ფილიპა ენოელი
ფილიპა ენოელი (ფრანგ. Philippa de Hainaut, ინგლ. Philippa of Hainaut; დ. 24 ივნისი, 1310/15 — გ. 15 აგვისტო, 1369) — ენოს გრაფ ვილჰელმ I-ის ასული. 1326 წელს დანიშნეს ინგლისის მეფე ედუარდ III-ზე. 1327 წელს ქალაქ ვალენსიენში (ენოს საგრაფოს სიდიდით მეორე ქალაქი) შედგა მათი მარიონეტული ქორწინება. 1328 წლის 24 იანვარს ედუარდი და ფილიპა დაქორწინდნენ. ამით იგი ინგლისის უგვირგვინო დედოფალი გახდა, 1330 წლის 4 მარტს კი შედგა მისი კორონაცია.
ფილიპა ენოელი | |
---|---|
Philippa de Hainaut | |
ფილიპა თავის კორონაციაზე | |
ინგლისის დედოფალი | |
კორონაცია: | 4 მარტი 1330 |
მმართ. დასაწყისი: | 24 იანვარი 1328 |
მმართ. დასასრული: | 15 აგვისტო 1369 |
წინამორბედი: | იზაბელა ფრანგი |
მემკვიდრე: | ანა ბოჰემიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 ივნისი 1310/15 |
დაბ. ადგილი: | ვალენსიენი, ენოს საგრაფო |
გარდ. თარიღი: | 15 აგვისტო 1369 (56 წლის) |
გარდ. ადგილი: | უინძორი, ინგლისის სამეფო |
დაკრძ. ადგილი: | 9 იანვარი 1370 უესტმინსტერის სააბატო |
მეუღლე: | ედუარდ III, ინგლისის მეფე |
შვილები: |
1. ედუარდი, უელსის პრინცი 2. იზაბელა, ბედფორდის გრაფინია 3. ლაიონელი, კლარინსის ჰერცოგი 4. ჯონი, ლანკასტერის ჰერცოგი 5. მერი, ბრეტანის ჰერცოგინია 6. მარგარეტი, პემბროკის გრაფინია 7. თომასი, გლოსტერის ჰერცოგი |
დინასტია: | ავესნისები |
მამა: | გიიომ I |
დედა: | ჟანა ფრანგი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
1346 წელს ფილიპა ედუარდის რეგენტი იყო. იგი ასევე ხშირად იყო ქმრის რეგენტი როდესაც იგი საფრანგეთში, შოტლანდიასა და ფლანდრიაში იყო საომრად. დედოფალი ფილიპა ინგლისელების უდიდესი სიმპათიით სარგებლობდა თავისი სიკეთისა და თანაგრძნობის გამო. 1347 წელს სწორედ მან ურჩია მეფე ედუარდს, რომ კალე აეღო, რაც წარმატებით დასრულდა და ორასზე მეტი ხნით მიიტაცა ინგლისმა ეს ფრანგული ქალაქი. მათ თორმეტი შვილი ჰყავდათ, რომელთაგან უფროსი იყო მამის სეხნია, პრინცი ედუარდი, რომელსაც ასევე შავ პრინცსაც უწოდებენ. მან არაერთი სახელოვანი გამარჯვება მოუპოვა ინგლისს. დედოფალმა დააარსა ოქსფორდის კოლეჯი. იგი გარდაიცვალა 1369 წელს 56 წლის ასაკში, მძიმე დაავადებისაგან გატანჯული.
ოჯახი
რედაქტირებაფილიპა დაიბადა 1310-იანი წლების 24 ივნისს, ენოს გრაფ ვილჰელმ I-ისა და მისი ცოლის, გრაფინია ჟანა ვალუას ოჯახში. დედის ხაზით იგი საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ს შვილიშვილად ერგებოდა. მის გარდა მის მშობლებს კიდევ რვა ვაჟი და ხუთი ქალიშვილი ჰყავდათ. 1324 წელს მისი უფროსი და, პრინცესა მარგარეტი მიათხოვეს გერმანიის მეფე ლუდვიგ IV-ს. 1345 წელს მას შემდეგ რაც მამამისი გარდაიცვალა, ტახტზე ავიდა მისი ძმა ვილჰელმ II. დის გათხოვებიდან რამდენიმე წელიწადში მის ქორწინებაზე დაიწყო მოლაპარაკებები. თავიდან განიხილებოდა მისი და ბავარიის ჰერცოგის ქორწინება, თუმცა ჩაიშალა.
