მონღოლეთის კულტურა

მონღოლეთის კულტურა მრავალფეროვანია და მრავალსაუკუნოვან პერიოდს მოიცავს. მათ შემქნეს სრულიად ორიგინალური და დამოუკიდებელი კულტურა, რომელიც სტეპების მცხოვრებთა ტრადიციებს ასახავს. აქაური კულტურა განიცდიდა ადგილობრივი მესაქომლე ტომების ცხოვრების გავლენას. XIII საუკუნიდან დაწყებული ის მჭიდროდ დაუკავშირდა ჩინურ და ტიბეტურ კულტურებს. მის საბოლოო ჩამოყალიბებაში დიდი გავლენა იქონია მონღოლების მიერ ბუდიზმის მიღებამ. მე-20 საუკუნეში მან განიცადა რუსული კულტურის ძლიერი გავლენა და მისი საშუალებით ასევე, ევროპული კულტურის გავლენა.

დღესასწაულები

რედაქტირება
 
ნაადამის დღესასწაული ულან-ბატორის სტადიონზე

ქვეყნის ძირითადი ფესტივალია ნაადამი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმართება. ნაადამი შედგება სამი ტრადიციული მონღოლური სპორტისაგან:მშვილოსნობის, ჯირითისა და ჭიდაობისაგან. ფესტივალი ტარდება 11-13 ივლისს, რითაც პატივს მიაგებენ ნაციონალურ დემოკრატიულ რევოლუციას.

განათლება

რედაქტირება

სოციალისტური რეჟიმის დროს მონღოლეთში განათლებას დიდი ყურადღება ექცეოდა.წერა-კითხვის უცოდინრობა ნაწილობრივ აღმოფხვრილ იქნა მომთაბარე ბავშვებისათვის სეზონური სკოლების გახსნით.თუმცა 1990 წელს სეზონურ სკოლებს დაფინანსება შეუწყდათ. დაწყებითი და საშუალო განათლება მონღოლეთში 10 წელს გრძელდებოდა, მოგვიანებით კი 11 წლამდე იქნა გაზრდილი.2008-2009 წლებში ოფიციალურად შემოღებულ იქნა 12 წლიანი სასწავლო წელი. სწავლება შეეხოთ პირველკლასელებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემური ცვლილების შედეგს მონღოლეთში 2019-2020 წლებში მიიღებენ.ქვეყნის ძირითადი სახელმწიფო უნივერსიტეტებია:მონღოლეთის ნაციონალური უნივერსიტეტი და მონღოლეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი. 1990-იანი წლების ლიბერალიზაციას მოჰყვა კერძო უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის ზრდა, თუმცა ხშირად მათ ექმნებათ პრობლემები უნივერსიტეტის სტატუსთან დაკავშირებით.

მონღოლური დამწერლობა

რედაქტირება
 
მონღოლური დამწერლობის ნიმუში

მე-13 საუკუნეში მონღოლებმა გადმოიღეს უიღურული დამწერლობა (წერენ ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ). მე-14 ს-ში ბუდისტური ტექსტების ზუსტად გადმოცემის მიზნით უიღურული დამწერლობა მონღოლებმა გადაახალისეს და ”გალიკი” უწოდეს. მე-17 საუკუნის შუა წლებში იორათმა მეცნიერმა ზაია-პანდიტამ რამდენადმე გადაასხვაფერა მონღოლური დამწერლობის ზოგიერთი სიმბოლო, დაუმატა დიაკრიტიკული ნიშნები და ჩამოაყალიბა ე.წ. ”ნათელი დამწერლობა” იორათული სალიტერატურო ენისათვის.


მონღოლური ენა

რედაქტირება

მონღოლური ენა განეკუთვნება მონღოლური ენების ჯგუფს.სალიტერატურო ენა ემყარება ხალხა დიალექტს. 1941 წლიდან დამწერლობას საფუძვლად უდევს რუსული გრაფიკა. მონღოლეთში დაცულია სინჰარმონიზმი. აქვს მოკლე და გრძელი ხმოვნები, დიფთონგები. გრძელი ხმოვნები ორთორგაფიულად გადმოიცემა ხმოვანთა ორმაგი დამწერლობით.

ლიტერატურა

რედაქტირება

მონღოლური ზეპირსიტყვიერება მრავალჟანროვანია. ფართოდაა ცნობილი ეპიკური თქმულებები: ”გესერიადა” , ”ჯანგარი” და სხვ. მონღოლეთის დამწერლობითი ლიტერატურის ეპიგრაფიკული ძეგლები მე-12-13 საუკუნეებით არის დათარიღებული. პირველი წერილობითი ძეგლი (არა უადრეს 1240 წლისა) ”საიდუმლო თქმულება” მხატვრული ხასიათისაა, გაბაასების ტიპის ხალხური სიმღერის ნიმუშია ”ოქროს ურდოს ხენაწერი თელის ხის ქერქზე” (მე-13-14 სს.). მე-13-14 საუკუნეების ლიტერატურა ფრაგმენტების სახით შევიდა ნე-17 საუკუნის მატიანეებში. მე-19 საუკუნის ლიტერატურისათვის დამახასიათებელია დემოკრატიული, ანტიფეოდალური ტენდენციები. (პოეტები ხუულჩ სანდაგი, დ.რავჟაა (1803-1856), გულრანსა (1820-1851) და სხვ.). რევოლუციის შემდგომი ლიტერატურა განიცდის აშკარა სოციალისტურ გავლენას. რაც ვლინდება რომანებში: ”წითელი დროშა”, ”ლენინი და სუხე-ბატორი”; აღსანიშნავია ც.გაიტავის პოემები ”ლენინი ჩვენთანაა”, ”კარლ მარქსი”, ”ფრიდრიხ ენგელსი”. ვითარდება ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრი. მთარგმნელობითი საქმიანობა მონღოლეთში ჩინგის ხანის ეპოქიდან დაიწყო. თარგმნილია ”ქილილა და დამანა”, ტიბეტურიდან შანდიდევას პოემა ”სიწმინდის გზა”, ტიბეტელი განდეგილი პოეტის მილარაიბას ”ასიათასი სიმღერა” და სხვ. საუკუნეების მანძილზე ითარგმნებოდა და გამოცემულია ენციკლოპედიები-”განჟური” (108 ტ., მე-17ს.) და ”დანჟური” - განჟურის კომენტარები (225 ტ., მე-18 ს). მე-18 საუკუნეში აქტიურად ითარგმნებოდა ჩინური რომანები და ნოველები, ხოლო 1921 წლიდან დაიწყო რუსული ლიტერატურის თარგმნა.

არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება

რედაქტირება
 
მონღოლი მამაკაცია ტრადიციული ჩასაცმელი
 
იურტა - მომთაბარე მონღოლების საცხოვრებელი სახლი

მონღოლეთის ტერიტორიაზე მოპოვებულია ბრინჯაოს ხანის ხელოვნების უძველესი ნიმუშები (ცხოველთა გამოსახულებანი კლდეებზე, სპილენძისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი), რკინის ხანიდან შემონახულია ცხოველთა სტილიზებული ფიგურები ძვ.წ. I საკუნის დასაწყისს მიეკუთვნება ჰუნების დიდებულთა ყორღანებში აღმოჩენილი ნივთები. ჰუნების ქალაქები წარმოადგენდა გეგმით თითქმის კვადრატულ დასახლებებს ხელოსანთა კვარტალებითა და მმართველთა სასახლეებით. თურქთა სახაკანოების ბატონობის ხანაში (მე-6-8 სს.) განვითარდა ხელოსნობა, მემორიალური ქანდაკება. უიღურთა სახაკანოს ხანიდან შემონახულია დედაქალაქ ორდუ-ბალიკის (მოგვიანებით ხარდა-ბალგასი) ნანგრევები. ქალაქ ბარსხოტის გათხრების დროს აღმოჩენილია ბუდისტური ტაძრის ნანგრევები. მონღოლეთის ფეოდალურ სახელმწიფოსა და მონღოლეთის იმპერიის აღმოცენების ხანას მიეკუთვნება ყარაყორუმში აღმოჩენილი უგედეის სასახლის ნაშთები. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მონღოლთა საცხოვრებელს წარმოადგენს ხის კარკასიანი თექის კარვები, შენდება ხის საკულტო ნაგებობანი, შერეული ტიპის ტაძრები. ფერწერა წარმოდგენილია ბუდისტური კომპოზიციებით. მე-19 საუკუნის ბოლოს შეიქმნა საერო ფერწერა. მე-17 საუკუნის შუა ხანებში განვითარდა ვერცხლისა და ბრინჯაოს ნივთების დამზადება.

მონღოლური მუსიკალური კულტურის უძველესი ტრადიციები ჩვენს დრომდე მოიტანეს ხალხურმა მთქმელებმა, მუსიკოს-შემსრულებლებმა. მონღოლური ხალხური სიმღერები ერთხმიანია, სრულდება ხალხური საკრავების ლიმბეს (ფლეიტის სახეობა), მორინჩხურის, ხუჩირის ( სიმებიან- ხემიანი), იიოჩინის (ციმბალის სახეობა) და სხვთა თანხლებით.

დრამატული თეატრი და კინო

რედაქტირება
 
ულან-ბატორის კინოთეატრი

უძველესი მონღოლური საწესჩვეულებო და რელიგიური თამაშობანი, აგრეთვე მისტერიული ”ცამი” შეიცავდა თეატრალური ხელოვნების ელემენტებს. შუა საუკენეებში სასახლის კარზე წელიწადში ერთხელ იმართებოდა საერო თეატრალური წარმოდგენა. ახალი წლის ღამეს თოჯინების თეატრები ქუჩაში მართავდნენ წარმოდგენებს. მე-19 საუკუნის 30-იან წლებში დაიდგა პირველი სახალხო წარმოდგენა ”მთვარის გუგული” 1935 წელს ულან-ბატორში შეიქმნა კინოსტუდია ”მონღოლკინო”, რომელიც თავდაპირველად უშვებდა დოკუმენტურ ფილმებს. 1937 წელს გადაიღეს პირველი მხატვრული ფილმი.

 
ქრისტიანული ტაძარი ულან-ბატორში.

მონღოლების უმეტესობა ბუდიზმის მიმდევარი იყო მანამ სანამ კომუნისტურმა პარტიამ არ წამოიწყო მკაცრი ანტი-რელიგიური კამპანია 1937-1939 წლებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბუდისტურმა რელიგიამ აღმავლობა განიცადა და 1990-იან წლებში მონღოლური ნაციონალიზმის ძირითად ძალად მოგვევლინა. მართალია, 1991 წელს ბუდიზმი კონსტიტუციურად არ აღიარეს როგორც სახელმწიფო რელიგია, ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ კუთხით დიდი გამოცოცხლება შეინიშნება.დღეისათვის მოსახლეობის 50% ბუდისტია. ქალაქების მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი თავს ულან-ბატორში იყრის. მოსახლეობი რიცხვი ბოლო ათწლეულების განმავლობაში სწრაფად იზრდება და მონღოლების 32,6% 15 წლამდე ასაკისაა. კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდგომ საგანმანათლებლო, სამედიცინო და სოციალური პროგრამები დიდ ცვლილებებს განიცდის.

მოსახლეობის 40% ათეისტია და არ გააჩნია რელიგია. 6%- შამანისტი და ქრისტიანია, ხოლო 4% მუსლიმი.

ტენგრიიზმი და შამანიზმი ფართოდ იყო გავრცელებული მონღოლურ ტომებში, ისევე როგორც მთელს აზიაში. თუმცა შამანიზმმა დიდი კვალი დატოვა მონღოლურ რელიგიურ კულტურაზე. კომუნისტური რეჟიმის დროს, სტალინის ბრძანებით 700-ზე მეტი მონასტერი გადაიწვა და მოკლულ იქნა ათასობით ბერი. რელიგიურმა რეპრესიებმა დიდი კვალი დაამჩნია ქვეყნის რელიგიურ განვითარებას.1990-იან წლებში როდესაც რელიგია უკვე აღარ იკრძალებოდა, ქვეყანაში გავრცელება დაიწყო მაჰმადიანობამ და ქრისტიანობამ.

ფოტო გალერეა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: