მჭადიჯვრის გორანამოსახლარები

მჭადიჯვრის გორანამოსახლარები — მრავალფენიანი 2 ნამოსახლარი ბორცვი დუშეთის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 17 კმ-ზე, მდინარე ნარეკვავის ხეობაში. საძიებო სამუშაოები ჩატარდა 1953, 1955 (ხელმძღვანელი აკად. ნ. ბერძენიშვილი), გაითხარა 1969, 1974-1977 წლებში (ხელმძღვანელი ლ. წითლანაძე). გორები დასახლებული ყოფილა ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან ადრინდელი ფეოდალურ ხანამდე. შესწავლილია ქვედა გორა. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ფენაში გამოვლინდა სარ-ლასტზე ნაგები ოთხკუთხა შენობის ნაშთები, კეტები (ან საკურთზევლები), იატაკში ჩაჭრილი ორმოები, თიხის ჭურჭლის ნატეხები, ქვისა და ძვლის იარაღი, ცულის ყალიბი.

შუა ბრინჯაოს ხანის ფენაში გამოირჩევა 2 ჰორიზონტი: ქვედაში იყო მიწური შენობის ნაშთები, სამეურნეო ორმოები. შავად გამომწვარი კერამიკა, ზედაში — ხის მორებით ნაგები, ორმხრივ შელესილი შენობები, მოწითალო ფერის კერამიკა, სარიტუალო დანიშნულების ნივთები, ანთროპომორფული ქანდაკებანი, ძვლისა და ლითონის ნივთები. გვიანდელ ანტიკურ-ადრინდელ ფეოდალური ხანის ფენაში გამოვლინდა დიდი ქვებით ნაგები და კრამიტით გადახურული შენობის, სამეურნეო სათავსისა და ქვევრებიანი მარნის საძირკვლის ნაშთები.

მასალა დაცულია დუშეთის მრეთმცოდნეობის მუზეუმში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, არქეოლოგიური კვლევის ცენტრში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი ნ., ერთი ფურცელი ისტორიულ-გეოგრაფიული დღიურიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, ტ. 1;
  • მუსხელიშვილი დ., ცქიტიშვილი გ., შიდა ქართლის 1955 წ. დაზვერვითი ექსპედიციის შედეგები, იქვე;
  • წითლანაძე ლ., მირცხულავა გ., გოჩიაშვილი მ., არქეოლოგიური კვლევა სოფ. მჭადიჯვარში, «ძეგლის მეგობარი», 1975, № 39;
  • Цитлинадяе Л., Менабде М. А., Исследование в ущелье р. Нареквани, კრ. Археологические открытия 1975 г., М., 1976;
  • წითლანაძე ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 268, თბ., 1984