ოპიუმის ომები
ოპიუმის ომები — სამხედრო კონფლიქტი ჩინეთში მე-19 საუკუნეში დასავლეთის ძალებსა და ცინის იმპერიას შორის. საომარი მოქმედებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ვაჭრობასთან დაკავშირებული უთანხმოება ჩინეთთან, კერძოდ ოპიუმის დიდი რაოდენობით გაყიდვასთან, რაც ცინის იმპერიაში აკრძალული იყო. ომების სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.[1]
ოპიუმის ომები მოიცავდა ორ კონფლიქტს:
ოპიუმის პირველი ომი — 1840 — 1842 წლების ომი;
ოპიუმის მეორე ომი — 1856 — 1860 წლების ომი.
ოპიუმის პირველი ომი
რედაქტირებაოპიუმის პირველი ომი 1840—1842 წლებში მიმდინარეობდა დიდ ბრიტანეთსა და ცინის იმპერიას შორის. ომის წინაპირობა გახლდათ ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბალანსის დარღვევა ჩინეთის სასარგებლოდ. ჩინეთის პოლიტიკა მდგომარეობდა იმპერიის უცხოური გავლენისგან დაცვაში. საქონელი, რომელიც მოთხოვნადი იყო ჩინეთში და შეეძლო სავაჭრო ბალანსის გათანაბრება და ბრიტანელებისთვის დიდი მოგების მოტანა, იყო ოპიუმი, მაგრამ მისი გაყიდვა აიკრძალა იმპერატორის ბრძანებით.
ოპიუმის კონტრაბანდა გრძელდებოდა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სანამ ჩინეთმა მკაცრი ზომების მიღებით არ მოუღო ბოლო 1830-იან წლებში. ჩინეთის ბაზრის ნარკოტიკებისგან დაცვის პოლიტიკის გატარებით, 1839 წლის დეკემბერში იმპერატორმა დახურა ქვეყნის ბაზარი ინგლისის და ინდოეთის ყველა ვაჭრისა და კონტრაბანდისტისთვის. 1839 წლის 4 სექტემბერს კოვლუნში გაიმართა საზღვაო ბრძოლა, შედეგად დიდმა ბრიტანეთმა 1840 წლის აპრილში ცინის იმპერიას ომის გამოუცხადა. ომის მხარდასაჭერად გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.[2]
ბრიტანელების მხრიდან ომში 40 გემი და 4000 ჯარისკაცი ჩაება. ჩინეთს გააჩნდა 880000-იანი არმია, რომელიც მიმოფანტული იყო მთელ ქვეყანაში. მათ უმეტესობას არ გააჩნდა თანამედროვე იარაღი და საბრძოლო გამოცდილება. კონფლიქტში მონაწილე ჩინელი ჯარისკაცების საერთო რაოდენობა 90 000-ს შეადგენდა.
ბრიტანეთის ტაქტიკის საფუძველი იყო ფლოტის მანევრირება, სანაპირო სიმაგრეების დაბომბვა, სწრაფი დესანტი და პორტებისა და საწყლოსნო გზების ბლოკადა. ცინის იმპერია იცავდა ციხესიმაგრეებს მრავალრიცხოვანი, თუმცა მოძველებული, არტილერიის გამოყენებით, აგებდა ბარიერებს მდინარეებზე და ახორციელებდა შეტევებს ინგლისურ გემებზე. ომის დროს ბრიტანულმა ჯარებმა აჩვენეს თავიანთი ფლოტისა და არტილერიის მნიშვნელოვანი უპირატესობა, მაღალი მანევრირება და ორგანიზებულობა. ჩინეთის ჯარებმა, მათ შორის ელიტარულ მანჯურიის რაზმებმა, ვერ შეძლეს სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა, რაც გამოწვეული იყო არტილერიის (განსაკუთრებით საველე არტილერიის) არასაკმარისი მომზადებით, კომბინირებული შეიარაღების მომზადების სისუსტით და არმიის დაბალი ზნეობით. ომის ძირითად ბრძოლებში ბრიტანელთა დანაკარგი შედარებით ნაკლები იყო დაღუპულების და დაჭრილების სახით, მაგრამ ამ უკანასკნელმა უფრო მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა ცხელი კლიმატისა და ტროპიკული დაავადებების გავრცელების გამო.
1840 წლის ზაფხულის ბოლოს ინგლისური გემები პეკინის უშუალო სიახლოვეს იმყოფებოდნენ. შეშინებული იმპერატორი დაოგუანგი წავიდა მოლაპარაკებაზე და მიიღო ბრიტანელების პირობები, რომლებმაც გემები სამხრეთში დააბრუნეს. თუმცა 1840 წლის დეკემბერში იმპერატორმა გადაიფიქრა და ბრიტანელების წინააღმდეგ ახალი ძალები გადაისროლა. ბრიტანეთის ჯარებმა საპასუხო დარტყმა მიაყენეს. გუბერნატორმა, იმპერატორის ნების საწინააღმდეგოდ, დააკმაყოფილა ბრიტანეთის მოთხოვნები, მათ შორის კუნძულ ჰონგ კონგის ინგლისისთვის გადაცემა. ბრძოლა გაგრძელდა 1841 წლის მაისამდე, როდესაც ჩინეთის ფლოტის დამარცხების შემდეგ ზავი დაიდო.
1841 წლის აგვისტოში დიდმა ბრიტანეთმა გაგზავნა ახალი ძალები ჩინეთში და ახალი შეტევები დაიწყო. 1842 წელს ინგლისებელმა დაიკავეს ჰონგ-კონგი, დინხაი, ნინბო, სიამინი, შანხაი, ჯეძიანი. მიუახლოვდნენ ნანკინს. ამავდროულად, ჩინეთის წყლებში აშშ-სა და საფრანგეთის სამხედრო ესკადრები გამოჩნდნენ.
