ივანე ფუნდუკლეი
ივანე ფუნდუკლეი (რუს. Ива́н Ива́нович Фундукле́й, უკრ. Фундукле́й Іва́н Іва́нович დ. 15 (26) სექტემბერი, 1799, ელისავეტგრადი — გ. 22 აგვისტო (3 სექტემბერი), 1880, მოსკოვი) — რუსი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ნამდვილი საიდუმლო მრჩეველი, კიევის გუბერნატორი (1839-1852), ისტორიკოსი, მხარეთმცოდნე და მეცენატი. კიევის საპატიო მოქალაქე (1872).
ივანე ფუნდუკლეი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 (26) სექტემბერი, 1799[1] |
დაბადების ადგილი | კროპივნიცკი |
გარდაცვალების თარიღი | 22 აგვისტო (3 სექტემბერი), 1880[2] (80 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ჯილდოები | წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიგი დაიბადა ელისავეტგრადში (ახლანდელი კროპივნიცკი), ბერძენი ვაჭრის ოჯახში, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს გადავიდა თურქეთის კონსტანტინოპოლიდან ოდესაში და გამდიდრდა თამბაქოს და ღვინის ვაჭრობით. 1820-იანი წლების დასაწყისში უფროს ფუნდუკლეის ეკუთვნოდა რამდენიმე სახლი ოდესაში, მაღაზიები სევასტოპოლში, რამდენიმე ათასი ჰა მიწა, შაქრისა და ღვინის ქარხნები.[3] [4]
მილიონერის შვილი და თავად მულტიმილიონერი წყალ-პურზე გაიზარდა. მამის ნება-სურვილით, რომელმაც შვილის შრომისმოყვარეობა, მონდომება და პატიოსნება აღზარდა, მრავალი წელი მუშაობდა დაბალ თანამდებობებზე. მომავალში, ფუნდუკლეი ყველა მაღალ თანამდებობაზე აოცებდა ადამიანებს გამოცდილების სასწაულებრივი კომბინაციით, გაჭირვებულთა მიმართ გულუხვობითა და უბრალოებით. ის იყო ადამიანის მაგალითი, რომელიც იყენებს სიმდიდრეს საზოგადოების სამსახურში.
ბიჭმა განათლება სახლში მიიღო და 12 წლის ასაკში დაიწყო სამსახური. 1811 წელს იგი გახდა საფოსტო განყოფილების ვიცე-კანცელარი. 1818 წელს მსახურობდა მინისტრთა კომიტეტის კანცელარიაში, 1819 წლიდან — უმაღლესი ჩინებისთვის თხოვნების განაცხადების მიღების კანცელარიაში. მხოლოდ 1831 წელს მიიღო მან სპეციალური დავალებების ჩინოვნიკის თანამდებობა ნოვოროსიისკის გენერალური გუბერნატორის, გრაფ მიხაილ ვორონცოვისგან. მისი საქმიანი თვისებების და მდიდარი გამოცდილების გამო, ვორონცოვი ზრუნავდა მის კარიერულ წინსვლაზე. 1838 წელს დაინიშნა ვოლინის (ახლანდელი ჟიტომირი) ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე. ითვლება, რომ ასეთი მოულოდნელი დანიშვნა, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეული იყო ფუნდუკლეის მამის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი უზარმაზარი ქონებით. როცა კიევის სამხედრო გუბერნატორმა დიმიტრი ბიბიკოვმა ვოლინის ვიცე-გუბერნატორის კეთილშობილებისა და სიმდიდრის შესახებ შეიტყო, იჩქარა შუამდგომლობა პერსპექტიული ჩინოვნიკის მომავლისთვის და მოითხოვა სამოქალაქო გუბერნატორის პოსტი კიევში 1839 წლიდან 1852 წლამდე.
