კონტრაქტების სახლი
კონტრაქტების სახლი (უკრ.: Контрактовий будинок) სავაჭრო სახლია კიევის პოდილის უბანში, უკრაინა. ქალაქის მმართველობა კონტრაქტებს ამ შენობაში აწერდა ხელს, რის გამოც მას ეს სახელი შერჩა. შენობა კონტრაკტოვას მოედანზე მდებარეობს, რომელიც პოდილის მთავარი სავაჭრო ცენტრი იყო ერთ დროს. შენობა კლასიკური არქიტექტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშად ითვლება ქალაქში.
1811 წელს დიდმა ხანძარმა პოდილის ნაწილი გაანადგურა. ამ უბანში პირველი კონტრაქტების სახლიც დაიწვა. მისი შემცვლელი ნაგებობა 1815-17 წლებში აიგო კლასიკურ სტილში ინგლისელი არქიტექტორი ვ. გესტის პროექტით, რომელსაც არქიტექტორი ალექსანდრე მალენსკი ხელმძღვანელობდა.
კონტრაქტის სახლი ერთი მთლიანი ანსამბლის ნაწილი უნდა გამხდარიყო, რომელიც მოიცავდა საფოსტო დაწესებულებას, მაგისტრატის რეზიდენციას და ამ შენობას. თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ეს სახლი აშენდა. შენობის ფრონტალური და დასავლეთის ფასადები დორიული სვეტებითაა მორთული, აღმოსავლური კი - იონიურით, რომელიც პორტიკოზეა აღმართული. ფრონტალურ ფასადს სამკუთხა ფრონტონი ამშვენებს.
შენობას ორი სართული აქვს. მეორე სართული საკონცერტო დარბაზის ფუნქციას ასრულებს და კოლონადის მწკრივი აქვს დატანებული. შენობის ინტერიერს განსაკუთრებული დეკორაციები არ აქვს, გარდა ზედა სართულის ოთახებისა, რომლებიც მელენსკის მითითებით მორთეს. თუმცა შენობის აგების დღიდან მისი ინტერიერის გეგმა უკვე შეცვლილია.
სახელწოდების მიუხედავად ეს შენობა ხშირად გამოიყენებოდა საზეიმო დღესასწაულებებისა და კონცერტებისთვის. თავის დროზე აქ მრავალი განთქმული პიროვნება მოსულა, მათ შორის ალექსანდრე პუშკინი, ნიკოლაი გოგოლი, ონორე დე ბალზაკი, ტარას შევჩენკო, ადამ მიცკევიჩი და დენის დავიდოვი.