იასუნარი კავაბატა

იასუნარი კავაბატა (დ. 11 ივნისი, 1899, ოსაკა — გ. 16 აპრილი, 1972, ძუსი) — იაპონელი მწერალი, იაპონიის ხელოვნების აკადემიის წევრი (1953). 1968 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი ოსტატური თხრობის სტილისათვის, რომელიც უდიდესი სიფაქიზით იაპონური აზროვნების არსს გამოხატავს.“[18] კავაბატა პირველი იაპონელი ნობელიანტი მწერალია.[19]

იასუნარი კავაბატა
იაპონ. 川端 康成[1]
დაბადების თარიღი 11 ივნისი, 1899(1899-06-11)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი ოსაკა, იაპონიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 16 აპრილი, 1972(1972-04-16)[3] [11] [4] [12] [13] [5] [14] [15] [6] [2] [8] [9] [10] (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი ძუსი, კანაგავის პრეფექტურა, იაპონია[3]
საქმიანობა მწერალი[10] , რომანისტი, სცენარისტი და პოეტი
მოქალაქეობა  იაპონია
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი
Magnum opus იძუს მოცეკვავე გოგო, თოვლიანი ქვეყანა, ათასფრთიანი წერო, The Old Capital, The House of the Sleeping Beauties და The Sound of the Mountain
ჯილდოები კიკუტი კანის პრემია, Japan Art Academy Prize, ნომის ლიტერატურული პრემია, Goethe Plaque of the City of Frankfurt, ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენი, კულტურის ორდენი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე, Mainichi Publication Culture Award, ნობელის პრემია ლიტერატურაში[16] [17] და ამომავალი მზის 1-ლი ხარისხის ორდენი
მეუღლე ჰიდეკო კავაბატა
ნათესავ(ებ)ი კაორი კავაბატა

კავაბატა კლასიკური ეროვნული ლიტერატურის მიმდევარია. მის შემოქმედებას ახასიათებს სწრაფვა ფსიქიკური ანალიზისკენ, ინტერესი ქვეცნობიერისადმი, აგრეთვე ნატიფი სტილი.

მწერლის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა ტრაგიკულმა ბავშვობამ. კავაბატას ნაშრომებში ხშირად იგრძნობა მარტოობისა და სიკვდილის წინათგრძნობის განცდა.[20] იქმნება შთაბეჭდილება, რომ მისი პერსონაჟები გარესამყაროსგან უხილავი კედლით არიან იზოლირებულნი.

ქართულ ენაზე თარგმნილია მისი რომანები „თოვლიანი მხარე“, „ათასფრთიანი წერო“ და მოთხრობა „მშვიდობის ბუდე“.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება
 
კავაბატა 1917 წელს

კავაბატა 1899 წლის 11 ივნისს იაპონიის ქალაქ ოსაკაში შეძლებულ ოჯახში დაიბადა.[21] ოთხი წლის ასაკში ორივე მშობლით დაობლდა, რის შემდეგაც ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობდა, ხოლო მის უფროს დას მამიდა მზრუნველობდა. დაობლების შემდეგ კავაბატა ერთადერთხელ, ათი წლის ასაკში შეხვდა დას, რომელიც ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. კავაბატას ბებია 1906 წელს, ხოლო ბაბუა - 1914 წელს გარდაიცვალა.

მამის მხრიდან ყველა ნათესავის დაკარგვის შემდეგ კავაბატა დედის ნათესავებთან გადავიდა. საბოლოოდ, 1916 წელს იგი პანსიონში მოხვდა, რომელიც საშუალო სკოლის მახლობლად მდებარეობდა. 1917 წელს საშუალო სკოლის მესამე წლის დამთავრების შემდეგ კავაბატა ტოკიოში გადავიდა. 1920 წელს მან ტოკიოს უნივერსიტეტში ჩააბარა. თავდაპირველად ინგლისურ ლიტერატურას სწავლობდა, თუმცა მალევე იაპონური ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. ამ პერიოდში იგი ბენგალელი ნობელიანტი მწერლის, რაბინდრანათ თაგორის ნამუშევრებს ეცნობოდა. კავაბატამ ხელახლა დააარსა უნივერსიტეტის გაზეთი Shin-shichō, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე არ მუშაობდა. მისი პირველი მოთხრობა „ხედი იასუკუნის ფესტივალიდან“ 1921 წელს სწორედ ამ გაზეთში გამოქვეყნდა. კავაბატამ სწავლა 1924 წლის მარტში დაამთავრა. მისი საბაკალავრო ნაშრომის სათაური „იაპონური რომანების მოკლე ისტორია“ იყო.

 
კავაბატა ცოლთან (მარცხნივ) და ცოლის დასთან (მარჯვნივ) ერთად 1930 წელს

1924 წლის ოქტომბერში კავაბატამ სხვა ახალგაზრდა ავტორებთან ერთად ლიტერატურული ჟურნალი Bungei Jidai (არტისტული ასაკი) დააარსა. ჟურნალის მოძრაობა, რომლის წევრებსაც ნეოსენსუალისტებს უწოდებდნენ,[20] ნატურალიზმის გავლენით წარმოიშვა და იაპონურ ლიტერატურაში ახალი ფორმების, ახალი შთაბეჭდილებების, შეგრძნებებისა და აღქმების შეტანას ცდილობდა.[22][23] ეს იყო მოძრაობა „ხელოვნება ხელოვნებისთვის“, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ფორმების: კუბიზმის, ექსპრესიონიზმის, დადაიზმისა და მოდერნიზმის ძლიერ გავლენას განიცდიდა.

ლიტერატურულ სამყაროში კავაბატას პირველი სერიოზული ნაბიჯი 1924 წლის ნახევრად ავტობიოგრაფიული მოთხრობა „იძუელი მოცეკვავე“ იყო, რომელმაც მწერალს ფართო აღიარება მოუტანა.[20]

1931 წელს კავაბატამ გამოაქვეყნა მოთხრობა „კრისტალური ფანტაზია“, რომელშიც მოგონებათა ფრაგმენტების საშუალებით მარტოხელა ქალის ცხოვრებაა აღწერილი. მწერალმა მოთხრობა ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“ გავლენით დაწერა.

 
კავაბატა თავის სახლში, კამაკურაში 1946 წელს

1933 წელს კავაბატამ ტოკიოს პოლიტიკური პოლიციის მიერ მემარცხენე მწერლის, ტაჯიკი კობაიაშის დაპატიმრება, წამება და სიკვდილით დასჯა გააპროტესტა.

კავაბატას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული რომანია „თოვლიანი მხარე“, რომელიც ბალეტის დილეტანტი ექსპერტისა და პროვინციელი გეიშას სიყვარულის ისტორიას აღწერს. რომანი სრული სახით პირველად 1948 წელს გამოქვეყნდა.[20]

როგორც თავად კავაბატა აღნიშნავს, მეორე მსოფლიო ომმა მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ომის შემდგომი პერიოდის მისი რომანებია: „ათასფრთიანი წერო“, „მთის კვნესა“, „მძინარე მზეთუნახავების სახლი“, „მშვენიერება და სევდა“, „ძველი დედაქალაქი“.

„ათასფრთიანი წერო“ 1949-1951 წლებში გამოქვეყნდა და მისი ძირითადი თემა უძველესი ტრადიციული ჩაის ცერემონიალი და უიმედო სიყვარულია.

კავაბატა თავის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევდა რომანს „თამაშ გოს ოსტატი“ (ასევე ცნობილია, როგორც „მეიჯინი“), რომელიც 1951 წელს გამოქვეყნდა.

ჯილდოები

რედაქტირება

ომის შემდგომ წლებში კავაბატა ხელს უწყობდა იაპონური ლიტერატურის თარგმნას ინგლისურსა და სხვა ევროპულ ენებზე. გაწეული ღვაწლისთვის მას 1960 წელს საფრანგეთში ხელოვნების ორდენი გადაეცა, ხოლო 1961 წელს იაპონიის კულტურის ორდენით დაჯილდოვდა.

 
კავაბატა 1968 წელს

1968 წელა კავაბატას მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი ოსტატური თხრობის სტილისათვის, რომელიც უდიდესი სიფაქიზით იაპონური აზროვნების არსს გამოხატავს.“[18] კავაბატა პირველი იაპონელი ნობელიანტი მწერალია.[19]

შვედეთის აკადემიამ თავის სიტყვაში კავაბატას სამ რომანზე: „თოვლიანი მხარე“ , „ათასფრთიანი წერო“ და „ძველი დედაქალაქი“ ისაუბრა.[24] ნობელის პრემიის მისაღებ სიტყვაში კავაბატამ განსაკუთრებული ადგილი ძენ-ბუდიზმზე საუბარს დაუთმო. მან ისაუბრა ძენ-ბუდიზმის ძირითად პრინციპებზე და მის განსხვავებაზე ბუდიზმის სხვა მიმდინარეობებისგან. მწერალმა აღნიშნა, რომ ადამიანმა სულიერ ხსნას მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით შეიძლება მიაღწიოს. კავაბატამ ისაუბრა იკებანასა და ბონსაიზე, როგორ ხელოვნების ფორმებზე და ხაზი გაუსვა, რომ მშვენიერება უბრალოებაში იბადება.[25] ძენ-ბუდიზმისა და ხელოვნების გარდა კავაბატამ სუიციდზეც ისაუბრა და გაიხსენა ცნობილი იაპონელი მწერლები, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, მათ შორის რიუნოსკე აკუტაგავა. კავაბატამ თქვა, რომ იგი ცდილობდა თავის შემოქმედებაში სიკვდილის მშვენიერება და ადამიანს, ბუნებასა და სიცარიელეს შორის ჰარმონიის ძიება აესახა.[20]

სიკვდილი

რედაქტირება

კავაბატა 1972 წელს ბუნებრივი აირით გაგუდვის შედეგად გარდაიცვალა. მიიჩნევენ, რომ ეს თვითმკვლელობა იყო, რომლის მოტივადაც მისი მეგობრის, იუკიო მისიმას თვითმკვლელობით მიღებულ შოკს ასახელებენ.[20][26]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Japan Search — 2020.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118776940 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  4. 4.0 4.1 Nationalencyklopedin — 1999.
  5. 5.0 5.1 filmportal.de — 2005.
  6. 6.0 6.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  7. Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  10. 10.0 10.1 10.2 The Fine Art Archive — 2003.
  11. SNAC — 2010.
  12. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  13. Babelio — 2007.
  14. BD Gest'
  15. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  16. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1968/
  17. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  18. 18.0 18.1 nobel prize in literature 1968.
  19. 19.0 19.1 „Japanese Writer Wins Nobel Prize“. The Owosso Argus-Press. Associated Press. 16 October 1968. ციტირების თარიღი: 25 November 2013.
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 20.5 Kawabata Yasunari — Brittanica.
  21. Saburō Kawamoto, Kawabata Yasunari: Explorer of Death and Beauty, Japan Book News, No. 63, Spring 2010, p. 13
  22. Okubo Takaki (2004), Kawabata Yasunari—Utsukushi Nihon no Watashi. Minerva Shobo
  23. Draft confirmed as Kawabata novel. The Japan Times (2012-07-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-26. ციტირების თარიღი: 2022-05-05.
  24. Nobelprize.org. ციტირების თარიღი: 2018-01-28
  25. Kawabata, Yasunari. (12 December 1968) Japan, the Beautiful and Myself. Nobel Media. ციტირების თარიღი: 25 November 2013.
  26. Donald Keene (June 2005). Five Modern Japanese Novelists. Columbia University Press, გვ. 26. ISBN 978-0-231-12611-3. ციტირების თარიღი: 22 September 2010.