მთავარი მენიუს გახსნა

მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა ეკლესია

მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა ეკლესიაარქიტექტურული და ისტორიული ძეგლი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ-დასავლეთით 14 კმ-ში მდებარე სოფელ მჭადიჯვრის ცენტრში. მისი სიმაღლეა 23 მ.

მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა ეკლესია
Mchadijvari Church.jpg
მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა ეკლესია (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°01′06″ ჩ. გ. 44°35′54″ ა. გ. / 42.01833° ჩ. გ. 44.59833° ა. გ. / 42.01833; 44.59833
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა მცხეთა-თბილისის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გუმბათოვანი
თარიღდება 1668
დეტალები
მასალა აგური

ისტორიარედაქტირება

ეკლესიაზე არის სამშენებლო წარწერა. წარწერის მიხედვით, ეკლესია 1668 წელს აუგია დომენტი კათოლიკოსს, ხოლო ციხე-გალავანი - კონსტანტინე მუხრანბატონს 1746 წელს.

ეკლესიის აგებიდან მოკლე ხანში, ქართლის ერთ-ერთი დარბევის დროს ლეკებმა სოფელი მჭადიჯვარი ააოხრეს, თუმცა ეკლესია დანგრევას გადაურჩა. 1746 წელს კონსტანტინე მუხრანბატონმა აღადგინა სოფელი და ააშენა მჭადიჯვრის ეკლესიის გარშემო ციხე-გალავანიც: „რათა კაცრიელ იქნას და ეშენონ კაცთა და მტერთა და მარბიელთაგან უვნებლად“.

ეკლესიას 2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

არქიტექტურული აღწერარედაქტირება

ეკლესიარედაქტირება

ეკლესია გუმბათოვანია (20.4X17X23 მ სიმაღლე იატაკიდან გუმბათის წვერომდე 23 მ), ნაშენია აგურით. ყველა საბჯენი თაღი, იმპოსტი, შესასვლელების ტიმპანები, სარკმლების თაღები და კონსოლები თლილი ქვისაა. ნაკერი აგურებს შორის პირამდე დუღაბითაა ამოვსებული, რის გამოც კედლებს გლუვი ზედაპირი აქვს. შესასვლელი სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა (ამოქოლილია). ეკლესიის შიდა სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის წინ ბემაა.

საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვანეა (ორივე აფსიდიანია, თითო სარკმლით). ორივე სათავსი თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება საკურთხეველსაც და სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავებსაც (ამჟამად მკლავებში გასასვლელები ამოქოლილია). სამკვეთლოსა და სადიაკვნის თავზე კამარით გადახურული, უაფსიდო და უსარკმლო თითო ოთახია, რომლებსაც შესაბამისი მკლავის მხარეს (დასავლეთით) თლილი ქვით გამოყვანილი თითო ორმაგი თაღი აქვს - თაღებს შორის სვეტით. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის შვერილებსა და ორ, თავისუფლად მდგომ, რვაწახნაგა ბოძს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ საფუძველზე გადასვლა აფრების მშვეობით ხდება. გუმბათის ყელში თორმეტი სარკმელია, ჯვრის მკლავებში - ათი, მ. შ. სამ-სამი დიდი სარკმელი ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავებშია. დასავლეთის მკლავის ღერძზე ერთი მაღალი და ვიწრო სარკმელია, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ მონაკვეთში, დაბლა თითო პატარა სარკმელი. აფსიდში ერთი დიდი სარკმელია, რომლის ქვემოთ, ერთ დონეზე, სამი ერთნაირი ისრულთაღიანი ნიშია.

ფასადები ძირითადად ყრუ თაღებითაა მორთული. აღმოსავლეთის ფასადის თაღებიდან სამი განიერი თაღი (შუა ძალიან მაღალი, განაპირები უფრო დაბალი) ძირითადად სიბრტყეებს შემოსაზღვრავს, ხოლო ორი, შედარებით ვიწრო - აფსიდის სარკმლის გვერდებზე არსებულ სამკუთხა ნიშებს. ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადები ერთმანეთის მსგავსია, თითეულ მათგანზე ექვსი ერთნაირი სიმაღლის თაღია, სამხრეთით, კარის ტიმპანზე, მხედრული სამშენებლო წარწერაა. დასავლეთის ფასადის ქვედა ნაწილში, ერთ დონეზე, განლაგებულია ხუთი უწყვეტი თაღი. შუა თაღის ზევით, სადა სიბრტყეზე, სარკმელია. შუა თაღის არეში, კარის ტიმპანზე, ასომთავრული მხედრული სამშენებლო წარწერაა.

