ლანგა-ცო, ლანგაკი, რაკასი, რაკშასტალი (ჩინ.: 拉昂错) — მარილიანი ტბა ჩინეთში, ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში. გაწოლილია მანასაროვარის ტბის დასავლეთითა და კაილასის მთის სამხრეთით, ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მთის ხეობაში,[1] ზღვის დონიდან 4572 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 258 კმ².[2] სიგრძე 28 კმ, სიგანე 18 კმ. ლანგა-ცო განგა-ჩუს 10 კილომეტრიანი ფშანით დაკავშირებულია ტბა მანასაროვართან. ტბაში ოთხი კუნძულია: ტოპსერმა, დოლა, ლაჩატო და დოშარბა.[3] ადგილობრივი ხალხი ამ კუნძულებს თავიანთი იაკებისთვის იყენებს ზამთრის საძოვრებად. ლანგა-ცოს ჩრდილო-დასავლეთ კიდიდან გამოედინება მდინარე ინდის მარცხენა შენაკადი მდინარე სატლეჯი.[4][5]

ლანგა-ცო
ტბა ლანგა-ცო
ტბა ლანგა-ცო
კოორდინატები: 30°42′ ჩ. გ. 81°14′ ა. გ. / 30.700° ჩ. გ. 81.233° ა. გ. / 30.700; 81.233
მდებარეობა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული ტიბეტის ავტონომიური რეგიონი
სიმაღლე ზღვის დონიდან 4572 
სიგრძე 28,6 კმ
სიგანე 18,9 კმ
ფართობი 258 კმ²
ლანგა-ცო — ჩინეთი
ლანგა-ცო
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ტბის სახელწოდება სანსკრიტზე სიტყვასიტყვით ნიშნავს „დემონის ტბას“. აგრეთვე ცნობილია „რავანა-ტალის“ სახელწოდებით. ინდუისტურ მითოლოგიაში მიჩნეულია, რომ ტბა რავანას მიერაა შექმნილი. ტბაში მდებარეობდა სპეციალური კუნძული, რომელზედაც იგი ყოველდღე შივას მსხვერპლად წირავდა საკუთარი თავიდან ერთ-ერთს. მეათე დღეს, შივამ რავანა დააჯილდოვა ზებუნებრივი ძალებით.

ლანგა-ცო განიხილება როგორც ღმერთების მიერ შექმნილი ტბის — მანასაროვარის საპირისპირო. მანასაროვარს აქვს მომრგვალო ფორმა, მაშინ როდესაც ლანგა-ცოს მოგრძო ნახევარმთვარის მოყვანილობა, რაც შესაბამისად, სინათლისა და წყვდიადის სიმბოლოა. გარდა ამისა, მანასაროვარში წყალი სუფთა და მტკნარია, ხოლო ლანგა-ცოში მარილიანი, მასში არ ხარობს წყალმცენარეები და თევზები. ადგილობრივებს იგი შხამიან ტბად მიაჩნიათ.[6]