ლაზიის თემი
ლაზიის თემი (ბერძ. θέμα Μεγάλης Λαζίας) — ტრაპიზონის იმპერიის (1204–1461) უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქი. მდებარეობდა დღევანდელი თურქეთის რიზესა და ართვინის პროვინციაში, ისტორიული ჭანეთის ტერიტორიაზე.
ისტორია
რედაქტირებათემის შექმნა 1204 წელს ქართველთა ქალდიაში ლაშქრობას უკვაშირდება, რის შედეგადაც შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ტრაპიზონის იმპერია ჩამოყალიბდა, რომელიც ძირითადად ქართველური ტომებით იყო დასახლებული.[1] იმავე იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში, ავნტომოიური ლაზიის თემი შეიქმნა.[2] ბიზანტიელი ავტორები, გიორგი პაქიმერე, და გარკვეულწილად ტრაპიზონელები: ლაზაროპულოსი და ბესარიონი ტრაპიზონის იმპერიას მოიხსენიებდნენ არც მეტი, არც ნაკლები როგორც ლაზური საზღვრების მქონე სახელმწიფოს.[3] მიუხედავად იმისა, რომ ტრაპიზონის იმპერიის მმართველი ელიტა ბერძნულ კულტურას მიეკუთვნებოდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ლაზურენოვანი იყო.[4] ლაზური გვარები ჰელენიზებულ ფორმეით შესამჩნევია ტრაპიზონის იმპერიის შუასაუკუნოვან ჩანაწერებში და სავარაუდოდ იმპერიაში არსებული ანტაგონიზმიც, რომელიც „ცენტრსა“ და „პროვინციას“ შორის არსებობდა, შესაძლოა ლაზებსა და ბერძნებს შორის არსებულ ნაციონალურ ანტაგონიზმზე მეტყველებდეს.
მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც საქართველოს პოლიტიკური მთლიანობა დაირღვა და სახელმწიფო ორ სამეფოდ გაიყო, ქართული გავლენა ტრაპიზონის იმპერიაში კლებას იწყებს და ტრაპიზონის მმართველი წრეების ცალკე ჯგუფებში თავს იჩენს პრო-ბიზანტიური ტენდენციები. ამას შედეგად მოჰყვა ბრძოლა პოლიტიკური ჰეგემონიისათვის ტრაპიზონის სამეფოში ქართულ და ბიზანტიურ პარტიებს შორის, რაც წლები გაგრძელდა. 1281 წელს ტრაპიზონში მოხდა გადატრიალება, ორგანიზებული ქართული პარტიის მიერ. მეფე იოანე II, რომელიც სიძე გახდა ბიზანტიელ პალეოლოგთა სამეფო სახლისა, მეფობიდან გადააყენეს და დაატყვევეს კიდეც. შემდეგ იგი თუმცა განათავისუფლეს პატიმრობიდან, მაგრამ ტრაპიზონში დარჩენის ნება აღარ მისცეს და გადაყენებული მეფე გაემგზავრა კონსტანტინეპოლში. 1284 წელს, იოანეს ტრაპიზონში არყოფნის პერიოდში, მისმა ნათესავმა, იმერეთის მეფე დავით VI ნარინმა სცადა აღედგინა ქართული გავლენა იმპერიაში და ალყა შემოარტყა ტრაპიზონს. ალყის წარუმატებლობის შემდეგ ქართველთა არმიამ დაიკავა იმპერიის რამდენიმე პროვინცია, მათ შორის ისტორიული ჭანეთი (ლაზია) და იოანეს დას თეოდორას, მანუელ I-ისა და მისი მეორე ცოლის რუსუდის შვილს, დაეხმარა ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში, თუმცა მალევე 1285 წელს იოანე II დაბრუნდა იმპერიაში და ხელისუფლება დაიბრუნა, ხოლო დედოფალმა თეოდორამ საქართველოს შეაფარა თავი.
დაპირისპირება ქართულ და პრო-ბიზანტიურ ფრაქციებს შორის არ შეჩერებულა, XIV საუკუნეში ის უკვე ტრაპიზონის სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ადგილობრივი ლაზი მოსახლეობა გაუთავებელ სისხლისღვრაში ძლიერ დაზარალდა. ლაზმა არისტოკრატიამ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაცავად ანა კომნენოს მიმართა. ოპოზიციამ შეძლო დაერწმუნებინა ის, რომ თავი დაეღწია სამონასტრო სამოსს და გაქცეულიყო ლაზიაში, სადაც ის იმპერატორად აკურთხეს. ახალმა დედოფალმა კონტროლი მთელ ლაზიის რეგიონზე დაამყარა. ლაზი და ჭანი ხალხისთვის ის, როგორც ალექსი II-ის უფროსი ქალიშვილი ტრაპიზონის საიმპერიო ტახტზე ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე გახდა. 1341 წლის 17 ივლისს, ლაზი მეომრებისა და საქართველოს მონარქის გიორგი V-ის (1314-1346) მეშვეობით, დედოფალმა ანამ ტრიუმფით აიღო ტრაპიზონი, სადაც ის იმპერატორად აკურთხეს. იმპერატორი ანას მეშვეობით ლაზები დაწინაურდნენ და უკვე იმპერიის მმართველობაშიც იღებდნენ მონაწილეობას.[5]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Rezension von: Hovann H. Simonian: The Hemshin: history, society and identity in the highlands of Northeast Turkey, London, Routledge, 2007
- Thys-Şenocak, Lucienne. Ottoman Women Builders. Aldershot, England: Ashgate, 2006.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mikaberidze, A. (2015). Historical dictionary of Georgia. 2nd ed. Lanham, MD, United States: ROWMAN & LITTLEFIELD, p.634.
- ↑ Thys-Şenocak, Lucienne. Ottoman Women Builders. Aldershot, England: Ashgate, 2006.
- ↑ Bryer 1967, 179.
- ↑ Encyclopedia of World Cultures, Laz
- ↑ Finlay, George. The History Of Greece From Its Conquest By The Crusaders To Its Conquest By The Turks And Of The Empire Of Trebizond, 1204-1461, By George Finlay. 1st ed. Edinburgh: W. Blackwood and sons, 1851. Print.