თორმეტწახნაგა გუმბათი მაღალი და განიერია, შემკულია ლეკალური აგურით გამოყვანილი თაღედით. თაღების არე ჰორიზონტალური ლილვებითაა გამოყოფილი წახნაგების ქვედა არისაგან, რომელშიც სარკმლებია გაჭრილი. ფასადები დაგვირგვინებულია აგურის ლავგარდნით, რომლის პროფილს ჩვეულებრივად დაწყობილი აგურის სამი საფეხური შეადგენს. გუმბათის ლავგარდანი ქვისაა - საფეხუროვანი.

სამრეკლორედაქტირება

ეკლესიის დასავლეთ ფრონტონის კეხზე დგას XIX საუკუნის სამრეკლო - ოთხ კვადრატულ ბოძზე დაყრდნობილი თაღებით შექმნილი და ნახევარსფერული თუნუქის სახურავით დასრულებული ფანჩატური. ადრე ეკლესია გადახურული ყოფილა მოჭიქული (მომწვანო ლურჯი) კრამიტით. ამჟამად სახურავი თუნუქისაა.

ციხე-გალავანირედაქტირება

ციხე-გალავანი გეგმით ოთკუთხაა (49,5 X 34,4 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით (კონსტრუქციები, ქონგურები, სალოდეები). კუთხეებში ცილინდრული კოშკებია. გალავნის ძირითადი ნაწილი დანგრეულია, აღმოსავლეთიდან მიშენებულია საცხოვრებელი სახლები, გალავნის ქვედა ნაწილი ყრუკედლებიანი იყო, ხოლო ზედა ნაწილში სათოფურები და სალოდეები ჰქონდა დატანებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი (სიგრძე 1,2 მ) აგურითაა ამოყვანილი და გადახურულია სწორკუთხედში ჩასმული ისრული თაღით. კარის გვერდებზე პილასტრებია, რომლებიც მთელ სიმაღლეზე, აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი რომბებითაა დამუშავებული. კარის თავზე ჩადგმულ ორ ქვაზე მხედრული სამშენებლო წარწერაა, რომლის თანახმადაც, ეკლესიის აგებიდან მოკლე ხანში, ქართლის ერთ-ერთი დარბევის დროს ლეკებს სოფელი მჭადიჯვარიც აუოხრებიათ, მაგრამ ეკლესია დანგრევას გადაურჩა. 1746 წელს კონსტანტინე მუხრანბატონს აღუდგენია სოფელი და აუშენებია ციხე. „რათა კაცრიელ იქნას და ეშენონ კაცთა და მტერთა და მარბიელთაგან უვნებლად“. ციხე-გალავნის კოშკებიდან ყველაზე დიდია ჩრდილო-დასავლეთისა. იგი ეკლესიაზეა მიშენებული და მას მეორე სართულზე გაჭრილი კარით (ამოქოლილია) უკავშირდებოდა.

კოშკს ამავე სართულზე, აღმოსავლეთით მეორე კარიც აქვს. იგი გალავნის გარეთ გადის. ამ კარით მხოლოდ მშვიდობიან დროს სარგებლობდნენ. კოშკი ცილინდრულია, სამსართულიანი. პირველი სართული ყრუკედლებიანია, სამეურნეო დანიშნულებისა. მეორე სართულს გუმბათოვანი კამარა აქვს. მის კედლებში ბუხარი, სარკმლები, სათოფურები და სხვადასხვა ზომის ნიშებია. მესამე სართული მაღალკედლებიანი საბრძოლო ბანია, ბანზე ასასვლელი კიბე მეორე სართულის კედელშია ჩაყოლებული. საბრძოლო ბანი ფართობით ორჯერ აღემატება ქვედა სართულებს. აქ ექვსი სალოდე, ორი საზარბაზნე და ოცდახუთი სათოფურია. დანარჩენი სამი კოშკიც სამსართულიანია, შესასვლელი სამივეს პირველ სართულზე ჰქონდა, ეზოს მხარეს. მეორე სართულზე სათოფურები და სარკმლებია, მესამე სართული სათოფურებიანი და სალოდეებიანისაბრძოლო ბანია. სართულშია გადახურვა ყველგან ხისა ყოფილა.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, გვ. 279-281, თბ., 2008 წელი.
  • ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983
  • ზაქარაია პ., ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII საუკუნის ბოლომდე, თბ., 2002
  • ზაქარაია პ., ქსნის, მჭადიჯვრისა და მუხრანის ციხესიმაგრეები, „ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“, ტ. 18 B, 1952

სქოლიორედაქტირება