ქორწინება
რედაქტირებაინგლისის მეფე ედუარდ II-მ გადაწყვიტა, რომ ქვემო ქვეყნებთან კავშირი ძალიან დაეხმარებოდა საფრანგეთთან ბრძოლაში, ამიტომ თავისი ელჩი გააგზავნა ენოში რათა თავისი ვაჟი ედუარდი და ენოს რომელიმე პრინცესა დაექორწინებინა. ელჩი ჩავიდა ენოს საგრაფოში და საფუძვლიანად შეისწავლა ვილჰელმ I-ის ქალიშვილები, რათა აერჩია რომელი მათგანი შეეფერებოდა მომავალ მეფეს. ელჩის წერილში დაწვრილებითაა აღწერილი გრაფის ერთ-ერთი ქალიშვილი. ელჩი თავის წერილში ამბობს, რომ ფილიპა ჯერ კიდევ ბავშვია და ედუარდს მისი უფროსი და, პრინცესა მარგარეტი (რომელიც ამ დროს გასათხოვარი იყო) უფრო შეეფერებოდა. წერილში ფილიპაზე შემდეგი რამაა ნათქვამი:
ოთხი წლის შემდეგ თავად ინლისის დედოფალი იზაბელა ფრანგი ეწვია ენოს და ვილჰელმ I-ს მისი ქალიშვილის ხელი სთხოვა. პრინცი ედუარდი დედასთან ერთად იყო ენოში, სადაც მისი საცოლე გაიცნო. წყვილი მეორე თაობის ბიძაშვილები იყვნენ, რის გამოც რომის პაპის (ამ დროისთვის ავინიონის პაპის) თანხმობის გარეშე ქორწინება არ შედგებოდა. 1327 წელს ავინიონის პაპმა იოანე XXIII-მ ქორწინების ნებართვა გასცა. ამავე წლის 23 დეკემბერს თავის ბიძასთან ერთად ფილიპა ლონდონში ჩავიდა დასაქორწინებლად.
დედოფალი
რედაქტირება1328 წლის 24 იანვარს ფილიპა და ედუარდი დაქორწინდნენ. სულ 11 თვეში გარდაიცვალა მისი მამამთილი, ტახტზე კი მისი ქმარი ედუარდ III ავიდა, რითაც იგი დედოფალი გახდა. თუმცა რეალურად ქვეყნის მმართველი იყო ედუარდის დედა, ახლა უკვე დედა-დედოფალი იზაბელა ფრანგი. მალევე წყვილმა დატოვა სამეფო სასახლე და ვუდსტოკის სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად. დედოფალ იზაბელას თავისი სტატუსის დათმობა არ უნდოდა, რის გამოც ფილიპას კორონაციას ორი წლის მანძილზე აჭიანურებდა. საბოლოოდ იგი ინგლისის გვირგვინოსანი დედოფალი 1330 წლის 4 მარტს გახდა. ამ დროს დედოფალი ფილიპა ექვსი თვის იყო, მომდევნო თვეს, 15 ივნისს ნაადრევი მშობიარობით გააჩინა პრინცი ედუარდი, ტახტის ახალი მემკვიდრე.
1330 წლიდან დედოფალ იზაბელას ჩამოერთვა მისი ძალაუფლება და ედუარდმა მმართველობა დაიწყო. გამწარებული იზაბელა შვილს სახელმწიფო გადატრიალებას დაჰპირდა, რის გამოც ედუარდმა ისიც და მისი თანამზრახველებიც დააკავა. რამდენიმეწლიანი პატიმრობისას სცადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, რის გამოც იგი განდევნეს ინგლისიდან. ყოველივე ამის შემდეგ იზაბელა თავის მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნდა და იქიდან ცდილობდა შვილის ჩამოგდებას.
შუა საუკუნეების მწერალი ჯოშუა ბერნისი ამბობს რომ დედოფალი ფილიპა იყო ძალიან კარგი, მომხიბვლელი, რომელსაც ვირტუოზული ხასიათი ჰქონდა და თავის ქვეშევრდომებს ყოველთვის თბილად ეპყრობოდა. მემატიანე ჟან ფროსარტი კი მასზე ამბობდა :
„ის არის ყველაზე თავაზიანი და თბილი დედოფალი, ყველაზე ლიბერალური და დახვეწილი, ისეთი დედოფალი, რომელიც ინგლისს აქამდე არასდროს არ ჰყოლია“
|
1337 წლიდან ედუარდმა დაიწყო საფრანგეთის ტახტისათვის ბრძოლა, რომელიც ისტორიაში ასწლიანი ომის სახელითაა ცნობილი. ამ მიზნით იგი ფილიპასთან ერთად შოტლანდიაში გაემგზავრა რათა იგი თავის მოკავშირედ ექცია, თუმცა შოტლანდია ყოველთვის ფრანგების მხარეს იყო. 1347 წელს სწორედ დედოფალმა ურჩია ედუარდს ალყა შემოერტყა კალესთვის, რაც წარმატებით დამთავრდა და ორასი წლით წაართვეს ფრანგებს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქი.
1346 წელს იგი მუშაობდა ინგლისის მეფის რეგენტად, მეუღლის არ ყოფნისას. ინგლისელები უდიდესი ლაშქრით შეიჭრნენ შოტლანდიაში, რომელთაც ფრანგები არ დაეხმარნენ. ინგლისელებმა სასტიკად დაამარცხეს შოტლანდიელები და ტყვედ იგდეს მათი მეფე. ედუარდმა მეფის ტყვეობის პერიოდში შეძლო და შოტლანდია ასწლიანი ომიდან გათიშა. ამ პერიოდში ფილიპამ დაწერა თავისი წიგნი, რომელიც დღეს პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია განთავსებული.
უკანასკნელი წლები და გარდაცვალება
რედაქტირებაფილიპამ ედუარდს 13 ბავშვი გაუჩინა, რომელთაგან ცხრის სიკვდილს მოესწრო, აქედან სამი 1348 წელს გარდაიცვალა.
1369 წლის 15 აგვისტოს უინძორში გარდაიცვალა დედოფალი ფილიპა ენოელი. იგი დაკრძალეს გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ, 1370 წლის 9 იანვარს, უესტმინსტერის სააბატოში. მასთან ახლოს არიან დაკრძალულნი სხვა ინგლისის მონარქები, როგორებიცაა ედუარდ აღმსარებელი, ელეონორ აკვიტანიელი, ჰენრი III, თავად ედუარდ III და ა.შ. რვა წლის შემდეგ ედუარდ III გარდაიცვალა, იგი ფილიპას გვერდით დაკრძალეს. ედუარდისა და ფილიპას ორმოცწლიანი ქორწინება ბედნიერი იყო. ედუარდის შემდეგ ტახტზე ავიდა მათი შვილიშვილი რიჩარდ II.
შვილები
რედაქტირება- ედუარდი (დ. 15 ივნისი 1330 - გ. 8 ივნისი 1376), უელსისა და აკვიტანიის პრინცი, კორნუოლის ჰერცოგი და ჩესტერის ერლი, დაქორწინდა თავისსავე ბიძაშვილზე, კენტისა და სალისბურის გრაფინია ჯოანა პლანტაგენეტზე;
- იზაბელა (დ. 16 ივნისი 1332 - გ. 17 ივნისი 1382), მიათხოვეს ბედფორდის გრაფ ენგერანდ VII-ს;
- ჯოანა (დ. 19 დეკემბერი 1333 - გ. 1 ივლისი 1348), გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
- უილიამი (დ. 16 თებერვალი 1337 - გ. 3 მარტი 1337), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- ლაიონელი (დ. 29 ნოემბერი 1338 - გ. 7 ოქტომბერი 1368), კლარინსის ჰერცოგი, ჯერ იქორწინა ელიზაბეთ დე ბურგზე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ცოლად შეირთო მილანის ჰერცოგის ასული ვიოლანტ ვისკონტი;
- ჯონი (დ. 6 მარტი 1340 - გ. 3 თებერვალი 1399), ლანკასტერისა და აკვიტანიის ჰერცოგი, იქორწინა სამჯერ - 1. ბლანკა ლანკასტერზე, 2. კონსტანსია კასტილიელზე და 3. ქეთრინ სვაინფორდზე;
- ედმუნდი (დ. 5 ივნისი 1341 - გ. 1 აგვისტო 1402), იორკის ჰერცოგი, პირველად იქორწინა ისაბელა კასტილიელზე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ცოლად შეირთო იოანა ჰოლანდიელი;
- ბლანკა (დ./გ. მარტი 1342), გარდაიცვალა რამდენიმე დღის;
- მერი (დ. 10 ოქტომბერი 1344 - გ. სექტემბერი 1361), მიათხოვეს ბრეტანის ჰერცოგ ჟან IV მონტფორტს;
- მარგარეტი (დ. 20 ივლისი 1346 - გ. 1 ოქტომბერი 1361), მიათხოვეს პემბროკის გრაფ ჯონ ჰასტინგს;
- თომასი (დ. ზაფხული 1347 - გ. სექტემბერი 1348), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- უილიამი (დ. 24 ივნისი 1348 - გ. 5 სექტემბერი 1348), გარდაიცვალა რამდენიმე თვის;
- თომასი (დ. 7 იანვარი 1355 - გ. 9 სექტემბერი 1397), გლოსტერისა და ომალის ჰერცოგი, ესექსისა და ბუკინგემის ერლი, ცოლად შეირთო ელეანორა ბოუონი;
ლიტერატურა
რედაქტირება- David Williamson, Debrett's Kings and Queens of Britain, p.81, Webb and Bower Publishers, Ltd., London, 1986.
- Lisa Benz St. John, Three Medieval Queens: Queenship and the Crown in Fourteenth-Century, (Palgrave Macmillan, 2012).
- Strickland, Agnes, Lives of the queens of England from the Norman conquest, Vol.2, (George Barrie and Sons, 1902), 222.
- Un parchemin daté du 15 August 1328 à Northampton, au sceau disparu, énonce qu'Edouard (III), roi d'Angleterre, confirme la fixation du douaire de son épouse Philippa de Hainaut. In, G. Wymans, « Inventaire analytique du chartrier de la Trésorerie des comtes de Hainaut », aux A.E. Mons, n° d'ordre (cote) 596, Editions A.G.R., Bruxelles, 1985, p. 132.
- Strickland, Agnes. Lives of the Queens of England: From the Norman Conquest.
- Encyclopædia Britannica, retrieved 10 March 2010.
- Leese, Thelma Anna, Blood royal: issue of the kings and queens of medieval England, 1066–1399, (Heritage Books Inc., 2007), 140.
- David Williamson, Debrett's Kings and Queens of Britain, p.81.
- Thomas B. Costain, The Three Edwards, p.249, Doubleday and Company, Garden City, New York, 1958.
- Mortimer, Ian, The Perfect King: The Life of Edward III, Father of the English Nation, Vintage 2008, p.34.
ფილიპა ენოელი დაიბადა: 24 ივნისი 1310/15 გარდაიცვალა: 15 აგვისტო 1369
| ||
წინამორბედი: იზაბელა ფრანგი |
ინგლისის დედოფალი 24 იანვარი 1328 - 15 აგვისტო 1369 |
შემდეგი: ანა ბოჰემიელი |