ბასილ ბესარიონი

ბიზანტიელი თეოლოგი და განმანათლებელი
(გადამისამართდა გვერდიდან ბასილიოს ბესარიონი)

ბასილ ბესარიონი[] (ბერძ. Βασίλειος Βησσαρίων; ლათ. Basilius Bessario), ასევე ბესარიონ ნიკეელი[1] (დ. 2 იანვარი, 1403, ტრაპიზონი — გ. 18 ნოემბერი, 1472, რავენა) — XV საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ბერძენი (ბიზანტიელი) საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, ღვთისმეტყველი, ჰუმანისტი. ნეოპლატონიზმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.

ბასილ ბესარიონი
Basilius Bessario
კონსტანტინოპოლის ლათინთა პატრიარქი
27 აპრილი, 1463 — 18 ნოემბერი, 1472
ეკლესია: რომის კათოლიკური ეკლესია
წინამორბედი: ისიდორე
მემკვიდრე: პიეტრო რიარიო
კარდინალთა კოლეგიის დეკანი
27 აპრილი 1463 — 18 ნოემბერი, 1472
ეკლესია: რომის კათოლიკური ეკლესია
წინამორბედი: ისიდორე
მემკვიდრე: გიიომ ესტუტევილი
ნიკეის მიტროპოლიტი
11 ნოემბერი, 1437 — 18 დეკემბერი, 1439
ეკლესია: კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი: გიორგი III
მემკვიდრე: ნეოფიტე
 
დაბადების სახელი: Βασίλειος Βησσαρίων
დაბადება: 2 იანვარი, 1403
ტრაპიზონი
გარდაცვალება: 18 ნოემბერი, 1472 (69 წლის)
რავენა
დაკრძალულია: სანტი აპოსტილი, რომი
ბერად აღკვეცა: 1427
კარდინალი: 18 დეკემბერი, 1439

ნიკეის მიტროპოლიტი (1437–1439) და კონსტანტინოპოლის ლათინთა ტიტულარ-პატრიარქი (1463–1472). მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების გაერთიანების (1439) მხარდამჭერი. როგორც კათოლიკე კარდინალი (1439 წლიდან) ორჯერ იქნა წარდგენილი პაპობის კანდიდატურაზე.[2] კარგმა კლასიკურმა განათლებამ საშუალება მისცა, დიდი გავლენა მოეპოვებინა ჰუმანისტურ წრეებში. მისი დამსახურებაა ძველბერძნული კულტურისა და ენის მიმართ დასავლეთ ევროპელების დაინტერესება. რომში დააარსა აკადემია, რომელიც პლატონის მემკვიდრეობის შესწავლას მიუძღვნა.

კარდინალი ბესარიონი (1403-1472, ‘Illustrious Men’[3]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული პერიოდი

რედაქტირება

ბესარიონი დაიბადა ტრაპიზონში. დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია და ის 1389, 1395 და 1403 წლებს შორის მერყეობს.

ბესარიონმა ადრეული განათლება კონსტანტინოპოლში მიიღო. 1423 წელს გაემგზავრა პელეპონესში, რათა გემისტუს პლეთოსთან შეესწავლა ნეოპლატონიზმი. პლეთოსთან „გაიარა ლიბერალ არტის სასწავლო გეგმა...., განსაკუთრებულად მათემატიკის განხრით... ასევე ასტრონომია და გეოგრაფია“, რომელიც კავშირშია „ფიზიკის ფილოსოფიასთან... კოსმოლოგია და ასტროლოგიასთან“, პლეთოს „მათემატიკა მოიცავდა პითაგორულ რიცხვით-მისტიციზმს, პლეთოს კოსმოლოგიური გეომეტრიას და ნეოპლატონური არითმეტიკას, რომელიც აკავშირებდა მატერიალურ სამყაროს პლატონის ფორმების სამყაროსთან. სავარაუდოდ ის ასევე მოიცავდა ასტროლოგიას...“.[4] ვუდჰაუსი ასევე აღნიშნავს რომ ბესარიონი „კარგად ერკვეოდა ნეოპლატონისტურ ტერმინოლოგიაში... მათემატიკაში... და პლატონურ თეოლოგიაში“.[4]

ბესარიონს ნეოპლატონიზმი მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში თან ყვებოდა, მაშინაც კი, როდესაც ის კათოლიკე კარდინალი გახდა. ის კარგად ერკვეოდა ნეოპლატონისტურ ტერმინოლოგიაში, რასაც ხშირად იყენებდა მის წერილებში პლეთოს ორ ვაჟთან, დემეტრიოსსა და ანდრონიკოსთან, მას შემდეგ, რაც 1452 წელს, მისი საყვარელი მასწავლებლი გარდაიცვალა.[5] ალბათ ყველაზე აღსანიშნავი რამ მის ცხოვრებაში იყო ის, რომ ნეოპლატონისტს ცოტა ხნით მაინც შეეძლო ეთამაშა ასეთი მნიშვნელოვანი როლი კათოლიკურ ეკლესიაში, რადგანაც მალევე, ბესარიონის გარდაცვალების შემდეგ, მისი ხედვების გამო, ის კათოლიკე აკადემოკოსების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.

საეკლესიო საქმიანობა ბიზანტიაში

რედაქტირება
 
Epistolae et orationes, 1471

ბერად აღკვეცის შემდეგ ძველეგვიპტური ანახორეტის ბესარიონის სახელი მიიღო, რომლის ისტორიასთანაც ის თავს აკავშირებდა. 1436 წელს კონსტანტინოპოლის მონასტერის წინამძღვარი გახდა და 1437 წელს ბიზანტინის იმპერატორის, იოანე VIII პალეოლოგოსის მიერ ნიკეის მიტროპოლიტად დაინიშნა, ამ უკანასკნელსვე ის იტალიაში გაყვა, რათა მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების გაერთიანებისთვის შეეწყო ხელი. ეს ეკლესიები 1054 წელს დიდი სქიზმის შედეგად გაიყო და მათი გაერთიანებით იმპერატორი იმედოვნებდა, რომ თურქების წინააღმდეგ დასავლეთ ევროპელებისგან დახმარებას მიიღებდა. ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებაზე (1438–1439) ბესარიონი ბიზანტიურ დელეგაციაში მონაწილეობდა, როგორც უნიატების ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი, თუმცა თავიდავნე ის ანტი-უნიატურ პოზიციას იკავებდა.

ფერერა-ფლორენციის კრება

რედაქტირება

კრებაზე საეკლესიო საკითხების შესაჯერებლად შეიქმნა საღვთისმეტყველო კომისია, რომლის შემადგენლობაში ბესარიონის გარდა, ასევე შედიოდა ეფესოს მიტროპოლიტი მარკოზ ევგენიკოსი, ქარტოფილაქსი ბალსამონი, გიორგი სქოლარიოსი, კიევის მიტროპოლიტი ისიდორე, ორი იღუმენი და ერთი ბერმონაზონი. როგორც პროტოკოლიდან ჩანს, ძირითადად ყველა დისკუსიას წარმართავდნენ მარკოზ ეფესელი და ბესარიონ ნიკეელი.[6]

ბესარიონი დიდხანს იცავდა მართლმადიდებლურ მრწამსს. თუმცა კათოლიკების გავლენის შედეგად დასავლურ ლიტერატურის გაცნობამ, ასევე კათოლიციზმისადმი მიდრეკილი ბერძნების რაოდენობის ზრდამ, რომლებიც კრებაზე მზად არ აღმოჩდნენ საკუთარი რწმენის დასაცავად, მისმა პირადმა განხეთქილებამ მარკო ეფესელთან, მოსალოდნელი თურქული საფრთხისგან ბიზანტიის გადარჩენის სურვილმა თუ უნიისადმი გაწეული პირადი სარგებლის მოლოდინისგან გამოიწვა ის, რომ ბესარიონი კათოლიკეთა წინაშე დათმობებზე წავიდა.

ცვლილებები მის პოზიციაზე განსაკუთრებით აისახა 1439 წლის ფლორენციის კრებაზე, სადაც მართლმადიდებელი ბერძნები „ლათინთა“ მიმართ ყველა რელიგიურ საკითხზე უკიდურეს დათმობებზე წავიდნენ. 1439 წლის 6 ივლისს, ბესარიონმა ფლორენციის კათედრალში პაპი ევგენი IV-ის და იმპერატორი იოანე VIII პალეოლოგოსის თანდასწრებით ბერძნული ეკლესიების ასოციაციის დეკლარაცია წაიკითხა, რის შედეგადაც ეკლესიებს შორის შედგა ცნობილი, რეალურად კი ფიქტიური უნია. ყოველივე ამ ფაქტორის გათვალისწინებით სამშობლოში მას „საკუთარი რწმენის მოღალატე“ უწოდეს.[7]

ზოგიერთ მკლევარს ეჭვი ეპარება ბესარიონის გულწრფელობაში ეკლესიათა გაერთიანების საკითხზე. ვარაუდობენ, რომ ეს იყო პრაგმატული და პატრიოტული სვლა, რომელიც ბიზანტიის იმპერიას თურქულ საფრთხეს აარიდებდა თავს. თუმცა ჯოზეფ გილს ეჭვი არ ეპარება ბესარიონის გულწრფელობასა და მის მიერ, კრებაზე განხილულ საკითხებზე, კათოლიკური ეკლესიის პოზიციების ჭეშმარიტების გაზიარებაში და მოჰყავს ციტატა ბესარიონის „Oratio Dogmatica“-დან:

 
„მაგრამ თუკი ჩვენ შევამჩნევდით შეცდომას ლათინთა მოძღვრებაში ან (ჭეშმარიტების) დამახინჯებას მათ რწმენაში, ასეთ შემთხვევაში მათ შორის არც მე მოგიწოდებდით მათთან გაერთიანებას და შეთანხმების მიღებას, რადგან სხეულის ავადმყოფობის შიშით თქვენ არჩიოთ ამ სამყაროსეული და არა სულიერი ღირებულებები, სხეულის თავისუფლება სულის სასიკეთოდ, მაგრამ მე თავად გადავიტანდი ყველაფერს უარესს და გამოვააშკარავებდი მას იქამდე, სანამ მოგიწოდებდით მათთან უნიას და გირჩევდით ამგვარ ქმედებას.[8]

ცხოვრება იტალიაში

რედაქტირება

ფერერა-ფლორენციის კრებაზე მან პაპი ევგენი IV-ის კეთილგანწყობა მოიპოვა, რომელმაც 1439 წლის 18 დეკემბერს ბესარიონი კარდინალის რანგამდე დააწინაურა.

შემდეგი წლები ბესარიონი მუდმივად იტალიაში მოღვაწეობდა და გარდა რელიგიური-პოლიტიკური საქმიანობისა ის საზღვარგარეთ ახალი სწავლების გავრცელებას შეუდგა. მისი პალაზო (სასახლე) რომში აკადემიად გადაიქცა. აკადემია გახდა ცენტრი ახალი ჰუმანისტური იდეებისთვის და მრავალი ბერძენი თუ უცხოელი სწავლულისთვის, მათ შორის ბიზანტიიდან დევნილი ბერძნებისთვის. სწორედ ამიტომ ის ისტორიაში ცნობილი გახდა, როგორც ბერძენი დევნილების (მეცნიერების და დიპლომატების) მფარველი, მათ შორის იყვნენ თეოდორე ღაზა (1398–1475), გიორგი ტრაპიზუნტელი (1395–1486), იოანე არგიროპულოსი (1415–1487) და სხვა. ბესარიონი ფართოდ იყო ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში, რამაც მაშინდელი ჰუმანისტების ყურადღება მიიპყრო. ბესარიონმა მის ირგვლივ შემოიკრიბა ბევრი გადამწერი, კლასიკური ენების მასწავლებელი, ძველ ხელნაწერთა და წიგნთა შემგროვებლები, მწერლები, ფილოლოგები: პოგგიო ბრაკლიოლინი (1380–1459), ჯოვანი აურისპა (1376–1459), ლორენცო ვალა (1407–1457), ფლავიო ბიონდო (1392–1463) და სხვა. ის მხარს უჭერდა რეგიომონტანს (1436–1476) და იცავდა ნიკოლა კუზანელს (1401–1464).

ხუთი წლის განმავლბოაში (1450–1455) ის იყო პაპის ლეგატი ბოლონიაში და ელჩის სახით აქტიურად მონაწილეობდა უცხოელ მეფე-მთავრებთან მოლაპარაკებაში, მათ შორის 1471 წელს შეხვდა საფრანგეთის მეფე ლუი XI-ს. სხვა მისიებიდან, აღსანიშნავია მისი ვიზიტი გერმანიაში, სადაც ის დასავლელ მთავრებს აღმოსავლეთ საქრისტიანოს დასახმარებლად იხმობდა და 1459 წელს თურქების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის განახლებას მოითხოვდა. პაპებისა და კარდინალების ამ მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. ევროპელი მთავრები შეურიგდნენ ბიზანტიის დაცემას (1453). სწორედ მის მიერ განხორციელებული რთული მოგზაურობები მაშინდელი ევროპის ქვეყნებში გახდა მისი ჯანმრთელობის შერყევის და მოგვიანებით სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც. მსგავსი თავდადებისთვის ენეას სილვიუს პიკოლომინიმ, შემდეგ ცნობილი როგორც პაპი პიუს II-მ, 1463 წელს ბესარიონს წმინდად ცერემონიალური ხასიათის ტიტული კონსტანტინოპოლის ლათინთა პატრიარქობა უბოძა.

როგორც „primus Cardinalium[] (სიტყვ. „პირველი კარდინალი“ 1463 წლის აპრილიდან) ბესარიონი ესწრებოდა 1464[9] წლის და 1471[10] წლის პაპის კონკლავს.

გარდაიცვალა 1472 წლის 19 ნოემბერს რავენაში. დაკრძალულია რომში სანტი აპოსტილის ბაზილიკაში.