კიევის გუბერნატორი
რედაქტირებაივან ფუნდუკლეიმ ბევრი რამ გააკეთა ქალაქისთვის კიევში სამსახურის წლებში. იყო მეცნიერებისა და განათლების მფარველი, დაამკვიდრა საქალაქო საბაჟო მუშაობა, გააუმჯობესა ციხეებში ყოფნის პირობები. 1845 წლის წყალდიდობის შემდეგ მან მოაწყო მსხვერპლთა დახმარების სისტემა — მათ მიიღეს სესხები საცხოვრებლის აღდგენისთვის და თავშესაფარი პოდილში მდებარე კონტრაქტის სახლში. გუბერნატორმა რამდენიმე გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს ფინანსურად დაუჭირა მხარი. მისი სახსრებით პირველად მოასფალტდა ანდრეევის დაღმართი და 1843 წელს აშენდა მაშინდელი კიევის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი შადრევანი, რომელიც იკვებებოდა ხრეშჩატიკის ზედა ბორცვების წყაროებიდან. კიეველებმა ამ შადრევანს გუბერნატორის პატივსაცემად უწოდეს „ფუნდუკლეევსკი" ან უბრალოდ „ივანე". ამავე პერიოდს ეკუთვნის კიევის საქალაქო სათათბიროს შენობის მშენებლობა პოდილში და ცნობილი ჯაჭვის ხიდი.
მისი სახსრებით, მისი მეთვალყურეობითა და უშუალო მონაწილეობით გამოიცა არქეოლოგიური, ისტორიული და სტატისტიკური ხასიათის რამდენიმე წიგნი კიევის შესახებ. მათ შორის „კიევისა და კიევის პროვინციის მიმოხილვა სიძველეებთან მიმართებაში" (კიევი. 1847), „კიევის პროვინციის სტატისტიკური აღწერა" (3 ტომად, სანქტ-პეტერბურგი. 1852), „კიევის გუბერნიის საფლავის, გალავნისა და დასახლების მიმოხილვა" (1848) და სხვა. 1849 წელს აირჩიეს კიევის წმ. ვლადიმირის უნივერსიტეტის საპატიო წევრად და ნუმიზმატისტთა საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად. 1850 წელს იყო პეტერბურგის არქეოლოგიური და საიმპერატორო რუსული გეოგრაფიული საზოგადოების წევრი. ის ასევე იყო ოდესის ისტორიისა და სიძველეთა საზოგადოების მოქმედი წევრი.
ფუნდუკლეიმ იყიდა სახელმწიფო ფულით აშენებული ორსართულიანი ქვის სახლი (ამჟამინდელი ბოგდან ხმელნიცკის და პუშკინსკის ქუჩების კუთხეში), რათა ჩინოვნიკს, რომელსაც გაფლანგვისთვის სასამართლო და მძიმე შრომით ემუქრებოდნენ, სასწრაფოდ აენაზღაურებინა დანაკლისი. თავად კი ვარშავაში სამსახურის ახალ ადგილზე გამგზავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, შესწირა ეს ქონება ახალი ტიპის ქალთა პირველი საქალაქო გიმნაზიის ასაშენებლად (ღია ტიპის ყველა შესაძლებლობის ოჯახთა ბავშვებისთვის). ალექსანდრე II-ის ბრძანებით ახალ გიმნაზიას ყოფილი გუბერნატორის — ფუნდუკლეის სახელი ეწოდა და 1860 წელს გაიხსნა. ამ გიმნაზიაში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ ცნობილი პოეტი ანა ახმატოვა, ისტორიკოსი ნატალია პოლონსკა-ვასილენკო, ოპერის მომღერლები: სსრკ სახალხო არტისტი ქსენია დერჟინსკაია და უკრაინის სსრ სახალხო არტისტი მარია დონეც-ტესეირი, განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე სოფია რუსოვა, სიამის პრინცესა ეკატერინა დესნიცკაია.
გუბერნატორობის დროს ფუნდუკლეიმ თავის სასახლეში ორჯერ მოაწყო საზეიმო სადილი ფრანგი მწერლის ბალზაკის პატივსაცემად. 1866 წელს მისი კუთვნილი პურის საწყობის შენობა ოდესაში გადასცა რიშელიეს გიმნაზიას.
კიევის შემდეგ
რედაქტირებაკიევის დატოვების შემდეგ, საიდუმლო მრჩეველი ფუნდუკლეი დიდი ხნის განმავლობაში მსახურობდა პოლონეთის სამეფოს ადმინისტრაციაში, როგორც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში: 1852 წლიდან სენატორად ვარშავის სამთავრობო სენატის დეპარტამენტში, 1855 წლიდან — პოლონეთის სამეფოს გენერალური კონტროლიორი და უზენაესი საანგარიშო პალატის თავმჯდომარე. 1864 წელს მიიღო ნამდვილი საიდუმლო მრჩეველის ჩინი.[5] 1865 წლიდან ივანე ფუნდუკლეი იყო პოლონეთის სამეფოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ადმინისტრაციულ მუშაკად ყოფნის დროსაც არ თმობდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობას. მისი დახმარებით და ხელმძღვანელობით გამოიცა პოლონეთის ეკონომიკისა და ტყეების ისტორიის კვლევა.
1867 წლის იანვარში ფუნდუკლეი პეტერბურგში გადაიყვანეს სახელმწიფო საბჭოს წევრად (ეს იყო ერთგვარი საპატიოდ გადაყენება თანამდებობიდან). მოგვიანებით, 1876 წელს, დატოვა სახელმწიფო სამსახური და გადავიდა მოსკოვში. ის მარტოხელა და შეუმჩნეველი ცხოვრებით ცხოვრობდა საკუთარ ბინაში ტვერსკის ბულვარზე, ვირუბოვის სახლში. იქვე გარდაიცვალა 1880 წლის 22 აგვისტოს. დაკრძალულია დონის მონასტერში.
„კირილესა და მეთოდეს“ საზოგადოების დარბევა
რედაქტირებაფუნდუკლეი იყო ერთ-ერთი მთავარი გავლენიანი სამთავრობო მოხელე „კირილესა და მეთოდეს“ საზოგადოების საქმეში. ამ დროს გენერალ-გუბერნატორი ბიბიკოვი არ იმყოფებოდა ადგილზე და ფუნდუკლეი პირადად მონაწილეობდა საზოგადოების წევრების დაკავებაში, ჩხრეკასა და დაკითხვაში. მათგან ბევრს პირადად იცნობდა. კოსტომაროვს სჯეროდა, რომ ფუნდუკლეი აპირებდა მის გაფრთხილებას, მაგრამ რატომღაც ერთი თვის განმავლობაში დრო ვერ გამოძებნა.
პიროვნება
რედაქტირებათავის მოგონებებში ერაზმ ივანეს ძე სტოგოვი, სამხრეთ-დასავლეთის რეგიონის გენერალური გუბერნატორის, დიმიტრი ბიბიკოვის აპარატის გუბერნატორი, აღნიშნავს, რომ ფუნდუკლეის გააჩნდა მრავალი შესანიშნავი, ადამიანური თვისება. მაგალითად, ის იყო გულუხვი და ეხმარებოდა ღარიბებს, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ამას რაღაცნაირად შეუმჩნევლად აკეთებდა, განსხვავებით ბიბიკოვისგან, რომელიც „ხმაურით, ეფექტით გასცემდა 3 კაპიკს“. მან საკუთარი ხარჯებით შეაკეთა გუბერნატორის სახლი და საზღვარგარეთიდან ულამაზესი ავეჯი გამოიწერა ბაჟის გარეშე (ფინანსთა მინისტრის ნებართვით), რომელიც მოგვიანებით ქალაქს შესწირა.
ფუნდუკლეი ბიბიკოვს არასოდეს ეპირფერებოდა. პირიქით, მტკიცედ იცავდა თავის უფლებებს გენერალ-გუბერნატორის ახირებების წინააღმდეგ და ამას აკეთებდა მშვიდად, გააზრებულად, ზედმეტი მღელვარების გარეშე. ის იყო შორსმჭვრეტელი და ბრძენი ჩინოვნიკი. სტოგოვის თქმით, ის ხელფასს არ იღებდა, აგზავნიდა კანცელარიაში: მმართველს წელიწადში 12000 მანეთს უხდიდა, რომ მას ქრთამი არ აეღო. ფუნდუკლეის გუბერნატორობის დროს მექრთამეობა უფრო იშვიათობა იყო, ვიდრე სხვა ქალაქებში, რადგან მდიდარი მიწის მესაკუთრეები პოლიციელებს წლიურ ხელფასს უხდიდნენ. ასეთ ხელფასს იხდიდა ფუნდუკლეი თავისი მამულებიდანაც. როდესაც ეს უკანასკნელი კიევის გუბერნატორად დაინიშნა, მისმა მამულის მმართველმა შეაჩერა გადახდა, მაგრამ ფუნდუკლეიმ ბრძანა მისი განახლება შემდეგი სიტყვებით: „თუ მდიდარი მიწის მესაკუთრეები პოლიციას არ გადაუხდიან, ისინი ფულს ქურდებისგან მიიღებენ“.
ფუნდუკლეი კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე, მას ხშირად მოსდიოდა ფოსტით ნოტები. ის იყო დახელოვნებული მსროლელი, იცოდა ბევრი ევროპული ენა, მაგრამ ამ ცოდნას იყენებდა მხოლოდ უცხოელებთან და არასოდეს ბაქი-ბუქობდა. ის იყო ხელოვნების მცოდნე და ნახატების კოლექციონერი, მაგრამ არასოდეს საუბრობდა ხელოვნებაზე. იყო საკმაოდ ჩუმი, ჭკვიანი და არაჩვეულებრივი ფიზიკური ძალის მქონე. ოჯახი არ ჰყავდა.
ხსოვნა
რედაქტირება1869 წელს კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას — კადეცკას ქუჩას ეწოდა ფუნდუკლეის სახელი (შემდგომში ლენინის, ახლანდელი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა), ხოლო 1872 წელს ივანე ფუნდუკლეი აირჩიეს კიევის საპატიო მოქალაქედ.
1876 წელს მისი სახელი დაარქვეს ფუნდუკლიივკას სატვირთო და სამგზავრო სარკინიგზო სადგურს დაბა ალექსანდროვკაში, (ამჟამად კიროვოჰრადის ოლქი).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ივანე ფუნდუკლეი
- კიევის გუბერნატორი
- თქვენი კიევი
- ლ. დ. ფედოროვა ივან ივანოვიჩ ფუნდუკლეი // უკრაინის ისტორიის ენციკლოპედია. უკრაინის ისტორიის ინსტიტუტი, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. კიევი. „Наукова думка“ 2013. ტ. 10. გვ. 339-340. ISBN 978-966-00-1359-9.
- ს ცალიკი. როგორ დაამარცხა კიევის გუბერნატორმა-ოლიგარქმა კორუფცია / Forbes-უკრაინა. 2015 წ.
- http://www.pravoslavie.ru/jurnal/46706.htm
ლიტერატურა
რედაქტირება- ი. ი. ფუნდუკლეი // შევჩენკოს ენციკლოპედია — ტ. 6. კიევი. 2015. გვ. 579-580.
- უკრაინათმცოდნეობის ენციკლოპედია. ლექსიკის ნაწილი: 11 ტ. შევჩენკოს სამეცნიერო საზოგადოება. „პარიზი — ნიუ-იორკი“. „Молоде життя“. 1955-1995
- ა. მაკაროვი. კიევის სიძველე სახეებში. XIX საუკუნე. კიევი. 2005. ISBN 966-507-168-8.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ parish register
- ↑ death notice
- ↑ Макарухина Н. Гурзуф: первая жемчужина Южного берега Крыма. — Симферополь: Бизнес-Информ, 2010. — С. 88—95. ISBN 978-966-648-240-5.
- ↑ კიევთან ისტორიისა და კავშირის შესახებ
- ↑ ვ. ი. ფედორჩენკო „საიმპერატორო სახლი. ტ. 2