სოფია ნასაუელი

შვედეთის და ნორვეგიის დედოფალი

სოფია ნასაუელი (გერმ. Sophia von Nassau, შვედ. Sofia av Nassau; დ. 9 ივლისი, 1836, ჰესენი, გერმანია — გ. 30 დეკემბერი, 1913, სტოკჰოლმი, შვედეთი) — ნასაუ-ვაილბურგების დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის დედოფალი 1872-1907 წლებში და ნორვეგიის დედოფალი 1872-1905 წლებში როგორც მეფე ოსკარ II-ის მეუღლე. შვედეთის მეფე გუსტავ V-ის დედა.

სოფია ნასაუელი
შვედეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 18 დეკემბერი, 1872
მმართ. დასასრული: 8 დეკემბერი, 1907
წინამორბედი: ლუიზა ნიდერლანდელი
მემკვიდრე: ვიქტორია ბადენელი
ნორვეგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 18 დეკემბერი, 1872
მმართ. დასასრული: 26 ოქტომბერი, 1905
წინამორბედი: ლუიზა ნიდერლანდელი
მემკვიდრე: მაუდ უელსელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 ივლისი, 1836
დაბ. ადგილი: ჰესენი, გერმანია
გარდ. თარიღი: 30 დეკემბერი, 1913, (77 წლის)
გარდ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
მეუღლე: ოსკარ II, შვედეთის მეფე
შვილები: გუსტავ V, შვედეთის მეფე
დინასტია: ნასაუ-ვაილბურგები
მამა: ვილჰელმი, ნასაუს ჰერცოგი
დედა: პოლინ ვიურტემბერგელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სოფია დაიბადა 1836 წლის 9 ივლისს ჰესენში, გერმანიაში. იგი იყო ნასაუს ჰერცოგ ვილჰელმისა და მისი მეორე ცოლის, პრინცესა პოლინ ვიურტემბერგელის ქალიშვილი. დედის მხრიდან სოფია შვედეთის ვაზა მეფეებისა და ბავარიელ-პფალცელი ვიტელსბახების შთამომავალი იყო, ამასთან, მისი ნახევარ-ძმა, ადოლფი ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი გახდა, რამაც მისი სარფიანი ქორწინება ერთობ გააადვილა.

აღსანიშნავია, რომ მას მხოლოდ ორი ღვიძლი დედმამიშვილი ჰყავდა: ელენა (1831-1888) და ვილჰელმი (1832-1905).

1857 წლის 6 ივნისს ვისბადენში სოფია დაქორწინდა პრინც ოსკარ ბერნადოტზე, შვედეთისა და ნორვეგიის მეფე ოსკარ I-ისა და დედოფალ ჟოზეფინა ლოიხტენბერგელის უმცროს ვაჟსა და მეფე კარლ XV-ის უმცროს ძმაზე. შვედებმა სოფიაზე არჩევანი ძირითადად იმიტომ შეაჩერეს, რომ ბერნადოტებს იმ პერიოდისათვის ერთობ გაძლიერებულ გერმანიასთან კავშირის შექმნა სურდათ, თანაც კათოლიკე დედოფლების შემდეგ ხალხის გულის მოსაგებად ლუთერანი დედოფალი სურდათ.

მას შემდეგ, რაც 1872 წლის 18 დეკემბერს მისი მაზლი, მეფე კარლ XV უძეოდ აღესრულა ტახტი ოსკარ II-მ დაიკავა, რის შემდეგაც სოფია შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი გახდა. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში იგი უკანასკნელი ქალი გახდა, რომელიც ერთდროულად ატარებდა ამ ორი ქვეყნის დედოფლის გვირგვინს.

დედოფალი სოფია ხალხში პოპულარობით სარგებლობდა, რადგან იგი სრულიად ღიად უჭერდა მხარს შვედეთის დემოკრატიული კუთხით განვითარებას. გარდა ამისა, სოფია თავის რძალ ვიქტორია ბადენელთან ერთად რამდენჯერმე ჩაერია სახელმწიფო მართვის საკითხებში, რამაც დროებით გადადო შვედეთ-ნორვეგიის უნიის ძალადობრივი გახლეჩა. რაც შეეხება მის ოჯახურ ურთიერთობებს, იგი თავის ვაჟებს ყოველთვის უჭერდა მხარს, თუმცა მათგან დინასტიური კავშირების შესაქმნელად თავის შერჩეულ ქალებზე ქორწინებას მკაცრად მოითხოვდა.

1905 წლის 26 ოქტომბერს, მიუხედავად შვედების გააფთრებული წინააღმდეგობისა ნორვეგია გავიდა უნიიდან. თავიდან ნორვეგიელებმა მეფობა ისევ სოფიას უმცროს ვაჟს, პრინც კარლს შესთავაზეს, თუმცა მან ნორვეგიის მეფობაზე უარი თქვა, რადგან უნიის დაშლას ეწინააღმდეგებოდა და ამას ქვეყნის ღალატად თვლიდა. ამის გამო ნორვეგიელებმა ტახტზე კარლის მეუღლის, ინგებორგ დანიელის ძმა, დანიის მეფე ფრედერიკ VIII-ის უმცროსი ვაჟი — ჰოკონ VII დასვეს.

ნორვეგიის გამოყოფიდან მალევე, 1907 წლის 8 დეკემბერს მეფე ოსკარ II გარდაიცვალა და ტახტი სოფიას ვაჟმა, გუსტავ V-მ დაიკავა. დედოფალი სოფია დაქვრივების შემდეგ მეტად მორწმუნე გახდა და თითქმის მთელ დღეებს სამლოცველოში ატარებდა. იგი 1913 წლის 30 დეკემბერს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში. დაკრძალეს განსვენებული მეუღლის გვერდით.

  1. გუსტავ V (1858-1950), შვედეთის მეფე 1907-50 წლებში. ცოლად შეირთო ვიქტორია ბადენელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე გუსტავ VI ადოლფი;
  2. ოსკარი (1859-1953), გოტლანდის ჰერცოგი. ცოლად შერითო ებბა მუნკ აფ ფულკილა, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
  3. კარლი (1861-1951), ვასტერგოტლანდის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ინგებორგ დანიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის ბელგიის დედოფალი ასტრიდ შვედი;
  4. ევგენი (1865-1947), ნერკეს ჰერცოგი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Elgklou, Lars (1995). Familjen Bernadotte. En släktkrönika. (The Bernadotte family. A family chronicle) (in Swedish). Skogs Boktryckeri Trelleborg. p. 141. ISBN 91-7054-755-6.
  • Anne-Marie Riiber (1959). Drottning Sophia. (Queen Sophia) Uppsala: J. A. Lindblads Förlag. page 219. ISBN (Swedish)
  • Elgklou, Lars (1995). Familjen Bernadotte. En släktkrönika [The Bernadotte family: a family chronicle] (in Swedish). Skogs Boktryckeri Trelleborg. p. 140. ISBN 91-7054-755-6.
  • Lars O. Lagerqvist (1979). Bernadotternas drottningar (in Swedish). Albert Bonniers Förlag AB. ISBN 91-0-042916-3.