ნიაზი (ნამდვილი გვარი და სახელი თაღიზადე - ჰაჯიბეკოვი ნიაზი ზულფუგარ-ოღლუ; აზერ. Niyazi Zülfüqar oğlu Tağızadə-Hacıbəyov; დ. 20 აგვისტო [ძვ. სტ. 7 აგვისტო], 1912, თბილისი, რუსეთის იმპერია, — გ. 2 აგვისტო, 1984, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, დირიჟორი და საზოგადო მოღვაწე. სსრკ სახალხო არტისტი (1959). სკკპ წევრი 1942 წლიდან. სოციალისტური შრომის გმირი (1982).

ნიაზი
კოპოზიტორი
დირიჟორი
საზოგადო მოღვაწე
სრული სახელი თაღიზადე - ჰაჯიბეკოვი ნიაზი ზულფუგარ-ოღლუ
დაიბადა 20 აგვისტო, 1912
გარდაიცვალა 2 აგვისტო, 1984
ოჯახი მამა: ზულფუგარ ჰაჯიბეკოვი; ბიძა: უზეირ ჰაჯიბეკოვი; მეუღლე: ჰაჯარ ჰაჯიბეკოვა

ნიაზი 1925-31 წლებში სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში, 1937-48 წლებში ბაქოს მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1951-52 და 1958-59 წლებში მთავარი დირიჟორი, 1961-65 წლებში დირექტორი, მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1960-61 წლებში ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი. 1979 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორი.

1938 წლიდან (ხანგამოშვებით) აზერბაიჯანის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. შექმნა ოპერა-კანტატა „1920 წელი“ (1940), ოპერა „ხოსროვ და შირანი“ (1942), ბალეტი „ჩიტრა“ (1962), ნაწარმოებები სიმფონიური ორკესტრისთვის (მათ შორის სიმფონიური მუღამი „რასტი“), კანტატები, სიმღერები, თეატრისა და კინოს მუსიკა.

ნიაზი გასტროლებით გამოდიოდა პრაღაში, ბერლინში, ბუდაპეშტში, ბუქარესტში, ნიუ-იორკში, პარიზში, სტამბოლში, თეირანში, ლონდონსა და პეკინში.

აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს IV-VIII მოწვევის დეპუტატი, სსრკ უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის დეპუტატი. ნიაზი გარდაიცვალა 1984 წლის 2 აგვისტოს, ქალაქ ბაქოში. დაკრძალულია ბაქოს საპატიო დაკრძალვის ხეივანში.

ნიაზი იყო სომხეთის სსრ სახალხო არტისტი (1962), სახელმწიფო პრემიის (1951, 1952) და აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით, საპატიო ნიშნის ორდენით, კირილესა და მეთოდეს ორდენით. ნიაზი არის თბილისის საპატიო მოქალაქე (1982).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება