ლუდვიგ ფონ მიზესი
ლუდვიგ ჰაინრიხ ედლერ ფონ მიზესი (გერმ. Ludwig Heinrich Edler von Mises; დ. 29 სექტემბერი, 1881, ლემბერგი — გ. 10 ოქტომბერი, 1973, ნიუ-იორკი) — ავსტრიელი ეკონომისტი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, ლოგიკოსი და სოციოლოგი. მიზესი კლასიკური ლიბერალიზმის საზოგადოებისთვის სარგებლიანობის შესახებ წერდა და კითხულობდა ლექციებს. ის ყველაზე მეტად ცნობილია პრაქსეოლოგიის შესწავლით, რომელიც არის მეცნიერება ადამიანის არჩევანისა და ქმედების შესახებ. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ეკონომიკის ავსტრიული სკოლის განვითარებაში. ფრიდრიხ ჰაიეკთან ერთად ლიბერტარიანიზმის ფილოსოფიის დამაარსებლად ითვლება.
მიზესი 1940 წელს ავსტრიიდან შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად.[4] მე-20 საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული ლიბერტარიანული მოძრაობები განიცდიან მიზესის შრომების დიდ გავლენას. მიზესის მოსწავლე, ფრიდრიხ ჰაიეკი, თვლიდა მას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პიროვნებად მე-20 საუკუნის ომის შემდგომ პერიოდში კლასიკური ლიბერალიზმის აღორძინებაში. ჰაიეკის ნაშრომი „თავისუფლების იდეალთა გადაცემა“ (1951) პატივს მიაგებს მიზესის გავლენას მეოცე საუკუნის ლიბერტარიანულ მოძრაობაზე.[5]
მიზესის პირადი სასემინარო ჯგუფი შედგებოდა მნიშვნელოვანი ეკონომისტებისგან.[6] კურსდამთავრებულთა შორის იყვნენ ჰაიეკი და ოსკარ მორგენშტერნი, მათი დიდი ნაწილი ემიგრირდა შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. მიზესს ავსტრიაში დაახლოებით 70 ახლო მოსწავლე ჰყავდა.[7] შეერთებულ შტატებში დაარსდა ლუდვიგ ფონ მიზესის სახელობის ინსტიტუტი მისი სწავლების გასაგრძელებლად.
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებალუდვიგ ფონ მიზესის მშობლები ებრაელები იყვნენ, ის დაიბადა ავსტრია-უნგრეთში, გალიციის რეგიონის ქალაქ ლემბერგში (დღეს ქალაქი ლვოვი, უკრაინა). მამამისი, ართურ ედლერ ფონ მიზესი, მე-19 საუკუნეში ავსტრიელი წარჩინებული გახდა (ედლერი ნიშნავდა წარჩინებულ ოჯახს, რომელსაც მიწა არ ჰქონდა), ისინი ჩართულები იყვნენ რკინიგზის დაფინანსებასა და შენებაში. დედამისი, ადელი (ლანდაუ), იყო იოაკიმ ლანდაუს ძმისწული, რომელიც ლიბერალური პარტიის წარმომადგენელი იყო ავსტრიის პარლამენტში.[8]:3–9 ართურ ფონ მიზესი მუშაობდა ლემბერგში ჩერნოვიცის სარკინიგზო კომპანიის ინჟენერ-მშენებლად.
12 წლის ასაკში მიზესი ფლობდა გერმანულს, პოლონურსა და ფრანგულს, კითხულობდა ლათინურად და ესმოდა უკრაინული ენა.[9] მას ჰყავდა უმცროსი ძმა, რიხარდ ფონ მიზესი, რომელიც გახდა მათემატიკოსი, ვენის წრის წევრი და ალბათობის თეორეტიკოსი.[10] როცა ლუდვიგი და რიხარდი ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, ოჯახი საცხოვრებლად ვენაში, საგვარეულო სახლში დაბრუნდა.
1900 წლიდან მიზესი ვენის უნივერსიტეტში სწავლობდა,[11] სადაც მასზე გავლენა იქონია კარლ მენგერის ნაშრომებმა. მიზესის მამა გარდაიცვალა 1903 წელს. სამი წლის შემდეგ, 1906 წელს, მიზესმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სამართლის სკოლაში.[12]
ცხოვრება ევროპაში
რედაქტირება1904-1914 წლებში მიზესი ესწრებოდა ავსტრიელი ეკონომისტის, ბომ-ბავერკის ლექციებს.[13] 1906 წლის თებერვალში ხარისხის (სამართლის დოქტორი) მიღების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო ავსტრიის ფინანსურ ადმინისტრაციაში სამოქალაქო მოხელედ.
