თეთრი დედოფალი (მინისერიალი)

თეთრი დედოფალი (ინგლ. The White Queen) — 2013 წელს გამოსული ბრიტანული ისტორიული მინისერიალი, რომელიც ეფუძნება ამერიკელი მწერლის, ფილიპა გრეგორის ამავე სახელწოდების რომანს „თეთრი დედოფალი“ და მოგვითხრობს ვარდების ომის პერიოდში ინგლისის სამეფო კარზე მიმდინარე მოვლენებს. სერიალი გაერთიანებულ სამეფოში პირველად ეკრანებზე 2013 წლის 16 ივნისს გამოჩნდა[1], იმავე წლის 9 აგვისტოს კი მისი გაშვება დაიწყო აშშ-შიც[2][3].

თეთრი დედოფალი
ჟანრი ისტორიული
დრამა
ავტორი ემა ფროსტი
ლიზა მაკჯი
მალკოლმ კამპბელი
ნიკოლ ტეილორი
ეფუძნება ფილიპა გრეგორის ამავე სახელწოდების რომანს
მონაწილეობენ რებეკა ფერგიუსონი
ფაიე მარსაი
მაქს აირონსი
ამანდა ჰეილი
დევიდ ოაკსი
კომპოზიტორ(ებ)ი ჯონ ლანი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
სეზონი 1
სერია 10
კომპანია Czar Television
ეთერში 16 ივნისი, 2013 — 18 აგვისტო, 2013
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალის მთავარი გმირები არიან ნამდვილი ისტორიული პერსონაჟები, სამი დედოფალი, რომლებიც ტახტისათვის იბრძვიან, ესენი არიან: ელიზაბეთ ვუდვილი, მარგარეტ ბეფორტი და ანა ნევილი[4]. ამ სერიალის გაგრძელებებს წარმოადგენს 2017 წელს გამოსული „თეთრი პრინცესა[5] და 2019 წელს გამოსული „ესპანელი პრინცესა“.

სერიალს მიღებული აქვს ოქროს გლობუსის ჯილდო და ნომინირებული იყო ემისა და ხალხის რჩეულის ჯილდოებზეც.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სერიალის მოქმედება ვარდების ომის პერიოდის ინგლისში. სიუჟეტი იწყება 1464 წელს, როდესაც ინგლისის მეფე ედუარდ IV პირველად შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, დაქვრივებულ ელიზაბეთ ვუდვილს. წყვილს ერთმანეთი შეუყვარდება და მალევე ქორწინდება, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ედუარდი დანიშნულია საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის ცოლისდაზე, პრინცესა ბონაზე. მასთან ნიშნობის ჩაშლის გამო ედუარდი სამუდამოდ გადაემტერა თავის მთავარ მოკავშირეს, უორვიკის გრაფ რიჩარდ ნევილს, ე.წ. „მეფეების შემქმნელს“, რომელიც მიზნად ისახავს მისი და ელიზაბეთის დამხობას.

რიჩარდ ნევილი გადაწყვეტს, რომ ედუარდის ნაცვლად ტახტზე მისი ამბიციური ძმა, კლარენსის ჰერცოგი ჯორჯ პლანტაგენეტი დასვას, რომელსაც კავშირის შესაქმნელად თავის ქალიშვილ იზაბელზე აქორწინებს. რიჩარდისა და ჯორჯის ამბოხება წარუმატებელი აღმოჩნდა, რის გამოც მათ სასწრაფოდ უწევთ ინგლისის დატოვება და საფრანგეთში გაქცევა, კალესაკენ მიმავალ გზაზე კი მათი გემი შტორმში მოყვება და ჯორჯის ორსულ ცოლს, იზაბელს სწორედ მაშინ ეწყება მშობიარობა და არასათანადო პირობების გამო მათი ბავშვი იღუპება. ყოველივე ამას ისინი დედოფალ ელიზაბეთს აბრალებენ, რომელსაც ედუარდის ოჯახის წევრები ჯადოქრად მიიჩნევდნენ.