1842 წლის 29 აგვისტოს, გადამწყვეტი გამარჯვებების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა ცინის იმპერიას თავს მოახვია თავისთვის მომგებიანი ნანკინის ხელშეკრულება, რომლის თანახმად დიდ ბრიტანეთს გადაეცა ჰონგ-კონგი, ჩინეთს დაეკისრა უდიდესი კონტრიბუცია, დაახლოებით 21 მლნ დოლარი. ჩინეთის რამდენიმე პორტი (გუანჯოუ, სიამინი, ფუჯოუ, ნინბო, შანხაი) გაიხსნა სავაჭროდ ევროპელებისათვის.[3]
ინგლისმა ოპიუმის გაყიდვიდან შემოსავლის გიგანტური წყარო მიიღო. ცინის იმპერიაში დაიწყო სახელმწიფოს შესუსტების ხანგრძლივი პერიოდი და სამოქალაქო არეულობა, შედეგად ქვეყანა ევროპული ძალების კაბალაში აღმოჩნდა. დაიწყო ნარკომანიის სწრაფი გავრცელება, მოსახლეობის მასობრივი დეგრადაცია და გადაშენება.
ოპიუმის პირველი ომი გახდა ცინის დინასტიის დაცემის დასაწყისი.[4]
ოპიუმის მეორე ომი
რედაქტირებაოპიუმის მეორე ომში 1856-1860 წლებში იბრძოდნენ ბრიტანეთი და საფრანგეთი ცინის იმპერიის წინააღმდეგ. ინგლისი ცდილობდა გაეხსნა გზა ჩინეთის შიდა პროვინციებისკენ, დაეპყრო მისი მდინარის პორტები. 1851 წელს ჩინეთში დაიწყო სამოქალაქო ომი: ცინის იმპერიის ტერიტორიაზე გამოჩნდა მანჯურიის მთავრობისადმი მტრულა განწყობილი ტაიპინის სახელმწიფო, რომელსაც უცხოელი ვაჭრები და მისიონერები იყენებდნენ იმპერიასთან საბრძოლველად დასავლური სახელმწიფოების ფორმალური ნეიტრალიტეტით.
1854 წელს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მ სცადეს გადაეხედათ 1841-42 წლების ხელშეკრულებებისთვის, მოითხოვეს შეუზღუდავი ვაჭრობის უფლება მთელ ჩინეთში და ოფიციალური ნებართვა ოპიუმით ვაჭრობისთვის, მაგრამ პოლიტიკურმა ინტრიგებმა არ გამოიწვია სასურველი შედეგი. ამიტომ, 1856 წლის ოქტომბერში ყირიმის ომის დასრულების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა ახალი ომი წამოიწყო ჩინეთში. საფრანგეთი მალე შეუერთდა ინგლისს. რუსეთი, ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ, სამხედრო დახმარებას უწევდა ცინის იმპერიას. 1857 წლის დეკემბერში ინგლის-საფრანგეთის ჯარებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ კანტონს და მოითხოვეს შეთანხმების ხელმოწერა ჩინეთისთვის მძიმე პირობებით. ჩინეთის მთავრობამ ეს მოთხოვნები არ მიიღო. სპასუხოდ ინგლის-საფრანგეთის ჯარებმა აიღეს და გაანადგურეს ქალაქი. 1860 წელს გაერთიანებულმა ინგლის-საფრანგეთის არმიამ გადამწყვეტი დამარცხება მიაყენა მანჯურიულ-მონღოლურ ჯარებს და დაემუქრა პეკინს.
1860 წლის 24-25 ოქტომბერს ხელი მოეწერა პეკინის ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვითაც ცინის იმპერიას დაეკისრა დიდი კონტრიბუცია, გახსნა ტიანძინი საგარეო ვაჭრობისთვის, დაუშვა ჩინელების, როგორც ფაქტობრივი მონური სამუშაო ძალის გამოყენება დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის კოლონიებში. ამ მომენტიდან კოულუნის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი დიდ ბრიტანეთს გადაეცა და რუსეთმა მიიღო უსურიის ოლქი. უფრო მეტიც, ეს უკანასკნელი ფორმალურად არ ეკუთვნოდა ჩინეთს, იყო მანჯურიის დინასტიის მემკვიდრეობითი ნაკრძალი, რომელსაც თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა და ზღუდავდა ამ ტერიტორიაზე ჩინურ დასახლებებს გასული ორი საუკუნის განმავლობაში.[5][6]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Финнистон, Монти. Оксфордская иллюстрированная энциклопедия. — Инфра-М; Веся мир, 2000. — ISBN 5160000755.
- Волынец А.Н. Деревянные пушки Китая. М., «Эксмо», 2017 г. ISBN 978-5-04-089213-6
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Taylor Wallbank; Bailkey; Jewsbury; Lewis; Hackett (1992). "A Short History of the Opium Wars". Civilizations Past And Present. Chapter 29: "South And East Asia, 1815–1914" – via Schaffer Library of Drug Policy.
- ↑ Kenneth Pletcher. "Chinese history: Opium Wars". Encyclopædia Britannica Online.
- ↑ Treaty Of Nanjing (Nanking), 1842 on the website of the US-China Institute at University of Southern Carolina.
- ↑ Desjardins, Jeff (15 September 2017). "Over 2000 years of economic history, in one chart". World Economic Forum. Retrieved 28 November 2021.
- ↑ Meyer, Karl E. (28 June 1997). "The Opium War's Secret History". The New York Times. Retrieved 3 July 2018.
- ↑ Tsang, Steve (2007). A Modern History of Hong Kong. I. B. Tauris. pp. 3–13, 29. ISBN 1-84511-419-1.