რამდენიმე თვის შემდეგ მან ეს თანამდებობა დატოვა ვენის იურიდიულ კომპანიაში სტაჟირებისთვის. ამ დროის განმავლობაში დაიწყო ლექციების კითხვა ეკონომიკის შესახებ და 1909 წლის დასაწყისში ვენის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შეუერთდა. პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში მიზესი მსახურობდა ფრონტის ოფიცრად ავტრია-უნგრეთში და ეკონომიკის საკითხებში მრჩევლად სამხედრო დეპარტამენტში. 1913–1934 წლებში იგი ასწავლიდა ვენის უნივერსიტეტში.
მიზესი იყო მთავარი ეკონომისტი ავსტრიის სავაჭრო პალატაში და ენგელბერტ დოლფუსის, ავსტრიის კანცლერის, ეკონომიკური მრჩეველი, რომელიც იყო ავსტროფაშისტი, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა ნაციზმს.[14] შემდეგ ის იყო ოტო ფონ ჰაბსბურგის ეკონომიკური მრჩეველიც, რომელიც ქრისტიან-დემოკრატი პოლიტიკოსი და ავსტრიის ტახტის მემკვიდრე იყო (ეს უკანასკნელი 1918 წელს გაუქმდა).[15] 1934 წელს მიზესი ავსტრიიდან გაემგზავრა შვეიცარიაში, ჟენევაში, სადაც ის იყო ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პროფესორი 1940 წლამდე.
შვეიცარიაში ყოფნისას მიზესი დაქორწინდა მარგიტ ჰერცფელდ სერენიზე, რომელიც ყოფილი მსახიობი და ფერდინანდ სერენის ქვრივი იყო. მარგიტი გიტა სერენის დედაა.
მოღვაწეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში
რედაქტირებაგარე ვიდეოფაილები | |
---|---|
ბეტინა გრივსი ლუდვიგ ფონ მიზესის ცხოვრების შესახებ (1994) |
1940 წელს მიზესი და მისი ცოლი გაექცნენ გერმანიის ექსპანსიას ევროპაში და ემიგრირდნენ ქალაქ ნიუ-იორკში.[8]:xi შეერთებულ შტატებში ის ჩავიდა როკფელერის ფონდის გრანტის საშუალებით. კლასიკური ლიბერალიზმის ბევრი სხვა სწავლულის მსგავსად მან ვილიამ ვოლკერის ფონდისგან მიიღო დახმარება ამერიკულ უნივერსიტეტებში სამუშაოს მოსაპოვებლად.[16] მიზესი იყო ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი 1945 წლიდან 1969 წელს პენსიაზე გასვლამდე, ამის მიუხედავად, მას უნივერსიტეტისგან არ მიუღია ანაზღაურება.[12] ბიზნესმენმა და ლიბერტარიანელმა, ლოურენს ფერტიგმა, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო, დააფინანსა მიზესი და მისი შრომები.[17][18]
ამ პერიოდის განმავლობაში მიზესი ასევე სწავლობდა ვალუტის საკითხებს პანევროპული მოძრაობისთვის, რომელსაც წინ უძღვოდა რიხარდ ფორ კუდენჰოვე-კალერგი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრი და ავსტრიელი დევნილი.[19] 1947 წელს მიზესი მონტ პელერინის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი გახდა.
1962 წელს ვაშინგტონში მყოფ ავსტრიის საელჩოში პოლიტიკური ეკონომიკის შესწავლისთვის მიზესმა მიიღო ავსტრიის საპატიო ნიშანი „მეცნიერებისა და ხელოვნებისთვის“.[20] [8]:1034
მიზესმა სწავლებას თავი დაანება 87 წლის ასაკში[21] და გარდაიცვალა ნიუ-იორკში 92 წლის. ის დაკრძალულია ფერნკლიფის სასაფლაოზე ჰარტსდეილში, ნიუ-იორკში. გროუვის საქალაქო კოლეჯი ინახავს მიზესის ნაწერებისა და გამოუქვეყნებელი ნაშრომების ოც ათას გვერდს.[22] ანდერძის შესაბამისად, მისი პირადი ბიბლიოთეკა გადაეცა ჰილსდეილის კოლეჯს.[23][24]
ერთი დრო მიზესი აქებდა აინ რენდის ნაშრომებს და ეს უკანასკნელიც უმეტესად ეთანხმებოდა მის ნააზრევს, მაგრამ ამ ორს ცვალებადი ურთიერთობა ჰქონდა ბევრი მნიშვნელოვანი უთანხმოებით, მაგალითად, კაპიტალიზმის მორალური საფუძვლის შესახებ.[25]
წვლილი ეკონომიკაში
რედაქტირებამიზესი ხშირად წერდა და კითხულობდა ლექციებს კლასიკური ლიბერალიზმის შესახებ.[26] საკუთარ მაგნუმ ოპუსში, „ადამიანთა ქცევაში“, მიზესმა პრაქსეოლოგია მიიღო სოციალური მეცნიერებების ზოგად კონცეპტუალურ საფუძვლად და გადმოსცა ეკონომიკის მიმართ საკუთარი მეთოდოლოგიური მიდგომა.
მიზესი მხარს უჭერდა ეკონომიკურ ლიბერალიზმს[27] და იყო ანტი-იმპერიალისტი.[28] პირველ მსოფლიო ომს უწოდებდა გადამწყვეტ მოვლენას კაცობრიობის ისტორიაში და წერდა: „ომი უფრო შიშისმომგვრელი და გამანადგურებელი გახდა ახლა, ვიდრე ოდესმე ყოფილა აქამდე, რადგან ის იყენებს ყველა იმ მაღლგანვითარებულ ტექნოლოგიას, რომელიც თავისუფალმა ბაზარმა შექმნა. ბურჟუაზიულმა ცივილიზაციამ დოვლათის შესაქმნელად ააშენა რკინიგზები და ელექტროსადგურები, გამოიგონა ფეთქებადი საშუალებები და თვითმფრინავები. იმპერიალიზმმა მშვიდობის იარაღები ჩააყენა ომის სამსახურში. თანამედროვე საშუალებებით მარტივი იქნებოდა კაცობრიობის ერთი აფეთქებით განადგურება.“[29]
1920 წელს ერთ-ერთი სტატიის საშუალებით მიზესმა მსოფლიოს გააცნო ეკონომიკური კალკულაციის პრობლემა სოციალიზმის იმ ფორმების კრიტიკად, რომლებიც დაფუძნებულები იყვნენ დაგეგმილ ეკონომიკასა და საფასო მექანიზმის უარყოფაზე.[30] პირველ სტატიაში, სათაურით „ეკონომიკური კალკულაცია სოციალისტურ თანამეგობრობაში“, მიზესმა აღწერა ფასის დადგენის მექანიზმი კაპიტალიზმში და ის, თუ როგორ იქცევა ამ დროს ინდივიდუალური ფასეულობები ობიექტურ ინფორმაციად, რომელიც საჭიროა რესურსების რაციონალური გადანაწილებისთვის საზოგადოებაში.[30] მიზესი ამტკიცებდა, რომ ფასის დადგენის მექანიზმები სოციალიზმში აუცილებლად დეფექტურია, რადგან როცა საჯარო პირი ფლობს წარმოების ყველა საშუალებას, შეუძლებელია დადგინდეს საქონლის რაციონალური ფასები იმის გამო, რომ საბოლოო საქონლისგან განსხვავებით, ეს იქნებოდა შიდა ტრანსფერის შედეგი და არა ობიექტების გაცვლისა. აქედან გამომდინარე, საქონელი დარჩებოდა შეუფასებელი და სისტემა აუცილებლობით ირაციონალური იქნებოდა იმიტომ, რომ დამგეგმავებს ვერ ეცოდინებოდათ, თუ როგორ უნდა გაენაწილებინათ რესურსები ეფექტიანად.[30] ის წერდა: „რაციონალური ეკონომიკური ქმედება შეუძლებელია სოციალისტურ თანამეგობრობაში“.[30] მიზესმა სოციალიზმის კრიტიკა უფრო სრულად ჩამოაყალიბა 1922 წლის წიგნში „სოციალიზმი: ეკონომიკური და სოციოლოგიური ანალიზი“, აქ ის ამტკიცებდა, რომ საბაზრო ფასწარმოქმნის მექანიზმი არის პრაქსეოლოგიის გამოხატულება და არ შეიძლება იყოს ჩანაცვლებული ბიუროკრატიის რომელიმე ფორმით.
