მებულულე

ძუძუმწოვართა გვარი კურდღლისნაირთა რიგის მებულულესებრთა ოჯახისა

მებულულე[1] (ლათ. Ochotona) — ძუძუმწოვართა გვარი კურდღლისნაირთა რიგისა. მებულულესებრთა ოჯახის ერთადერთი თანამედროვე გვარი. ცნობილია 30-მდე სახეობა.

მებულულე

დიდყურა მებულულე (Ochotona macrotis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ochotona (Link, 1795)

მათი სხეულის სიგრძეა 12–28 სმ, მასა 170–240 . გარეგნულად მემინდვრიებს წააგვანან; კიდურები მოკლეა, უკანები ოდნავ გრძელი, ტერფები მოკლე. პატარა კუდი შეუმჩნეველია. ყურები მცირე ზომის, მომრგვალებული. წინა კიდურებზე 5 თითია, უკანაზე — 4. ფეხისგულები დაფარულია თმით. ბეწვი ხშირი, საკმაოდ გრძელი და რბილია. ზურგი მოწითალო ან მურაა, მუცელი უფრო ღია. ზამთარში შეფერილობა ჩვეულებრივ ღიავდება, დაჰკრავს რუხი ელფერი. ახასიათებთ გრძელი ვიბრისები, რომლებიც ზოგიერთ სახეობას სხეულის მესამედზე უფრო გრძელი აქვს.

გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკის მთებში (ალასკის ცენტრალური ნაწილიდან კალიფორნიის ცენტრალურ რაიონებსა და ნიუ-მექსიკოს შტატამდე), სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ურალში, აზიაში ჩრდილოეთით არქტიკულ სანაპიროებამდე, აღმოსავლეთით ანადირის ყურემდე, კუნძულ ჰოკაიდოზე, კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილამდე, სამხრეთით — ჩრდილოეთ ირანის, ავღანეთის, პაკისტანის, ინდოეთის, მიანმარის მთებამდე, ცენტრალური ჩინეთის მთებამდე, ტიბეტში. უპირატესად ბინადრობენ ღია ლანდშაფტებში, თითქმის ზღვის დონიდან 4000 მეტრამდე ჩრდილოეთ ამერიკაში და 6000 მეტრამდე აზიაში.

აქტიურები არიან დღის ნათელ დროს. ცხოვრობენ ოჯახურ ჯგუფებად, ზოგიერთი სახეობა — მარტოდ. ახასიათებთ ბგერებით კომუნიკაცია — წრიპინი (წრუწუნის) მსგავსი გადაძახილები. მაღალმთიანი სახეობები თავშესაფარს პოვებენ ნაპრალებში, ვაკეებსა და მთისწინეთში. თხრიან რთულ სოროებს, სიღრმეში 50 სმ-მდე, რომლებსაც მრავალი გასასვლელი აქვთ. ძილს არ ეძლევიან. ზამთრისათვის მცენარეთა მწვანე ნაწილების სახით იმარაგებენ საკვებს. მთის სახეობათა წარმომადგენლები ბალახს ქვებს შორის არსებულ ნაპრალებში აშრობენ, სტეპის სახეობები კი ერთგვარ ბულულებად აწყობენ (აქედან სახელწოდება), რომელშიც შეიძლება 60 სახეობის მცენარე შედიოდეს.

არეალის ჩრდილოეთ ნაწილში წელიწადში შთამომავლობას ერთხელ იძლევიან, სამხრეთში — 2–3-ჯერ. მაკეობა 25–30 დღე გრძელდება, შობენ 2–6 ხშირი ბეწვით დაფარულ ნაშიერს. ბუნებრივ საზოგადოებაში ზოგჯერ საკვანძო სახეობების ფუნქციას ასრულებენ. მაღალი რიცხოვნობის შემთხვევაში შესაძლოა ზიანი მიაყენონ საძოვრებს; მონღოლური მებულულე (O. pallasi) ადამიანის ბუნებრივ-კეროვანი დაავადებების გამავრცელებელია. IUCN-ის წითელი ნუსხის მიხედვით სახეობათა უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება, 1 სახეობა (O. argentata) კრიტიკულ მდგომარეობაშია, 2 — საფრთხის ქვეშ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. pika — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.