კუნძულთა რკალები
კუნძულთა რკალები — თანამედროვე გეოსინკლინური სისტემების ტექტონიკური სტრუქტურები, რომლებიც რელიეფში გამოსახულია კონტინენტიდან ოკეანისაკენ გარდამავალ ზონებში. კუნძულთა რკალები ხაზობრივი მთათა სისტემებია, — ვულკანური კუნძულების ჯაჭვი, რომლებიც განაპირა ზღვების ქვაბულებს გამოყოფენ ღრმა ზღვის ღარებისაგან.[1]
კუნძულთა რკალები ბაზალტური, ანდეზიტ-ბაზალტური და ანდეზიტური შედგენილობის ვულკანოგენური წყებებით აგებული წყალქვეშა ქედებია, რომელთა თხემები ცალკეული კუნძულების სახითაა ამოწვდილი წყლის ზედაპირზე. ამ ქედების სიგანეა 40-50 და 200-400 კმ, ხოლო სიგრძე 1000 კმ და მეტი. ხშირად კუნძულთა რკალები ორი პარალელური ქედით არის წარმოდგენილი, რომელთაგან გარე, ღრმა ზღვის ღარისაკენ მიმართული ქედი მხოლოდ წყალქვეშაა. ამ შემთხვევაში ქედები ერთმანეთისაგან გათიშულია 2-3 კმ სისქის ნალექებით ამოვსებული 3-4,5 კმ სიღრმის გასწვრივი დეპრესიით.[2]
კუნძულთა რკალების უმეტესი ნაწილი წყნარი ოკეანის ჩრდილო და დასავლეთ კიდეზეა და ინდოეთის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს. კუნძულთა რკალები ცნობილია ანტილ-კარიბის რეგიონსა და სკოშის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. კუნძულთა რკალების საზღვრებზე ღრმა ზღვის ღარებთან ერთად წარმოიქმნება აკრეციული პრიზმები.[3]
კუნძულთა რკალები ფორმირდება ფილების კონვერგენტული საზღვრების არეებში, სადაც ოკენური ფილა იძირება ოკეანური ფილის ქვეშ. კუნძულთა რკალების 2 ტიპი გამოიყოფა 1). ენსიალური და 2). ენსიმატური. ენსიალური კუნძულთა რკალის მაგალითია იაპონიის კუნძულები, ენსიმატურის მარიანას კუნძულთა რკალი. ენსიალური კუნძულთა რკალი ხასიათდება სქელი კონტინენტური ქერქით და განვითარებული გრანიტული ფენით. ენსიმატური კუნძულთა რკალებისათვის, რომელთა გრანიტული ფენა სუსტად არის განვითარებული, დამახასიათებელია ტიტანით ღარიბი და მაგნიუმით მდიდარი ანდეზიტები — ბონინიტები. ასევე კუნძულთა რკალებისთვის ვულკანური მოქმედებების ბოლო საფეხურზე დამახასიათებელია გამჟავიანების ტენდენცია.[4]
კუნძულთა რკალებისთვის დამახასიათებელია ინტენსიური ვულკანიზმი, სეისმურობა, მომატებული სითბური ნაკადი. კუნძულთა რკალების კომპლექსთან დაკავშირებულია ოქროს, სპილენძ-პორფირული, სპილენძ-ალმადნური, სპილენძ-ალმადან-პოლიმეტალური მადნები, რკალისწინა დანალექ აუზებში ცნობილია ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბუდობები.[3] კუნძულთა რკალები, — დედამიწაზე ცნობილი ყველაზე უფრო გრანდიოზული მთათა ჯაჭვებია. სწორედ მათ ფარგლებში ფიქსირდება ხშირად დამანგრეველი მიწისძვრები. გაგება კუნძულთა რკალები და ვულკანური რკალები ერთმანეთს არ თანხვდება.[5]
მაგალითები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Островные дуги. Сб. ст., пер. с англ., М., 1952;
- Горшков Г. С., Вулканизм Курильской островной дуги, М., 1967;
- Пущаровский Ю. М., Введение в тектонику Тихоокеанского сегмента Земли, М., 1972;
- Удинцев Г. Б., Геоморфология и тектоника дна Тихого океана, М., 1972;
- Зоненшайн Л. П., Кузьмин М. И. Палеогеодинамика. 2-е изд. М., 1993;
- Хаин В. Е., Ломизе М. Г. Геотектоника с основами геодинамики. 3-е изд. М., 2010.
- Mitchell A. H., Reading H. G., Evolution of Island arcs, «Journal of Geology», 1971, v. 79, № 3.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუნძულთა რკალები — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
- ↑ მგელიაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 76.
- ↑ 3.0 3.1 კუნძულთა რკალები — დიდი რუსული ენციკლოპედია დაარქივებული 2017-05-11 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ↑ Kent C. Condie. Earth as an evolving planetary system. Academic Press is an imprint of Elsevier., 2005, 463p.
- ↑ Островные дуги и их роль в эволюции континентальной окраины (რუსული)