ევროპაში მიზესის მეგობრებსა და სტუდენტებს შორის იყვნენ ვილჰელმ რიოპკე და ალფრედ მიულერ-არმაკი (გერმანიის კანცლერის, ლუდვიგ ერჰარდის, მრჩევლები), ჟაკ რიუეფი (შარლ დე გოლის მრჩეველი მონეტარული პოლიტიკის საკითხებში), გოტფრიდ ჰაბერლერი (შემდგომში ჰარვარდის პროფესორი), ლაიონელ რობინსი (ლონდონის ეკონომიკის სკოლა), იტალიის პრეზიდენტი ლუიჯი ეინაუდი და ლეონიდ ჰურვიჩი, რომელმაც 2007 წელს მოიპოვა ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში.[31] ეკონომისტმა და პოლიტიკის თეორეტიკოსმა, ფრიდრიხ ჰაიეკმა მაშინ გაიცნო მიზესი, როცა ავსტრიის სამთავრობო ოფისში მის დაქვემდებარებაში მუშაობდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი ვალის საკითხზე. 1956 წელს მიზესის მიმართ მიძღვნილ სადღეგრძელოში ჰაიეკმა თქვა: „ის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და გათვითცნობიერებული ადამიანია მათ შორის, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი“.[15]:219–20 ვენაში მიზესის სემინარები ხელს უწყობდა აქტიურ დისკუსიებს ავტორიტეტულ ეკონომისტებს შორის. ამ შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ეკონომისტები, რომლებიც მოგზაურობდნენ ვენის გავლით.
ნიუ იორკის უნივერსიტეტში ჩატარებულ სემინარებსა და საკუთარ ბინაში გამართულ არაფორმალურ შეკრებებზე მიზესი იზიდავდა მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც სმენიათ ევროპაში მის მიერ მოპოვებული რეპუტაციის შესახებ. ისინი უსმენდნენ მის დეტალურად მომზადებულ ლექციებს, რომლებისთვისაც წინასწარ ჰქონდა ხოლმე გაკეთებული ჩანაწერები.[32][33] მათ შორის, ვინც ნიუ იორკში ორი ათწლეულის განმავლობაში დასწრებია მის არაფორმალურ სემინარებს, იყვნენ ისრაელ კირცნერი, ჰანს ზენჰოლცი, რალფ რაიკო, ლეონარდ ლიჯიო, ჯორჯ რაისმანი და მიურეი როთბარდი.[34] მიზესის მოღვაწეობამ ასევე გავლენა მოახდინა სხვა ამერიკელებზეც, მათ შორის მერჯამინ ანდერსონზე, ლეონარდ რიდზე, ჰენრი ჰეცლიტზე, მაქს ისტმანზე, სამართლის მკვლევარ სილვესტერ პეტროსა და მწერალ აინ რენდზე.
კრიტიკა
რედაქტირებამიზესის ნააზრევის განხილვა
რედაქტირებაეკონომიკური ისტორიის სპეციალისტი, ბრიუს ქალდუელი წერდა, რომ მეოცე საუკუნის შუაში პოზიტივიზმისა და კეინზიანიზმის აღზევების ხანაში მიზესს მიიჩნევდნენ „არქეტიპულ არამეცნიერულ ეკონომისტად“.[35] მისი 1957 წლის წიგნის, „ანტი-კაპიტალისტური მენტალობის“, შესახებ სტატიაში The Economist მიზესის შესახებ წერდა: „პროფესორ მიზესს დიდებული ანალიტიკური გონება და თავისუფლებისკენ აღტაცების ღირსი ლტოლვა აქვს, მაგრამ ადამიანის ბუნების კვლევაში ის ნულზე ნაკლებია, ხოლო მოდებატე ჰაიდ-პარკის სტანდარტისაა“.[36] კონსერვატორმა კრიტიკოსმა, უითთეიკერ ჩემბერსმა, ასევე უარყოფითი შეფასება მისცა მის წიგნს National Review-ში, ის აცხადებდა, რომ მიზესის თეზისი ანტი-კაპიტალისტური სენტიმენტის ფესვების „შურში“ არსებობის შესახებ განასახიერებდა „არაფრისმცოდნე კონსერვატიზმს“ „უკიდურესად უცოდინარ“ მდგომარეობაში.[37]
