ოზურგეთის დრამატული თეატრი — სახელმწიფო დრამატული თეატრი ოზურგეთში, რომელიც ატარებს ალექსანდრე წუწუნავას სახელს.

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი

თეატრი 2020 წლის რეაბილიტაციის შემდეგ
ზოგადი ინფორმაცია
არქიტექტურული სტილი ნეოკლასიკური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა ოზურგეთი
კოორდინატები 41°55′23″ ჩ. გ. 42°00′22″ ა. გ. / 41.92332000° ჩ. გ. 42.00628000° ა. გ. / 41.92332000; 42.00628000
განახლების ღირებულება 20 მილიონი ლარი
მფლობელი საქართველოს მთავრობა
მოქმედი არენდატორები სსიპ ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
დაიწყო 1934
გაიხსნა 10 მარტი, 1962
ზომები და ტექნიკური დეტალები
სიმაღლე 24 მეტრი
დიამეტრი 75 მ x 40 მ
სართულთა რაოდენობა 5
ფართობი 4000 მ.2
არქიტექტორ(ებ)ი ვანო ქადიეშვილი, კოტე ჩხეიძე
სხვა ინფორმაცია

სცენისმოყვარულთა წარმოდგენები

რედაქტირება

პირველი სასცენო წარმოდგენა ოზურგეთში საქველმოქმედო მიზნით გაიმართა 1868 წლის 20 მარტს.[1] 1888 წელს ნინო ქიქოძის თაოსნობით დაიდგა „ხანუმა“[2] 1894 წელს ქალთა სკოლის შენობაში სცენისმოყვარულთა ჯგუფმა დადგა კომედია „ბაიყუში“. [3] სასცენო წარმოადგენები იმართებოდა დროგამოშვებით და საქველმოქმედო მიზნით, ადგილობრივი სკოლების ან ბიბლიოთეკის დასახმარებლად. იდგმებოდა გიორგი ერისთავისა და ავქსენტი ცაგარელის პიესები. დადგმებში მონაწილეობდნენ უმეტესად მასწავლებლები ნ. ანთაძე, ა. ჭიჭინაძე, მ. ლომთათიძე, ა. ბებურიშვილი, ნ. ჯაყელი, ო. ხურციძე დ. ჩიგოგიძე, სამსონ ხურციძე და სხვები. [4]

1893 წელს ოზურგეთში ჩავიდა ამერიკული ცირკი , რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მანია გორდფუა და იულია კუკი. ცირკი ქალაქში ერთ წელიწადს დარჩა. ახალგაზრდობა ძლიერ გაიტაცა სანახაობამ. ცირკით მოხიბლულმა ალექსანდრე წუწუნავამ, სამსონ ხურციძემ, ვასო ურუშაძემ გადაწყვიტეს არტისტები გამხდარიყვნენ. 1895 წელს ქალაქს ეწვივნენ მსახიობები ვასო აბაშიძე, ეფემია მესხი, ნატო გაბუნია და სხვანი. იმავე წელს შეიქმნა სცენისმოყვარულთა წრე, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ალექსანდრე წუწუნავა. დასში შედიოდნენ: ვ. ურუშაძე. მ. მდივანი, ლ. მირიანაშვილი, ს. ხურციძე, თ. გოგიტიძე და სხვები. დასი წარმოდგენებს მართავდა არა მარტო ოზურგეთში, არამედ სოფლებშიც. 1900-იანი წლებიდან დასის შემადგენლობა გაიზარდა. დასმა ქალაქში იქირავა თუმანიშვილის სახლის პირველი სართული, თუმცა სახლი 1901 წელს დაიწვა და წარმოდგენები ქალაქის როტონდაში გადაიტანეს. 1902 წლიდან დასი ისე გაძლიერდა, რომ გასტროლებსაც მართავდა სხვა ქალაქებში. თუმცა 1903 წელს როტონდის შენობაც გადაიწვა. წამყვანმა მსახიობებმა დასი მიატოვეს და ქუთაისში გადაბარგდნენ. 1904-05 წლებში წარმოდგენები იმართებოდა ალექსანდრე ჟორჟოლიანის სახლში. დასის წევრები იყვნენ ძმები ჟორჟოლიანები, ცეცილია წუწუნავა და სხვები. 1905 წელს რევოლუციის ჩახშობის შემდეგ დასის საქმიანობა შეწყდა.

