ აჩვენა, რომ ჩინეთის არმიამ ბოლო მარცხების შემდეგ ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევაზე უარი განაცხადა.
10 ოქტომბერს მოკავშირეები ქალაქის გალავანთან დაბანაკდნენ. მოკავშირეებმა მოითხოვეს ანდინგმენის ციხის კარიბჭეების კონტროლის ქვეშ გადაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდნენ ძალით აღებით და ქალაქის დაბომბვით.
13 ოქტომბერს დილის ათ საათზე დიდმა მთავარმა გუნმა თავისი წარმომადგენელი ხან ცი გაგზავნა, რომელიც ცდილობდა მოკავშირეები დაერწმუნებინა უარი ეთქვათ კარიბჭის გადაცემის მოთხოვნაზე, ან თუნდაც ვადა გაეჭიანურებინა. თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე შუადღემდე კარინჭე გახსნეს და გადასცეს გენერალ ნეიპირს.
შედეგები
რედაქტირება1860 წლის 24-25 ოქტომბერს ხელი მოეწერა პეკინის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ცინის მთავრობა დათანხმდა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისთვის გადაეხადა კონტრიბუცია 8 მილიონი ლიანის ოდენობით, გაეხსნა ტიანძინი საგარეო ვაჭრობისთვის და დაეშვა ჩინელების გამოყენება სამუშაო ძალად (Coolie) დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის კოლონიებში. ამ მომენტიდან კოულუნის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი დიდ ბრიტანეთს გადაეცა. ბრიტანელების მიერ ჩინეთში გაყიდული ოპიუმის მუდმივმა ნაკადმა გამოიწვია ჩინელებში ნარკომანიის მასობრივი გავრცელება, მოსახლეობის დეგრადაცია და გადაშენება.
14 ნოემბერს ცინის იმპერიამ ხელი მოაწერა რუსეთთან პეკინის ტრაქტატს საზღვრის თაობაზე ამურსა და უსურზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Hanes, William Travis; Sanello, Frank. Opium Wars: The Addiction of One Empire and the Corruption of Another . — Sourcebooks ., 2004. — ISBN 9781402201493.
- Hevia, James Louis. English lessons: the pedagogy of imperialism in nineteenth-century China . — Durham: Duke University Press, 2003. — ISBN 9780822331889.
- Bickers, Robert A. The scramble for China: foreign devils in the Qing empire, 1800–1914 (англ.). — London: Allen Lane, 2011. — ISBN 9780713997491.
- Beeching, Jack. The Chinese Opium Wars (1975), ISBN 0-15-617094-9
- Henry Loch, Personal narrative of occurrences during Lord Elgin’s second embassy to China 1860, 1869.
- Lovell, Julia. Opium War. — London: Picador, 2011. — ISBN 9780330537858.
- Spence, Jonathan D. The search for modern China. — New York: Norton, 2013. — ISBN 9780393934519.
- Wong, J. Y. "Harry Parkes and the 'Arrow War' in China, " Modern Asian Studies (1975) 9#3 pp. 303–320.