მკვლევარი სკოტ შილი ეკონომისტ ტერენს ჰატჩინსონს უწოდებდა „მიზესის აპრიორიზმის ყველაზე ჯიუტ კრიტიკოსს“,[38]:233 დაწყებული ჰატჩინსონის 1938 წლის წიგნით „ეკონომიკური თეორიის მნიშვნელობა და ძირითადი პოსტულატები“ და გაგრძელებული მისი შემდგომი პუბლიკაციებით, რომელთა შორისაცაა 1981 წლის წიგნი „ეკონომიკის პოლიტიკა და ფილოსოფია: მარქსისტები, კეინზიანელები და ავსტრიელები“. შილი აღნიშნავდა, რომ ფრიდრიხ ჰაიეკი მიზესის გარდაცვალების შემდეგ თავადაც გამოთქვამდა უთანხმოებას მიზესის აპრიორიზმთან, მაგალითად, 1978 წლის ინტერვიუში მან განაცხადა: „ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო ... მიზესის არგუმენტში არსებული თითქმის მეთვრამეტე საუკუნის დონის რაციონალიზმი“.[38]:233–234
1978 წელს ჰაიეკმა მიზესის წიგნის, „სოციალიზმის“, შესახებ თქვა:
თავიდან ყოველი ჩვენგანი გრძნობდა, რომ ის საშინლად აზვიადებდა და შეურაცხმყოფელიც კი იყო ტონით. იცით, მან ტკივილი მიაყენა ჩვენს ყოველ ღრმა გრძნობას, მაგრამ თანდათან მან ჩვენი გულები მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის წინ უნდა მივმხვდარიყავი, საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ ის ჩვეულებრივ მართალი იყო ხოლმე საკუთარ დასკვნებში, მაგრამ მისი არგუმენტები სრულად ვერ მაკმაყოფილებდა.[39]
ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი მიზესის აზროვნებას შეუდრეკლად მიიჩნევდა:
საუკეთესოდ მახსოვს ამბავი, რომელიც მონტ პელერინის შეკრებაზე მოხდა, ის ადგა და თქვა: „თქვენ ყველანი სოციალისტები ხართ“. ჩვენ განვიხილავდით შემოსავლის განაწილებას და იმას, უნდა გვქონდეს თუ არა პროგრესული გადასახადი შემოსავალზე. ზოგიერთი იქ მყოფთაგანი გამოთქვამდა აზრს, რომ შეიძლება არსებობდეს ამის გამართლება. კიდევ ერთი შემთხვევა იყო ამდენადვე მეტყველი: ფრიც მახლუპი მიზესის სტუდენტი იყო, მისი ერთგული მოსწავლეებიდან ერთ-ერთი. მონტ პელერინის ერთ-ერთ შეხვედრაზე მან საუბრისას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ოქროს სტანდარტი; საბოლოოდ, მან მხარი დაუჭირა მცურავ გაცვლით კურსს. მიზესი იმდენად გაბრაზდა, რომ სამი წლის განმავლობაში არ ესაუბრებოდა მას. საბოლოოდ, ვიღაცას მოუწია მათი შეკრება და შერიგება. რთული გასაგებია; შეიძლება მას ცოტა მაინც გავუგოთ, თუ გავითვალისწინებთ როგორ დევნიდნენ მიზესისნაირ ადამიანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში.[40]
ეკონომისტი მიურეი როთბარდი, რომელიც მიზესის მოსწავლე იყო, ადასტურებდა მის უკომპრომისობას, მაგრამ არ ეთანხმება ცნობებს მისი სიუხეშის შესახებ. მისი თქმით, მიზესი იყო „დაუჯერებლად საყვარელი, მუდამ ეძებდა საკვლევ პროექტებს სტუდენტებისთვის, შეუცდმოლად სამართლიანი იყო და არასდროს ყოფილა უხეში“ მისი დროის ეკონომიკური ისტაბლიშმენტის მიერ მისი დისკრიმინაციის შესახებ.[41]
მიზესის გარდაცვალების შემდეგ მარგიტმა ბენჯამინ ანდერსონის შესახებ მის მიერ დაწერილი ნაწყვეტის ციტირება მოახდინა. მარგიტმა თქვა, რომ ეს მონაკვეთი საუკეთესოდ აღწერდა მისივე ხასიათს:
მისი ყველაზე გამორჩეული თვისებები იყო შეუდრეკელი პატიოსნება და მოურიდებელი გულწრფელობა. ის არასდროს ორჭოფობდა. ის ყოველთვის თავისუფლად გამოთქვამდა იმას, რაც სწორად მიაჩნდა. ის მზად რომ ყოფილიყო ოდესმე შეერბილებინა პოპულარული, მაგრამ, ამავე დროს, უპასუხისმგებლო პოლიტიკის კრიტიკა, მას შესთავაზებდნენ ყველაზე გავლენიან პიზიციებსა და კაბინეტებს. მაგრამ ის არასდროს მიდიოდა კომპრომისზე.[42]
ფაშიზმის განხილვა
რედაქტირებამარქსისტები, ჰერბერტ მარკიუზი და პერი ანდერსონი, გერმანელ ავტორ კლაუს-დიტერ კრონთან ერთად აკრიტიკებდნენ მიზესს იტალიური ფაშიზმის შესახებ დადებითად წერისთვის, ყველაზე მეტად ამის საფუძველს მათ აძლევდა პოზიცია, რომელიც მან გამოთქვა 1927 წლის „ლიბერალიზმში“ მემარცხენე ჯგუფების ფაშისტების მიერ შევიწროების შესახებ.[43] 2009 წელს ეკონომისტმა ჯ. ბრედფორდ დელონგმა და სოციოლოგმა რიჩარდ სეიმურმა გაიმეორეს ეს კრიტიკა.[44]
1927 წლის „ლიბერალიზმში“ მიზესი წერდა:[45]
შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ფაშიზმი და მისი მსგავსი მოძრაობები დიქტატურის დაწესებისას საუკეთესო განზრახვებით არიან სავსენი და ამჟამად მათმა ჩარევამ გადაარჩინა ევროპული ცივილიზაცია. ღირსება, რომელიც ამით ფაშიზმმა მოიპოვა, სამყუდამოდ დარჩება ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ მისმა პოლიტიკამ ხსნა მოიტანა, ფაშიზმი ვერ იქნება განგრძნობადი წარმატების გარანტორი. ფაშიზმი დროებითი აუცილებლობა იყო. მისი უფრო მეტად შეფასება საბედისწერო შეცდომა იქნებოდა.
მიზესის ბიოგრაფი იორგ გუიდო ჰულსმანი ამბობს, რომ მიზესის ფაშიზმის მხარდამჭერად გამომცხადებელი კრიტიკოსები „აბსურდულნი“ არიან, რადგან, მისივე შენიშვნის თანახმად, სრული ციტატა ფაშიზმიდან მომდინარე საშიშროებას უსვამს ხაზს. ბიოგრაფის თანახმად, მიზესი მიიჩნევდა, რომ „საბედისწერო შეცდომა“ იქნებოდა ფაშიზმის „დროებით აუცილებლობაზე“ მეტად შეფასება, რომელიც დადგა კომუნიზმისა და სოციალიზმისგან მომდინარე საფრთხის გამო, ამის ილუსტრაცია კი რუსი ბოლშევიკები იყვნენ.[8]:560
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებაწიგნები
- The Theory of Money and Credit (1912, enlarged US edition 1953)
- Full text available დაარქივებული 2014-12-16 საიტზე Wayback Machine. .
- Nation, State, and Economy (1919)
- "Economic Calculation in the Socialist Commonwealth" (1920) (article)
- Socialism: An Economic and Sociological Analysis (1922, 1932, 1951)
- Liberalismus (1927, 1962)
- Translated into English with the new title, The Free and Prosperous Commonwealth
- A Critique of Interventionism (1929) Full text available online.[46]
- Epistemological Problems of Economics (1933, 1960)
- Epistemological Problems of Economics დაარქივებული 2014-11-13 საიტზე Wayback Machine.
- Memoirs (1940)
- Interventionism: An Economic Analysis (1941, 1998)
- Omnipotent Government: The Rise of Total State and Total War (1944)
- Bureaucracy (1944, 1962)
- Planned Chaos (1947, added to 1951 edition of Socialism)
- Human Action: A Treatise on Economics (1949, 1963, 1966, 1996)
- Planning for Freedom (1952, enlarged editions in 1962, 1974, and 1980)
- The Anti-Capitalistic Mentality (1956)
- Full text available დაარქივებული 2014-12-16 საიტზე Wayback Machine. at the Ludwig von Mises Institute.
- Theory and History: An Interpretation of Social and Economic Evolution (1957)
- Full text available.
- Full audiobook available დაარქივებული 2020-10-30 საიტზე Wayback Machine. .
- The Ultimate Foundation of Economic Science (1962)
- The Historical Setting of the Austrian School of Economics (1969)
- Notes and Recollections (1978)
- The Clash of Group Interests and Other Essays[მკვდარი ბმული] (1978)
- On the Manipulation of Money and Credit (1978)
- The Causes of the Economic Crisis, reissue
- Economic Policy: Thoughts for Today and Tomorrow (1979, lectures given in 1959)
- Money, Method, and the Market Process (1990)
- Economic Freedom and Interventionism (1990)
- The Free Market and Its Enemies (2004, lectures given in 1951)
- Marxism Unmasked: From Delusion to Destruction (2006, lectures given in 1952)
- Ludwig von Mises on Money and Inflation (2010, lectures given in the 1960s)
წიგნების განხილვა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლუდვიგ ფონ მიზესი დაარქივებული 2013-05-30 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ Mises: The Last Knight of Liberalism | Mises Institute — 2007. — P. 677.
- ↑ Profiles: Ludwig von Mises (28 July 2014).
- ↑ Hayek, Friedrich A. (2012). „The Transmission of the Ideals of Economic Freedom“. Econ Journal Watch. 9 (2): 163–69.
- ↑ Mises, Ludwig von (2013). Notes and Recollections. http://lf-oll.s3.amazonaws.com/titles/2603/Mises_Recollections_LFeBK.pdf:+ Liberty Fund, გვ. 69. ISBN 978-0-86597-853-9.
- ↑ Beller, Steven (1989). Vienna and the Jews, 1867–1938: A Cultural History. Cambridge University Press.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 Hülsmann, Jörg Guido (2007). [https://archive.org/details/bub_gb_it9c6z4bw_8C Mises: The Last Knight of Liberalism]. Ludwig von Mises Institute. ISBN 978-1-933550-18-3.
- ↑ Erik Ritter von Kuehnelt-Leddihn, "The Cultural Background of Ludwig von Mises", The Ludwig von Mises Institute, p. 1
- ↑ „Richard von Mises“. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 8 August 2013.
- ↑ Von Mises, Ludwig; Goddard, Arthur (1979) Liberalism: A Socio-Economic Exposition, 2. ISBN 978-0-8362-5106-7.
- ↑ 12.0 12.1 Biography of Ludwig von Mises (1881–1973) ('Chronology'). Mises.org. ციტირების თარიღი: 21 July 2013.
- ↑ Mises, Ludwig von, The Historical Setting of the Austrian School of Economics, Arlington House, 1969, reprinted by the Ludwig von Mises Institute, 1984, p. 10, Rothbard, Murray, The Essential Ludwig von Mises, 2nd printing, Ludwig von Mises Institute, 1983, p. 30.
- ↑ The Free Market: Meaning of the Mises Papers, The. Mises.org. ციტირების თარიღი: 2009-11-26.
- ↑ 15.0 15.1 Mises, Margit von My Years with Ludwig von Mises, Arlington House Publishers, 1976; 2nd enlarged ed., Cedar Falls, IA: Center for Futures Education, 1984. ISBN 978-0915513000. OCLC 11668538
- ↑ Kitch, Edmund W. (April 1983). „The Fire of Truth: A Remembrance of Law and Economics at Chicago, 1932–1970“. Journal of Law and Economics. 26 (1): 163–234. doi:10.1086/467030. ISSN 0022-2186. S2CID 153525815.
- ↑ Moss, Laurence S. "Introduction". The Economics of Ludwig von Mises: Toward a Critical Reappraisal. Sheed and Ward, 1976.
- ↑ North, Gary. "Mises on Money". LewRockwell.com. 21 January 2002 [1]
- ↑ Coudenhove-Kalergi, Richard Nikolaus, Graf von (1953). An idea conquers the world. London: Hutchinson, გვ. 247.
- ↑ Kurien Society of Science and Art website დაარქივებული 2020-10-30 საიტზე Wayback Machine. , Listing of recipients of the Austrian Decoration for Science and Art; Google Translated page, accessed June 5, 2013.
- ↑ Rothbard, Murray, Ludwig von Mises: Scholar, Creator, Hero, the Ludwig von Mises Institute, 1988, p. 61.
- ↑ Austrian Student Scholars Conference Announcement დაარქივებული 2013-08-02 საიტზე Wayback Machine. , Grove City College website, 2013, accessed June 8, 2013.