 
„6 ივნისს აქაურმა სცენისმოყვარეთა დასმა წარმოდგენა გამართა. ითამაშეს ა. ცაგარელის „ხანუმა“. წარმოდგენამ მწყობრად ჩაიარა...განსაკუთრებით ყურადღება მიიქცია ქალბატონმა ატატო ბებურიშვილმა (ხანუმა), რომელიც ბევრჯერ გვინახავს ამ როლში და ყოველთვის დიდ სიამოვნებას იწვევს მისგან ამ როლის ხელოვნებად ასრულება, იგი საზოგადოებამ ტაშისცემით და ვაშას ძახილით დააჯილდოვა“
([5])
 
ალექსანდრე წუწუნავას ძეგლი თეატრის შენობის გვერდით

დრამატული საზოგადოების დაარსება

რედაქტირება

1908 წელს ოზურგეთში დაფუძნდა დრამატული საზოგადოება. სპექტაკლები იდგმებოდა სკოლებში, კერძო სახლებში, ქალაქის ბაღის როტონდაში.[4]1910-იანი წლების დასაწყისში თეატრის დასი სამოყვარული იყო, მაგრამ მასთან თანამშრომლობდნენ პროფესიონალებიც. დასის ხელმძღვანელები იყვნენ ნიკოლოზ დოლიძე, სამსონ ხურციძე და აკაკი ღლონტი. ზაფხულობით მათ დახმარებას უწევდნენ ალექსანდრე წუწუნავა და ალექსანდრე ჟორჟოლიანი. 1912-1913 წლებში სამსონ ხურციძემ გარს ახალგაზრდები შემოიკრიბა და თეატრალური დასის აღორძინება დაიწყო. 1913-1914 წლებში იუბილე გაუმართეს ლადო მესხიშვილს. წარმოდგენილი იქნა ვალერიან გუნიას „და-ძმა“. 1914 წელს იუბილე გადაუხადეს ნინო ჩხეიძეს. წარმოადგინეს „მედეა“. მოეწყო შალვა დადიანის საბენეფისო საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შალვა დადიანმა და ელისო ანდრონიკაშვილმა. დაიდგა პიესა „ათას ერთი ღამე“.

1914 წელს გერმანე გოგიტიძის თაოსნობით აშენდა ერთსართულიანი შენობა თეატრისთვის. მშენებლობა დააფინანსა კონსტანტინე საბახტარაშვილმა. დარბაზი იტევდა 300-მდე მაყურებელს. შენობა 1 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა. წარმოადგინეს ა. სუხოვო-კობილინის „კრეჩინსკის ქორწინება“ ლადო მესხიშვილის მონაწილეობით.[4]

წუწუნავამ თეატრში ასევე დადგა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“, ხოლო მიხეილ ჭიაურელმა დადგა შიუკაშვილის „სულელი“, რომელშიც მთავარ როლს თავად ასრულებდა. 1914 წელს ჟურნალ „თეატრ და ცხოვრებას“ მეცხრე ნომერში გამოქვეყნდა შალვა დადიანის მიერ შედგენილი ქართველ სცენის მსახიობთა სია, რომელშიც ოზურგეთიდან ჩაწერილები იყვნენ ალექსანდრე წუწუნავა, ე. წუწუნავა, ვ. ურუშაძე, ზ. ურუშაძე, ს. ხურციძე, ა. ჯაყელი, ა. ქიქოძე, ნ. მამულაიშვილი და სხვები. 1916 წლის ზაფხულში ქალაქს ეწვია ალექსანდრე წუწუნავა. 1915-1917 წლებში ოზურგეთში სისტემატურად დადიოდა ბათუმის დრამატული დასი ვალერიან შალიკაშვილის ხელმძღვანელობით და დგამდა სპექტაკლებს. 1920 წელს სცენისმოყვარულებს ხელმძღვანელობდა სოსო ჟივიძე. წრეში შედიოდნენ: ე. აბაზაძე, დ. აბდუშელი, ბ. შავიშვილი, ა. ღლონტი, ბ. წულაძე, სიკო დოლიძე (შემდგომში კინორეჟისორი) და სხვები. 1917-21 წლებში თეატრს „თავისუფლება“ ერქვა.

სახელმწიფო თეატრი

რედაქტირება

1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სექტემბერში, თეატრს ეწოდა საქართველოს კპ გურიის კომიტეტთან არსებული კომუნისტური დრამატული წრე, ხოლო იმავე წლის დეკემბერში კი ოზურგეთის სახალხო რევოლუციური დრამატული დასი. იმავე წელს იგი სახელმწიფო თეატრად გამოცხადდა. თეატრის ხელმძღვანელი გახდა სოსო ჟივიძე, მოგვიანებით კი ვიქტორ ნინიძე. 1922 წლიდან თეატრის წამყვანი მსახიობი გახდა ევტროფი თალაკვაძე. 1926 წელს ჩამოყალიბდა სატირის თეატრი „ლურჯხალათიანები“, წრის ხელმძღვანელი ლეონიდე გოგიტიძე იყო. 1927-28 ლების სეზონს სატირის თეატრის სეზონი ერქვა. 1929 წელს დაშალეს თეატრის შენობა და თეატრი გადავიდა მის ამჟაიმდელ ადგილსამყოფელზე აგებულ დროებით შენობაში, რომელშიც 1938 წლამდე იმყოფებოდა.

1934 წლიდან ქალაქის სახელის ცვლილების გამო სახელი ეცვალა თეატრსაც, ის გახდა მახარაძის მუშათა თეატრი. 1936-37 წლების სეზონზე თეატრმა დადგა ნინო ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე“. სალიხეს როლის შესასრულებლად მოიწვიეს ცეცილია წუწუნავა. თეატრის ხელმძღვანელები 1930-იან წლებში იყვნენ გიორგი კერესელიძე, დიმიტრი სიმვულიდი. 1938 წელს თეატრი გადავიდა ახალ შენობაში. იქ პირველ სპექტაკლად წარმოდგენილ იქნა გედევანიშვილის „მსხვერპლი“ (რეჟ. გიორგი როსება).

დიდ სამამულო ომამდე თეატრის დასში ირიცხებოდნენ ლ. სიხარულიძე, შ. თალაკვაძე, ს. თალაკვაძე, ე. ხურციძე, ა. ანდღულაძე, დ. დუმბაძე და სხვ. იდგმებოდა პიესები „გმირთა თაობა“, „ყვარყვარე თუთაბერი“, „კოლმეურნის ქორინება“, „ბრმა მუსიკოსები“ და სხვ. ომის დროს თეატრს უძღვებოდა მსახიობი გიორგი როსება. ომის შემდეგ თეატრის ხელმძღვანელი იყო სერგო ახალაძე.

თეატრის ისტორიაში წარმატებული იყო 1958 და 1964 წლები, როდესაც დასი გასტროლებზე იმყოფებოდა თბილისში. 1958 წელს თეატრის კოლექტივმა თბილისში, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე წარადგინა „დაჭრილი არწივი“, ხოლო 1964 წელს ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“. 1968 წელს თეტრმა გადაიხადა არსებობის 100 წლის იუბილე., მას მიენიჭა ალექსანდრე წუწუნავას სახელი. ამავე წელს თეატრმა მიიღო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. თეატრის მსახიობს, ლამარა თურმანიძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

1982-83 წლებში საუკეთესო დადგმა იყო ე. ნინოშვილის „ოქროს ნალი“ (რეჟ ვ. ჩიგოგიძე), რომელმაც თბილისში გამართულ I რესპუბლიკურ ფესტივალზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. 1983 წლის ოქტომბერში დაიდგა ა. ჩეხოვის „დათვი“ და „ხელის თხოვნა“. 1984 წლის 21-24 დეკემბერს თეატრს სტუმრობდა მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრის კოლექტივი. 1986 წლის 5 მარტს თეატრში დაიდგა ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავე“, რომელიც მოსკოვის სამხატვრო თეატრის რეჟისორმა ვლადიმერ სალუკმა დადგა და მასში იმავე თეატრის მსახიობი, რსფსრ დამსახურებული არტისტი სვეტლანა კორკოშკო მონაწილეობდა. 1987 წლის 3 აპრილს თეატრი საგაასტროლოდ გაემართა ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე, 4-10 ივლისს კი თეატრის დასს გასტროლები ჰქონდა მოსკოვში, სადაც დადგა „უდანაშაულო დამნაშავე“ და „გამარჯობა, ხალხო!“. 1989 წლის იანვარში უნგრეთის სეგედის ნაციონალური თეატრის რეჟისორმა იანოშ შანდორმა მახარაძის თეატრში დადგა კომედია „დღეობა“, 1989 წლის ოქტომბერში კი თეატრი გასტროლებზე გაემგზავრა უნგრეთში. 1987 წლის ნოემბერში თეატრს ეწვია ოსტანკინოს გადამღები ჯგუფი, რომელმაც ჩაწერა „გამარჯობა, ხალხო!“ და 1988 წელს გაუშვა ეთერში. 1988 წელს პომპეზურად აღინიშნა თეატრის 120 წლის იუბილე, თეატრის გვერდით გაიხსნა ალექსანდრე წუწუნავას ძეგლი (ავტ.: ვ. მჟავანაძე, ჯ. მიმინოშვილი, აქ.: ვ. ბახტაძე). საქართველოს სსრ სახელმწიფო არტისტები გახდნენ რომან ლომინაძე, გაბრიელ მდინარაძე, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტები გახდნენ ზაირა თოთიბაძე, ამირან ქადეიშვილი, ნუგზარ ბარამიძე, გივი ახმეტელი, ომარ ურუშაძე. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გახდა ვასილ ჩიგოგიძე. 1990 წლის 9-18 ნოემბერს დასი გასტროლებზე იყო გერმანიაში, შტუტგარტში.

საუკეთესო დადგმებია პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“, გ. ბერძენიშვილის „ტირიფის ქვეშ“, მ. მრევლიშვილის „ზვავი“, მ. ბარათაშვილის „ჩემი ყვავილეთი“, ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“, ა. გეწაძის „ყარამან ყათელაძე“, ბ. ლავრენტოვის „რღვევა“ და სხვა.

სხვადასხვა წლებში ოზურგეთის თეატრში რეჟისორად მუშაობდნენ: შ. ბეჟუაშვილი, პ. ფრანგიშვილი, ვ. ყუშიტაშვილი, ნ. კახიძე, ს. ხურციძე, ე. თალაკვაძე, თ. წეროძე, ბ. ნაკაიძე, გ. ლაღიძე, გ. როსება, ლ. პაქსაშვილი, ი. მაცხონაშვილი და სხვები. თეატრში წლების მანძილზე მოღვაწობდნენ მსახიობები: საქართველოს სახალხო არტისტი ლ. თურმანიძე, საქართველოს დამსახურებული არტისტები - რ. ლომინაძე, ელ. დოლიძე, ა. ანდღულაძე, ვ. ბაჯელიძე, მ. დონაძე, ი. არობელიძე, მ. წიგნაძე, ლ. კალანდაძე და სხვები. მხატვრები - ლ. მალაზონია და შ. დარჩია.

2005 წელს თეატრი აღიარებულ იქნა კულტურის სამინისტროსა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის მიერ როგორც საუკეთესო რეგიონალური თეატრი.

2018 წელს თეატრის 150 წლის იუბილე აღინიშნა: გამოიცა წიგნი-ალბომი „ოზურგეთის თეატრი – 150“, კინოსა და თეატრის ვარსკვლავს ამირან ქადეიშვილს გადაეცა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“, თეატრის იუბილეს მიეძღვნა ნოდარ დუმბაძის სახელობის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, შედგა ოზურგეთის თეატრის ჰიმნის პრეზენტაცია და თეატრის თაღებში გაიხსნა ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავი.[6]

 
ოზურგეთის თეატრი 2009 წელს

თეატრი 1914 წლის 1 ივნისიდან გერმანე გოგიტიძის აგებულ შენობაში მოღვაწეობდა. შენობის სცენა ზუბალაშვილების სახალხო სახლის სცენის მიხედვით იყო მოწყობილი. დარბაზი იტევდა 360 მაყურებელს. შენობა ამავდროულად ფუნქციონირებდა, როგორც კინოთეატრი.

