ინგრიდ შვედი (შვედ. Ingrid av Sverige, დან. Ingrid af Sverige; დ. 28 მარტი, 1910 — გ. 7 ნოემბერი, 2000) — ბერნადოტების დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე გუსტავ VI-ის ქალიშვილი. დანიის დედოფალი 1947-72 წლებში როგორც ფრედერიკ IX-ის მეუღლე. დანიის დედოფალ მარგრეტე II-ისა და საბერძნეთის დედოფალ ანა მარია დანიელის დედა. შვედეთის მეფე კარლ XVI-ის მამიდა.

ინგრიდ შვედი
დანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 20 აპრილი, 1947
მმართ. დასასრული: 14 იანვარი, 1972
წინამორბედი: ალექსანდრინა მეკლენბურგ-შვერინელი
მემკვიდრე: ანრი დე ლამბორ დე მონპეზატი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 მარტი, 1910
დაბ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
გარდ. თარიღი: 7 ნოემბერი, 2000, (90 წლის)
გარდ. ადგილი: ფრედენსბორგი, დანია
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: ფრედერიკ IX, დანიის მეფე
(ქ. 1935 - გარდ. 1972)
შვილები: მარგრეტე II, დანიის დედოფალი
ბენედიკტა, ბერლბურგის პრინცესა
ანა მარია, საბერძნეთის დედოფალი
სრული სახელი: ინგრიდ ვიქტორია სოფია ლუიზა მარგარეტა
დინასტია: ბერნადოტები
მამა: გუსტავ VI, შვედეთის მეფე
დედა: მარგარეტ კონაქტელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება
 
ორი წლის ინგრიდი მამასთან ერთად

ინგრიდი დაიბადა 1910 წლის 28 მარტს სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში. იგი იყო შვედეთის კრონპრინც გუსტავ ადოლფისა და მისი პირველი ცოლის, კრონპრინცესა მარგარეტ ფონ კონათის ქალიშვილი. მამამისი იყო შვედეთის მეფე გუსტავ V-ისა და დედოფალ ვიქტორია ბადენელის უფროსი ვაჟი. რაც შეეხება დედამისს, იგი იყო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას უმცროსი ვაჟის, კონათის მთავარ არტურისა და მისი ცოლის, პრინცესა ლუიზა მარგარეტ პრუსიელის ქალიშვილი.

1910 წლის 5 მაისს, სტოკჰოლმში იგი ლუთერანად მონათლეს ინგრიდ ვიქტორია სოფია ლუიზა მარგარეტას სახელით. მისი ნათლიები იყვნენ: შვედეთის მეფე გუსტავ V, დედოფალი ვიქტორია ბადენელი (ბებია-ბაბუა), დედა-დედოფალი სოფია ნასაუელი (დიდი ბებია), კონათის ჰერცოგი არტური და მისი ცოლი ლუიზა მარგარეტ პრუსიელი (ბებია-ბაბუა), ბადენის დიდი ჰერცოგინია ლუიზა პრუსიელი (მამის ბებია), რუსეთის იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნა (დედის პირველი თაობის ბიძაშვილი), ატლონის გრაფინია ალისა (დედის პირველი თაობის ბიძაშვილი), დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ V (დედის პირველი თაობის ბიძაშვილი), პრუსიის პრინცი ადალბერტი (მისი მეორე თაობის ბიძაშვილი), ბადენის დიდი მთავარი ჰილდა ნასაუელი და დალარნას ჰერცოგინია ტერეზია საქსენ-ალტენბურგელი.