- ↑ About – Collections – Mossey Library. ციტირების თარიღი: 2016-07-26
- ↑ http://www.iea.org.uk/sites/default/files/publications/files/upldbook514pdf.pdf
- ↑ Jennifer Burns (2009). Goddess of the Market: Ayn Rand and the American Right. Oxford University Press, გვ. 106, 141. ISBN 978-0199740895.
- ↑ For example, Murray Rothbard, a leading Austrian school economist, has written that, by the 1920s, "Mises was clearly the outstanding bearer of the great Austrian tradition." Ludwig von Mises: Scholar, Creator, Hero, the Ludwig von Mises Institute, 1988, p. 25.
- ↑ Why Intervention Persists (2005-03-16).
- ↑ The Anti-Imperialism of Mises (2013-06-24).
- ↑ Ludwig von Mises on World War I | Ludwig von Mises (2017-04-06).
- ↑ 30.0 30.1 30.2 30.3 Von Mises, Ludwig (1990). Economic calculation in the Socialist Commonwealth. Ludwig von Mises Institute. ციტირების თარიღი: 2008-09-08. დაარქივებული 2014-12-16 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Rothbard, Murray, Ludwig von Mises: Scholar, Creator, Hero, the Ludwig von Mises Institute, 1988, p. 67.
- ↑ Vaughn, Karen I (1998). Austrian Economics in America. Cambridge University Press. ISBN 978-0521637657. pp. 66–67.
- ↑ Reisman, George, Capitalism: a Treatise on Economics, "Introduction," Jameson Books, 1996; and Mises, Margit von, My Years with Ludwig von Mises, 2nd enlarged edit., Center for Future Education, 1984, pp. 136–37.
- ↑ On Mises's influence, see Rothbard, Murray, The Essential Ludwig von Mises, 2nd printing, the Ludwig von Mises Institute, 1983; on Eastman's conversion "from Marx to Mises," see Diggins, John P., Up From Communism Harper & Row, 1975, pp. 201–33; on Mises's students and seminar attendees, see Mises, Margit von, My Years with Ludwig von Mises, Arlington House, 1976, 2nd enlarged edit., Center for Future Education, 1984.
- ↑ Caldwell, Bruce (2004). Hayek's Challenge. The University of Chicago Press, გვ. 125–26. ISBN 978-0-226-09191-4.
- ↑ "Liberalism in Caricature", The Economist
- ↑ Quoted in Sam Tanenhaus, Whittaker Chambers: A Biography, (Random House, New York, 1997), p. 500. ISBN 978-0-375-75145-5.
- ↑ 38.0 38.1 Scheall, Scott (July 2017). „What is extreme about Mises's extreme apriorism?“. Journal of Economic Methodology. 24 (3): 226–249. doi:10.1080/1350178X.2017.1356439. S2CID 151703666.
- ↑ UCLA Oral History (Interview with Friedrich Hayek), American Libraries/Internet Archive, 1978. Retrieved on 4 April 2009 (Blog.Mises.org დაარქივებული 2009-06-27 საიტზე Wayback Machine. ), source with quotes
- ↑ „Best of Both Worlds (Interview with Milton Friedman)“. Reason. June 1995.
- ↑ Murray Rothbard, "The Future of Austrian Economics" YouTube-ზე, 1990 talk at Mises University at Stanford, at MisesMedia Youtube channel.
- ↑ Kirzner, Israel M. (2001). Ludwig von Mises: The Man and his Economics. Wilmington, DE: ISI Books, გვ. 31. ISBN 978-1882926688. OCLC 47734733.
- ↑ Ralph Raico, "Mises on Fascism, Democracy, and Other Questions, Journal of Libertarian Studies (1996) 12:1 pp. 1–27
- ↑ Richard Seymour, [The Meaning of Cameron], (Zero Books, John Hunt, London, 2010), p. 32, ISBN 1846944562
- ↑ Ludwig von Mises, "Liberalism" დაარქივებული 2014-10-31 საიტზე Wayback Machine. , Chapter 10, The Argument of Fascism, 1927.
- ↑ “...we must greet enthusiastically the recent publishing of six essays written by Ludwig von Mises in the 1920s. Arlington House Publishers and translator Professor Hans Sennholz are to be congratulated for making these essays available to a whole new generation of economists and policymakers who could still profit, apparently, from their insightful analysis.”
Armentano, D. “Review of A Critique of Interventionism, by Ludwig von Mises”. Reason, May 1978