ანაბელა დრუმონდი

შოტლანდიის დედოფალი

ანაბელა დრუმონდი (შოტლ. Anabella Drummond; დ. 1350 — გ. ოქტომბერი, 1401) — დრუმონდების ძლევამოსილი შოტლანდიური კლანის წარმომადგენელი. შოტლანდიის დედოფალი 1390-1401 წლებში როგორც რობერტ III-ის მეუღლე.

ანაბელა დრუმონდი
შოტლანდიის დედოფალი
კორონაცია: 1390
მმართ. დასაწყისი: 19 აპრილი, 1390
მმართ. დასასრული: ოქტომბერი, 1401
წინამორბედი: ეფემია როსი
მემკვიდრე: ჯოან ბეფორტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1350
დაბ. ადგილი: ფაიფი, შოტლანდიის სამეფო
გარდ. თარიღი: ოქტომბერი, 1401
გარდ. ადგილი: პერთი, შოტლანდიის სამეფო
მეუღლე: რობერტ III, შოტლანდიის მეფე
შვილები: ელიზაბეთი, დალკეითის ბარონესა
მერი, ანგუსის გრაფინია
ეგიდია
მარგარეტი, დუგლასის გრაფინია
რობერტი
დავიდი, როთერსეის ჰერცოგი
ჯეიმზ I, შოტლანდიის მეფე
დინასტია: დრუმონდები
მამა: ჯონი, ლენოქსის ლორდი
დედა: მერი მონტიფექსი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ანაბელა დაიბადა 1350 წელს ფაიფში. იგი იყო ლენოქსის ლორდ ჯონ დრუმონდისა და მისი მეუღლის, მერი მონტიფექსის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ ანაბელას მამიდა მარგარეტ დრუმონდი შოტლანდიის დედოფალი იყო, რაც ანაბელას უმაღლეს სოციალურ მდგომარეობაზე მიგვანიშნებს.

1367 წელს ანაბელა ცოლად გაჰყვა შოტლანდიის მეფის დისშვილის შვილ რობერტ სტიუარტს. 1371 წელს შოტლანდიის მეფე მისი მამამთილი, რობერტ II ხდება. ამის შემდეგ ანაბელა და მისი მაზლი, ჯონი ერთმანეთს ძალაუფლებისათვის ებრძოდნენ. მას შემდეგ, რაც ანაბელასა და რობერტს ორი ქალიშვილი შეეძინათ და შემდეგ მრავალი წლის მანძილზე ბავშვი აღარ უჩნდებოდათ, ძალაუფლება ხელში ჯონმა ჩაიგდო, რომელმაც თავის ძმას განქორწინება და ნაყოფიერ ქალზე დაქორწინებაც კი ურჩია.

დედოფალი

რედაქტირება
 
ანაბელას გერბი

1390 წელს შოტლანდიის ახალი მეფე მისი ქმარი რობერტ III, ხოლო დედოფალი ანაბელა ხდება. მისი შოტლანდიის დედოფლად კორონაცია იმავე წელს მოეწყო სკონის სასახლეში. ამის შემდეგ მან კიდევ რამდენიმე ბავშვი, საბოლოოდ კი შოტლანდიის მომავალი მეფე ჯეიმზ I გააჩინა.

1384 წელს რობერტი ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად მძიმედ დაშავდა, რის შემდეგაც დაიწყო მისი მდგომარეობის გაუარესება. იგი ძალიან დაძაბული, ფეთქებადი და არაკომპეტენტური გახდა, რის გამოც თავისი მმართველობისას მას ფაქტობრივად არ უმეფია. ამ დროს კი ანაბელამ განაცხადა: "შოტლანდიას ჰყავს ყველაზე ცუდი მეფე და ყველაზე საშინელი მამაკაცები."

იმის გამო, რომ მეფეს ქვეყნის მართვა არ შეეძლო, შოტლანდიის დე-ფაქტო მმართველად ანაბელა გვევლინება. როგორც აღმოჩნდა, იგი საკმაოდ კარგი მონარქი აღმოჩნდა და ხალხსაც მალევე შეუყვარდა. იმ დროის ქრონიკებში დედოფალ ანაბელაზე მხოლოდ საქებარი რამ წერია. 1398 წელს, ედინბურგის სასახლის ეზოში გამართულ სამეფო ტურნირზე ანაბელას უფროსი ვაჟი, პრინცი დავიდი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ მისი სიკვდილი დაკვეთილს უფრო ჰგავდა, რადგანაც დადიოდა ჭორები, რომ დედოფალს მეფის მოკვლა და თავისი ვაჟის გამეფება სურდა, რომელიც საზოგადოდ იყო ცნობილი თავისი არაეთიკურობითა და ინფანტილურობით.

ამის შემდეგ ანაბელამ სამუდამოდ დატოვა ედინბურგი, რის შემდეგაც მის საყვარელ რეზიდენციად ფაიფში მდებარე ინვერკეითინგის სასახლე გახდა. იქ ყოფნისას იგი ქარგავდა და ლოცვებს კითხულობდა. აგრეთვე ქველმოქმედებასაც მიჰყო ხელი და დააფინანსა არაერთი ეკლესია-მონასტერი. ამის გამო, ფაიფის მოსახლეობამ მას ძეგლიც კი დაუდგა.

ანაბელა დრუმონდი გარდაიცვალა 1401 წლის ოქტომბერში, დაკრძალეს მისი დაბადების ადგილას. მისი გარდაცვალებიდან ხუთ წელიწადში დაიღუპა მისი ქმარიც, მეფე კი მისი ნაბოლარა ვაჟი ჯეიმზ I გახდა.

  1. ელიზაბეთი, ცოლად გაჰყვა დალკეითის ბარონ ჯეიმზ დუგლასს;
  2. მერი, პირველად ცოლად გაჰყვა ანგუსის ერლ ჯორჯ დუგლასს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ჯეიმზ კენედიზე, მის შემდეგ უილიამ გრაამზე, საბოლოოდ კი უილიამ ედმონსტოუნზე;
  3. ეგიდია, გარდაიცვალა ბავშვობაში;
  4. მარგარეტი, ცოლად გაჰყვა არჩიბალდ დუგლასს;
  5. რობერტი, გარდაიცვალა ბავშვობაში;
  6. დავიდი, როთერსეის ჰერცოგი, ცოლად შეირთო მერი დუგლასი, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ;
  7. ჯეიმზ I, შოტლანდიის მეფე, ცოლად შეირთო ჯოან ბეფორტი და შეეძინა რვა შვილი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Elizabeth Ewan, Sue Innes et Sien Reynolds, The Biographical Dictionary of Scottish Women, Edinburgh University Press, 2006 ISBN 978-0748617135.
  • Rosalind Marshall, Scottish Queens, 1034-1714, Tuckwell Press, 2003 ISBN 978 0 85976 677 7.
  • Richard Oram, The Kings and Queens of Scotland, Tempus, 2006 ISBN 0 7524 3814 X.
  • Timothy Venning, The Kings and Queens of Scotland, Amberley Publishing, 2013 ISBN 978-1445613154.