 
პრინცესა ინგრიდი

კრონპრინცესა მარგარეტმა ინგრიდისა და სხვა შვედი არისტოკრატი გოგონებისათვის სპეციალური სკოლა დააარსა. როგორც ცნობილია, ბავშვობაში ინგრიდს ძალიან უყვარდა სამზარეულოში ტრიალი და საჭმელების მზადება. 1920 წელს, როდესაც ინგრიდი ათი წლის იყო, დედამისი გარდაიცვალა. იგი ამ დროს მეექვსე ბავშვზე იყო ორსულად, მერვე თვეში. დედის გარდაცვალების შემდეგ, ინგრიდი ყოველწლიურად ზაფხულობით ჩადიოდა დიდ ბრიტანეთში და ხანში შესულ პაპას უვლიდა. როგორც მემატიანეები ვარაუდობენ, დედის გარდაცვალების შემდეგ იგი ძალიან მობილიზირებული და დისციპლინური გახდა. მარგარეტის გარდაცვალებიდან სამ წელიწადში, ინგრიდის მამა მეორედ დაქორწინდა ლუიზა მონბატენზე, რომელთანაც მხოლოდ ერთი მკვდარშობილი ქალიშვილი შეეძინა. ინგრიდმა მამის მეორე ქორწინება ღალატად აღიქვა, ამიტომაც ლუიზას ყოველთვის ეურჩებოდა და არაფერს უჯერებდა, რაც მრავალი წლის მანძილზე გრძელდებოდა.

ზრდასთან ერთად, ინგრიდი სულ უფრო მეტად გრძნობდა თავისი მოვალეობების სერიოზულობას. იგი საუკეთესო განათლებას იღებდა და სწავლობდა ისტორიას, ხელოვნებას, პოლიტიკურ მეცნიერებებსა და რამდენიმე უცხო ენას. ხელოვნებისა და კულტურის შესწავლა მან პარიზსა და რომში განაგრძო. 1934-35 წლებში, მამასთან, ძმასთან და დედინაცვალთან ერთად ინგრიდი ხუთი თვის მანძილზე მოგზაურობდა ახლო აღმოსავლეთში. იგი ასევე დაინტერესებული იყო სპორტით, განსაკუთრებით კი ცხენოსნობით, ჩოგბურთითა და თხილამურებით სრიალით. ამას გარდა, მას ჰქონდა მანქანის მართვის მოწმობა, რაც პრინცესებისათვის დამახასიათებელი არ იყო.

პრინცესა ინგრიდი ცნობილი იყო, როგორც საოცარი ენათმეცნიერი, კარგი მხედარი, ჰქონდა შესანიშნავი თხრობის უნარი და ცეკვის ნიჭი. იგი თავის პაპასთან, მეფე გუსტავ V-თან ერთად ხშირად თამაშობდა ჩოგბურთს. ამასთან, ინგრიდი ხშირად ჩნდებოდა სტოკჰოლმის ახალგაზრდულ წრეებში.

გარდა იმისა, რომ თანამედროვე და განვითარებული ქალის რეპუტაცია მოიპოვა, ინგრიდი საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობითაც გამოირჩეოდა. იგი იყო მაღალი, ყავისფერი თმითა და თვალებით, რომელსაც ახასიათებდა თბილი ღიმილი. იგი მეტად ცნობისმოყვარეც ყოფილა. 1940 წელს, მისი აშშ-ში ვიზიტისას ამერიკელებმა აღნიშნეს, რომ ინგრიდი იყო „მაღალი და ძალიან გამხდარი, ლამაზად მოდელირებული ტანითა და დახვეწილი კბილებით“.

ქორწინება

რედაქტირება
 
ახლად დაქორწინებული ინგრიდი და ფრედერიკი 1935 წელს

1920-იან წლებში, პრინცესა ინგრიდის გათხოვების საკითხი შვედეთის სამეფო კარზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მოლაპარაკებები არასოდეს დაწყებულა, შვედები მას მისი ბიძაშვილის, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრისა და უელსის პრინცის, ედუარდის საცოლედ მოიაზრებდნენ, რომელიც მეფე ჯორჯ V-ის უფროსი ვაჟი იყო. ისინი პირველი თაობის ბიძაშვილები გამოდიოდნენ, როგორც დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილები. 1928 წელს, ლონდონში ინგრიდი უელსის პრინცს შეხვდა, თუმცა ნიშნობა არ შედგა.

1935 წლის 15 მარტს, თავის 25-ე დაბადების დღემდე სულ ცოტა ხნით ადრე იგი დანიშნეს დანიის კრონპრინც ფრედერიკზე. მსგავსად უელსის პრინცისა, ინგრიდი და ფრედერიკის ბიძაშვილები იყვნენ, როგორც შვედეთის მეფე ოსკარ I-ის შვილთაშვილები. მის კიდევ ერთ საქმროდ მოიაზრებოდა ბადენის დიდი ჰერცოგი ლეოპოლდი, რომელიც ასევე მესამე თაობის ბიძაშვილად ერგებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, შვედებმა არჩევანი დანიის კრონპრინცზე შეაჩერეს. 1935 წლის 24 მაისს, ინგრიდი და ფრედერიკი სტოკჰოლმის საკათედრო ტაძარში დაქორწინდნენ. მათ ქორწინებას დაესწრნენ დანიის მეფე-დედოფალი, შვედეთის მეფე-დედოფალი და კრონპრინც-პრინცესა, ბელგიის მეფე, და ნორვეგიის კრონპრინცი და პრინცესა. მისი ქორწინება შვედებისათვის უდიდესი მოვლენა იყო და ინგრიდი მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ქორწილიდან მალევე ინგრიდი შვედურ რადიოში მიიწვიეს, სადაც ინტერვიუსთან ერთად პოემაც წაიკითხა, რითაც კიდევ ერთხელ მიიქცია ყველას ყურადღება.

კრონპრინცესა

რედაქტირება
 
კრონპრინცესა ინგრიდი

ქორწინების შემდეგ, ინგრიდი დანიის კრონპრინცესა, ანუ მომავალი დედოფალი გახდა. მასთავიდანვე ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა არა მხოლოდ ქმართან, არამედ დედამთილთან, დედოფალ ალექსანდრინა მეკლენბურგ-შვერინელთანაც. 1940 წელს, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ დანიის ოკუპაცია მოახდინა, ინგრიდი „დანიელი ქალების ომის შემსწავლელი საზოგადოების“ პრეზიდენტი გახდა. ოკუპაციის პერიოდში, ინგრიდმა გამოავლინა თავისი პირადი გამბედაობა და დიდი გავლენა მოახდინა სამეფო კარის ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებაში, რის გამოც დანიელ ხალხში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მისი ქმარი და მამამთილი კოპენჰაგენში ყოველდღიურ რეიდს აწარმოებდნენ, რა დროსაც ცდილობდნენ გერმანელთა მიერ ადგილობრივთა შევიწროვება აღეკვეთათ. ინგრიდი ყველაფერს აკეთებდა, რათა ოკუპაციის მძიმე ტვირთი შეემსუბუქებინა დანიისათვის, რის გამოც იგი მდუმარე წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი პატრიოტიზმის სიმბოლოდ იქცა. იგი სოლიდარობას ავლენდა დანიის მოსახლეობისადმი. ოკუპაციისას იგი კოპენჰაგენის ქუჩებში ხშირად დასეირნობდა ველოსიპედით და ცდილობდა ქუჩაში დაუცველ ბავშვებს დახმარებოდა. ბაბუამისს, მეფე გუსტავ V-ს ძალიან ეშინოდა, რომ ინგრიდსა და საოკუპაციო ძალებს შორის დაპირისპირება არ მომხდარიყო, ამიტომაც იგი მას სთხოვდა, რომ შეეწყვიტა თავისი აქტივობები „დინასტიის გულისათვის“ მაინც. თუმცა, ინგრიდი ბაბუის თხოვნას არ დაემორჩილა, რაშიც მხარდაჭერა ფრედერიკმაც გამოუცხადა. ინგრიდის მიერ განხორციელებული პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო, როდესაც მან სამეფო სასახლეზე, ამალიენბორგის სასახლესა და საავადმყოფოებზე დანიის დროშები გამოფინა. 1945 წლის 9 მაისს გერმანელებმა დატოვეს დანია, რითაც დასრულდა ოკუპაციაც.

დედოფლობა

რედაქტირება
 
დედოფალი ინგრიდი და მეფე ფრედერიკ XI 1950 წელს

1947 წლის 20 აპრილს მისი მამამთილი, მეფე კრისტიან X გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მისი ქმარი, ფრედერიკ IX ავიდა, რითაც ინგრიდი დანიის დედოფალი გახდა. როგორც დედოფალი, მართალია პოლიტიკურად ნაკლებად აქტიური ფიგურა იყო, მაგრამ მან დიდად შეცვალა სამეფო კარის ცხოვრება. დედოფალმა ინგრიდმა გააუქმა არაერთი მოძველებული წესი, რომელიც სამეფო კარზე იყო შემორჩენილი. ოფიციალურ მიღებებზე უფრო მოდუნებული და თავისუფალი ატმოსფერო შექმნა, ნაცვლად ძველებური წესისა, სადაც ყველა ყოველთვის დაძაბული იყო.

ამ პერიოდში ინგრიდი დაინტერესდა მებაღეობითა და ხელოვნებით. ამის გამო, სამხრეთ დანიაში მან ააგო გრასტენის სასახლე, რომელიც მალევე დანიის სამეფო ოჯახის საზაფხულო რეზიდენციად იქცა.

1972 წლის 14 იანვარს ფრედერიკ IX გარდაიცვალა, რა დროსაც ინგრიდი 61 წლის იყო. ვინაიდან მათ ვაჟი არ ჰყავდათ, ტახტი მისმა უფროსმა ქალიშვილმა, დედოფალმა მარგრეტე II-მ დაიკავა.

დედა-დედოფალი

რედაქტირება
 
დედა-დედოფალი ინგრიდი ხვდება დანიის საზღვაო ძალის ოფიცრებს, 1983 წელი

მას შემდეგ, რაც ტახტზე მისი ქალიშვილი ავიდა, ინგრიდის გავლენა სამეფო კარზე მნიშვნელოვნად შემცირდა. იმავე წელს, დედოფალ მარგრეტეს ქვეყნის დატოვება მოუწია ოფიციალურ შეხვედრაზე დასასწრებად, რა დროსაც, კონსტიტუციის მიხედვით ინგრიდი რეგენტად დაინიშნა. ეს უკვე წმინდა წყლის ფორმალობა იყო, რადგანაც არც მონარქსა და არც მის რეგენტს, ამ პერიოდში უკვე არანაირი ძალაუფლება აღარ ჰქონდათ. ამის გამო, რეგენტობის პერიოდში, ინგრიდს განსაკუთრეებული არაფერი გაუკეთებია.

მან თავისი დედამთილის, განსვენებული ალექსანდრინა მეკლენბურგ-შვერინელისაგან 26 საქველმოქმედო ორგანიზაცია მიიღო მემკვიდრეობით, რომელსაც ეს ორგანიზაციები თავისმა დედამთილმა, მას კი თავისმა დედამთილმა ლუიზა ფონ ჰესენ-კასელმა დაუტოვა, ვინ დააარსა ეს ორგანიზაციები. მართალია ამდენი ორგანიზაციის მართვა ხანში შესული ქალისათვის რთული იყო, თუმცა იგი ენერგიულად შეუდგა საქმეს.

გარდაცვალება და დაკრძალვა

რედაქტირება

2000 წლის 7 ნოემბერს, ფრენსბორგის სასახლეში, თავისი სამივე ქალიშვილის გარემოცვაში გარდაიცვალა ინგრიდ შვედი, 90 წლის ასაკში. მისი გარდაცვალება დანიელმა ხალხმა დიდად განიცადა, რის გამოც მის დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი მივიდა, რომლებმაც უამრავი ყვავილი და სანთელი მიიტანეს. ინგრიდი დაკრძალეს როსკილეს კათედრალში, მისი ქმრის გვერდით. მის დაკრძალვას მთელი ევროპის სახელმწიფოს მეთაურები ესწრებოდნენ, მათ შორის შვედეთის მეფე კარლ XVI და დედოფალი სილვია სომერლატი, ასევე ესპანეთის დედოფალი სოფია ბერძენი, ნიდერლანდების დედოფალი ბეატრიქსი, ნორვეგიის მეფე ჰარალდ V და დედოფალი სონია ჰარალდსენი, ბელგიის მეფე ალბერტ II და დედოფალი პაოლა დი კალაბრია, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ჟანი და დიდი ჰერცოგინია ჟოზეფინა შარლოტა ბელგიელი, უელსის პრინცი ჩარლზი, ასევე ფინეთისა და ისლანდიის პრეზიდენტები და მონაკოს პრინცი.

სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
მარგრეტე II   16 აპრილი, 1940,

კოპენჰაგენი, დანია,

(79 წლის)

ცოცხალია დანიის დედოფალი 1972 წლიდან. ცოლად გაჰყვა ანრი დე ლამბორ დე მონპეზატს, რომეთანაც

ორი ვაჟი შეეძინა.

ბენედიკტა   29 აპრილი, 1944,

კოპენჰაგენი, დანია,

(75 წლის)

ცოცხალია ცოლად გაჰყვა საინ-ვიტგენშტაინ-ბერლბურგის პრინც რიხარდს, რომელთანაც შეეძინა

სამი შვილი.

ანა მარია   30 აგვისტო, 1946,

კოპენჰაგენი, დანია,

(72 წლის)

ცოცხალია ცოლად გაჰყვა საბერძნეთის უკანასკნელ მეფე კონსტანტინოს II-ს, რომელთანაც შეეძინა ხუთი

შვილი.

ტიტულები და წოდება

რედაქტირება
  • 28 მარტი, 1910 - 24 მაისი, 1935: მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა ინგრიდი შვედეთისა;
  • 24 მაისი, 1935 - 17 ივნისი, 1944: მისი სამეფო უდიდებულესობა კრონპრინცესა დანიისა და ისლანდიისა;
  • 17 ივნისი, 1944 - 20 აპრილი, 1947: მისი სამეფო უდიდებულესობა კრონპრინცესა დანიისა;
  • 20 აპრილი, 1947 - 14 იანვარი, 1972: მისი სამეფო აღმატებულება დედოფალი დანიისა;
  • 14 იანვარი, 1972 - 7 ნოემბერი, 2000: მისი სამეფო აღმატებულება დედა-დედოფალი დანიისა;

ლიტერატუარა

რედაქტირება
  • Grethe Jensen: Danmarks dronninger. In: Danske dronninger i tusind år. Herausgegeben von Steffen Heiberg. Gyldendal Verlag, Kopenhagen 2000. ISBN 87-00-45504-0. S. 98.
  • Historical documents. In: Department of Foreign Affairs and Trade. Abgerufen am 17. Mai 2016.
  • Grethe Jensen: Danmarks dronninger. In: Danske dronninger i tusind år. Herausgegeben von Steffen Heiberg. Gyldendal Verlag, Kopenhagen 2000. ISBN 87-00-45504-0. S. 100.
  • McMahon, Emily. "Wedding of King Frederik IX of Denmark and Princess Ingrid of Sweden". Unofficial Royalty. Retrieved 29 September 2018.
  • "Margaret of Connaught, Crown Princess of Sweden". Unofficial Royalty. Retrieved 29 September 2018.
  • "Queen Ingrid of Denmark". Unofficial Royalty. Retrieved 29 September 2018.
  • Börge Outze & Aage Svendstorp (in Swedish): 5 år i bojor. Danmark under ockupationen 1940–1945 (5 years in chains. Denmark during the occupation) Aktiebolaget boktryck (1945) Hälsingborg