მჭადიჯვარი
მჭადიჯვარი — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 700 მ, დუშეთიდან 14 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 944 ადამიანი[1]. სოფლის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია (რამდენიმე გორანამოსახლარი). ვარაუდობენ, რომ მჭადიჯვარი უძველესი დროიდან გრემისხევის ცენტრი იყო.
სოფელი | |
---|---|
მჭადიჯვარი | |
მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა ეკლესია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | მჭადიჯვარი |
კოორდინატები | 42°01′04″ ჩ. გ. 44°35′54″ ა. გ. / 42.01778° ჩ. გ. 44.59833° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 700 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 944[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,8 % ოსები 0,6 % რუსები 0,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფლის შუაში, მდინარე ნარეკვავის მარჯვენა მხარეს დგას ხუროთმოძღვრული ანსამბლი — ეკლესია და ციხე. სამხრეთი და დასავლეთი კარის წარწერების მიხედვით ეკლესია 1668 წელს აუგია დომენტი კათოლიკოსს. ეს ცენტრალურ გუმბათოვანი ნაგებობა ერთ-ერთი უდიდესია გვიანდელი შუა საუკუნეების ტაძართა შორის. ნაგებია ძირითადად აგურით. ეკლესიას აღმოსავლეთი და სამხრეთი მხრიდან ეკვრის ციხე, რომელიც სამხრეთი კარის თავის წარწერის მიხედვით, სოფლის მოშენების მიზნით სახლთუხუცეს კონსტანტინე მუხრანბატონს აუშენებია 1746 წელს. ციხის კუთხეებში აღმართულია მასიური კოშკები, რომელთაგან ერთ-ერთი ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეზეა მიდგმული. კოშკებსა და გალავანს დატანებული აქვს სათოფურები, სალოდეები და საზარბაზნეები. შემდგომში დაღესტნელი ფეოდალების გამუდმებული თავდასხმების შედეგად სოფელი გაპარტახდა. 1754 წელს მჭადიჯვრის ციხესთან ქართველთა და დაღესტნელთა ლაშქრებს შორის დიდი ბრძოლა გაიმართა.
ისტორია
რედაქტირებამჭადიჯვარში 1754 წლის 16 აგვისტოს ქართლ-კახეთის ლაშქარმა დაამარცხა ხუნძახის მფლობელი ნურსალ-ბეგის ხელქვეით გაერთიანებული დაღესტნელ ფეოდალთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი, რომელმაც კახეთისა და არაგვის ხეობის სოფლების დარბევის შემდეგ, მჭადიჯვარის ციხე-სიმაგრეს შემოარტყა ალყა. ციხის გარემოცვა ექვს დღეს გაგრძელდა. ქართლ-კახეთის გაერთიანებულ ლაშქარს სათავეში ედგნენ თეიმურაზ II და ერეკლე II. ქართველთა გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა გლეხთა რაზმების თავგანწირვამ და ერეკლე II-ის სამხედრო ხელოვნებამ. მჭადიჯვრის ბრძოლას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო პირველი დიდი გამარჯვება, რომელმაც საგრძნობლად შეასუსტა დაღესტნელ ფეოდალთა თარეში საქართველოში.
1905 წლის 3 აგვისტოს სოფელში მოხდა შეტაკება გლეხებსა და კაზაკებს შორის. გლეხები მემამულე გ. ბაგრატიონ-მუხრანელს აუჯანყდნენ. გამოსვლაში მონაწილეობდა 14 სოფლის სამი ათასამდე გლეხი. კაზაკთა დამსჯელმა რაზმმა აჯანყებულები განდევდა.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1256 | 595 | 661 |
2014[1] | 944 | 463 | 481 |
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ზაქარაია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 267-268.
- აფრასიძე გ., კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 279.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.