კარლ ჰორსტ შმიდტი

გერმანელი ენათმეცნიერი

კარლ ჰორსტ შმიდტი (გერმ. Karl Horst Schmidt; დ. 31 მაისი, 1929, დესაუ — გ. 29 ოქტომბერი, 2012, ბონი) — გერმანელი ენათმეცნიერი, კელტოლოგი, კავკასიოლოგი, ქართველოლოგი.

კარლ ჰორსტ შმიდტი
გერმ. Karl Horst Schmidt
დაბ. თარიღი 31 მაისი, 1929(1929-05-31)[1]
დაბ. ადგილი დესაუ
გარდ. თარიღი 29 ოქტომბერი, 2012(2012-10-29)[2] (83 წლის)
გარდ. ადგილი ბონი
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა ენათმეცნიერი[1] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ბონის უნივერსიტეტი, მიუნსტერის უნივერსიტეტი და რურის უნივერსიტეტი ბოხუმში
ჯილდოები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კარლ ჰორსტ შმიდტი დაიბადა 1929 წელს საქსონია-ანჰალტის მხარეში, ქალაქ დესაუში. 1948 წელს დაამთავრა დესაუს გოეთეს სახელობის გიმნაზია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კარლ ჰორსტ შმიდტი ცხოვრობდა და სწავლობდა აღმოსავლეთ გერმანიაში, სადაც ისწავლა რუსული ენა. სწავლობდა ინდოგერმანისტიკას ჰალეში, კელნში და მიუნხენში, ბონში. ბონში სწავლის დროს, შმიდტი გახდა გერჰარდ დეეტერსის მოწაფე, რომელმაც შმიდტი დააინტერესა კავკასიოლოგიითა და ქართველოლოგიით.

კარლ ჰორსტ შმიდტი მიუნხენში, ერთხანს ქართულს სწავლობდა არჩილ მეტრეველთან. 1954 წელს მან დაიცვა დისერტაცია შედარებით ენათმეცნიერებაში, კელტოლოგიაში, ხოლო 1960 წელს კი სადოქტორო დისერტაცია, რომელიც შემდგომ წიგნად გამოსცა სათაურით – „ქართველური ფუძეენის ბგერათსისტემის რეკონსტრუქციისათვის“. წიგნის წინასიტყვაობაში იგი მადლობას უხდის ბევრ ქართველ ენათმეცნიერს, ვინც მას წიგნზე მუშაობისას დახმარა. ესენია: გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა, აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, სერგი ჟღენტი, მზექალა შანიძე, ალექსი ჭინჭარაული, თამაზ გამყრელიძე, გიორგი კლიმოვი, გივი მაჭავარიანი, გურამ თოფურია.

1964 წელიდან იყო მიუნსტერის უნივერსიტეტის ინდოგერმანული ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი, ხოლო 1966 წლიდან – ბოხუმის უნივერსიტეტის შედარებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი. 1974 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კარლ შმიდტი იყო ბონის უნივერსიტეტის შედარებითი ენათმეცნიერებისა და კელტოლოგიის ემერეტუს-პროფესორი.

კარლ ჰორსტ შმიდტის ქართველოლოგიურ კვლევას ჰქონდა ორი ძირითადი მიმართულება: ქართველური ბგერათსისტემის რეკონსტრუქცია, ინტერპრეტაცია და ისტორიულ-შედარებითი ენათა ტიპოლოგია, პირველ ყოვლისა, ინდოევროპული და ქართველური ენებისა.

შმიდტი რამდენჯერმე ეწვია საქართველოს. იგი გაეცნო აქაურ სამეცნიერო დაწესებულებებს, დაუმეგობრდა ქართველ კოლეგებს. 1966 წელს შოთა რუსთაველის საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით ეწვია საქართველოს და აქტიური მონაწილეობა მიიღო საზეიმო ღონისძიებებში. 1987 წელს საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის მოწვევით წაიკითხა ოთხი მოხსენება: რუსულად, გერმანულად და ინგლისურად. მეცნიერი შეეხო კავკასიოლოგიის, არმენოლოგიისა და ინდოევროპული ენების ისტორიის საინტერესო პრობლემებს.

1988 წელს შმიდტი სპეციალური მოწვევით კვლავ ესტუმრა საქართველოს, მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებებში. ამ დროს ჩატარებულ ქართველოლოგთა მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის პლენარულ სხდომაზე თბილისის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით კარლ ჰორსტ შმიდტს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. მან ქართულადვე წაიკითხა მოხსენება – „ქართველური ენები გენეტიკური და ტიპოლოგიური თვალსაზრისით“.

კარლ ჰორსტ შმიდტი საზღვარგარეთის პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა რეცენზიებს საქართველოსა და უცხოეთში დაბეჭდილ სხვადასხვა ქვეყნის ქართველოლოგთა ნაშრომებზე, საგანგებო ანოტაციებითა და მიმოხილვებით აცნობდა უცხოელ მკითხველს ქართული მეცნიერების მიღწევებს. 1963 წლიდან კარლ შმიდტი იყო ჟურნალ „ბედი ქართლისა“ სამეცნიერო საბჭოს წევრი.

1996 წელს კარლ ჰორსტ შმიდტი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

2002 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად კარლ ჰორსტ შმიდტი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

კარლ ჰორსტ შმიდტი გარდაიცვალა 2012 წლის 29 ოქტომბერს, ქალაქ ბონში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119156482 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. ბროკჰაუზის ენციკლოპედია