ნამარხი მცენარეები

ნამარხი მცენარეები — გეოლოგიურ წარსულში არსებული მცენარეები, რომელთა ნაშთები შემონახულია დედამიწის ქერქის ნალექებში. ნამარხ მცენარეებს შეისწავლის პალეობოტანიკა. ჩვეულებრივ ნამარხის სახით გვხვდება არა მთელი მცენარე, არამედ მისი რომელიმე ნაწილი (ღერო, ფოთოლი, ყვავილი, თესლი, ნაყოფი, სპორა და მტვრის მარცვალი). მთლიანად ნამარხდება უმდაბლესი მცენარეებიბაქტერიები, წყალმცენარეები, უმაღლესებიდანხავსები და წვრილი გვიმრანაირები.

ნამარხი მცენარეების ნაშთები გვხვდება როგორც კონტინენტურ (მდინარეების, ჭაობების და ტბების), ისე ზღვიურ ნალექებში, ნამარხი მცენარეების შენახვას განაპირობებს ნიადაგში წნევის, ტემპერატურისა და სხვა ფაქტორების ინტენსიურობა. ამ ფაქტორთა ძლიერი მოქმედებისას წარმოიქმნება ქვანახშირი და გრაფიტი. სუსტი მოქმედებისას მცენარეული ნაშთები უძველეს ნალექებშიაც კი მცირედ შეცვლილი სახით ინახება. მაგ., კამბრიულ და დევონურ ნალექებში დაცული სპორები, კუზნეცკის აუზის დევონური ფსილოფიტები, სილურული წყალმცენარეები ბალტიისპირეთში და სხვა. უძველესი მცენარეული ნაშთები ცნობილია პროტეროზოური ნალექებიდან. ამ დროს არსებითად უკვე ჩამოყალიბებული იყო წყალმცენარეთა თითქმის ყველა ტიპი, დიატომეების გარდა. დევონურ პერიოდში ფართოდ გავრცელდა ხარასმაგვარი წყალმცენარეები, მეზოზოურ ერაში — სიფონოვანი წყალმცენარეები. მათი დიდძალი ნაშთები აღმოჩენილია ტიროლისა და ლომბარდიის ტრიასულ ნალექებში, კამბრიულისწინა და კამბრიულ ნალექებში ბევრია ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები.

ვარაუდობენ, რომ ხმელეთის მცენარეები პირველად კამბრიულ პერიოდში გაჩნდა. დევონური პერიოდის დასაწყისში აღინიშნა უმაღლესი სპოროვნების უძველესი წარმომადგენლების ფსილოფიტების მრავალფეროვნება და სიჭარბე, რასაც შემდგომში გვიმრანაირებისა და პრიმიტიული შიშველთესლოვანებისპტერიდოსპერმების წარმოქმნა მოჰყვა. გვიმრანაირები გაბატონდნენ დევონური პერიოდის ბოლოს და ფართოდ გავრცელდნენ კარბონულ პერიოდში. წიწვოვნები და საგოვანები პერმული პერიოდის ან კარბონული პერიოდის ბოლოს გაჩნდნენ.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფარულთესლოვან მცენარეთა წარმოშობის საკითხი. მათი ნაშთები ნაპოვნია ქვედაცარცულ ნალექებში, თუმცა ზედაიურულ ნალექებში აღმოჩენილი ზოგიერთი მტვრის მარცვალი მართლაც ფარულთესლოვნებს განეკუთვნება. ფარულთესლოვნების ნაყოფები პირველად საფრანგეთისა და კალიფორმიის ნეოკომურ ნალექებში აღმოაჩინეს, ხოლო ფოთლების ანაბეჭდები ბარემულზე უფრო ძველ ნალექებში არ არის ნაპოვნი. მომდევნო დროის ნალექებში სხვა მცენარეებთან შედარებით ფარულთესლოვანთა სისტემატიკური მრავალფეროვნება და სიუხვე იმაზე მეტყველებს, რომ მათი ფართო ექსპანსია გვიანდელი ცარცული ეპოქიდან დაიწყო. დღეს ფარულთესლოვნები გაბატონებული ჯგუფია. უმაღლესი სპოროვნებისა და შიშველთესლოვნების უმეტესობა კი გადაშენებულ კლასებსა და ოჯახებს განეკუთვნება, თუმცა მეზოზოური ერიდან ცნობილი ზოგიერთი გვარი ამჟამადაც არსებობს, მაგ., გვიმრანაირებიდან ლათ. Gleichenia, შიშველთესლოვანებიდან Gingko. შუაცარცული ეპოქის ბოლოსა და გვიანდელი ცარცული ეპოქიდან დადგენილია ფარულთესლოვანთა ისეთი ოჯახების არსებობა, როგორიცაა ლათ. Magnoliaceae, Geratophylaceae. მესამეულ დროში უკვე ჩამოყალიბდა ამჟამად არსებულ მცენარეთა თითქმის ყველა გვარი, თუმცა სახეობათა შემადგენლობა განსხვავებულია. თანამედროვე სახეობები გამოჩნდა მხოლოდ ნეოგენური პერიოდიდან, ხოლო მის დასასრულს — პლიოცენურ ეპოქაში — მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მესამეული პერიოდის II ნახევარსა და მეოთხეულ პერიოდში უმთავრესად მიმდინარეობდა თანამედროვე სახეობათა ჩამოყალიბება და უძველეს მცენარეთა გადაშენება. უძველეს მცენარეთა ნაწილი დღეისათვის შემორჩა არა მარტო როგორც გეოგრაფიული, არამედ ფილოგენეზური და ეკოლოგიური რელიქტი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მათგანის (ლათ. Sequoia, Metasequoia, Taxodium, Cryptomeria, Athrotaxis და სხვა) თანამედროვე არეალების (ჩრდილოეთი ამერიკა, ჩინეთი, იაპონია, ტასმანია...) გარეთ არსებობს ბოლო კვალი ჯერჯერობით მხოლოდ კოლხეთშია აღმოჩენილი. თანამედროვე იერი მცენარეულმა საფარმა გამყინვარების ეპოქის ბოლოს მიიღო. განამარხებულ მცენარეთა თანამიმდევრული შესწავლა უძველესი დროიდან მეოთხეულ პერიოდამდე ადასტურებს მცენარეული სამყაროს ევოლუციას.

ლიტერატურა

რედაქტირება