ჯოან ბეფორტი (ინგლ. Joan Beaufort; დ. 1404 — გ. 15 ივლისი, 1445) — ბეფორტთა დინასტიის წარმომადგენელი და ინგლისის მეფე ედუარდ III-ის შვილთაშვილი. შოტლანდიის დედოფალი 1424-37 წლებში როგორც ჯეიმზ I-ის მეუღლე. თავისი ვაჟის, ჯეიმზ II-ის რეგენტი 1437-39 წლებში.

ჯოან ბეფორტი

დედოფალი ჯოანი და მისი ქმარი ჯეიმზ I
შოტლანდიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 2 თებერვალი, 1424
მმართ. დასასრული: 21 თებერვალი, 1437
წინამორბედი: ანაბელა დრუმონდი
მემკვიდრე: მარია გელდერნელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1404
გარდ. თარიღი: 15 ივლისი, 1445
მეუღლე: ჯეიმზ I, შოტლანდიის მეფე
ჯეიმზი, ლორნის რაინდი
შვილები: მარგარეტი, საფრანგეთის დოფინი
იზაბელა, ბრეტანის ჰერცოგინია
ელეანორი, ავსტრიის ერცჰერცოგინია
მერი, ბუშანის გრაფინია
ჯოანი, მორტონის გრაფინია
ალექსანდრე, როთესეის ჰერცოგი
ჯეიმზ II, შოტლანდიის მეფე
ანაბელა, ჰანთლის გრაფინია
ჯონი, ათოლის ერლი
ჯეიმზი, ბუშანის ერლი
ენდრიუ, მორაის ეპისკოპოსი
დინასტია: ბეფორტები
მამა: ჯონი, სომერსეტის ერლი
დედა: მარგარეტ ჰოლანდიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ჯოანი დაიბადა დაახლოებით 1404 წელს ინგლისში. იგი იყო სომერსეტის ერლ ჯონ ბეფორტისა და მისი ცოლის, მარგარეტ ჰოლანდიელის ასული. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ ინგლისის მეფე ედუარდ III-ისა და დედოფალ ფილიპა ენოელის უმცროსი ვაჟი, ლანკასტერის ჰერცოგი ჯონი და მისი მეორე ცოლი, ქეთრინ სუოინფორდი, ხოლო დედის მხრიდან კენტის ერლი თომას ჰოლანდიელი და მისი ცოლი ელის ფიცალანი. ჯოანს ინგლისის მეფე ჰენრი IV ბიძად, ხოლო რიჩარდ II ბიძაშვილად ერგებოდა.

შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I ჯოანს პირველად მაშინ შეხვდა, როდესაც იგი ინგლისის სამეფო კარზე საპატიო ტყვეობაში იმყოფებოდა, რომელიც 1420 წლამდე გაგრძელდა. ჯოანმა განაცხადა, რომ იგი შთაგონებული იყო ჯეიმზის მიერ დაწერილი პოემებით, რომელთაც იგი პატიმრობისას წერდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ დაქორწინება სიყვარულის საფუძველზე გადაწყვიტეს, მას მაინც დაჰკრავდა პოლიტიკური ელფერი. ინგლისელები მას მხოლოდ ჯოანზე ქორწინების შემთხვევაში დაჰპირდნენ განთავისუფლებას და შოტლანდიაში დაბრუნებას. ამასთან ერთად, ამ ქორწინებით ინგლისელები იღებდნენ გარანტიას, რომ შოტლანდიის მეფე ქორწინებით ინგლისის მოკავშირე გახდებოდა და არა საფრანგეთის, როგორც ეს მანამდე სურდათ. საქორწინო მოლაპარაკებების შემდეგ, ჯოანს მამამისმა მზითვში 10, 000 მერკი გაატანა, რომელიც ისევ ინგლისელებს დარჩათ, როგორც ჯეიმზის გამოსასყიდი.

შოტლანდიის დედოფალი

რედაქტირება

1424 წლის 12 თებერვალს ჯეიმზ I და ჯოან ბეფორტი საუთუორკის წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიაში დაქორწინდნენ, რითაც ჯოანი შოტლანდიის დედოფალი გახდა. საქორწილო ზეიმი ჯოანის ბიძის, კარდინალ ბეფორტის სასახლეში შედგა. ამის შემდეგ ჯოანი და მისი ქმარი შოტლანდიაში დაბრუნდნენ, სადაც მათ თავიანთი მმართველობა დაიწყეს. როგორც დედოფალი, ძალიან გულმოწყალე იყო და მეფეს ხშირად ევედრებოდა სიკვდილმისჯილთა შეწყალებას.

სამეფო წყვილს სულ რვა შვილი შეეძინათ, რომელთა შორისაც აღსანიშნავია ავსტრიის ერცჰერცოგინია ელეონორა, საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის პირველი ცოლი მარგარეტი და რაღათქმაუნდა შოტლანდიის მეფე ჯეიმზ II.

რეგენტობა

რედაქტირება

ჯეიმზ I 1437 წლის 21 თებერვალს მოკლეს პერთის ბრძოლაში, რის გამოც ტახტზე მათი მცირეწლოვანი ვაჟი ჯეიმზ II ავიდა, რომლის რეგენტადაც დედამისი, დედა-დედოფალი ჯოან ბეფორტი გვევლინება. მან თავდაპირველად მეამბოხე დიდგვაროვნის, ათოლის ერლ უოლტერ სტიუარტის სიკვდილით დასჯა მოითხოვა, რის შემდეგაც შეუდგა ქვეყნის მართვას. თუმცა, ინგლისელი ქალის მმართველობას შოტლანდიელები ცხადია უარყოფითად შეხვდნენ. სულ ორ წელიწადში მას რეგენტობა ჩამოართვეს და ახალი რეგენტი ლორდი დუგლასი გვევლინება.

1439 წლის ივლისში ჯოანი მეორედ დაქორწინდა ლორნის რაინდ ჯეიმზ სტიუარტზე. ცხადია მან მეორე ქორწინებამდე ჯერ რომის პაპის ნებართვა ითხოვა. ჯეიმზ სტიუარტი და ლორდი დუგლასი მცირეწლოვანი მეფის მომხრეები და ჯოანის მოკავშირეები იყვნენ, ამიტომაც შოტლანდიის ხელისუფლებაში დედოფალს ჯერ კიდევ ეთქმოდა სიტყვა. მალევე მათ ლორდი ლივინგსტონი აუჯანყდათ, რომელმაც სამეფო ჯარები დაამარცხა და მცირეწლოვანი ჯეიმზ II ტყვედაც კი ჩაიგდო. ამავე 1439 წლის აგვისტოში ჯოანმა დახმარება ინგლისელებს სთხოვა, რომლებმაც დაამარცხეს ლივინგსტონი და ჯეიმზი ტყვეობიდან გამოიხსნეს. 1445 წელს ლივინგსტონი კვლავ აჯანყდა, რა დროსაც მან ბრძოლაში მოკლა ლორდი დუგლასი და დუნბარის ციხესიმაგრესაც შემოარტყა ალყა. თუმცა, სწორედ ამ დროს, 1445 წლის 15 ივლისს გულის შეტევით გარდაიცვალა ჯოან ბეფორტი. იგი დაკრძალეს კურტიზანულ სააბატოში, პერთში.

შვილები პირველი ქორწინებიდან:

  1. მარგარეტი (1424-1445), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის დოფინსა და შემდგომში მეფე ლუი XI ვალუას, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. იზაბელა (1426-1494), ცოლად გაჰყვა ბრეტანის ჰერცოგ ფრანსუა I-ს, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა;
  3. მერი (1428-1465), ცოლად გაჰყვა ბუშანის გრაფ უოლფარტ IV-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  4. ჯოანი (1429-1486), ცოლად გაჰყვა მორტონის გრაფ ჯეიმზ დუგლასს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
  5. ალექსანდრე (1430), ჯეიმზის ტყუპისცალი და როთესეის ჰერცოგი, დაიღუპა ჩვილობაში;
  6. ჯეიმზ II (1430-1460), ალექსანდრეს ტყუპისცალი, შოტლანდიის მეფე, ცოლად შეირთო მარია გელდერნელი, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი;
  7. ელეანორი (1433-1484), ცოლად გაჰყვა ავსტრიის ერცჰერცოგ სიგიზმუნდ I-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  8. ანაბელა (1436-1509), პირველად იქორწინა ჟენევას გრაფ ლუდოვიკო სავოიელზე, რომელსაც მალევე გასცილდა და ცოლად ჰანთლის გრაფ ჯორჯ გორდონს გაჰყვა, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი;

შვილები მეორე ქორწინებიდან:

  1. ჯონი (1440-1512), ათოლის ერლი, პირველად იქორწინა ლედი მარგარეტ დუგლასზე, რომელთანაც სამი გოგონა შეეძინა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად შეირთო ლედი ელეანორ სინკლერი, რომელთანაც თერთმეტი შვილი შეეძინა;
  2. ჯეიმზი (1442-1499), ბუშანის ერლი, ცოლად შეირთო მარგარეტ ოგილვიე, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა, თუმცა ასევე ჰყავდა ორი უკანონო შვილიც;
  3. ენდრიუ (1443-1501), მორაის ეპისკოპოსი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Browning, Charles H. (1898). The Magna Carta Barons and Their American Descendants. London: Genealogical Publishing Company.
  • Marshall, Rosalind (2003). Scottish Queens, 1034–1714. Tuckwell Press.
  • Weir, Alison (2008). Britain's Royal Families, The Complete Genealogy. London: Vintage Books. ISBN 978-0-09-953973-5.
  • Weir, Alison (2007). Mistress of the Monarchy: The Life of Katherine Swynford, Duchess of Lancaster. London: Random House. ISBN 978-0-345-45323-5.