საფრანგეთში გაქცეული რიჩარდი დანებებას არ აპირებს და ამჯერად იგი ლანკასტერების მხარეს გადადის. იგი უკავშირდება რა დამხობილი მეფის, ჰენრი VI-ის ცოლს, ვაჟთან ერთად ემიგრაციაში მყოფ დედოფალ მარგარიტა ანჟუელს (სერიალში იგი „ბოროტი დედოფლის“ სახელითაა ცნობილი) და ედუარდის დასამხობად სთავაზობს კავშირის შეკვრას, მოკავშირეობის გარანტად კი თავის მეორე ქალიშვილს, ანა ნევილს მარგარიტას ვაჟზე, უელსის პრინც ედუარდზე აქორწინებს. როდესაც ჯორჯი იგებს, რომ სიმამრმა უღალატა, ცოლთან ერთად ბრუნდება ინგლისში და ძმას პატიებას სთხოვს, ედუარდიც პატიობს, თუმცა მარგარიტასა და რიჩარდის ჯარები ამარცხებენ იორკებს და ტახტზე კვლავ მეფე ჰენრის სვამენ. ამის გამო ედუარდი ფლანდრიაში გაიქცა, ორსული დედოფალი ელიზაბეთი კი ტაუერში შეიკეტა. სულ მალე ედუარდი ტახტს იბრუნებს და ბრძოლაში კლავს რიჩარდსაც და პრინც ედუარდ ლანკასტერსაც, დედოფალი მარგარიტა კვლავ საფრანგეთში გარბის, ანა ნევილი კი თავისი დისა და სიძის ტყვე ხდება. სულ მალევე ამ ტყვეობიდან თავის დასახსნელად ანა ცოლად მიჰყვება ედუარდ IV-ის მეორე ძმას, გლოსტერის ჰერცოგ რიჩარდს.

მცირეხნიანი მშვიდობის შემდეგ არეულობა უკვე თავად იორკების ოჯახში იწყება. დედოფალ ელიზაბეთსა და დებ ნევილებს შორის ფარული მტრობა მძვინვარებს. მას შემდეგ, რაც იზაბელ ნევილი სრულიად მოულოდნელად დაიღუპება, მისი და და ქმარი მიიჩნევენ, რომ იგი დედოფალმა დაწყევლა და მოკლა, ამიტომაც ჯორჯი კვლავ ღალატს განიზრახავს და გადაწყვეტს მარია ბურგუნდიელთან ქორწინებით შეკრას კავშირი, რომლითაც ძმის დამხობას შეძლებს. მისი გეგმა ჩავარდა, მეფემ აღარ აპატია და ჯორჯს ედუარდი სიკვდილით სჯის. ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში თავად ედუარდ IV-ც იღუპება და ტახტი მის მცირეწლოვან ძეს, ედუარდ V-ს რჩება, რომელსაც რეგენტად ბიძამისი, რიჩარდ გლოსტერელი ენიშნება.

დედოფალი ელიზაბეთი არ ენდობა თავის მაზლს, ამიტომაც ქალიშვილებთან ერთად შეიკეტება უესტმინსტერში და იქიდან ცდილობს ვაჟის ტახტზე აყვანას, თუმცა იორკების დაპირისპირებით სარგებლობს ლედი მარგარეტ ბეფორტი, რომელსაც თავისი ვაჟის, ჰენრი ტიუდორის გამეფება სურს. იგი დეზინფორმაციას აწვდის ელიზაბეთსაც და რიჩარდსაც, რის გამოც ისინი გაერთიანებას ვერ ახერხებენ. იმავდროულად, ანა ნევილი არაპირდაპირად გასცემს ედუარდ IV-ის ვაჟების დახოცვის ბრძანებას, რის შემდეგაც მეფე მისი ქმარი, რიჩარდ III ხდება. დედოფალი ელიზაბეთი შურისძიების მიზნით წყევლის თავისი ვაჟების მკვლელებს იმით, რომ მასაც გარდაეცვალოს ძეები. დაწყევლიდან მალევე ანასა და რიჩარდის ერთადერთი ვაჟი გარდაიცვალა, რის შემდეგაც იწყება გაუცხოება მეფე-დედოფალს შორის. იმავდროულად ელიზაბეთი მარგარეტს ჰპირდება, რომ დახმარების შემთხვევაში მის ვაჟს თავის ქალიშვილ ელისაბედს მიათხოვებს. როდესაც ამას რიჩარდი იგებს, გადაწყვეტს შეაცდინოს თავისი ძმისწული ელისაბედი, რათა მათ და ტიუდორებმა ვეღარ მოახერხონ კავშირის შეკვრა. სწორედ ამ დროს დედოფალი ანა ტუბერკულოზით იღუპება, ჰენრი ტიუდორი კი დიდი ლაშქრით ჩადის ინგლისში, ბოსვორტსის ბრძოლაში კლავს მეფე რიჩარდს და ინგლისის მეფე თავად ხდება ჰენრი VII-ის სახელით.

მსახიობები

რედაქტირება
 
რებეკა ფერგიუსონი, დედოფალ ელიზაბეთის როლის შემსრულებელი
 
მაქს აირონსი, ედუარდ IV-ის როლის შემსრულებელი
 
ჯეიმზ ფრენი, რიჩარდ ნევილის როლის შემსრულებელი
  • ჯულიეტ ობრი — ლედი ანა ბეშამპის, უორვიკის გრაფინია, რიჩარდ ნევილის ცოლი, იზაბელ და ანა ნევილების დედა;
  • ვირლი ბაიტენსი — დედოფალი მარგარიტა ანჟუელი, მეფე ჰენრი VI-ის ცოლი;
  • ენაირინ ბარნარდი — მეფე რიჩარდ III;
  • ლეო ბილი — სირ რეჯინარ ბრის როლში;
  • ემილი ბერინგტონი — ჯეინ შორი, ედუარდ IV-ის საყვარელი;
  • ეშლი ჩარლზი — თომას გრეი, დედოფალ ელიზაბეთ ვუდვილისა და მისი პირველი ქმრის, სირ ჯონ გრეის უფროსი ძე;
  • არტურ დარვილი — ჰენრი სტაფორდი, ბაკინგემის ჰერცოგი, დედოფალ ელიზაბეთის დის, კათრინის პირველი ქმარი;
  • შონ დული — სირ რობერტ ბრაკენბერი;
  • რებეკა ფერგიუსონი — დედოფალი ელიზაბეთ ვუდვილი, ედუარდ IV-ის ცოლი;
  • ჯეიმზ ფრენი — რიჩარდ ნევილი, უორვიკის გრაფი, ე.წ. „მეფეების შემქმნელი“, იზაბელ და ანა ნევილების მამა;
  • კაროლინ გუდოლი — სესილი ნევილი, იორკის ჰერცოგინია, ედუარდ IV-ის, რიჩარდ III-ისა და ჯორჯ კლარენსელის დედა;
  • ენდრიუ გოუელი — ლორდი სტრენჯი, მარგარეტ ბეფორტის მეოთხე ქმრის, ლორდი სტენლის ვაჟი;
  • რუპერტ გრეივსი — ლორდი სტენლი, მარგარეტ ბეფორტის მეოთხე ქმარი;
  • ამანდა ჰეილი — ლედი მარგარეტ ბეფორტი, ე.წ. „წითელი დედოფალი“, ჰენრი ტიუდორის დედა;
  • მაქს აირონსი — მეფე ედუარდ IV;
  • ბენ ლამბი — ანტონი ვუდვილი, რივერსის მეორე ერლი, დედოფალ ელიზაბეთის ძმა;
  • მაიკლ მალონი — ჰენრი ტიუდორი, შემდეგში მეფე ჰენრი VII, ლედი მარგარეტისა და მისი პირველი ქმრის, ედმუნდის ვაჟი;
  • ფაიე მარსაი — ანა ნევილი, რიჩარდ ნევილის ასული, უელსის პრინც ედუარდის ქვრივი და მეფე რიჩარდ III-ის ცოლი;
  • ფრეია მავორი — ელისაბედ იორკელი, ედუარდ IV-ისა და დედოფალ ელიზაბეთის უფროსი ქალიშვილი;
  • ლიზი მაკლერნი — ლედი სატკლიფი;
  • ტომ მაკკეი — ჯასპერ ტიუდორი, მეფე ჰენრი VI-ის ნახევარ-ძმა, ჰენრი VII-ის ბიძა, მარგარეტ ბეფორტის მაზლი;
  • ჯანეტ მაკტირი — ჟაკეტა ლუქსემბურგელი, რივერსის ლედი, დედოფალ ელიზაბეთის დედა;
  •  
    ფაიე მარსაი, ანა ნევილის როლის შემსრულებელი
    დევიდ ოაკსი — ჯორჯ პლანტაგენეტი, კლარენსის ჰერცოგი, ედუარდ IV-ის ძმა;
  • ევა პონსონბი — მერი ვუდვილი, პემბროკისა და ჰანტინგტონის გრაფინია, დედოფალ ელიზაბეთის და;
  • რობერტ პაგი — ბარონი რივერსი, დედოფალ ელიზაბეთის მამა;
  • ფრენსის ტომელტი — ლედი ბეშამპი, მარგარეტ ბეფორტის დედა;
  • ელეანორ ტომლინსონი — იზაბელ ნევილი, კლარენსის ჰერცოგინია, ჯორჯ პლანტაგენეტის ცოლი, ანა ნევილის და;
  • რუპერტ იანგი — სირ უილიამ ჰერბერტი, პემბროკის ლორდი;

სიუჟეტური

რედაქტირება
  • სონი ოშბორნი — მეფე ედუარდ V, ედუარდ IV-ისა და ელიზაბეთ ვუდვილის ვაჟი;
  • ჯოუი ბატი — უელსის პრინცი ედუარდი, ანა ნევილის პირველი ქმარი, მეფე ჰენრი VI-ისა და დედოფალ მარგარიტას ვაჟი;
  • ელინორ კროული — სესილი იორკელი, ედუარდ IV-ისა და ელიზაბეთ ვუდვილის შუათანა ქალიშვილი;
  • ოტო ფარანტი — ტომას გრეი, დედოფალ ელიზაბეტისა და მისი პირველი ქმრის უმცროსი ვაჟი;
  • ოსკარ კენედი — ჰენრი ტიუდორი ბავშვობაში;
  • ჰუგო მიჩელი — რიჩარდ უელესი, მარგარეტ ბეფორტის ნახევარ-ძმა;
  • ანდრეას პერშევსკი — საფრანგეთის მეფე ლუი XI;
  • დევიდ შელი — ინგლისის მეფე ჰენრი VI;

გაგრძელება

რედაქტირება

ფილიპა გრეგორის ამავე სახელწოდებების მქონე ნოველებზე დაყრდნობით სულ სამი მინისერიალია გადაღებული[6]. სამივე მათგანი ერთმანეთის გაგრძელებაა და საერთო ჯამში მოგვითხრობს 1464-1509 წლებში ინგლისში მიმდინარე მოვლენებს, საკუთრივ „თეთრ დედოფალში“ კი გადმოცემულია მხოლოდ 1464-1485 წლების მოვლენები. ამის პირდაპირი გარძელებაა სერიალი „თეთრი პრინცესა“, რომელშიც ვითარება 1485-1499 წლებში ხდება, როდესაც ჰენრი VII ქორწინდება ელისაბედ იორკელზე და ხდება ტიუდორების ხელისუფლების განმტკიცება იორკთა მოკავშირეების ამბოხებების ფონზე, უკვე „ესპანელ პრინცესაში“ კი ვითარება ხდება მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ინფანტა კატალინა არაგონელი ჩადის ინგლისში, რათა დაქორწინდეს მომავალ მეფეზე და გახდეს დედოფალი[7].

  1. "Media Centre – Programme Information – The White Queen" დაარქივებული 2015-09-25 საიტზე Wayback Machine. BBC. Retrieved 23 June 2013.
  2. "Breaking News – Starz to Air Advance Screening of "The White Queen" Following "Magic City" Season Two Finale on Friday, August 9 at 10PM ET/PT The Futon Critic. 26 July 2013. Retrieved 9 August 2013.
  3. "'The White Queen' advance screening on Starz TV" RedEye Chicago. 31 July 2013. Retrieved 9 August 2013.
  4. "Media Centre – The White Queen, a new ten-part drama for BBC One" დაარქივებული 2017-11-24 საიტზე Wayback Machine. BBC. 31 August 2012. Retrieved 23 June 2013.
  5. Walker-Arnott, Ellie (10 August 2015). "A sequel to The White Queen is definitely in the works". Radio Times. Retrieved 7 February 2016.
  6. Walker, Tim (17 October 2013). "The White Queen is to make a comeback". The Telegraph. Retrieved 6 October 2014.
  7. "Starz Greenlights Limited Series Spanish Princess Based on Philippa Gregory Novels" Variety. Retrieved 16 March 2018.