1934-1935 წლებში ინჟინერ-არქიტექტორ ვანო ქადიეშვილის პროექტით ქალაქის ბაღში დაიწყო ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც 1937 წელს შეწყდა. მშენებლობა განახლდა 1949 წელს. ძველი პროექტის საფუზველზე ახალი პროექტი შეადგინა ინჟინერ-არქიტექტორმა კოტე ჩხეიძემ. 1952 წელს მშენებლობა კვლავ შეწყდა და 1955 წელს კვლავ განახლდა, როგორც ჩაის მრეწველობის მუშაკთა კულტურის სახლისა. საბოლოოდ მშენებლობა 1962 წელს დასულდა. თეატრი ძველი ბერძნული ტიპის ნაგებობაა. ზომების მიხედვით, საქართველოს ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასშტაბურია ფილარმონიის შემდეგ (არქიტექტორი კ. ჩხეიძე, მოქანდაკეები ც. თოფურიძე, ჯაფარიძე). ჭერის მხატვრობა ეკუთვნის აპოლონ ქუთათელაძეს.

თეატრი წარმოადგენს ხუთსართულიან ნაგებობას. თეატრს გააჩნია 750 კაციანი მაყურებელთა დარბაზი ორი იარუსით. იარუსებზე განთავსებულია ლოჟები. პარტერი ნახევრად წრიულია და უერთდება სცენას (სიგრძე-სიგანე 20-20 მეტრი, სიმაღლე 18 მეტრი), რომლის შუაში მოთავსებულია 13 მეტრის დიამეტრის მქონე მექანიკური მოძრავი წრე. ქართული სტილის ორნამენტებითაა მოჩუქურთმებული. შენობის მოცულობაა 42800 მ.3, ფართობი - 4 ათასი მ.2 შენობის ზეძირკველი მოპირკეთებული კურსების გრანიტით, გარეკედლები ეკლანის თეთრი ქვით, გადახურულია მოთუთიებული თუნუქით.

თეატრს გააჩნია მსახიობთათვის საგრიმიორო. სარეკვიზიციო სათავსოები, შენობას ახლავს ფიზკულტურის, ქორეოგრაციიული დარბაზები, ოთახები მუზეუმისთვის, სამხატვრო სადეკორაციო -სახელოსნოსთვის, სამკერვალო, სასტუმრო ოთახები მოწვეული მსახიობებისბისა და რეჟისორებისათვის. აქვს დიდი მოცულობის სარდაფი ( 50 მ3). 2017 წელს თეატრს მიენიჭა საქართველოს კულტურის ძეგლის სტატუსი.

2016 წლის სექტემბერში დაიწყო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2020 წლის ივლისში დასრულდა.[7] სარეაბილიტაციო სამუშაოები 18 მილიონი ლარით სრულად დააფინანსა ფონდმა „ქართუმ“.[8][9]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 517.
  • ბუხნიკაშვილი გ., ლაშხია ნ., მახარაძის თეატრი, თბ., 1968;
  • ოზუგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 140, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გაზეთი დროება N10, 1868 წ.
  2. გაზეთი „ივერია“ N 262 გვ. 3 — 1888 წ.
  3. გაზეთი „ივერია“ N52, 10 მარტი, 1894 წ.
  4. 4.0 4.1 4.2 კობახიძე რ., „საზოგადოებრივი თვითორგანიზებისა და სოლიდარობის კულტურის ჩამოყალიბების საწყისი ნაბიჯები და ქართული სცენა“ // „ინიციატივა ცვლილებებისთვის“, ტ. III, თბ., 2021. — გვ. 86-87, ISBN 978-9941-8-3108-9.
  5. გაზეთი „ივერია“ N136 გვ 3 — 1904 წ.
  6. „ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა“. საქართველოს კულტურის პალატა. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  7. როდის და რა სპექტაკლით იგეგმება ოზურგეთის თეატრის გახსნა. Gurianews.ge (23 აგვისტო, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-23. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი, 2020.
  8. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია დასრულდა. რუსთავი 2 (11 აგვისტო, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი, 2020.
  9. განათლების მინისტრი ოზურგეთის თეატრში. პირველი არხი (11 აგვისტო, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი, 2020.