მშვილდოსნობა
მშვილდოსნობა — სასროლი სპორტის ერთ-ერთი უძველესი სახეობა, შეჯიბრება მსხვილი სამიზნეების (დიამეტრი 80–122 სმ) დაზიანებაში ოთხ დისტანციაზე (30-დან 90 მეტრამდე ვაჟებში და 30-დან 70 მეტრამდე ქალებში) სპეციალური მშვილ-ისრის გამოყენებით.
ისტორია
რედაქტირებამშვილდოსნობა, როგორც სპორტის სახეობა, ჩამოყალიბდა XV საუკუნის შვეიცარიაში. ფართოდ გავრცელდა XIX საუკუნის ბოლოს. შესული იყო ზაფხულის II (1900), III (1904), IV (1908) და VIII (1924) ოლიმპიურ თამაშებზე; 1912 და 1924–1968 წლებში ოლიმპიადის პროგრამიდან ამოიღეს, კვლავ შეიყვანეს 1972 წელს; 1984 წლამდე ტარდებოდა პირადი პირველობა ვაჟებსა და ქალებში, 1988 წელს დაემატა გუნდური პირველობა ვაჟებსა და ქალებში. 6-გზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ბელგიელი ჰუბერტ ვან ინისი (1900–1920). გუნდურ პირველობაში სამხრეთ კორეის მშვილდოსნებმა გუნდურ პირველობაში ქალებს შორის გაიმარჯვეს 9-ჯერ (1988–2020), ვაჟებს შორის — 6-ჯერ (1988, 2000–2008, 2016–2020). 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა ქართველი მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე (სსრკ-ის სახელით).[1]
მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (ფიტა, FITA) შეიქმნა 1931 წელს; აერთიანებს 168 ეროვნულ ფედერაციას (2023 წლის მდგომარეობით),[2] მათ შორის საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნულ ფედერაციას (1993 წლიდან).
1931 წლიდან ტარდება მსოფლიო ჩემპიონატები, 1968 წლიდან — ევროპის ჩემპიონატები. პირად პირველობაში 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა პოლონელი იუნინა კურკოვსკა-სპიხაიოვა (1933–1947). 2006 წლიდან იმართება მშვილდოსნობის მსოფლიო თასი — 4 ეტაპი 4 სხვადასხვა ქვეყანაში.[1]
საქართველო
რედაქტირებასაქართველოში მშვილდოსნობა ოდითგანვე იყო გავრცელებული, როგორც ნადირობისა და თავდაცვის საშუალება, როგორც სპორტის კლასიკური სახეობა დაინერგა XX საუკუნის 60-იანი წლებიდან. სსრკ ხალხთა V სპარტაკიადაზე (1971) საქართველოს ქალთა გუნდი III ადგილზე გამოვიდა; აბსოლუტურიას ჩემპიონი გახდა თბილისელი ლუბა ასატუროვა. ქეთევან ლოსაბერიძემ მოიგო სსრკ თასი (1972), იყო ევროპის (1972) და სსრკ (1973) აბსოლუტური ჩემპიონი, 1980 კი XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.[3]
წესები
რედაქტირებაარჩერი-ბიატლონი
რედაქტირება1990-იანი წლების დასაწყისიდან აქტიურად ვითარდება „არჩერი-ბიატლონი“ — თხილამურებით რბოლა მშვილდოსნობასთან ერთად (შეადარეთ ბიატლონი). 1998 წელს შედგა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 11 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. 2000 წელს ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირმა (IBU) და ფიტამ გადაწყვიტეს შეექმნათ გაერთიანებული კომიტეტი — IBU-FITA.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Стрельба из лука // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 311.
- ↑ Members en. World Archery. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2023
- ↑ გელაშვილი ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 247.