ლაზების ელინიზაცია

ლაზი ხალხის ელინიზაცია — სხვადასხვა ფაქტორების შედეგად, ლაზი ხალხის კულტურული ასიმილაცია და ინტეგრაცია ბერძნულ სოციუმში.

ბერძნული კულტურის, რელიგიის და ასევე ბერძნული ენის გავრცელებას ელინიზაცია ეწოდება.

წინაპირობა

რედაქტირება

კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, კონსტანტინოპოლის-ბერძნული საპატრიარქო არ გაუქმებულა. ოსმალეთის იმპერიამ ბერძნულ ეკლესიას გარკვეული ძალაუფლება და ავტონომიური მილეტის სტატუსი მიანიჭა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი მართლმადიდებელი ხალხის უპირობო რელიგიური მმართველი გახდა. არა მხოლოდ ბრწყინვალე პორტა (ოსმალეთის მთავრობა), არამედ კონსტანტინოპოლის პატრიარქიც, ოფიციალურად არ აღიარებდა არცერთ სხვა მართლმადიდებელ ეთნიკურ ჯგუფს, გარდა ბერძნებისა და აქედან გამომდინარე, ყველა მართლმადიდებელი ხალხი: ბულგარელები, სერბები, ალბანელები, ვლახები, მოლდოველები, ხორვატები, სირიელები, მართლმადიდებელი არაბები, ქართველები და ლაზები საბერძნეთის საპატრიარქოს იურიდიქციაში მოექცა. იურიდიქცია არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ სეკულარულ მნიშვნელობასაც იძენდა. ბერძნულმა საპატრიარქომ სრული კონტროლი დაამყარა, სხვა მართლმადიდებელი ხალხების სკოლებსა და წიგნებზე. ყოველი ეს ფაქტორი, ოსმალეთის იმპერიაში ბერძნული ენის როლს უფრო ზრდიდა და ის მეცნიერების, ეკონომიკის და რელიგიურ სფეროების ენად რჩებოდა.

ოსმალეთის იმპერიის მიერ, ტრაპიზონის იმპერიის, ხოლო შემდგომ ლაზეთის დაპყრობის შედეგად, ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობა საბერძნეთის საპატრიარქოს დაემორჩილა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დადგენილებით ბერძენ მღვდელმსახურებს უპირობო ძალაუფლება მიენიჭათ. მღვდელმსახური არა მხოლოდ საეკლესიო პირი, არამედ მოსამართლის ფუნქციასაც ითვისებდა.

როგორც ცნობილია, ლაზები ტრაპიზონის ვილაიეთში უმრავლესობას წარმოადგენდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ოსმალური ისლამიზაციის პოლიტიკის მსხვერპლი გახდა და ისლამი მიიღო, ხოლო მეორე ნაწილი მართლმადიდებელი დარჩა და ბერძნულ ეკლესიას დაევქმევდებარა, აქედან გამომდინარე ადგილობრივი ლაზები თანდათან ბერძნები ხდებოდნენ, რადგან მათ ბერძნული სახელის და გვარის მიღება, ასევე ლოცვების ბერძნულ ენაზე მოსმენა უწევდათ. ლაზური ენა იკრძალებოდა ოჯახში სალაპარაკოდაც კი, რადგან ის ურჯულოთა ენად ითვლებოდა. ლაზების ის ნაწილი, რომლებიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაექვემდებარა, თანდათან კარგავდა საკუთარ ენასა და თვითიდენტობას. მოგვიანებით ქრისტიანი ლაზების უმრავლესობას პონტოელი ბერძნები ეწოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება