იროდიონ სურგულაძე
პროფესორი იროდიონ სურგულაძე (დ. 16 მაისი, 1892 — გ. 22 ნოემბერი, 1945) — ქართველი იურისტი, სამართლის თეორიის, სამართლის ფილოსოფიის, სამართლის სოციოლოგიის, სახელმწიფო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, სამართლის ისტორიკოსი, სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრის გამგე, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
იროდიონ სურგულაძე | |
---|---|
იროდიონ სურგულაძე | |
დაბადების თარიღი |
16 მაისი, 1892 ხვანჭკარა, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
22 ნოემბერი, 1945 (53 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი |
პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტი ტარტუს უნივერსიტეტი |
საქმიანობა | იურისტი |
შვილ(ებ)ი | ლამარა სურგულაძე |
ჯილდოები | საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიროდიონ სურგულაძე დაიბადა 1892 წლის 16 მაისს რაჭის სოფელ ხვანჭკარაში, სასულიერო პირის — აპოლონ სურგულაძის ოჯახში. მან დაწყებითი განათლება სოფლის ორკლასიან სკოლაში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. ქუთაისიდან იროდიონ სურგულაძე თბილისის სასულიერო სემინარიაში გადადის. თბილისში საცხოვრებელ ფულს ის თავად გამოიმუშავებდა კერძო გაკვეთილების ჩატარებით. 1912 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იროდიონ სურგულაძე სანქტ-პეტერბურგში მიემგზავრება, სადაც ის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი ხდება.[1]
განათლება
რედაქტირებაპეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტი დაარსდა 1907 წლის 9 იანვარს აკადემიკოს ვლადიმერ ბეხტერევის მიერ და მისი ფუნქცია, სხვა ანალოგიური ინსტიტუტებისგან განსხვავებით, სცილდებოდა წმინდა მეცნიერული კვლევის სფეროს და ის უმაღლესი განათლების წყაროდ იქცა რუსეთის იმპერიაში. ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტი აკადემიკოს ბეხტერევის ხელმძღვანელობით იმთავითვე დაკომპლექტებული იყო რუსეთის იმპერიის წამყვანი მეცნიერებითა და პროფესურით.
1912 წელს, სწორედ, აღნიშნულ ინსტიტუტში აგრძელებს სწავლას იროდიონ სურგულაძე და ორი წლის შემდეგ, 1914 წელს ამთავრებს ამ ინსტიტუტის საბაზისო-საგანმანათლებლო ფაკულტეტს. ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში ყოფნის პერიოდში იროდიონ სურგულაძე ისმენდა სალექციო კურსებს მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ანატომიისა და ფიზიოლოგიის, მათ შორის, ნეიროფიზიოლოგიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, ეკონომიკის, ლოგიკის, მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების საფუძვლებში. იქიდან გამომდინარე, რომ „პეტერბურგის ჰავა სავსებით შეუთავსებელი აღმოჩნდა“ მის ჯანმრთლობასთან იროდიონ სურგულაძე იძულებული გახდა დაეტოვებინა პეტერბურგი და სწავლის გასაგრძელებლად იურიევში (ტარტუში) გაემგზავრა.[2]
1915 წლის 13 თებერვალს სურგულაძე იურიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ხდება: „1915 წლიდან 1918 წლამდე ვსწავლობდი დორპატის უნივერსიტეტში“ — წერს ის ავტობიოგრაფიაში.
იროდიონ სურგულაძის უნივერსიტეტში ჩაბარების პერიოდამდე ყველა გამოჩენილმა გერმანელმა პედაგოგმა დატოვა უნივერსიტეტი. აღნიშნულის მიუხედავად, იურიევის უნივერსიტეტი კვლავ ინარჩუნებდა ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სტატუსს.
იროდიონ სურგულაძე სწორედ ამ უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ეუფლებოდა სიღრმისეულად სამართლის მეცნიერებას. ის მესამე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც დაწერა ნაშრომი — „Философские предпосылки учения о праве“ („სამართლის მეცნიერების ფილოსოფიური წანამძღვრები“), რომელიც შემდეგომ იურიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე წარადგინა სადიპლომო შრომად. ნაშრომმა ოქროს მედალი დაიმსახურა. ამ შრომის საფუძველზე, 1918 წლის 23 აპრილს უნივერსიტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი), იროდიონ სურგულაძე დატოვეს იურიევის უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის კათედრაზე საპროფესოროდ მოსამზადებლად სახელმწიფო სამართლის ცნობილ მეცნიერთან პროფესორ ლევ შალანდთან. თუმცა, სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებას გაგრძელება არ მოჰყოლია, რადგან იურიევი, 1918 წელს კვლავ გერმანელებმა დაიკავეს. ამ დროისათვის, იურიევის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ტოვებენ ქალაქს, მათ შორის არის იროდიონ სურგულაძეც, რომელიც სამშობლოში ბრუნდება. როგორც თავად პროფესორი სურგულაძე მიუთითებს — „1918 წელს ქ. იურიევი დაკავებული იქნა გერმანელების მიერ და მე იძულებული გავხდი სამშობლოში დავბრუნებულიყავი“.
იურიევის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იროდიონ სურგულაძე იყო უნივერსიტეტის ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ ცნობილი ქართველი მოღვაწეები.[3]
დაბრუნება საქართველოში
რედაქტირება1918 წელს საქართველოში იროდიონ სურგულაძე ღრმად განსწავლული მეცნიერი ბრუნდება და რაჭაში, მშობლებთან ერთად ცხოვრებას აგრძელებს. საქართველოში დაბრუნებული იროდიონ სურგულაძე ამ დროს მიმდინარე პოლიტიკურ ბატალიებში არ ერთვება. სწორედ ამ პერიოდში, იროდიონ სურგულაძე თავის ავტობიოგრაფიაში, საკუთარი საქმიანობის შესახებ წერს: „1918 წელს ვბრუნდები საქართველოში და ვცხოვრობ რაჭის მაზრაში, მშობლებთან, სადაც განვაგრძობ მუშაობას მეცნიერების ღრმად შესასწავლად და ენების ასათვისებლად“. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ქაოსის პირობებში, როგორც ჩანს, სრულიად აპოლიტიკური იროდიონ სურგულაძე ამ სიტუაციას რაჭაში განერიდა, სადაც მეცნიერების და ენების კიდევ უფრო ღრმად შესწავლას მიჰყო ხელი.
1921 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მუშაობას იწყებს რაჭის მაზრის რევკომის იუსტიციის განყოფილების გამგის თანამდებობაზე.
მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
რედაქტირებაიროდიონ სურგულაძე საქართველოში 1918 წელს დაბრუნდა, მაგრამ, რატომღაც 1918 წლის 8 თებერვალს დაარსებულ, კავკასიაში პირველ ქართულ უმაღლეს სასწავლებელთან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, 1922 წლამდე კავშირი არ ჰქონია. იროდიონ სურგულაძე, როდესაც თბილისში გადმოდის საცხოვრებლად, 1922 წლის 22 ივნისს განცხადებით მიმართა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს, რათა დაეტოვებინათ უნივერსიტეტში საპროფესოროდ. განცხადებაში პროფესორი სურგულაძე წერს: „მე დავამთავრე იურიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და წარდგენილი სადიპლომო ნაშრომის მიხედვით დატოვებული ვიქენი უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად სახელმწიფო სამართალში... მაქვს რა უნივერსიტეტში მეცნიერული მუშაობის გაგრძელების სურვილი, ვთხოვ ფაკულტეტს შემიტანოს უნივერსიტეტთან დატოვებულ პირთა სიაში. აქვე აღვნიშნავ, რომ სავსებით შეთვისებული მაქვს გერმანული ენა და თავისუფლად ვკითხულობ ფრანგულ ავტორებს“. ამის შემდეგ იროდიონ სურგულაძე ჩამოთვლის იმ მეცნიერების ნაშრომებს, რომლებიც დაამუშავა სამართლის ზოგადი თეორიის, სახელმწიფო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და საერთაშორისო სამართლის დარგში. პროფესორი სურგულაძე განცხადებაშივე მიუთითებს: „თუ ჩემი განცხადება ფაკულტეტის მიერ დაკმაყოფილებული იქნება, მე სრული იმედი მაქვს, რომ სადოქტორო გამოცდებს ჩავაბარებ 1923 წლის განმავლობაში და დისერტაციას კი წარმოვადგენ უახლოეს წლებში“.[4]
იროდიონ სურგულაძე უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის საბჭომ საპროფესოროდ დატოვა, პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 1922 წლის 30 ივნისის წარდგინების საფუძველზე. წარდგინებაში პროფესორი ანდრონიკაშვილი წერდა: „ვშუამდგომლობ ფაკულტეტის წინაშე დატოვებულ იქნეს უნივერსიტეტთან პროფესორობისათვის მოსამზადებლად სახელმწიფო სამართალში, ერთი წლის ვადით სტიპენდიით იურიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იროდიონ სურგულაძე, რომელმაც ჩემზე მოახდინა შთაბეჭდილება ნიჭიერისა და საფუძვლიანად მომზადებული ახალგაზრდისა. იმედი მაქვს ერთი წლის განმავლობაში ის გამოცდებსაც ჩააბარებს და დისერტაციასაც დაამზადებს. ასე, რომ შედარებით მოკლე ხანში ჩვენს მცირერიცხოვან იურისტთა წრეს ერთი მომზადებული წევრი შეემატება“[5].
1923-1924 წლებში იროდიონ სურგულაძემ ფრიადზე ჩააბარა ზეპირი სადოქტორო გამოცდები სახელმწიფო (1923 წლის 9 თებერვალი), ადმინისტრაციულ (1923 წლის 19 ივნისი) და საერთაშორისო სამართალში (1924 წლის 21 მაისი). საგამოცდო კომისიის წევრები იყვნენ: პროფესორი ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, პროფესორი იური გამბაროვი და აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების პირველ წლებში სასწავლო დაწესებულებას არ ჰყავდა მეცნიერ-იურისტთა ის რაოდენობა, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ამ მიმართულებით საუნივერსიტეტო საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებას. ამიტომაც 1921 წლიდან ძირითად იურიდიულ დისციპლინებში ლექციების წასაკითხად სპეციალურად მოიწვიეს პროფესორი ლუარსაბ ანდრონიკაშვილი. ამ ფონზე, სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტისათვის დიდი შენაძენი იყო იროდიონ სურგულაძის ინტელექტუალური რესურსი, თავისი ფართო იურიდიულ-ფილოსოფიური განათლებითა და სამეცნიერო კვლევის წარმოების გამოცდილებით. შესაბამისად, მას 1923 წლიდან სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ლექტორად იწვევენ სახელმწიფო სამართალში, ხოლო 1925 წლიდან — ადმინისტრაციულ სამართალში. იროდიონ სურგულაძე სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა შემდეგ დისციპლინებში: სახელმწიფო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, შრომის სამართალი, საფინანსო სამართალი, საერთაშორისო სამართალი, რომის სამართალი, ბურჟუაზიული ქვეყნების სახელმწიფო წყობილება, საბჭოთა კავშირის ხალხთა სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი ისტორია.
დისერტაციის დაცვის შემდეგ (1927 წლიდან) იროდიონ სურგულაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტია, ხოლო 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე — პროფესორი.
იროდიონ სურგულაძე 1926-1930 წლებში იყო — სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 1927-1930 წლებში — სახელმწიფო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის გაერთიანებული კათედრის გამგე, 1926-1928 წლებში — უნივერსიტეტის ადგილობრივი კომიტეტის თავმჯდომარე და, ამასთანავე, მეცნიერ-მუშაკთა სექციის ცენტრალური ბიუროს წევრი, 1930-1933 წლებში — საბჭოთა აღმშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, 1933-1935 და 1936-1937 წლებში — თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, 1937-1945 წლებში — იურიდიული ფაკულტეტის სახელმწიფოს და სამართლის ისტორიის კათედრის გამგე, 1943-1945 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობის პარალელურად იროდიონ სურგულაძე პრაქტიკოსი იურისტის საქმიანობასაც ასრულებდა. 1922-1923 წლებში იყო თბილისის მე-8 უბნის სახალხო მოსამართლე, 1923-1925 წლებში — შრომის სასამართლოს თავმჯდომარე, 1925-1927 წლებში — საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი.
1937 წლის 10 ივლისს იროდიონ სურგულაძე განცხადებით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე მოითხოვა გათავისუფლება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შესრულებისაგან: „თანდართული საექიმო მოწმობიდან ირკვევა, რომ მე, გარდა სხვა დაავადებებისა (გულის გაგანიერება, ღვიძლის გადიდება, აქცენტირებული აორტა) შეპყრობილი ვარ ჰიპერტონიის მძიმე ფორმით. ...გამოვდივარ რა აქედან მოგახსენებთ, რომ მე მომავალი სასწავლო წლიდან, ჩემი ჯანმრთელობის გამო, მოკლებული ვიქნები შესაძლებლობას განვაგრძო მუშაობა დეკანის თანამდებობაზე და მხოლოდ პედაგოგიური მუშაობით და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობით ვიქნები დატვირთული. ზემოაღნიშნულის მიხედვით, გთხოვთ, განმათავისუფლოთ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შესრულებისგან“.[6]
1937 წლის შემდეგ იროდიონ სურგულაძე მეცნიერულ კვლევას სახელმწიფო სამართლის ნაცვლად, უპირატესად, სამართლის ისტორიის მიმართულებით ახორციელებს, უფრო ადრე, 1930 წელს, კი იძულებით გაემიჯნა სამართლის მეთოდოლოგიურ პრობლემებზე მეცნიერულ მუშაობას. 1930 წლის ცნობილი დისკუსიის შემდეგ, მეთოდოლოგიურ საკითხებზე მუშაობა უკვე შეუძლებელი იყო, რადგან ერთადერთ სავალდებულო მეთოდოლოგიას მარქსისტული ფილოსოფია წარმოადგენდა. მეცნიერი აქაც იძულებულია დაივიწყოს ან „უღალატოს“ თავის ჩანაფიქრს "Gewalt und Recht"-ის მეორე ნაწილის დამუშავებისა და გამოქვეყნების შესახებ და საკვლევ სფეროდ სამართლის ისტორიას ირჩევს, ეს იყო ერთგვარი მეცნიერის ტრანსფორმაცია — სამართლის მეთოდოლოგიიდან სამართლის ისტორიამდე. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაბიჯით პროფესორი იროდიონ სურგულაძე ფიზიკურად გარაურჩა საბჭოთა რეპრესიებს. „ფართო იურიდიული განათლება, დიდი ნიჭი და ერუდიცია, რომის სამართლის იშვიათი ცოდნა თავდები იყო იმისა, რომ პროფ. ირ. სურგულაძეს დიდი წარმატება ექნებოდა სამართლის ისტორიის დარგში. პირველ ყოვლისა, ის შეუდგა ძველ აღმოსავლეთის სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის შესწავლას. პროფ. ირ. სურგულაძე არ დასჯერდა რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე არსებულ ლიტერატურას ძველი აღმოსავლეთის შესახებ და პირველ წყაროებზე მუშაობისათვის შეუდგა ასურული და ეგვიპტური დამწერლობის შესწავლას. სურგულაძე მიემგზავრება სამეცნიერო მივლინებაში მოსკოვსა და ლენინგრადში სათანადო სპეციალისტებთან მჭიდრო კონტაქტის დასამყარებლად და შესასწავლი პრობლემებისათვის საჭირო მასალების მოსაპოვებლად“ (პროფ. ივანე სურგულაძე)[7]. პროფ. სურგულაძე მაღალ დონეზე ფლობდა გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, ლათინურ, ეგვიპტურ ენებს, რომელთაც აქტიურად იყენებდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.
იროდიონ სურგულაძე უკანასკნელი წლების განმავლობაში მუშაობდა ბექა-აღბუღას სამართლის წიგნზე. აღნიშნული ნაშრომის ხელნაწერი, რომელიც გამოუქვეყნებელი იყო, პროფესორ სურგულაძეს საკუთარ ხელჩანთაში ჰქონდა, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1945 წლის 22 ნოემბერს, 53 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ნაშრომის ხელნაწერი ამ დღეს დაიკარგა და ამ დრომდე მიუკვლეველია.[8]
სამეცნიერო მოღვაწეობა
რედაქტირებაპროფესორი იროდიონ სურგულაძე პირველი იყო არა მხოლოდ იმაში, რომ საფუძველი ჩაუყარა ქართული სამართლებრივ აზროვნებასა და მთელ რიგ იურიდიულ დისციპლინებს ახლადდაარსებულ უნივერსიტეტში, არამედ სწორედ მან, პირველმა დაიცვა დისერტაცია, ისიც გერმანულ ენაზე. პროფესორმა სურგულაძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისადმი განცხადებით მიმართვის დროს დადებული პირობა შეასრულა და 1923-1924 წლებში მოამზადა თავისი გერმანულენოვანი მონოგრაფია — „Gewalt und Recht, eine Abhandlung zum Problem des Verhältnisses von Staat und Recht, Erster Teil: Der Begriff des Rechtsverhältnisses“, — რომელიც 1925 წელს თბილისის უნივერსიტეტის ეგიდით გამოაქვეყნა.[9] უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე 1927 წელს დასახელებული შრომა პროფესორმა სურგულაძემ დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად წარადგინა. ეს პუბლიკაცია გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შესაბამისად, საქართველოში) პირველი სადოქტორო დისერტაცია, რომლის საფუძველზედაც ავტორს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.[10]
სადოქტორო დისერტაცია იროდიონ სურგულაძემ სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტს წარუდგინა 1927 წლის 22 მარტს. ფაკულტეტის საბჭომ სადისერტაციო ნაშრომზე წერილობითი რეცენზიების მომზადება დაავალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული განათლების ფუძემდებელს პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილს, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძესა და პროფესორ გიორგი ნანეიშვილს. დისერტაციის საჯარო დაცვა გაიმართა 1927 წლის 27 ნოემბერს, სადაც ოფიციალურ ოპონენტებად გამოვიდნენ აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე და პროფესორი გიორგი ნანეიშვილი. პაექრობის შემდეგ, ფაკულტეტის საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი სურგულიძისათვის დოქტორის ხარისხის მინიჭებას.
იროდიონ სურგულაძის მიზანი იყო „სამართლის შესახებ თავისი ორიგინალური შეხედულება გამოეტანა ევროპულ მეცნიერთა სამსჯავროს წინაშე. ეს განახორციელა მან თავისი გერმანულ ენაზე დაწერილი შრომით“ — აღნიშნავს პროფესორი ივანე სურგულაძე.
XX საუკუნის 20-იანი წლების ერთ-ერთი მონაპოვარი სიღრმისეული სამეცნიერო დისპუტებია, რომლებიც ქართული პერიოდიკის ფურცლებზე იმართებოდა ფილოლოგებს, ლიტერატურათმცოდნეებს, ფილოსოფოსებს, ისტორიკოსებს შორის. ამ პერიოდიდან ცნობილია დისკუსია იურისტებს — პროფესორ გიორგი ნანეიშვილსა და პროფესორ იროდიონ სურგულაძეს შორის. ამ პოლემიკის შესახებ პროფესორი ედუარდ კოდუა ამბობს: „თითქოს არც სამართლის თეორიის დარგის მუშაკები იყვნენ ხელმოცარულნი. მაგრამ ამ დონის პოლემიკა სამართლის თეორეტიკოსებს შორის არ ყოფილა არც მანამდე და არც მას შემდეგ“[11]. ეს დისკუსია იურიდიული მეცნიერების საგნის და მეთოდის შესახებ გასული საუკუნის დასაწყისში არსებული საერთო თეორიული ინტერესის ერთ-ერთ გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ (პროფ. თედო ნინიძე)[12].
1930 წლის 25 ოქტომბრიდან სამი დღის განმავლობაში ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის, ამიერკავკასიის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული საბჭოთა აღმშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტის და საქართველოს სსრ მარქსისტ სახელმწიფომცოდნეთა საზოგადოების გამგეობის ინიციატივით მიმდინარეობდა ისტორიული „საუნივერსიტეტო სასამართლო პროცესი“ — ფართომასშტაბიანი შეტევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტ პროფესორთა მიმართ. პოლიტიკური ქვენაგრძნობით განპირობებულ დისკუსიას ხელმძღვანელობდა კათედრის გამგე ბოლოტნიკოვი. დისკუსიაში მარქსისტ სახელმწიფომცოდნეთა მხრიდან მონაწილეობდა გეგენავა, ბოლოტნიკოვი, ილარიონ ტალახაძე, ლისოვსკი, ტატულოვი, პეტრე შარია, ბარიგიანი, თუმანოვი, ხოლო ქართველი იურისტ პროფესორებიდან — იროდიონ სურგულაძე, გიორგი ნანეიშვილი, ალექსანდრე ვაჩეიშვილი, სერგი ჯაფარიძე.[13]
სტენოგრამის სახით გადმოცემული დისკუსია XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა საქართველოში გამეფებულ უმძიმეს სიტუაციას ასახავს. სტენოგრამის შესავალში ვკითხულობთ: „დისკუსიაში მონაწილე პროფესორები წარმოადგენენ იმ ქართული პროფესურის ნაწილს, რომელიც იცავს და ავითარებს სოციალისტური მშენებლობისათვის მავნე ბურჟუაზიულ იდეოლოგიას და რომელიც დღემდე არ იქნა მხილებული. ამიტომ ამჟამინდელი დისკუსია არის იმ დაუნდობელი ბრძოლის დასაწყისი, საიდანაც სათავე უნდა აიღოს ამ პროფესურის საბოლოო იდეოლოგიურმა განიარაღებამ. ეს არის ავანგარდული ბრძოლა, რომელსაც უნდა მოჰყვეს გაშლილი შეტევა მტრის შუაგულში“. ეს იყო საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფო მანქანის მიერ გამოცხადებული სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ანტიმარქსისტი მეცნიერების წინააღმდეგ.
ამ საჯაროდ განხორციელებული auto-da-fe-ს ერთ-ერთი „მსხვერპლი“ იყო პროფესორი იროდიონ სურგულაძე. გეგენავასთვის, რომელიც, ამ შემთხვევაში, ძირითადი „ბრალმდებელია“, მიუღებელია სურგულაძის ფუნდამენტური ნაშრომის — “Gewalt und Recht”, — ამოსავალი დებულება, რისი კრიტიკის შემდეგაც მას გამოაქვს განაჩენი: „პროფესორი იროდიონ სურგულაძე ლპობადი კაპიტალიმზის იდეალისტური ფილოსოფიის მიმდევარია“. აღნიშნულთან უნისონშია კიდევ ერთი ბრალმდებლის, ტალახაძის თავდასხმა: „მე დავამტკიცებ, რომ სურგულაძის ნაშრომებში არის ბევრი არამარქსისტული, ანტიმარქსისტული ადგილები, როგორც თავისი არსით, ასევე მეთოდოლოგიით“. მრავლისმთქმელია ის გარემოება, რომ მონოგრაფია, რომელიც მარქსისტი სახელმწიფომცოდნეთა კრიტიკის ქვეშ მოექცა გერმანულ ენაზე იყო დაწერილი მაშინ, როდესაც არც ერთმა კრიტიკოსმა გერმანული არ იცოდა.[14]
პროფესორი იროდიონ სურგულაძე კარგად იყენებს თავის ინტელექტუალურ უპირატესობას მისი ბრალმდებლების წინააღმდეგ და ერთ-ერთს შემდეგნაირად პასუხობს: „მომხსენებელს, ჩემი აზრით, ბოლომდე არ უნდა ჰქონდეს წაკითხული ჩემი წიგნი და ამის თქმის საფუძველს იძლევა ის უზუსტობები, რომელიც დაუშვა მან... ამ სულისკვეთებით მეცნიერული შრომის კრიტიკა არ შეიძლება. საჭიროა მოთმინება და წიგნის თავიდან ბოლომდე წაკითხვის შესაძლებლობა და, მხოლოდ ყოველივე ამის შემდეგ შეიძლება შეუდგე ამ შრომის შეფასებას“. ამასთან, ზოგიერთი პირდაპირ მიუთითებდა, რომ იცნობდა სურგულაძის ნაშრომის პროფესორ ნანეიშვილისეულ (გიორგი ნანეიშვილი კარგად ფლობდა გერმანულ ენას) კრიტიკას და სწორედ ამის საფუძველზე „აკრიტიკებდნენ“ ავტორს.
დისკუსიის დროს სიტყვით გამოდის პეტრე შარია — ცნობილი საბჭოთა პარტიული ფიგურა და მოუწოდებს პროფესორებს: „ჩვენ, მაშინ არ დავიწყებთ თქვენ ლანძღვას წარსულისათვის, თუ აწმყოში ჩვენ დაგვიმტკიცებთ, რომ წარსულზე უარს აცხადებთ... სამწუხაროდ, თქვენს გამოსვლებში არ იგრძნობა, რომ თქვენ კიცხავთ თქვენს თვალსაზრისს. ჩვენ მოვითხოვთ ცოტას: გვითხრათ, რომ თქვენი თვალსაზრისი არა თუ მარქსისტული არ არის, არამედ აბსოლუტურად მიუღებელია. აი, რას მოითხოვს დისკუსია!“.[15]
დისკუსიის მონაწილე მარქსისტმა სახელმწიფომცოდნეებმა „იდეალისტ“ იურისტებს მოსთხოვეს „პრესაში, საჯარო გამოსვლებში მთლიანად, გადაჭრით და უსიტყვოდ უარი ეთქვათ თავიანთ რეაქციულ შეხედულებებზე და შეეცვალათ მარქსისტულ-ლენინური მსოფლმხედველობით“. დისკუსიის შედეგად, პროფესორი სურგულაძე იძულებული იყო ეღიარებინა თავისი ნაშრომის ანტიმარქისტული ბუნება და იმავე წლის 18 ნოემბერს გაზეთ „კომუნისტში“ აქვეყნებს განცხადებას, სადაც წერს: „წიგნი „ხელისუფლება და სამართალი“, რომელიც მე 1923-1924 წლებში დავწერე გერმანულ ენაზე, არ გამოხატავს იმ შეხედულებებს, რომლებსაც ამჟამად ვიცავ სახელმწიფოს და სამართლის საკითხებში და რომლებსაც ვატარებ ჩემი აკადემიური მუშაობის დროს. ძირითადი გეზით სამართლისა და სახელმწიფოს საკითხებში ამ ნაშრომს მე ვთვლი ანტიმარქსისტულად და ამიტომ ეხლა სრულებით აღარ ვიზიარებ ამ წიგნში გამოთქმულ შეხედულებებს“. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით, პროფესორმა ოთარ გამყრელიძემ დაწერა: „მართალია, იროდიონ სურგულაძის აღიარება იძულებითი აღიარება იყო, მაგრამ ეს აღიარება სავსებით შეესაბამებოდა სინამდვილეს. „Gewalt und Recht“ მართლაც არის ანტიმარქსისტული ნაშრომი და, სწორედ ეს არის მისი ერთ-ერთი ღირსება“. „პროფ. ირ. სურგულაძის ამ განცხადების შეფასებისას შეუძლებელია მხედველობაში არ მივიღოთ ის გარემოება, რომ ე.წ. მარქსისტ-სახელმწიფომცოდნეებს ვინც არ განუცხადა, რომ მათი ნაშრომები ანტიმარქსისტულია, ისინი რამდენიმე წლის შემდეგ გახდნენ 1937 წლის საშინელი რეპრესიების მსხვერპლი“ (ვ. აბაშმაძე). კერძოდ, ქართული განათლებული პროფესურის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკური რეპრესიები განხორციელდა. ირ. სურგულაძე ბეწვზე გადაურჩა 1930-იანი წლების უკანონო რეპრესიას, რომელსაც შეეწირა დისკუსიის მეორე მონაწილე გ. ნანეიშვილი[16], ასევე, სერგი ჯაფარიძე.[17]
1930 წელს გამართულმა დისკუსიამ „თითქმის მთლიანად ჩაკლა ქართული იურიდიული აზროვნება და ოციანი წლებიდან კარგად დაწყებული საქმე დიდი ხნით შეაფერხა“ (პროფ. ოთარ გამყრელიძე)[18].
ოჯახი
რედაქტირებაპროფესორ იროდიონ სურგულაძეს ჰყავდა ქალიშვილი — ლამარა სურგულაძე (1935-2006), რომელიც მამის კვალს გაჰყვა და იურისტი გახდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად სისხლის სამართლის მიმართულებით. პროფესორ სურგულაძის შვილიშვილი გახლავთ მაია სულაქველიძე — ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.[19]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 610.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Swiad Kordsadse, Tornike Nemszweridse, Professor Irodion Surguladse - das Portrait eines Wissenschaftlers mit europäischer Denkweise im sowjetischen Interieur, im Buch: Irodion Surguladse, Gewalt und Recht, eine Abhandlung zum Problem des Verhältnisses von Staat und Recht, Erster Teil: Der Begriff des Rechtsverhältnisses, unter der Redaktion von Swiad Kordsadse und Tornike Nemszweridse, Verlag von Swiad Kordsadse, Tbilisi, 2018, S. 5-33.
- ↑ Swiad Kordsadse, Tornike Nemszweridse, Professor Irodion Surguladse - das Portrait eines Wissenschaftlers mit europäischer Denkweise im sowjetischen Interieur, im Buch: Irodion Surguladse, Gewalt und Recht, eine Abhandlung zum Problem des Verhältnisses von Staat und Recht, Erster Teil: Der Begriff des Rechtsverhältnisses, unter der Redaktion von Swiad Kordsadse und Tornike Nemszweridse, Verlag von Swiad Kordsadse, Tbilisi, 2018, S. 5-33.

- ↑ ჯორბენაძე ს., თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დაარსების 50 წლისთავისათვის, ჟურნალი „საბჭოთა სამართალი“, №5, 1973, 63.
- ↑ Swiad Kordsadse, Tornike Nemszweridse, Professor Irodion Surguladse - das Portrait eines Wissenschaftlers mit europäischer Denkweise im sowjetischen Interieur, im Buch: Irodion Surguladse, Gewalt und Recht, eine Abhandlung zum Problem des Verhältnisses von Staat und Recht, Erster Teil: Der Begriff des Rechtsverhältnisses, unter der Redaktion von Swiad Kordsadse und Tornike Nemszweridse, Verlag von Swiad Kordsadse, Tbilisi, 2018, S. 5-33.
- ↑ სურგულაძე ივ., პროფ. იროდიონ სურგულაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, ჟურნალი „საბჭოთა სამართალი“, №3, 1963, 56.
- ↑ გამყრელიძე ო., იროდიონ სურგულაძე და მისი წიგნი „ხელისუფლება და სამართალი“, წიგნში: სურგულაძე ირ., ხელისუფლება და სამართალი, ო. გამყრელიძის თარგმანი, თბილისი, 2002, 9; Swiad Kordsadse, Tornike Nemszweridse, Professor Irodion Surguladse - das Portrait eines Wissenschaftlers mit europäischer Denkweise im sowjetischen Interieur, im Buch: Irodion Surguladse, Gewalt und Recht, eine Abhandlung zum Problem des Verhältnisses von Staat und Recht, Erster Teil: Der Begriff des Rechtsverhältnisses, unter der Redaktion von Swiad Kordsadse und Tornike Nemszweridse, Verlag von Swiad Kordsadse, Tbilisi, 2018, S. 5-33.
- ↑ ნონა მჭედლიშვილი. (26 აპრილი, 2002) პრეზენტაცია იროდიონ სურგულაძის წიგნისა „ხელისუფლება და სამართალი“. „რადიოთავისუფლება“. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2018.
- ↑ Swiad Kordsadse, Tornike Nemszweridse, Professor Irodion Surguladse - das Portrait eines Wissenschaftlers mit europäischer Denkweise im sowjetischen Interieur, im Buch: Irodion Surguladse, Gewalt und Recht, eine Abhandlung zum Problem des Verhältnisses von Staat und Recht, Erster Teil: Der Begriff des Rechtsverhältnisses, unter der Redaktion von Swiad Kordsadse und Tornike Nemszweridse, Verlag von Swiad Kordsadse, Tbilisi, 2018, S. 5-33.
- ↑ კოდუა ე., სამართლის ფილოსოფიის და სოციოლოგიის პრობლემები გიორგი ნანეიშვილის ნააზრევში, წიგნში: ნანეიშვილი გ., სამართლის ფილოსოფიის საკითხები, ე. კოდუას რედაქტორობით, თბილისი, 1992, 13.
- ↑ ნინიძე თ., კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები, წიგნში: შაიო ა., ხელისუფლების თვითშეზღუდვა, კონსტიტუციონალიზმის შესავალი, მ. მაისურაძის თარგმანი, თ. ნინიძის რედაქტორობით, თბილისი, 2003, ii.
- ↑ Swiad Kordsadse, Tornike Nemszweridse, Professor Irodion Surguladse - das Portrait eines Wissenschaftlers mit europäischer Denkweise im sowjetischen Interieur, im Buch: Irodion Surguladse, Gewalt und Recht, eine Abhandlung zum Problem des Verhältnisses von Staat und Recht, Erster Teil: Der Begriff des Rechtsverhältnisses, unter der Redaktion von Swiad Kordsadse und Tornike Nemszweridse, Verlag von Swiad Kordsadse, Tbilisi, 2018, S. 5-33.
- ↑ Swiad Kordsadse, Tornike Nemszweridse, Professor Irodion Surguladse - das Portrait eines Wissenschaftlers mit europäischer Denkweise im sowjetischen Interieur, im Buch: Irodion Surguladse, Gewalt und Recht, eine Abhandlung zum Problem des Verhältnisses von Staat und Recht, Erster Teil: Der Begriff des Rechtsverhältnisses, unter der Redaktion von Swiad Kordsadse und Tornike Nemszweridse, Verlag von Swiad Kordsadse, Tbilisi, 2018, S. 5-33.
- ↑ Swiad Kordsadse, Tornike Nemszweridse, Professor Irodion Surguladse - das Portrait eines Wissenschaftlers mit europäischer Denkweise im sowjetischen Interieur, im Buch: Irodion Surguladse, Gewalt und Recht, eine Abhandlung zum Problem des Verhältnisses von Staat und Recht, Erster Teil: Der Begriff des Rechtsverhältnisses, unter der Redaktion von Swiad Kordsadse und Tornike Nemszweridse, Verlag von Swiad Kordsadse, Tbilisi, 2018, S. 5-33.
- ↑ გამყრელიძე ო., იროდიონ სურგულაძე და მისი წიგნი „ხელისუფლება და სამართალი“, წიგნში: სურგულაძე ირ., ხელისუფლება და სამართალი, ო. გამყრელიძის თარგმანი, თბილისი, 2002, 8.