მანასაროვარი, მაპამიუმ-ცო, მაპამ-იუმცო (ჩინ.: 玛旁雍錯) — მაღალმთიანი მტკნარწყლიანი ტბა სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში. გაწოლილია ტიბეტის მთიანეთზე, მთა კაილასის სიახლოვეს, მთათაშუა ხეობაში, რომელიც სამხრეთიდან შემოსაზღვრულია ჰიმალაით, ხოლო ჩრდილოეთიდან კაილასის ქედით.[1] მდებარეობს ზღვის დონიდან 4586 მ სიმაღლეზე.[2] ზედაპირის ფართობი 412 კმ², საშუალო სიღრმე 46 მ, მაქსიმალური სიღრმე 90 მ. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 23 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 25 კმ-ზე.[3]

მანასაროვარი
ტბა მანასაროვარი 2006 წელს
ტბა მანასაროვარი 2006 წელს
კოორდინატები: 30°40′ ჩ. გ. 81°28′ ა. გ. / 30.667° ჩ. გ. 81.467° ა. გ. / 30.667; 81.467
მდებარეობა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული ტიბეტის ავტონომიური რეგიონი
სიმაღლე ზღვის დონიდან 4586 
სიგრძე 23 კმ
სიგანე 25 კმ
ფართობი 412 კმ²
სანაპირო ზოლის სიგრძე 81 კმ
საშუალო სიღრმე 46 
მაქსიმალური სიღრმე 90 
მანასაროვარი — ჩინეთი
მანასაროვარი
მედიაფაილები ვიკისაწყობში

აქვს შედარებით მომრგვალო ფორმა. მანასაროვარი განგა-ჩუს 10 კილომეტრიანი ფშანით დაკავშირებულია ტბა ლანგა-ცოსთან. წყალუხვობისას, როდესაც მანასაროვარი ივსება ხდება მისი წყლების ჩადინება ლანგა-ცოში. ტიბეტელი ბუდისტებისთვის ეს დრო დიდი დღესასწაულია: წყლის ბალანსი დადებითი და უარყოფითი ენერგიის ჰარმონიის სიმბოლოა. დიდი ხნის განმავლობაში იყინება. დაბალი ტემპერატურის პირობებში ზაფხულშიც კი წარმოიქმნება ტბაზე ყინულის ქერქი.[3]

დამახასიათებელია მაღალმთიანი კლიმატი. ტბის რაიონი ვრცელდება სუბტროპიკული და სუბეკვატორული კლიმატის სარტყლების საზღვარზე. ნიშანდობლივია ტემპერატურის მკვეთრი დღე-ღამური რყევები. დღისით, მზეზე წყალი თბება +4°С-მდე. ჰაერის საშუალო ტემპერატურა იანვარში –14,2°С, ხოლო ივნისში 3,5°С. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა დაახლოებით 400 მმ შეადგენს. ნალექების 87 % ივნისში და სექტემბერშია.[3] ტბის სიახლოვეს ცხელი წყაროებია.[1]

წყალი ძალიან სუფთაა და გამჭვირვალე, ხილვადობა ათეულობით მ-ს შეადგენს. ფსკერი ქვიანია, ქვები წვრილია და ბასრი. მანასაროვარის სიახლოვესაა სატლეჯის, ინდის, გჰაგჰრისა და ბრაჰმაპუტრის სათავეები.[3]

ტიბეტური ლეგენდების თანახმად, მანასაროვარი კარიბჭეა ფიზიკურ სამყაროსა და საიქაო სამყაროს შორის. რელიგიური მომლოცველობის ადგილია. ინდუიზმსა და ბუდიზმში მისი მნიშვნელობა დიდია. წარსულში ტბის სიახლოვეს აღმართული იყო 8 მონასტერი. შემორჩენილია ჩერკიპის, იერნგოსა და ბიონრის მონასტრების ნანგრევები. ტრუგოს, სერალუნგის, გოსულის, ჩიუ-გუმპისა და ლანგბონის მონასტრები აღდგენილია 1980-იან წლებში.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება