თურღაის ოლქი
თურღაის ოლქი (ყაზახ. Торғай облысы, რუს. Тургайская область) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ყაზახეთის სსრ-სა (1970—1988, 1990–1991) და ყაზახეთის რესპუბლიკაში (1991–1997). შეიქმნა 1970 წლის 23 ნოემბერს. მდებარეობდა რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარეების იშიმისა და თურღაის აუზში. ფართობი 111,9 ათასი კმ². მოსახლეობა 298 ათასი კაცი (1983[1]), ქალაქად ცხოვრობდა 31% (1979). ცენტრი — ქ. არკალიკი. ოლქის უმეტესი ნაწილი თურღაის პლატოს და თურღაის ხეობას ეკავა (უმაღლესი წერტილი 478 მ). დიდი მდინარეა იშიმი. ოლქის ეკონომიკაში წამყვანი დარგები იყო მიწათმოქმედება და სახორცე-სამატყლე მეცხოველეობა. მრეწვველობის ძირითადი დარგები იყო: სამთამადნო (ბოქსიტებისა და ცეცხლგამძლე თიხების მოპოვება და პირველადი გადამუშავება), საშენ მასალათა წარმოება, კვების (საფქვავი, ერბო-კარაქის, ხორცის) და მსუბუქი (შალის პირველადი გადამუშავება) მრეწველობა, განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა — თესავდნენ მარცვლეულს (ხორბალი, ფეტვი, ქერი და სხვ.), მისდევდნენ მეცხოველეობას (მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვარი და თხა, ღორი, აქლემი, ცხენი, ფრინველი). განვითარებული იყო ნადირობა. ოლქი 1973 წელს დაჯილდოვდა ლენინის ორდენით.[2]
თურღაის ოლქი რუს. Тургайская область ყაზახ. Торғай облысы | ||
ქვეყანა | სსრკ | |
---|---|---|
მოკავშირე რესპუბლიკა | ყაზახეთის სსრ | |
ადმ. ცენტრი | არკალიკი | |
კოორდინატები | 50°00′00″ ჩ. გ. 65°00′00″ ა. გ. / 50.00000° ჩ. გ. 65.00000° ა. გ. | |
მმართველი | Orazbek Kuanyszew | |
დაარსდა | 23 ნოემბერი, 1970 | |
ფართობი | 111,9 ათ. კმ² | |
ოფიციალური ენა | რუსული, ყაზახური | |
მოსახლეობა | 298 000 კაცი (1983) | |
გაუქმდა | 1997 | |
ქვეყანა | ყაზახეთი | |
|
თავდაპირველად გაუქმდა ყაზახეთის სსრ უმაღლესი საბჭოს 1988 წლის 2 ივნისის დადგენილებით. აღდგა ყაზახეთის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ 1990 წლის 17 აგვისტოს. 1997 წლის 22 აპრილს, ყაზახეთის პრეზიდენტის ბრძანებთ, ოლქი გაუქმდა და მისი ტერიტორია გაიყო კოსტანაისა და აყმოლის ოლქებს შორის.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Атлас СССР / Отв. ред. Е. В. Большакова. — М.: ГУГК, 1984.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 28.
- ↑ Сафонов Д. А. ТУРГАЙСКАЯ ОБЛАСТЬ // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 526-527.