ედუარდ უესტმინსტერელი

ედუარდ უესტმინსტერელი (ინგლ. Edward of Westminster; დ. 13 ოქტომბერი, 1453, უესტმინსტერის სასახლე, ლონდონი, ინგლისი — გ. 4 მაისი, 1471, ტევკესბური, გლოსტერშირი, ინგლისი) — ლანკასტერელთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჰენრი VI-ისა და დედოფალ მარგარიტა ანჟუელის ერთადერთი ვაჟი. უელსის პრინცი 1454 წლიდან გარდაცვალებამდე. დედოფალ ანა ნევილის პირველი ქმარი. დაიღუპა იორკების წინააღმდეგ გამართულ ტევკესბურის ბრძოლაში. მისი გარდაცვალებით შეწყდა ლანკასტერთა დინასტიაც.

ედუარდ უესტმინსტერელი
უელსის პრინცი
მმართ. წლები: 1454-1471
წინამორბედი: ჰენრი
მემკვიდრე: ედუარდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 ოქტომბერი, 1453
დაბ. ადგილი: უესტმინსტერის სასახლე, ლონდონი, ინგლისი
გარდ. თარიღი: 4 მაისი, 1471, (17 წლის)
გარდ. ადგილი: ტევკესბური, გლოსტერშირი, ინგლისი
მეუღლე: ანა ნევილი
(ქ. 1470)
დინასტია: ლანკასტერები
მამა: ჰენრი VI, ინგლისის მეფე
დედა: მარგარიტა ანჟუელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ედუარდი დაიბადა 1453 წლის 13 ოქტომბერს უესტმინსტერის სასახლეში, ლონდონში. იგი იყო ინგლისის მეფე ჰენრი VI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარგარიტა ანჟუელის ერთადერთი შვილი. როგორც მეფის უფროსი ვაჟი, 1454 წელს იგი უელსის პრინცი გახდა, თუმცა მისი ბავშვობა ინგლისის ისტორიის ყველაზე რთულ და არეულ ეპოქას დაემთხვა.

ასწლიან ომში ფრანგებთან დამარცხებითა და საფრანგეთის ტახტის დაკარგვით ინგლისური არისტოკრატია მეფის უკმაყოფილო იყო, რის გამოც ჰენრის ბიძაშვილმა, იორკის ჰერცოგმა რიჩარდმა დაარწმუნა მეფე, რომ ტახტის მემკვიდრედ ის დაენიშნა პრინცის ნაცვლად. ამასთან, იგი ცდილობდა რეგენტიც გამხდარიყო, რასაც მასსა და დედოფალ მარგარიტას შორის დიდი დავის ჩამოვარდნა და 1455 წელს ვარდემის ომის სახელით ცნობილი სამოქალაქო ომის დაწყება მოჰყვა. თავისი ვაჟის მემკვიდრეობის დასაცავად 1460 წელს დედოფალმა მარგარიტამ რიჩარდ იორკელსა და მის ვაჟს თავები მოჰკვეთა და ხიშტებზე წამოაცვა. საპასუხოდ რიჩარდის ვაჟებმა დიდი ჯარები შეკრიბეს და 1460 წელს ნორთჰემპტონის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ დაამხეს ჰენრი VI, ტახტზე კი რიჩარდის უფროსი ვაჟი, ედუარდ IV დასვეს.

დედოფალი მარგარიტა პრინც ედუარდთან ერთად შოტლანდიაში გაიქცა, სადაც იგი მისმა მოკავშირე დედოფალმა ჯოან ბეფორტმა შეიფარა. აღსანიშნავია, რომ ბრძოლის დროს მცირეწლოვანი ედუარდი კინაღამ ტყვედ ჩაუვარდა იორკებს, რომლებიც მის მოკვლას აპირებდნენ. თავად მეფე ჰენრი ედუარდ IV-მ დაატყვევა და ტაუერში გამოკეტა.

სულ მალე ედუარდ IV-მ ომის მუქარით აიძულა შოტლანდიის დედოფალი, რომ მარგარიტა და ედუარდი ქვეყნიდან გაეძევებინა. ამის შემდეგ მათ თავი საფრანგეთს შეაფარეს. ამ პერიოდში საფრანგეთის მეფე ლუი XI ნაწყენი იყო ედუარდ IV-ზე, რადგან მან დაარღვია პირობა, რომ მის ცოლის, დედოფალ შარლოტას დას, ბონა სავოიელს შეირთავდა ცოლად, მის ნაცვლად კი ელიზაბეთ ვუდვილზე იქორწინა. ამგვარ პირობებში საფრანგეთი, სავოია, მილანი და შოტლანდია ლანკასტერებს მიემხრნენ, ხოლო ბურგუნდია და ნიდერლანდები ინგლისის მხარეს დადგა. ამ პერიოდში ახალგაზრდა ედუარდი ლუი XI-ის უფროსი ვაჟის, დოფინი შარლის (შემდეგში შარლ VIII) ნათლია გახდა.

მალევე ედუარდ IV-ს მისმა ბიძამ და მთავარმა მოკავშირემ, უორვიკის გრაფმა რიჩარდ ნევილმა უღალატა და მარგარიტას მხარეს გადავიდა. მისი განდგომის მიზეზიც ედუარდისა და პრინცესა ბონას ჩაშლილი ქორწინება იყო. საპასუხოდ და ალიანსის შესაკვრელად, 1470 წლის დეკემბერში ედუარდმა ცოლად შეირთო რიჩარდ ნევილის უმცროსი ასული, ლედი ანა ნევილი, თუმცა ისტორიული წყაროების მიხედვით მათი ქორწინება კონსუმირებული არ ყოფილა.

იმავე წელს რიჩარდ ნევილი დიდი ჯარებით დაბრუნდა ინგლისში, დაამხო ედუარდ IV, რომელიც ფლანდრიაში გაიქცა და ტახტზე კვლავ ჰენრი VI დასვა. ამით შეგულიანებული დედოფალი მარგარიტა და პრინცი ედუარდი ინგლისში დაბრუნდნენ, თუმცა ედუარდ IV მალევე დაბრუნდა და ბარნეტის ბრძოლაში მოკლა გრაფი უორვიკი, რითაც ლანკასტერებმა მთავარი მოკავშირე დაკარგეს. ამის შემდეგ ედუარდ IV-მ ისევ ჩამოაგდო ჰენრი VI და მოგვიანებით მოკლა კიდეც. 1471 წლის 14 აპრილს პრინცი ედუარდისა და დედოფალი მარგარიტას ჯარები ინგლისში ჩავიდნენ. იმავე წლის 4 მაისს ლანკასტერებსა და იორკებს შორის გადამწყვეტი ტევკესბურის ბრძოლა შედგა, რომლის დროსაც უძეოდ გარდაიცვალა პრინცი ედუარდი, რითაც შეწყდა ლანკასტერების დინასტია და ტახტი იორკებს დარჩათ. დედოფალი მარგარიტა საფრანგეთში დაბრუნდა და იქ, 1482 წელს გარდაიცვალა, ედუარდის ქვრივი კი ცოლად ედუარდ IV-ის უმცროს ძმას, რიჩარდს გაჰყვა ცოლად, რომელიც შემდეგში მეფე რიჩარდ III გახდა.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • R. A. Griffiths, The Reign of King Henry VI (1981), especially the Epilogue. ISBN 0520043723
  • Alison Weir, Lancaster and York: The Wars of the Roses, London (1995) ISBN 0712666745