ნაშრომებია

რედაქტირება

ბესარიონი იყო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე განსწავლული მეცნიერი, რომლის შრომამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვეებზე. გარდა მისი თარგმნებისა არისტოტელესმეტაფიზიკა“ და ქსენოფონტეს „მემორაბილია“, სხვა მისი ნაშრომებია Oratio dogmatica, Responsio ad Ephesii capita, Apologia inscriptionum Vecci, Epistola ad Alexium Lascari Philanthropinum, Encyclica ad Graecos, In calumniatorem Platonis, De natura et arte, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი „Calumniatorem Platonis“ (სიტყვ. „პლატონის ცილისმწამებლების წინააღმდეგ“) ითვლება, რომელიც არის ტრაქტატი გიორგი ტრაპიზუნტელისადმი, ეს უკანასკნელი იყო მტკიცე არისტოტელელი და ჰქონდა შედგენილი პოლემიკური ნაშრომი პლატონის წინააღმდეგ. ბესარიონი საკუთარ ნაშრომში ეკამათება მათ ვინც არისტოტელეს ფილოსოფიის ზედმეტად ქრისტიანიზირებულ ინტერპრეტაციას იძლევიან. ბესარიონი თვლის, რომ არც ერთი მათგანი, არც არისტოტელე და არც პლატონი არაა სრულ თანხმობაში ქრისტიანულ მოძღვრებასთან. ისინი ხშირად არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და იქ, სადაც არისტოტელე თანხმობაშია ქრისტიანობასთან, ასევეა პლატონიც.[11] ბესარიონის პლატონისტობის მიუხედავად ის იმდენად არ აღფრთოვანდებოდა პლატონით, რამდენადაც მისი მასწავლებელი გემისტუს პლეთო და ნაცვლად ამისა ცდილობდა შეერიგებინა ეს ორი ფილოსოფია. მისმა ნაშრომებმა პლატონიზმი ღია გახადა რელიგიური საკითხებისადმი, რამაც ხელი შეუწყო თეოლოგიაში სპეკულაციური აზროვნების განვითარებას.

მისი ბიბლიოთეკა, რომელიც უამრავ ბერძნულ ხელნაწერს შეიცავდა, 1468 წელს წარმოდგენილი იყო ვენეციის რესპუბლიკის სენატში და ანდერძის თანახმად გადაეცა ვენეციას იმ პირობით, რომ ის ხელმისაწვდომი იქნებოდა ყველასთვის. ბიბლიოთეკა, რომელმაც საფუძველი დაუდო წმინდა მარკოს ბიბლიოთეკის დაარსებას დღევანდელ დღემდე შეადგენს მის უმნიშნელოვანეს ნაწილს. ის შედგება 482 ბერძნული და 264 ლათინური ხელნაწერისგან.[12] მისი დამსახურებით ფსევდო-აპოლოდორუსის „ბიბლიოთეკა“, ბერძნული მითოლოგიის მნიშვნელოვანი კრებული, შემორჩენილია დღევანდელ დღემდე.

ბესარიონის ნაშრომები ძირითადად წარმოდგენილია მინი, „Patrologia Graeca“, ტ. 161-ში.

შენიშვნები

რედაქტირება
  1. კონსტანტინოპოლის პატრიარქის გრიგორი III-ის მცდარი ინტერპრეტაციების შედეგად მას შეცდომით ასევე მოიხსენიებდნენ, როგორც იოანე ბესარიონი ან გიოვანი ბესარიონე.
  2. ტიტული „კარდინალთა კოლეგიის დეკანი“ ჯერ არ გამოიყენებოდა.
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 340.
  2. George Gemistos Plethon, the Last of the Hellenes,, by CM Woodhouse, Clarendon Press, Oxford, 1986, pp32-33
  3. Site officiel du musée du Louvre.
  4. 4.0 4.1 C.M. Woodhouse, George Gemistos Plethon, the Last of the Hellenes,(Oxford: Clarendon Press, 1986), p. 33
  5. Woodhouse, George Gemistos Plethon, p. 13
  6. „ფერარა–ფლორენციის საეკლესიო კრება და საქართველო“, დეკანოზი იაკობ (ბექა) უშიკიშვილი, 2016 წ. თბილისი
  7. wikisource:ru:ЭСБЕ/Виссарион Никейский
  8. Joseph Gill, "The Sincerity of Bessarion the Unionist," Journal of Theological Studies n.s. 26 (1975), p. 387
  9. J. P. Adams, Sede Vacante of 1464. Retrieved: 2016-04-06.
  10. J. P. Adams, Sede Vacante 1471. Retrieved: 2016-04-06.
  11. რენესანსი და ქრისტიანობა დაარქივებული 2020-02-21 საიტზე Wayback Machine. , წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი, 02.10.2014
  12. Emblem of Cardinal Bessarion დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.

ლიტერატურა

რედაქტირება

გარე ბმულები

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: